- ეკა, ''რეიტინგი'' პირველი ჟურნალი იყო, რომელმაც შენთან ინტერვიუ ჩაწერა. მაშინ სოციალურ ქსელში ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რა შეიცვალა მას შემდეგ შენს ცხოვრებაში?
- (იცინის) თავს მაინცდამაინც პოპულარულად ვერ ვგრძნობ. ძველებურად ვცხოვრობ, თუმცა მაქვს რაღაც სიახლეები. ცოტა ხნის წინ მივიღე მონაწილეობა კონკურსში ''მისის პლანეტა'', რომელიც ბულგარეთში ჩატარდა და 45 ქვეყნის მონაწილეებს შორის საუკეთესო ტოპმოდელის სტატუსი ავიღე. კონკურსში აქამდე არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ბევრი მეგობარი შევიძინე. ისინი დილიდან საღამომდე ემზადებოდნენ გამოსვლისთვის. აუზზე არ ჩამოდიოდნენ, საჭმელს არ ჭამდნენ. მე – პირიქით, კარგად დავისვენე. ზოგადად მეგობრული გარემო იყო, ''გაჩალიჩებები'' არ ყოფილა.
- ერთი თვის წინ მოსკოვში ჩვენებაზე როგორ მოხვდი?
- რუსეთის დედაქალაქში აქამდე არ ვყოფილვარ. ჩატარდა კონკურსი, სადაც დიზაინერ მანანა გოგლიჩიძის კაბები ეცვათ მონაწილეებს. ერთ-ერთი მე ვიყავი, ვინც ჩვენება გახსნა, თუმცა კონკურსანტი არ ვყოფილვარ. ქუჩაში სეირნობისას გოგონებს ყურადღებას გვაქცევდნენ. ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობს მოსკოვში, ბევრი ფული აქვთ, საოცარი აგარაკები ჰქონდათ ქალაქგარეთ (იცინის).
- ამ პერიოდში რაიმე საინტერესო შემოთავაზება ხომ არ გქონია?
- დიახ, თითქმის ყველა გადაცემიდან დამირეკეს, მაგრამ თავი შევიკავე სტუმრობისგან, რადგან სტატუსი – ''ქუთაისელი ანჯელინა ჯოლი'' - არ მომწონს. არასოდეს მითქვამს, რომ ანჯელინა ჯოლის ვგავარ. ვგიჟდები ჯოლიზე, მაგრამ უხერხულობას მიქმნის ეს სტატუსი.
- ზოგიერთი შორენა ბეგაშვილსაც გამსგავსებს...
- არა, რა შორენა, სოციალურ ქსელში ბევრ რამეს წერენ.
- საკმაოდ აქტიური ხარ სოციალურ ქსელში, დარწმუნებული ვარ, ბევრი გიხსნის სიყვარულს.
- დიახ, ბოლო დროს აღარც ვკითხულობ, თუ ადამიანის სახელი და გვარი არ მეცნობა. ბევრი შემოთავაზება მაქვს, მაგრამ სერიოზულად არ ვიღებ. მწერენ ხოლმე, გამომყევი ცოლად, მიყვარხარ (იცინის).
- უფროსი მამაკაცები შენც ხომ არ გაწუხებენ ''ფეისბუქზე'', ბოლო დროს ცნობილი სახეები ამაზე წუწუნებენ.
- არა, პირიქით, მე პატარა ბიჭები უფრო მწერენ. უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხოლმე, რატომ არ მპასუხობ, თავში ხომ არ აგივარდაო.
- სოციალურ ქსელში გაცნობილს ჭიქა ყავაზე არ დაუპატიჟებიხარ?
- კი, ყოფილა ასეთი მომენტიც, თუმცა არ დავაკონკრეტებ, რა მნიშვნელობა აქვს (იცინის).
- მშობლიური ქალაქი შენს პოპულარობას როგორ შეხვდა?
- ჩემს ქალაქში ბავშვობიდან პოპულარული ვიყავი, ამიტომ აღარ მიკვირს, ხალხი ქუჩაში რომ მცნობს.
- აბეზარ თაყვანისმცემლებს ვისი დახმარებით იშორებ?
- ძალიან ძლიერი ვარ და ვერავინ შემაწუხებს, ამიტომ აქამდე არავინ ჩამირევია. შემიძლია მარტოობა და გაჭირვება ისე ავიტანო, არავის გავაგებინო. მაქვს მომენტები, როცა არავინ მინდა და საკუთარ თავში ვიკეტები, ამ დროს ყველაფერი ყელში მაქვს ამოსული. ახლა მაქვს ეს პერიოდი. ჩემი დეპრესია მაქსიმუმ ათი დღე გრძელდება, ვუსმენ მუსიკას და ვფიქრობ. შეიძლება, მაგ დროს სატელეფონო ზარებსაც არ ვუპასუხო. ყველაზე ბედნიერი ჩემს შვილთან ერთად ვარ.
- შენი დეპრესია პირადმა ცხოვრებამ გამოიწვია?
- არა, დიდი ხანია შეყვარებული არ ვარ. ინტერესის ობიექტი მყავს, ნამდვილ სიყვარულს ველოდები. ისეთ სიყვარულს, მთელი ცხოვრება რომ გიყვარს ის ადამიანი და არასოდეს იტყვი ამ სიტყვას – მიყვარდა. მისი დანახვა ყოველ წუთს, ყოველ წამს რომ გიხარია.
- შენი მშობლები როგორ შეხვდნენ პრესაში შენს გამოჩენას?
- მითხრეს, რად გინდოდაო. მეგობრებსაც, ნათესავებსაც იგივე რეაქცია ჰქონდათ... სპონტანურად მოხდა ყველაფერი, მაშინ ინტერვიუზე რომ დაგთანხმდით. ცხოვრებაში ძალიან შორს არ ვიყურები და ეს ჩემი მინუსია. ყოველდღიურობით ვცხოვრობ. ხალხს ჩემი პირადი ცხოვრება აინტერესებს, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, ეს რამ გამოიწვია.
საქართველოში მოსწონთ ყვითელი ამბები.
- ლამაზი ქალბატონებით ყოველთვის ინტერესდება საზოგადოება...
- ბოლო დროს ბევრჯერ შემომთავაზეს კლიპებში გადაღება, ასევე ფილმშიც, დეპრესია რომ გამივლის, მერე ვიფიქრებ ამაზე. ერთი რეჟისორი მწერს, გაცვეთილი სახეების გადაღება აღარ მინდაო და როლს მთავაზობს, ვეუბნები, რომ მსახიობი არ ვარ, მაგრამ შენი ვიზუალი მჭირდებაო. ბოლოს მომწერა, ხომ არ გგონია, რომ ამოგიჩემე, ნამდვილად მინდა შენი გადაღებაო. კომპანიის სახელიც მომწერა. მიჭირს ვენდო, ზოგს გასაცნობად ისიც მოუფიქრებია, ვითომ რეკლამაში უნდათ ჩემი გადაღება. რომ არ ვპასუხობ, მერე ჩემს მეგობრებს უკავშირდებიან.
- ბოლოს საკმაოდ თამამი ფოტოები გამოაქვეყნე სოციალურ ქსელში, სადაც საცურაო კოსტიუმში ხარ გადაღებული.
- მომწონდა ეს სურათები და ავტვირთე, თუმცა ამის შემდეგ უფრო მეტმა ადამიანმა მომწერა (იცინის).
- რა უჩუქებიათ შენთვის თაყვანისმცემლებს?
- სუნამო, სათვალე, ოქროს სამკაულიც ყოფილა...
- ეკა, ქუთაისი პარლამენტის ქალაქია, პოლიტიკოსებს თუ იცნობ, ან თუ შეხვედრიხარ?
- უცნაურია, მაგრამ არასოდეს არავის შევხვედრივარ, არ ვიცნობ პოლიტიკოსებს, ნაკლებად დავდივარ თავშეყრის ადგილებში.
- ის თუ იცი, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ვინ არიან?
- პრეზიდენტი კი, პრემიერი – არა.
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია...
- გამახსენდა (იცინის).
- მართლა არც ერთი პოლიტიკოსის სახელი და გვარი არ იცი?
- კი, რამდენიმე ვიცი. ჩემს ოჯახშიც ნაკლებად ლაპარაკობენ პოლიტიკაზე. არასოდეს მაინტერესებდა ეს სფერო. ტელევიზორს მარტო ციხის სკანდალური ამბების დროს ვუყურებდი და ძალიან განვიცდიდი.
- ზაფხულში სად დაისვენე?
- ჩემს შვილთან ერთად ვიყავი ზღვაზე, ვისვენებდი. ზაფხულის ფლირტი და რამე მსგავსი არ ყოფილა. თან დამწყები მოდელები მყავდა წაყვანილი სავარჯიშოდ.
- ყოველთვის თავშეკავებული ხარ ინტერვიუებში, მაქსიმალურად ცდილობ, ჟურნალისტებთან ზედმეტი არ წამოგცდეს. ის მაინც გაგვიმხილე, ხელმეორედ დაოჯახებას თუ აპირებ...
- (იცინის) რა თქმა უნდა, ვაპირებ...
- დასასრულ გკითხავ, ქუთაისში რჩები სამუშაოდ, არ აპირებ დედაქალაქში გადმოსვლას?
- რამ მიმაჯაჭვა ამ ქუთაისს, ვერ გავიგე. ახლო მომავალში შეიძლება თბილისში გადმოვიდე ან ესპანეთში წავიდე, ჩემი და არის იქ გათხოვილი. გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ. თუ წავალ, აუცილებლად შვილთან ერთად, მაგრამ რატომღაც არ მინდა საზღვარგარეთ ცხოვრება. არ მინდა, ჩემი შვილი უცხოეთში გაიზარდოს.
- როგორი პატრიოტი ყოფილხარ და პოლიტიკოსების სახელები და გვარები არ იცი.
- მკაცრი და პატრიოტი დედა ვარ (იცინის).
პ.ს. ფოტოები გადაიღო ფოტოგრაფმა ირაკლი ვაშაკიძემ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''