ამჯერად მოკლე ვარცხნილობებზე გვინდა ვისაუბროთ, რომელიც მსოფლიო ტენდენციაა,
ქართულ რეალობაში თიკო სადუნიშვილი გახლდათ პიონერი, რომელმაც ზემოხსენებული ტენდენცია საკუთარ თავზე გამოსცადა, საშუალო სიგრძის ქერა თმიდან საკმაოდ მოკლე, ე.წ. ''ბიჭურ'' ვარცხნილობაზე გადავიდა და ფერიც შეიცვალა – წითური გახდა... ''მიუზიქ ბოქსთან'' ინტერვიუში თავადვე ამბობდა, ბიჭებს არ მოვწონვარ ასეთი იმიჯით, გოგონებს კი, პირიქით. არ ვიცი, შეიძლება ამას იმიტომ ამბობენ, რომ ძლივს ნახეს, არ ვარგა თიკო და უნდათ ასევე დავრჩეო. ექსპერიმენტების შემდეგ თიკომ თმის ძველი ფერი დაიბრუნა და ახლა ისევ ქერაა.
გახსოვთ ალბათ სალომე გოგიაშვილის გრძელი ქერა თმა, რომელიც ყოფილმა ტელეწამყვანმა ''კარეთი'' ჩაანაცვლა. დამეთანხებით, ''კარედან'' უფრო მარტივია თმის დამოკლება და განსხვავებული ვარცხნილობის მიღება, ვიდრე გრძელი თმიდან. ჰოდა, სალომემაც სხვა ფორმა მისცა მის არცთუ გრძელ თმას და ცოტა ხნით ვიქტორია ბექჰემსაც კი დაემსგავსა, შემდეგ ისევ შეიცვალა სტილი და დღეს ისიც მოკლევარცხნილობიანთა რიგებშია.
მიუხედავად იმისა, რომ თიკა ფაცაციასგან განებივრებული ვართ განსხვავებული ვარცხნილობებით, ასეთი მოკლე თმა მას არასდროს ჰქონია. ''რეიტინგთან'' საუბრისას თიკამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ნატალიკო ქუთათელაძე დაეხმარა, რომელსაც ასევე მოკლე ვარცხნილობა აქვს, თუმცა ნატალია გრძელი თმიდან არ გადასულა მოკლეზე, თითქმის ყოველთვის საშუალო სიგრძის ან უფრო მოკლე თმას ატარებდა.
თანამედროვე ტენდენციას არ ჩამორჩნენ გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელსაც ასევე საშუალო სიგძის თმა ჰქონდა და ახლა მოკლედ შეიჭრა, და ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია.
მართალია, თეა გობეჯიშვილი ადრეც გვახსოვს მოკლე თმითა და აპრეხილი ბოლოებით, მაგრამ ბოლო დროს მას საშუალო სიგრძის ვარცხნილობა ჰქონდა, ეტყობა, ზაფხულის სიცხემ და მოდამ მასზეც მოახდინა გავლენა და ისევ მოკლე ვარცხნილობას დაუბრუნდა.
ცოტა ხნის წინ ვარცხნილობა ინგა გრიგოლიამაც შეიცვალა. მისთვის ექსპერიმეტები უცხო არ არის, კარგი მეხსიერების მქონე მაყურებელს ემახსოვრება ინგას ქერა, შავი, წაბლისფერი თუ ყავისფერი თმა, საკმაოდ მოკლე ვარცხნილობა გრძელი ''კუდით'', აკადემიური სტილი, სწორი და თუ ტალღოვანი ''კარე'' და ახლა უკვე მოკლე ვარცხნილობა. როგორც ტელეწამყვანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, ბომონდური წრეებისთვის საყვარელმა სტილისტმა მიშა გასიტაშვილმა იმუშავა მის თმაზე. სიცხისგან შეწუხებული ინგა საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა სერიოზული არაფერი სჭირდა, გამოსვლის შემდეგ კი პირველი, რაც გააკეთა, თმის შეჭრა იყო.
ასეა თუ ისე, მოკლე ვარცხნილობა ყველა ზემოჩამოთვლილ ადამიანს უხდება და აახალგაზრდავებს. იმიჯის ცვლილება კი ხასიათსა და განწყობაზე კარგად აისახება, მით უმეტეს მაშინ, როცა კომპლიმენტების ზღვას შენი ახალი ვარცხნილობის გამო იღებ.
თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''