20 აგვისტო, 2014
რას ფიქრობენ ცნობილი ქართველები ''კაზანტიპზე''
არ მგონია, რომ კლუბში ყოფნისას ვირყვნები და ბუნებაში ფეხშიშველი სიარულისას - ჭეშმარიტი ქართველი ვხდები საქართველოში ფესტივალ ''კაზანტიპის'' ჩატარებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მოწინააღმდეგეებს შორის არის ქართული ეკლესიაც. ბევრი სასულიერო პირის მოსაზრებით, მარიამობის მარხვაში ''კაზანტიპის'' ჩატარებას მხოლოდ ცუდი შედეგის მოტანა შეუძლია. ანაკლიელები კი, რომლებსაც ბიზნესის გაფართოების შანსი მიეცათ, ფესტივალის გამართვას დიდი ენთუზიაზმით ემხრობიან.
''კაზანტიპის'' გარშემო ატეხილი სკანდალის გამო დაატოვებინეს თანამდებობა ტურიზმის დეპარტამენტის უფროს გიორგი სიგუას, რომელიც ამჟამად ფესტივალის ორგანიზების საქმეშია ჩართული.

გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რას ფიქრობენ ცნობილი ქართველები
''კაზანტიპზე'', რომელიც 20 აგვისტოდან აიღებს სტარტს.

გიორგი ბახუტაშვილი, მსახიობი:

- ვიცი, რომ ძალიან კარგი ფესტივალია. კარგი იქნება, თუ შედგება თანამშრომლობა და საქართველოში ეს ფესტივალი შემდეგშიც ჩატარდება. ფესტივალი ცალსახად დადებითად იმოქმედებს ეკონომიკაზე. ზღვისპირეთიდან ამდენ ფულს, რასაც ეს ფესტივალი მოიტანს, ქვეყანა წლების განმავლობაში ვერ იშოვის.
- ეკლესია ეწინააღმდეგება ფესტივალის ჩატარებას. ამბობენ, რომ ''კაზანტიპი'' გარყვნილების პროპაგანდაა.
- არ მგონია, ადამიანი მოწოდებით ირყვნებოდეს. გარყვნილებაც და პატიოსნებაც სხვა რაღაციდან მოდის. შეიძლება, ეკლესიის აზრი გასათვალისწინებელია, სიმართლე გითხრათ, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ, ასეთია ჩემი პირველი პოზიცია გარყვნილების პროპაგანდასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ფესტივალი კარგი იქნება.
- კლუბური გართობა მოგწონს?
- იშვიათად, მაგრამ არის მომენტები, როდესაც კლუბში წასვლა მინდება. ''კაზანტიპზე'' გამგზავრებას თუ დავაპირებ, აუცილებლად ჩემს მეუღლესთან ერთად წავალ. კლუბშიც ვყოფილვარ მასთან ერთად. ასევე არის მომენტები, როდესაც ჩანჩქერზე, ბუნებაში ჩემს ძმაკაცებთან ერთად წასვლა და ქეიფი მინდება. ეს აბსოლუტურად არ უშლის ხელს ერთმანეთს და არ მგონია, რომ კლუბში ყოფნისას ვირყვნები და ბუნებაში ფეხშიშველი სიარულისას - ჭეშმარიტი ქართველი ვხდები.
- აპირებ ფესტივალზე წასვლას?
- ''კაზანტიპზე'' კი არა, ყველაგან წავიდოდი, ოღონდ დამესვენა. სამწუხაროდ, ამ ზაფხულს დასვენებას ვერ მოვახერხებ. სულ ვმუშაობ. დრო რომ მქონოდა, შევივლიდი და ჩემი თვალით ვნახავდი, როგორ მიმდინარეობს ''კაზანტიპის'' პირველი და შესაძლოა, უკანასკნელი სეზონი საქართველოში.

სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:

- ვფიქრობ, რომ ფესტივალის ჩატარება ძალიან კარგი იქნება ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩამოვა უამრავი ტურისტი. ვერანაირ გარყვნილებას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანმა მოუსმინო მუსიკას და იყო მეგობრებთან ერთად. ის, რაზეც იყო კამათი, შესაძლებელია, ნებისმიერ კურორტზე მოხდეს. ვისაც ნარკოტიკების მოხმარება უნდა, ნებისმიერ ადგილას შეუძლია. ჩემი აზრით, ფესტივალს მხოლოდ მუსიკალური დატვირთვა აქვს და სხვა დანარჩენი გაბუქებულია.
ფესტივალებზე ვყოფილვარ და მსგავსი რამ არ მინახავს. სიახლეებს ადამიანები ყოველთვის შიშით ხვდებიან, მაგრამ მე მაინც ვერ ვხვდები, ფესტივალთან დაკავშირებით ამხელა აგრესია ვის აწყობდა.
- მიდიხარ ფესტივალზე?
- სიამოვნებით წავიდოდი. თუ ჩემი მეგობრები წავლენ, შეიძლება, მეც გავემგზავრო ანაკლიაში.

ნინო ძოწენიძე, მომღერალი:

- ფესტივალის წინააღმდეგი საერთოდ არ ვარ. პირიქით, მივესალმები. ახალგაზრდობა ერთობა. აბსოლუტურად თავისუფალი ხარ შენს არჩევანში, თუ გინდა წახვალ, თუ არ გინდა, არ დაესწრები და რატომაა ცუდი, ვერ ვხვდები. იყო მითქმა-მოთქმა, რა შეიძლება მოხდეს კაზანტიპზე. ყველაფერი ისედაც ხელმისაწვდომია, თუ ადამიანი მოინდომებს და ''კაზანტიპი'' ამ სახით რომ გავაპროტესტოთ, ჩემი აზრით, ცოტა უხერხულიც არის. შეიძლება ვცდები, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
იმის თქმა, რომ ჩვენ არ ვართ მზად მსგავსი ტიპის ფესტივალისთვის არარეალურია. აბსოლუტურად მზად ვართ იმისთვის, რომ ადამიანმა თავისუფლება შეირგოს. არ არის ''კაზანტიპი'' რაღაც ძალიან ცუდის ან კარგის დასაწყისი. ის, უბრალოდ, ჩვეულებრივი მუსიკალური ფესტივალია.
- გაქვს სურვილი, რომ ფესტივალს დაესწრო?
- მე ვერ დავესწრები, რადგან დრო არ მაქვს. ბავშვთან ერთად ქობულეთში ვისვენებ. ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო, შეიძლება წავსულიყავი. ახლა ასეთ ფესტივალზე წასვლის განწყობა არ მაქვს.

სოფო ბედია, მომღერალი:

- სოფო, რას ფიქრობ ფესტივალ ''კაზანტიპზე''?
- საქართველოში ტარდება?
- ანაკლიაში დაიწყება 20 აგვისტოს და 30 აგვისტომდე გასტანს. ფესტივალის ჩატარებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.
- ჩვენთან ანაკლიაში რომ ტარდებოდა ეს ფესტივალი, არ ვიცოდი. უკვე დიდი ხანია, ზღვის პირას ვისვენებ და საინფორმაციოს საერთოდ არ ვუსმენ. მოწყვეტილი ვარ ტელევიზორს... მსგავსი ფესტივალები არ მომწონს და არ მიზიდავს. რომც არ ვიყო ქართველი, ჩემი გაგებიდან გამომდინარე, არ წავიდოდი, რადგან ვფიქრობ, სასურველი არ არის ადამიანის ასეთ ფესტივალზე წასვლა. ზოგადი ინფორმაცია მაქვს ფესტივალზე და მგონია, რომ სხვა ბევრი უკეთესი რამ არსებობს, რითიც შეიძლება რომ დაკავდე. ასეთი გართობა ჩემთვის მიუღებელია.
- მსგავსი ტიპის ფესტივალს არასდროს დასწრებიხარ?
- სიმართლე გითხრა, არასდროს დავსწრებივარ. ერთადერთი ფესტივალი, რომელსაც ძალიან მინდა, რომ დავესწრო, ესაა ბრაზილიის კარნავალი, რომელიც მართლა ხელოვნებაა და საოცრად ლამაზი სანახაობაა.
- ეთანხმები მოსაზრებას, ''კაზანტიპის'' გარყვნილებასთან დაკავშირებით.
- რასაკვირველია. ის, რაც ამ ფესტივალზე ხდება, ჩემთვის მიუღებელია, ვერ ვხდები, რატომ უნდა ისიამოვნო იმ ყველაფრით.
- ხომ შეიძლება, წახვიდე ფესტივალზე და ნარკოტიკები არ მოიხმარო.
- მე, მაგალითად, ამ ფესტივალზე არ წავალ. ფესტივალი, რომელიც ნორმის ფარგლებში ჯდება, ჩატარდეს. ზღვის პირას მუსიკის მოსმენასა და მეგობრებთან ერთად ცეკვა-თამაშში ცუდი არაფერია. ''კაზანტიპზე'' ყველამ ისე იფიქროს, როგორც გაუხარდება, მაგრამ ჩემთვის ეს ფესტივალი მიუღებელია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ცუცა
ხალხო! სხვის კომენტარზე ასე აგრესიულად რატომ რეაგირებტ?რა ამოიჯემეტ,ეს გოგო.ყველამ ტქვენ ტავს მიხედეტ...
01:43 / 28-08-2014
გამოხმაურება / 0 /
სამართლიანი
გენაცვალე სოფ მაგარი გოგო ხარ. ცალტვინებო რა გესჰველებათ ტკვე მრთლ გაუნათლებელო ბრბოვ
01:38 / 28-08-2014
გამოხმაურება / 0 /
==========
ნიკა გენაცვალე რას ბჟუტურებ ნეტა ვიცოდე..რამხელა აგრესიააა..ანუ შენ რომ კაზანტიპის მომხრე ხარ გავიგეთ და დაწყნარდი ;)
18:35 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანამარია
უსინდისო მამაკაცებო!!!!!!!!!!!სხვების აზრებისა და კომენტარების ლანძღვას თქვენს გარყვნილ თავებს მოუარეთ!!!!!!!!!!
12:55 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანასტასია
სოფო ვეთანხმები შენს აზრს, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომ ესე დალაგებულად აზროვნებ ზოგიერთ ზე ვარსკვლავებისაგან განსხვავებით.
19:56 / 26-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS