25 აგვისტო, 2014
''ჯერჯერობით ამ ქვეყანაში თინა მახარაძეა გარყვნილების ეტალონი...''
ინტერვიუს ავტორი ციცი ომანიძეც დაადასტურებს, რომ აქ არაფერი დაგეგმილი არ ყოფილა მსახიობ თინა მახარაძეს პოპულარობის დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად აქვს გაცნობიერებული და შესაბამისად, დადებითს იღებს, უარყოფითს კი ისხლეტს. ყოველ შემთხვევაში, მას განწყობას ნეგატიური კომენტარები ადვილად ნამდვილად ვერ გაუფუჭებს.

- თავიდანვე იცოდი, რომ მსახიობობა პოპულარობასაც მოგიტანდა, ამაზე ოცნებობდი თუ არა?
- ბავშვობიდანვე მინდოდა ეს და ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი და ასევე გაცნობიერებული მქონდა, რომ მსახიობობა არ არსებობს პოპულარობის გარეშე. მხოლოდ სარკის წინ, საკუთარ თავთან სხვადასხვა
იმიჯის მორგებით და როლის განსახიერებით, პუბლიკისა და ტაშის გარეშე, ბედნიერი ვერ ვიქნები (იღიმის). ამიტომაც არასდროს მჯერა არტისტის, რომელიც თავის პერფორმანსს აკეთებს მხოლოდ თავისთვის და ოჯახის რამდენიმე წევრისთვის. ვიცოდი, რომ ვითამაშებდი ხალხის თვალწინ, ხალხი ყოველთვის მჭირდებოდა და მჭირდება, როგორც შემფასებელი და შემდეგ, როგორც დამფასებელი.
- თუ გიფიქრია, რომ პოპულარობას შეიძლებოდა ჰქონოდა დადებითიც და უარყოფითიც, ზოგჯერ ისტერიკაში გადაზრდილიც...…
- რა თქმა უნდა, მიფიქრია. როდესაც ინტერესიანი ბავშვი ხარ, ნახულობ უამრავ ფილმს, კითხულობ ბევრ ინფორმაციას, ვიკიპედიაში თუ მის გარეთ, აგროვებ ჟურნალებს, ეცნობი მსახიობების გადასაღები მოედნის ან სცენის მიღმა მუშაობისა და როლისთვის მზადების პროცესს, მათ ცხოვრებას, ხვდები, რომ ამ ყველაფერს გვერდითი ეფექტები და მოვლენებიც ახლავს.
რაც შეეხება აგრესიულ ფონს, თუკი იმას მეკითხები, რომ გარდა თაყვანისცემისა და შენი საქმის მოწონებისა, შესაძლოა, წამოვიდეს ნეგატივიც, ესეც აბსოლუტურად გასაგები იყო. ბავშვობიდან, ვიწრო მასშტაბით, მაგრამ მაინც, სულ რაღაცას ვაკეთებდი - ეს იქნებოდა ეზოს პერფორმანსები თუ სკოლის აქტივობები, მეგობრებთან ერთად ქუჩაში სიახლეების კეთება და ამით საკუთარი პუბლიკის მოძიება, შესაბამისად, ბევრ მოწონებასთან ერთად იყო ბევრი ქილიკიც. ბავშვებს შორის ეს ყოველთვის უფრო მძაფრია, აუცილებლად გამოჩნდება ბავშვი, რომელიც დაგცინებს. ეს ბუნებრივი პროცესი იყო და ახალი არ არის ჩემთვის.
- პირველად პოპულარობის გემო როდის იგრძენი?
- სულ პირველად, როცა ჩემით დაინტერესდნენ, 17-18 წლის ვიყავი. მიმყავდა ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის გადაცემა ''ზუმერანგი'' ''პირველ სტერეოზე'', რომელიც მაშინ არ გახლდათ ძალიან რეიტინგული არხი, ანუ მაყურებლის სეგმენტი შეზღუდული იყო, თუმცა გამოერეოდა ხოლმე რამდენიმე მათგანი, რომელიც მეტროში ან ქუჩაში მცნობდა. გადაცემა ერთი წელი გადიოდა, ბევრს არც უნახავს. მუსიკალური გადაცემა იყო, სადაც ''აიპოდებს''ვათამაშებდით. სხვათა შორის, იმ დროისთვის კარგი გადაცემა გამოდიოდა. ამ პოპულარობას მცირე დოზა ჰქონდა და არანაირი გაღიზიანება არ ახლდა.
19 წლისამ დავიწყე თამაში სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან'', ამით დაიწყო ჩემი მასობრივი პოპულარობა. სანამ სერიალი ეთერში გავიდოდა, ტელევიზიით ანონსი ტრიალებდა, მთლიანად ჩემი სახე კი არა, პროფილი და სახის გარკვეული ნაწილები ჩანდა. რამდენიმე სხვა პერსონაჟი აკეთებდა აქცენტს თემაზე, ვინ არის თამუნა ჭელიძე. ტაქსიში ჩავჯექი და მძღოლმა მკითხა, უი, შენ ხარ თამუნაო? მახსოვს, ძალიან გამიხარდა. პირველივე სერიის გასვლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მიცნო. მაშინ ჩემი ცნობა საკმაოდ რთული იყო.
- მახსოვს, ჩვენ დავბეჭდეთ შენი რეალური ფოტოები, რომლებსაც ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა, რა ლამაზი გოგონა ყოფილაო. სერიალის პროდიუსერები მალავდნენ შენს ფოტოებს.
- თანაც, მაშინ, ასაკიდან გამომდინარე, ცოტა ასოციალურიც ვიყავი (იღიმის) და არ მქონდა სურვილი და არც დრო, გადაღებების გარდა რაიმე სახის კონტაქტი მქონოდა ვინმესთან და პუბლიკასთან დიდი დოზით მეურთიერთა. მიმაჩნდა, რომ არ იყო საჭირო, ვმოგზაურობდი, დავდიოდი ლაშქრობებში საქართველოს ფარგლებში არ მიყვარდა სახალხო თავყრილობებსა და მასობრივ ივენთებში მონაწილეობა, ვკითხულობდი, ვწერდი და ენებს ვსწავლობდი. მერე ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპებმა მოიტანა, რომ ახლა ასეთი სოციალური ვარ. სოციალური იმდენად, რამდენადაც ეს ჩემს საქმესა და მე მჭირდება, თორემ ძალიან ბევრი სხვა რამ არის, რომელიც ხალხის მხედველობის მიღმა რჩება.
ისევ სერიალს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც გადაღებებისას ქუჩაში თამუნა ჭელიძის აღკაზმულობით ვჩნდებოდი, ხალხი გაოგნებული მიყურებდა, როცა ხედავდნენ თავიანთ საყვარელ პერსონაჟს, ყველას უნდოდა მოსვლა, მოფერება, ლაპარაკი. მაშინ გავაცნობიერე, რამდენად საყვარელი და ცნობილი გახდა მაყურებელს შორის თამუნა ჭელიძე. თინა მახარაძე თამუნა ჭელი ძესთან საკმაოდ გვიან გააიგივეს, როდესაც სხვადასხვა ტელეშოუებში გამოვჩნდი, როცა დაინახეს, რეალურად როგორი ვარ.
- მაშინ, ალბათ, მხოლოდ პოზიტიური პოპულარობა გქონდა.
- მე მივხვდი, რამხელა განსხვავებაა მხოლოდ პოზიტიურ პოპულარობასა და უნივერსალურ პოპულარობას შორის, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ახლანდელი პოპულარობა სწორედ ასეთია, მაშინ კი ეს უკავშირდებოდა მხოლოდ პოზიტიურ გამოხმაურებებს პერსონაჟის მიმართ. რომ მკითხოთ, რომელი ჯობია, გიპასუხებთ, რომ მე ესეც ძალიან მართობს, ასე უფრო საინტერესოა (იღიმის).
- საინტერესოა შენი ისტორია პოპულარობასთან დაკავშირებით. მახსოვს, ჩვენს ჟურნალში შენი ინტერვიუ რუბრიკაში ''სტერეოტიპები''დაიბეჭდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიცოდით, რომ ''ჩემი ცოლის დაქალებში''ახალი პერსონაჟი ანკა შემოდიოდა. ამ ინტერვიუმ ინტერნეტი ააფეთქა და თავისებური პიარნაბიჯიც გამოდგა შენი როლისთვის, თუმცა არაფერი დაგეგმილი არ ყოფილა...
- ამ ინტერვიუს ავტორი ციცი ომანიძეც დაადასტურებს, რომ აქ არაფერი დაგეგმილი არ ყოფილა. ''რეიტინგის''ჟურნალისტი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც მსგავსი კუთხით წაიყვანა ინტერვიუ და მსგავსი კითხვები დამისვა. მანამდე, ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ ასაკში რომ გამოჩენილიყო ჟურნალისტი და დაინტერესებულიყო ჩემი აზრით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, გარდა იმისა, როგორ მოვხვდი სერიალის კასტინგზე ან ვარ შეყვარებული თუ არა, იმავე ან კიდევ უფრო მძაფრ პასუხებსაც გავცემდი, რადგან ასაკი მაინც თავისას შვრება. 18 წლის ასაკში ბევრად უფრო დამრტყმელი და ეპატაჟური ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ (იღიმის). მაშინ, ალბათ, უფრო დიდი აჟიოტაჟი და რეზონანსი მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. როცა ციციმ ეს შეკითხვები დამისვა, სრულიად გულწრფელად, რაციონალურად ვუპასუხე, თავი არ შემიკავე-ბია და მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ალბათ, საჭირო იყო.
- როგორ ფიქრობ, შენი პროფესიის ადამიანმა უნდა ''კვებოს''თუ არა საზოგადოება თავისი პოპულარობის გასამყარებლად, ვთქვათ, თამამი განცხადებებით?
- მე გეტყვით, რა უნდა აკეთოს პოპულარულმა ადამიანმა, თუკი ის არ არის მაინცდამაინც ჯასტინ ბიბერი, რომელიც არ ქმნის არაფერ ღირებულს. მე მგონია, რომ თუ ხარ მსახიობი, შენ მიერ შექმნილი პროდუქტი არა მხოლოდ გართობას, არამედ შემეცნებასაც უნდა უკავშირდებოდეს. მე მინდა, რასაც ვაკეთებ, იმას ახლდეს გარკვეული მისია და არ იყოს სანახაობა სანახაობისთვის. მინდა, იყოს თესლი, გადაყრილი სწორ ნიადაგზე, ჩემმა აქტივობებმა მოიტანოს უკუგება, ვიღაცებში რაღაცები გააღვიძოს, დაინტერესდნენ, რას და რატომ ვაკეთებ და ამას მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია. როცა მეკითხებიან, როგორია ჩემი პერსონაჟი, ამას დაწვრილებით ვხსნი. თუკი მასში რაიმე ნეგატივი შემაქვს, ეს იმიტომ ხდება, რომ ამან დააფიქროს მაყურებელი, რატომ არის ის ნეგატიური, უნდა ვიყოთ ასეთი თუ - არა.
გარდა ამისა, კარგად მაქვს გაცნობიერებული ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მიყურებს, ვიცი, რომ საბედნიეროდ, მიჭირავს ყველა ის ბერკეტი, რომელიც დამეხმარება, სათქმელი ბევრად უფრო ოპერატიულად მივიტანო შესაბამის ადრესატამდე. შეი-ძლება, გავაღიზიანო, ნერვები მოვუშალო, ავაჯანყო, მაგრამ ფონს მაინც გავიდე. შესაბამისად, ვაკეთებ ისეთ განცხადებებს, რომლებიც მინდა, ხალხის ყურამდე მივიდეს, დააფიქროს, ცოტა თმა მოწიწკნოს და ყური აუწიოს, გააცინოს კიდეც, გააჩნია ადამიანს.
- ლანძღვა არ მოქმედებს? ალბათ, ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო, რომ პოპულარობის თანმდევი ეფექტებიდან რაღაცები აისხლიტო.
- თუკი ვზივარ ჩემთვის და წიგნს ვკითხულობ, ამ დროს კი ჩემ წინ ზის ოჯახი და როგორც სამუზეუმო ექსპონატს და არა ადამიანს, ხმამაღლა განმიხილავს - უი, ეს ანკაა, თინა მახარაძეა, რა აცვია, შეხედე, რა საყვარელია, უი, უფრო დაბალი და გამხდარია, ვიდრე ეკრანზე, უი, ტელევიზორში უფრო კარგია, უფრო ცუდია. ამ დროს ფამილიარობა მაღიზიანებს. ზრდილობისა და ტაქტის ამბავია, რომ ასე ხმამაღლა არ გამოხატო. როცა მლანძღავენ, ეს არ მაღიზიანებს, ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას - არა. უბრალოდ, ზოგჯერ შეიძლება, ამისგან დავიღალო.
- როგორც ცნობილი სახე, ფასდაკლებებით სარგებლობ?
- ნაყინს რომ ვყიდულობ, ფულს არ მახდევინებენ და ძალიან მრცხვენია (იღიმის). რა თქმა უნდა, გვაქვს ფასდაკლებები, კომპანიები მოდიან ბარტერზე და გვაქვს შეღავათები.
- რას ურჩევ შენზე ახალგაზრდებს, ღირს საქართველოში პოპულარობა?
- მე თვითონ ძალიან ახალგაზრდა ვარ, 24 წლის, და გარდა ამისა, რჩევების მიცემა და მენტორული ტონი დიდად არ მიყვარს, უბრალოდ, ჩემს აზრს ღიად დავაფიქსირებ. გააჩნია, ვის როგორი პოპულარობა უნდა და სურს თუ არა ეს საერთოდ. ვფიქრობ, საჭიროა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც პოპულარული გახდება, იქნება ღირებული და დაიმსახურებს მოწონებას.
- თუკი მკერდს გამოჩენს და ასე გახდება ცნობილი?
- მკერდიც პროდუქტია. თუ კარგი გაქვს, გამოაჩინე და ''გაყიდე''. არ მაღიზიანებს არაფერი, რაც არ გადის ადამიანების მორალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. არიან ყურადღებაზე შეყვარებული და ორიენტირებული ტიპები, ეს უარყოფითად განიხილება, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. ზოგი ექსტრემალური სპორტით კაიფობს, ზოგი - ყურადღებით.
- შენ უფრო დადებითი მოგიტანა თუ უფრო უარყოფითი?
- უარყოფითი არც ჩემთვის და არც ერისთვის არაფერი მოუტანია (იცინის). გავა დრო და ამ ყველაფერზე გაგვეცინება. რაღაც მომენტში, იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში, ჩემმა ინტერვიუებმა თავისი საქმე გააკეთა, მსუბუქი ზურგის ქარი იყო, მგონია, რომ სწორ დროს მიცემული ბიძგი აღმოჩნდა გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის.
რაც შეეხება უარყოფითს, არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა მოხდება და ქუჩაში ვინმეს ჩემი მოკვლა მოუნდება თუ არა, რადგან ჩემ გარშემო ზოგჯერ არის აგრესიული ფონი. თუკი ვინმეს მსხვერპლი არ გავხდი და ყველანაირი ფიზიკური დაზიანების გარეშე გავაგრძელე ცხოვრება, მაშინ ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. ჯერჯერობით ასეც არის (იღიმის).
- დარწმუნებული ვარ, არაფერი გემუქრება. მინდა გკითხო, რა დამოკიდებულება გაქვს ჭორების მიმართ?
- მილიონი ჭორი მსმენია, უმეტესობა არ არის მართალი (იღიმის). მაგალითად, ამას წინათ ჩემს ფოტოსთან ერთად, სადაც ვარ მხოლოდ მაისურით, უბიუსტჰალტეროდ, ვწევარ საკუთარ საწოლში, გავრცელდა მეორე გოგონას ფოტო, მშვენიერი ფიზიონომიით, რომელიც მასტურბირებს. დაიწერა, რომ ეს მე ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში არ ვყოფილვარ. ამაზე მეზარება კიდეც კომენტარის გაკეთება. ყოფილა ბევრი, აბსოლუტურად უაზრო, აბსურდული აზრი ჩემზე, მაგალითად, ჩემზე უთქვამთ, ნარკომანიაო. რა თქმა უნდა, არ ვარ.
- მოკლედ, უკვე კლიშეა, ცნობილ ადამიანებზე თუკი რაიმე ცუდის თქმა უნდათ, ნარკომანობას აბრალებენ.
- ან თინა მახარაძეობას (იცინის). თუ ვიღაც მეორის თვალში საზოგადოებრივ მორალს ანგრევს, პირდაპირ ისმის კითხვა: კაი, რა, თინა ხარ, მახარაძე?!.''
- შენზე ალბათ, იმასაც იტყვიან, ეს ისეთია, ''კაზანტიპზეც''კი წავაო...
- (იცინის) სამწუხაროდ, შესაძლოა, ვერ მოვახერხო წასვლა, რადგან ბევრი საქმე მაქვს. იმას იტყვიან, ''კაზანტიპი''იმდენად დიდი გარყვილების ბუდეა, თინა მახარაძე მიდისო. ჯერჯერობით ამ ქვეყანაში თინა მახარაძეა გარყვნილების ეტალონი, თინამ რაც ილაპარაკა, იმან გამოიწვია ''კაზანტიპის''ჩატარების აუცილებლობა საქართველოში (იცინის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
რეზი
არც მსახიობად ვარგიხარ , არც გოგოთ, თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს და თავს აძლევ უფლებას , რომ ხალხს ჭკუა დაარიგო, იცოდე ბოლოს ინანებ , მაგრამ უკვე გვიანი იქნება.
20:42 / 28-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ტეგერანსკი
დაიკიდე თინ ამ ბნელი და დაუბანელ წვერებიანი მღვდლების მიმდევარი ხალხის აზრი, მაგარი გოგო ხარ როგორც ფიზიკურად ისე აზროვნებით
13:36 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანჩო
დიდი არაფერიიი.
00:07 / 26-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ჭკვიანი და განათლებული გოგო! მე მომწონს თინა!
16:07 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაია
კარგი გოგოა თინა,მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ნამდვილად არ არის ,,გარყვნილების ეტალონი",როგორც ზოგიერთები უწოდებენ,მე მაქვს უფლება მომწონდეს ეს ადამიანი და ,,საზოგადოებას" არ ვეკითხები, შეიძლება ეს თუ არა! ჩემთვის თინა ლამაზი,განათლებული,ერუდირებული და ჭკვიანი ქალია,რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის,კარგი მასახიობია და ვფიქრობ, საუკეთესო მომავალიც ექნება! მე წარმატებებს ვუსურვებ და სურვილი მაქვს მხოლოდ კარგი მესმოდეს მხოლოდ მასზე!
12:20 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
leli
ჯერჯერობით ამ ქვეყანაში თინა მახარაძეა გარყვნილების ეტალონი, თინამ რაც ილაპარაკა, იმან გამოიწვია ''კაზანტიპის''ჩატარების აუცილებლობა საქართველოში (იცინის)." გოგონიიიი,იცინის ის ,ვინც ბოლოს გაიცინებს....ჰოდა,შენი "სიცილი" ნახე საზვერეებზე!
10:34 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ძალიან საკვარელი ბავშვია.რას ერჩით?
10:23 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS