28 აგვისტო, 2014
ბექა ხოფერია: ''თიკამ რამდენჯერმე თქვა, ვთხოვდებიო და ეს იყო ტყუილი''
თიკას პირად ცხოვრებაში რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი ბექა ხოფერია პროფესიით კინორეჟისორია, მაგრამ თავისი საქმე ამ სფეროში ვერ იპოვა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული, სადაც თითქმის ყველა მისი მეგობარი თამაშობს. მათ შორის ყოფილი მეუღლე თიკა ჯამბურია. ფილმში თიკას ტიპაჟის გმირი არ ჰყავდა და ყოფილი მეუღლის მხოლოდ ხელი გამოაჩინა. ფილმის მონტაჟი მალე დამთავრდება და ქართველი კრიტიკოსები მალე შეძლებენ ბექას პირველი ნამუშევრების შეფასებას. ბექა 2012 წლის ოქტომბრის მერე პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო, თუმცა მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ
ამ სფეროს ჩამოშორდა. როგორც ამბობს, დროებით.

- ბექა, ''ოცნების'' ახალგაზრდული ფრთის წევრი იყავი. რატომ აღარ ხარ ''ოცნების'' წევრი?
- ''ოცნების'' წევრი ოფიციალურად არასდროს ვყოფილვარ. ბერა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და დღემდე ვმეგობრობ. ძალიან კარგი ადამიანია და დიდ პატივს ვცემ. ბევრ საქმეში დამეხმარა და გვერდში ამომიდგა. სანამ ''ოცნება'' გამოჩნდებოდა, მანამდეც აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. 2007 წლის 7 ნოემბერს ფოტოაპარატით გავედი თავისუფლების მოედანზე. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ფოტოებს ვიღებდი. მოგვიანებით ჩემი ბევრი კარგი კადრი ტელევიზიებმა გამოიყენეს. დედაჩემი გალახეს, მეც თავი გამიტეხეს. საბედნიეროდ, გადავრჩი, ეკლესიას შევაფარე თავი. მეუფე იაკობმა გადამარჩინა. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო, მას მერე არ მინახავს. მეუფე იაკობმა ქუდი დამაფარა, რომ არავის ვეცნე. გამოვედით და თავის მანქანაში ჩამსვა. მერე ბერა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მის გვერდით ვმდგარიყავი.
- მითხარი, ბერა ივანიშვილი გვერდში დამიდგაო. გვერდში დგომაში რას გულისხმობდი?
- ამ ყველაფერზე ბევრს არ ვლაპარაკობ, ასე რომ მოვიქცე, დარწმუნებული ვარ, მას არ მოეწონება. ძალიან კეთილი ადამიანების ოჯახის შვილია და ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ჩემთვის პრობლემა არაა ამ ყველაფერზე საუბარი, ჩემი ოჯახისთვის იმხელა სიკეთე აქვს გაკეთებული. ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და დაგვეხმარა. ამ ყველაფრის შემდეგ თავი ვალდებულად ჩავთვალე, ''ოცნების'' გვერდით ვყოფილიყავი. ვიყავი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, მაგრამ არ გვქონია ხელფასები და რაიმე საბუთზე ხელს არ ვაწერდით. სულით და გულით გვინდოდა ერთად დგომა. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი კარგი პერიო-დი იყო. ქართული ''ოცნების'' თანამონაწილე ვიყავი და არა ოფიციალურად გუნდის წევრი.
- ახლა რატომ აღარ ხარ თანამონაწილე?
- გულშემატკივარი ვარ.
- პოლიტიკა აღარ გაინტერესებს?
- რასაკვირველია, მაინტერესებს. დედას საქმიანობიდან გამომდინარე, ბავშვობიდან სხვა არაფერი მესმის. სარეჟისორო მაქვს დამთავრებული, მაგრამ კინორეჟისურაში ჩემი თავი ვერ ვიპოვე. სიტუაცია არაა ისეთი, რომ ისევ პოლიტიკაში ვიყო. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის მერე ქვეყანაში სხვა მუხტი იყო და ახლა არ მიზიდავს პოლიტიკაში ყოფნა.
- არასამთავრობო ორგანიზაცია შექმენი, როგორც ვიცი…...
- მოგეხსენებათ, რომ გაუგებრობა მოხდა და არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დამიჭირეს. დღემდე ვამბობ, რომ არაფერში დამნაშავე არ ვყოფილვარ.
- მახსოვს აღელვებული ხათუნა ხოფერიას კომენტარი ამ ამბავთან დაკავშირებით, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში ისეთივე ამბები ხდებოდა ახალი ხელისუფლების პერიოდში, რაც ''ნაციონალების'' დროს.
- ეს აღელვებული დედის კომენტარი იყო. როდესაც შვილი დაჭერილია და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ყველა დედა აღელდება. დღემდე რომ მეკითხებიან, რატომ დაგიჭირესო, ვამბობ, რომ არ ვიცი. ჩავედი უბანში და დამიჭირეს. მეტი არაფერი მომხდარა. ამ ამბის შემდეგ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. სამსახურის შოვნაც გამიჭირდა, რადგან ნასამართლეობა მქონდა. დღეს ნასამართლეობაც მოხსნილი მაქვს. შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ''ქართული ოცნების'' ახალგაზრდულ ფრთაში რაღაც საქმეს აკეთებდნენ და უმუშევრები დარჩნენ. გვერდზე დამიდგა ზურა ჟვანიას ვაჟი ბუსა ჟვანია, რომელიც ჩემი შვილის ნათლია და ჩემი პატარა მეგობარია. ბევრი კარგი ადამიანი დამიდგა გვერდით და ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება. ვფიქრობ, მერე სხვა საქმესაც დავიწყებთ. ამ ყველაფერზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენს ორგანიზაციას ჰქვია ''სტუდენტთა გაერთიანება სამართლიანი საქართველოსთვის'' და ყველა საქმე დაგვაინტერესებს, რაც უსამართლობას შეეხება.
- ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავ, რომ თიკა ჯამბურიასთან დაშორების შემდეგაც კარგი ურთიერთობა გაქვს. რა აზრის ხარ იმ ყველაფერზე, რაც თიკას პირად ცხოვრებაში ხდება?
- თიკას პირად ცხოვრებაში რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ თიკამ რამდენჯერმე თქვა, ვთხოვდებიო და ეს იყო ტყუილი.
- ასეთ ხუმრობაზე რა აზრის ხარ?
- მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ალბათ პატარაა და საყვარლობს. პირადად მე არ მომწონს ასეთი ხუმრობა და ეს საზოგადოებისთვისაც მიუღებელია. რამდენჯერმე ვურჩიე, რომ ეს საზოგადოებას გააღიზიანებდა, მაგრამ ზოგადად ეს ჩემი საქმე არაა. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ჩვენ ერთმანეთს შვილმა დაგვაკავშირა და მთელი ცხოვრება მოგვიწევს ერთმანეთთან ურთიერთობა. თიკას ძალიან ვაფასებ. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს, მთელი ცხოვრება გვერდში ამოვუდგები და კარგ რჩევებს მივცემ. მისი საქმეა, გაითვალისწინებს თუ არა.
- ცოტა ხნის წინ ანა მარგველაშვილის, შენი და თიკას ერთად გადაღებული ფოტო გავრცელდა და ამბობდნენ, რომ ანამ შეგარიგათ...
- მე, ანა და ჩემი რამდენიმე მეგობარი კლუბში წავედით, სადაც თიკაც იყო თავის რამდენიმე მეგობართან ერთად. ანამ გვთხოვა, მოდი, თქვენ შორის ჩავდგები, ფოტო გადავიღოთ და წლის სკანდალი იქნება, იტყვიან, რომ შერიგდითო. რომ დაიდო ეს სურათი სოციალურ ქსელში, მართლა დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
- დიდი ხანია, ანას იცნობ?
- ანა 14-15 წლის იქნებოდა, რომ გავიცანი. მე მასზე ცოტა უფროსი ვარ. იმ პერიოდში ხშირად გვიწევდა ურთიერთობა. მერე ანა მოსკოვში წავიდა და ბოლო ერთი წელია, საერთო ახლო მეგობრის, დიჯეი სანდრო ჩიქოვანის წყალობით ხშირად გვაქვს ურთიერთობა.
- ანას ქცევას ბევრი აკრიტიკებს სოციალურ ქსელში.
- კი, ''ფეისბუქზე'' ხშირად მხვდება ხოლმე ანას გარშემო სკანდალები.
- იწერებოდა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი ასე არ უნდა იქცეოდეს.
- შეიძლება, მაგრამ ადამიანები ვართ. ყველას ჩვენი ეთიკა გვაქვს და ანას ცხოვრება აქამდე როგორიც იყო, დღესაც ასე გრძელდება. ჩემთვის ყალბი ცხოვრების შექმნა უფრო არასწორია, ვიდრე რაც იყავი, ის რომ დარჩე. ამ მხრივ ანას პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ სწორია ასე ცხოვრება. თიკასა და ჩემს ცხოვრებაზეც იმავეს ვიტყვი, როცა ხარ ცნობადი ადამიანი, შენს საქციელს ყველა აკვირდება და ბევრი მოგეთხოვება, რაც ძალიან ძნელია. შეიძლება, ჩვეულებრივი ადამიანის არასწორი საქციელი არანაირად არ გამოჩნდეს და როცა ადამიანები გცნობენ, ყველაფერი ორმაგად და სამმაგად მოგეთხოვება. ამიტომაც ხშირად ვამბობ, რომ ჩემი და თიკას ურთიერთობა ცნობადობის გამო დაინგრა. ჩემი მეგობრისთვის უბრალოდ ხელი რომ გადამეხვია, მეორე დღეს წერდნენ, რომ ბექას საყვარელი ჰყავს. ანა პატარა გოგონა აღარაა. კარგად ხვდება, რომ პრეზიდენტის ქალიშვილია და როგორც თვითონ უნდა, ისე უნდა იცხოვროს.
- პრეზიდენტს იცნობ?
- ბავშვობაში შევხვდი რამდენჯერმე, როცა დედა და გიორგი მარგველაშვილი დეპუტატები იყვნენ. ძალიან საყვარელი, კარგი ადამიანია. ახალგაზრდული და მეგობრული.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ჩემს პირად ცხოვრებაში არის ყველაზე მშვიდი და წყნარი პერიოდი. არ მინდა ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი. რამდენჯერაც პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ვილაპარაკე, მერე აღარ იყო მშვიდი.

Rating

- ამბობდი, ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან ოფიციალური რომ გახდეს, მინდა, საკუთარი შემოსავალი მქონდესო. აპირებ უახლოეს მომავალში დაქორწინებას?
- გულწრფელად გეუბნებით და შემიძლია, ეს ინფორმაცია საჯაროც გავხადო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციიდან მე და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში ვართ, ლარიც არ დაგვრჩენია. საქართველოში რაც უნდა გააკეთო, მერე ცუდი გამოხმაურება მოჰყვება და ასეთ ადამიანებს გრანტიჭამიებს ეძახიან, ამიტომ არანაირ გრანტზე არ ვართ დამოკიდებული. ახლა სხვა საქმე არ მაქვს და ჯერჯერობით თავს ვიკავებ დაოჯახებისგან.
- როგორც ვიცი, შეყვარებული შენთან ერთადაა არასამთავრობო ორგანიზაციაში...
- კი, ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციაშია და ძალიან ჭკვიანი და განათლებული გოგონაა. სწავლობს სამედიცინოზე, სტომატოლოგი გახდება, ძალიან საქმიანია. ერთს დავამატებ, ზოგადად ძალიან კარგი ყოფილა, როდესაც შეყვარებული წყვილი ერთად მუშაობს. აქამდე ბევრი პრობლემა მექმნებოდა, მივლინებებში მიშვებდნენ, შეყვარებულთან დიდი პრობლემები მქონდა. ხანდახან ორი კვირა ვერ ვნახულობდი. ახლა, როცა ერთად ვმუშაობთ, სულ ერთად ვართ და ნაკლები დაძაბულობაა ჩვენ შორის. ყველას ვურჩევ, მეორე ნახევრებთან ერთად იმუშაონ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ცეწ
უსამართლობას თუ ებრძვი ებრძოლე დედაშენისნაირ ფულის მონებს. მაგ ბიძინამ რომ მოგირჩინა ოჯახის წევრი იმაზე დაფიქრდი რა ფულით მოგირჩინა? 1000 კაცი მოკვდა მაგ ფულის გამო რაც ბიძინას აქვს დღეს და თქვენნაირ მაიმუნების მოსასყიდად ხარჯავს.ოდნავ ტვინი გაანძრიეთ რა დაგეხმარა ბიQო,გიყიდა და 100ად ამოიღებს. მონები ხართ,მთელი ოჯახი მაგის.სულები გაყიდეთ!
16:45 / 28-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS