ძალიან ძნელია ამხელა მანძილით დაშორება, მაგრამ იმედი
როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ახალი სიმღერა ''პირველი არხის'' დილის გადაცემისთვის შესრულდა, შესაბამისად, ეს კლიპი კი არა, უბრალო სატელევიზიო გამოსვლაა. თუმცა ვინაიდან ჩვენი შემსრულებლები ფინანსებს ვერ პოულობენ ახალი ვიდეოპროდუქციის დასამზადებლად, სიმღერები კი აქვთ, მაყურებლის ნაწილმა ეს სწორედ კლიპად აღიქვა და ასე შეემატა ქართულ შოუბიზნესს კიდევ ერთი ახალი ვიდეორგოლი.
ჯაკუზიში ვერ დავინახეთ ''ქუჩის ბიჭების'' ერთ-ერთი წევრი გურამიკო ლომიძე. ცხადია, არ გვიფიქრია, რომ ისედაც პატარა ჯაკუზიში მისი ადგილი არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გამოსვლაში ის არ გამოჩენილა.
სანამ მისი კოლეგები ჯაკუზიში გრილდებოდნენ, გურამიკო საყვარელ ქალბატონ ივანა მელაისთან ერთად ევროტურში იმყოფებოდა და დროს არაჩვეულებრივად ატარებდა.
მომღერლების ''ლავ სთორის'' შესახებ ინფორმაცია პრესაში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მაშინ წყვილი ამ ფაქტს არ ადასტურებდა, მოგვიანებით კი საკუთარი გრძნობების შესახებ ჟურნალისტებთან ალაპარაკდნენ.
ივანასგან განსხვავებით, გურამიკო სიტყვაძუნწია. როგორც ჩანს, ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ცდილობს, პრესით მომავალზე ნაკლებად ილაპარაკოს.
პირველი ქორწინებიდან, ხატია შამუგიასთან, 12 წლის ნიკა ჰყავს, მეორე შვილი, ლიამი, ამერიკელ მეუღლესთან შეეძინა, რომელსაც უკვე დიდი ხანია დაშორდა.
მომღერალს სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით და საუბარი მისი ახლანდელი საქმიანობითა და მუსიკალური გეგმებით დავიწყეთ.
- ახლა ამერიკაში ვარ, რამდენიმე თვით ჩამოვედი და ჩემს ძველ საქმიანობას დავუბრუნდი, ალბათ, ცოტა ხანში ისევ საქართველოში ჩამოვალ. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზიდავ ბიზნესში ვარ ჩართული და ჩემი კომპანია მაქვს.
რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, მას საქართველოში ამ ეტაპზე ცოტა დროს ვუთმობ, მაგრამ ბიჭები მუშაობენ და წამოსვლის წინ ახალი სიმღერა ჩავწერეთ.
- გურამ, გასულ კვირას სოციალურ ქსელში ''ქუჩის ბიჭების'' მონაწილეობით ვიდეორგოლი გავრცელდა, რამაც კრიტიკა და ინტერნეტმომხმარებელთა ხუმრობები დაიმსახურა...
- არ ვიცი, რა ხდება მაგ ვიდეოში, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ვინტერესდები კრიტიკით. მე მანდ ვერ მნახავდით, რადგან იმ დროს უკვე ამერიკაში გახლდით.
- პატარა ზომის ჯაკუზიში ''ქუჩის ბიჭები'', ტანსაცმლიანი გელა გნოლიძე, რეპერი გერცი და ორი გოგონა სხედან და ყველა მღერის...
- არ ვიცი, რა ვიდეოა, მაგრამ ვფიქრობ, ბიჭები უბრალოდ ერთობოდნენ.
- კარგი, საუბარი შენი და ივანა მელაის საზაფხულო მოგზაურობით გავაგრძელოთ. საყვარელ ქალბატონთან ერთად მონაკოში იყავი.
- ძალიან მაგარი დრო გავატარეთ ევროპაში, სენ-ტროპეში ვისვენებდით. მერე უცებ გადავწყვიტეთ გვემოგზაურა და სხვადასხვა ქალაქს ვესტუმრეთ. მონაკოში ერთი დღე გავჩერდით, შემდეგ იტალიაში გადავედით და პორტოფინო მოვინახულეთ. იქაც ერთი დღე გავჩერდით და შემდეგ ფლორენციაში ჩავედით. ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. შემდეგ მილანი, რომი...
- მარშრუტი შენ დაგეგმე თუ ივანამ?
- თუ არ ვცდები, სულ თორმეტი დღე გამოგვივიდა. ორივემ ერთად დავგეგმეთ. თავიდან სენ-ტროპე ჩემი იდეა იყო და შემდეგ სპონტანურად მოხდა ყველაფერი. ახლა ივანა საქართველოშია. ძალიან ძნელია ამხელა მანძილით დაშორება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ცოტა ხანს გაგრძელდება და მალე ერთად ვიქნებით.
- შტატებში შენს სანახავად ხშირად ჩამოვა?
- არ ვიცი, მაგრამ მე რომ ხშირად ჩავალ მის სანახავად, სადაც უნდა იყოს, ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა აუცილებლად ჩამოვა ამერიკაში და აქაც მაგარ დროს გავატარებთ.
- ძალიან შეყვარებული ხარ, შეგიძლია, ივანაზე უსასრულოდ ისაუბრო... საქართველოში იდეალურ წყვილად მიგიჩნევენ.
- შეყვარებული ვარ ქალზე და ის ძალიან მიყვარს. არ ვიცი, ვინ როგორ წყვილად მიგვიჩნევს, მაგრამ თუ ასეა, გამახარეთ. ივანა ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალია, უმაგრესი ადამიანი. როგორია ჩემი თვალით დანახული ივანა? – ამას მაინც ჩემთვის დავიტოვებ.
- საქართველოში ჩამოსვლისას უფროს შვილს ხშირად ნახულობ, ძალიან გგავს.
- ნიკა უკვე 12 წლის ბიჭია და ძალიან მაგარი კაცია. ნიჭიერი და დამჯერი. მამას ძალიან ჰგავს, თუმცა ბევრი ლაპარაკი უყვარს, რაც ალბათ დედისგან გამოჰყვა (იღიმის).
- სიმღერის ნიჭით თუ გგავს, გულახდილია მამასთან?
- აი, სიმღერის ამბავშიც, მგონი, დედას დაემსგავსა. რაც შეეხება გულახდილობას, თითქმის ყველაფერს მიყვება.
- შორიდან ჩანს, ახლა ისეთი პერიოდი გაქვს ცხოვრებაში, რომ საკუთარი თავი იპოვე.
- 34 წლის ვარ და მგონია, რომ საკუთარი თავი დიდი ხნის ნაპოვნი მყავს, ახლა კი ისეთი პერიოდი მაქვს, მშვიდი, წყნარი ცხოვრება რომ უნდა მოვიწყო.
- სამსახური, საყვარელი ქალბატონი, სიმღერა...
- გეთანხმები, იდეალური ვარიანტია.
- იმედი გვაქვს, რომ თქვენს ჯგუფს მომავალში წარმატება ექნება, სოლოკარიერის გაკეთებაზე არ გიფიქრია?
- ჯგუფმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და კიდევ გააკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში მეტის გაკეთება ალბათ შეუძლებელია. სოლოკარიერაზე არ მიფიქრია, ამ ეტაპზე ბიზნესის განვითარებით ვარ დაკავებული, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიყო.
- სად წარმოგიდგენია შენი ცხოვრება - საქართველოში თუ ამერიკაში?
- საქართველო ძალიან მიყვარს და ყოველთვის მენატრება. მეგობრების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ასე რომ, ორივე კონტინენტზე ვიცხოვრებ. ვფიქრობ, დედამიწა არცთუ ისე დიდია, რომ კითხვაზე: საიდან ხარ? – უპასუხო – დედამიწიდან...
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''