19 აგვისტო, 2014
''ამ ინტერვიუდან გაიგებენ ჩემი შვილები სიმართლეს...''
ძალიან კი ვიჩხუბე იმ კლინიკაში, მაგრამ რაღას ვუშველიდი. ყველამ განვიცადეთ, ვიდარდეთ, დედაჩემმა განსაკუთრებით ეკა ნიჟარაძისა და მისი ძაღლების ისტორიები, ძირითადად, სევდიანია. პირველი, დაპირებული შოტლანდიური ნაგაზი, ჯერ კიდევ მუცელში მოუკვდა დედას, მეორე ქუჩის ძაღლმა დაუგლიჯა, მესამესთან განშორება მოუცლელობის გამო მოუხდა. ახლა მსახიობს ორი წლის ლაბრადორი ჰყავს. მას მერე, რაც შვილიშვილი შეეძინა, დაშკა აივანზე, თავის აპარტამენტებში გაასახლეს, თუმცა ოჯახში კვლავ ყველას უყვარს და რიგრიგობით ასეირნებენ.

- როგორც ყველას, ბავშვობაში მეც მინდოდა, ძაღლი მყოლოდა. მაშინ მოდაში სხვა ჯიშის
ძაღლები იყო: კოლი - შოტლანდიური ნაგაზი, დობერმან-პინჩერი, დოგი. მეც მინდოდა შოტლანდიური ნაგაზი. ჩემს მეგობარს ჰყავდა დედალი, რომელიც ლეკვებს ელოდებოდა. იმდენი ვიზუზუნე, დედაჩემი დავითანხმე, მაგრამ ფეხმძიმე ძაღლი მანქანამ გაიტანა.
მერე, დედაჩემთან რომ ვცხოვრობდი, მე და ბავშვები ბაკურიანში გავემგზავრეთ დასასვენებლად. ჩამოვედით და ეზოში დაგვხვდა ძალიან სასაცილო ძაღლი. ეზოს ძაღლი იყო, მაგრამ მთლად ქუჩის ძაღლსაც არ ჰგავდა. ეტყობა, რომელიმე ჯიშიან ძაღლთან იყო ნაჯვარი. მოვიდა და დარჩა. პატრონიც არ გამოუჩნდა, სავარაუდოდ, არც ჰყავდა. უჭკვიანესი იყო, ყველაფერი ესმოდა. არავის აჭაჭანებდა ეზოში. რატომღაც გივი დავარქვით. ბევრი წელი იცხოვრა ჩვენთან. ერთ დღეს სრულიად ქუჩის მამალი ძაღლები მოცვივდნენ ჩვენთან, მაშინ მივხვდით, რომ გივი არ იყო გივი (იცინის). ისეთი ჩხუბი ჰქონდათ უბნის ძაღლებს ღამე ამ ჩვენი გივის გამო, მეზობლები შეწუხებული იყვნენ. ესეც ყრიდა ლეკვებს და მერე სად მიჰყავდა, არ ვიცი.
მორიგი მშობიარობის შემდეგ გივის, სავარაუდოდ, ცოფიანმა ძაღლმა ლეკვები დაუგლიჯა და თვითონაც დაკბინა. ზაფხული იყო, ეზო დაცარიელებული, ჩვენც დასასვენებლად ვიყავით. მეზობლებმა გამოიძახეს სპეციალური სამსახური. დიღომში წაუყვანიათ ვეტერინარულ კლინიკაში. დამირეკეს მეზობლებმა, ჩამოვედი, მივაკითხე კლინიკაში და დავაძინეთო, მითხრეს. რადგან ასეთი ინციდენტი მოხდა, საჭიროდ ჩათვალეს, ამ მეთოდით მოეკლათ. ძალიან კი ვიჩხუბე იმ კლინიკაში, მაგრამ რაღას ვუშველიდი. ყველამ განვიცადეთ, ვიდარდეთ, დედაჩემმა განსაკუთრებით.
მერე მაჩუქეს დუნგა, ლაბრადორი იყო ისიც. ბავშვები აჟიტირებული იყვნენ, ჩვენ მოვუვლითო, დამპირდნენ, მაგრამ რვა თვეში მივხვდი, რომ ჩემ მეტი ამ ძაღლს პატრონი არ ჰყავდა. ზამთარი იყო, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ. ადრე უნდა ავმდგარიყავი, რომ ძაღლი გამეყვანა, მერე ბავშვები მომემზადებინა, გამეცილებინა სკოლაში. ძალიან დატვირთული გახლდით. გავბრაზდი და ჩემს მეგობარს ვაჩუქე. კარგ პირობებში მივიყვანე, ეზოიანი სახლი ჰქონდა, სხვა ძაღლიც ჰყავდა. არ ამომდის თვალებიდან, როგორ გამომეტირა, როცა მოვდიოდი.
- ნახულობ?
- არა, მის მერე არ მინახავს, არ ვიცი, ვახსოვარ თუ არა. ალბათ, ჩემზე ნაწყენია.
- მისი ნახვა არც გიფიქრია?
- მიფიქრია, მაგრამ არ შემიძლია, თავიდან უნდა ვინერვიულო, არ ვიცი, რას იზამს.
- ბავშვებმა რა თქვეს, ძაღლი რომ აღარ დახვდათ სახლში?
- ვუთხარი ბავშვებს, ერთად წავიყვანეთ, არ მომიტყუებია, მხეცი კი არ ვარ. მერე სინდისის ქენჯნა დაეწყოთ, ნანობდნენ, მაგრამ უკან ვეღარ წამოვიყვანდი. მერე მეორე მეგობარმა მითხრა, ჩემი ლაბრადორი ლეკვებს ელოდება, თუ გინდა, გაჩუქებო. ბავშვებს რომ ვუთხარი, გაუხარდათ, ახლა ნამდვილად მოგეხმარებითო, დამპირდნენ და ასრულებენ კიდეც პირობას.
- დაშკა ვინ დაარქვა?
- სახელიანი მოვიყვანეთ და შერჩა ეს სახელი. ჩვენი გოგო უკვე ორი წლისაა. ლეკვები ჯერ არ დაუყრია, მაგრამ შეყვარებული ჰყავს. ონისე ონიანის ძაღლთან უნდა შევაჯვარო. ჯეჯი განსაკუთრებით უყვარს. საღამოობით ის ასეირნებს, ყველგან დაჰყვება, აბაზანაშიც რომ შედის, კართან უწევს, ელოდება. მეც ძალიან ვუყვარვარ, სადმე დიდი ხნით რომ მივდივარ, მერე უნდა ნახოთ ჩვენი შეხვედრა.
- ყველაზე მეტი რამდენი ხნით წასულხარ?
- სამი თვით ვიყავი შარშან წასული და რომ ჩამოვედი, დაშკამ სიხარულისგან ჩაიფსა. ძაღლები ძალიან ემოციურები არიან.
- ახლა აივანზე გყავთ, რატომ?
- ამას თავისი მიზეზი აქვს. ტასო ფეხმძიმედ რომ იყო, დაშკას ყურის ანთება დაემართა. ექიმმა ლეიშმანიოზზე შეამოწმეთო, მირჩია. ძალიან შემეშინდა, ეს დაავადება კოღოს ნაკბენით გადადის, ორგანოებს აზიანებს, ქრონიკულია და ძალიან საშიშია. წავიყვანეთ ვეტკლინიკაში და ძვლის ტვინიდან აუღეს ანალიზი. მე და ჯეჯი ვიყავით. წავიღეთ ანალიზი პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში და სანამ პასუხი გავიგეთ, ძალიან ცუდად ვიყავით. საბედნიეროდ, გადავრჩით.
თინა რომ გაჩნდა, ერთი თვისაც არ იყო, სურათებს ვიღებდით, რომ დაშკამ თამაშის დროს შუბლი მოკაწრა. სისხლი არ გამოსვლია, მაგრამ კანი ამოებურცა.
იტირა ბავშვმა, შეგვეშინდა ყველას. იმ ღამეს მთელი თბილისი ფეხზე დავაყენე ტელეფონით და ყველამ მირჩია, აცრა გამეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლს ყველა აცრა გაკეთებული აქვს. ეს ძალიან მძიმე აცრაა. ბავშვს ჯერ თავისი აცრები არ ჰქონდა დამთავრებული, რომ სამი აცრა გავუკეთეთ. მას მერე დაშკა ბავშვისგან იზოლირებულია. აივანზე გვყავს, მაგრამ ისეთი აპარტამენტები აქვს, ბევრ ძაღლს შეშურდება.
- ლაბრადორები ღორმუცელები არიან, ჭამენ ყველაფერს და განუსაზღვრელი რაოდენობით...
- რაც დაშკამ გააკეთა, ამას ღორმუცელობა აღარ ჰქვია... თეატრალური ფესტივალის გახსნისთვის ვემზადებოდი, მაშინ 4-5 თვის იქნებოდა დაშკა, ტასო მირეკავს და მეუბნება, რომ დაშკამ ხუთი ცალი წინდა აღებინა. გული გამისკდა. დავურეკე მის ვეტერინარს. დამამშვიდა, ასეთი ჩვევა აქვთ, ყველაფერს პირში იტენიანო. ლოგიკურად მეექვსე წინდაც უნდა ეჭამა. სუსტად იყო. ექიმმა მასწავლა, ორი კვერცხის ცილა ათქვიფე და აჭამე, ან ამოიღებს მეექვსეს ან მოინელებსო. ვაჭამე და მეორე დღეს მეექვსე წინდაც მოინელა. ზოგადად მიკვირს, როცა ამბობენ, თავის ჯამში უყრია საჭმელი და მთელი დღის განმავლობაში ჭამს, რამდენიც უნდაო. ასეთი რამ ჩვენთან არ არსებობს, ეს ჭამს იმდენს, რამდენსაც დაუყრი.
- კიდევ რას აფუჭებს სახლში?
- ახლა აღარაფერს, მაგრამ სანამ პატარა იყო, ყვავილები შემიჭამა. არ ვიცი, რანაირად ახერხებდა, მაგრამ კაქტუსსაც კი ჭამდა. ჭამა ალოე. პირველმა ლაბრადორმა უფრო მეტი რამ გამიფუჭა სახლში. ჩემი ფოტოც კი შეჭამა. სხვათა შორის, ''ფეისბუქზე'' მიდევს ის ფოტო, ძალიან მიყვარს, ურეკშია გადაღებული, 13 წლის ვარ ამ ფოტოზე. მეგობართან აღმოვაჩინე და ვთხოვე, წავიღებ-მეთქი. წამოვიღე, მაცივარზე მქონდა მაგნიტით დამაგრებული. არ ვიცი, როგორ ჩამოაგდო, სახლში რომ მოვედი, ნახევარიღა ვიყავი ფოტოზე.
- ზღვაზე არ გყოლია?
- ჯერ არა. წინა ლაბრადორი მყავდა ერთხელ წაყვანილი. გაგიჟდა, ისე მოეწონა, დახტოდა, ირგვლივ ყველას წუწავდა.
- ძაღლების მწვრთნელთან არ დაგყავს?
- მყავდა ერთხელ. იმას კი უჯერებდა, მაგრამ მე მაინც არ მიჯერებს. ერთადერთი, რასაც აკეთებს, სანამ ნებას არ დართავ და არ ეტყვი, რომ ჭამოს, არ შეჭამს. ჯეჯის უფრო უჯერებს.
- გარდა ძაღლისა, რა გყოლია სახლში?
- თუთიყუში გვყავდა, კაკი. ერთ მშვენიერ დღეს ბავშვები სკოლაში წავიყვანე, მოვედი და მკვდარი დამხვდა. დღესაც არ ვიცი, რა მოხდა. წავიღე, დავმარხე, ბავშვებს ვუთხარი, გალიას ვუსუფთავებდი და გაფრინდა-მეთქი. ალბათ, ამ ინტერვიუდან გაიგებენ სიმართლეს (იღიმება).
- მთავარი რჩევა მათ, ვისაც ძაღლები ჰყავს.
- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ძაღლის ყოლას გადაწყვეტენ. ის ოჯახის სრულფასოვანი წევრია და მოვლა-პატრონობა სჭირდება. შინ ძაღლის ყოლა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. რაც მთავარია, არ გაასეირნონ ძაღლი ისეთ ადგილას, სადაც ბავშვებს ასეირნებენ მშობლები და არ შერცხვეთ თავისი ძაღლის მოსაქმებულის აღება და გადაგდება. ეს კულტურაა და სულ არ არის სირცხვილი ამის გაკეთება. ევროპელობა თუ გვინდა, ასეთი რაღაცები არ უნდა გვეთაკილებოდეს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარიმარი
პატრონები ბავშვებისთვის მოწყობილ მოედანს რომ ჩაკეტავენ და ძაღლებს არბებიბებენ, თვითონ კი იქვე ჭორაობით ირთობენ თავს - სწორია? იმ ხელოვნურ საფარიან მოედანზე მერე ბავშვები შედიან და თამაშობენ....
11:53 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ირმა
არ შერცხვეთ თავისი ძაღლის მოსაქმებულის აღება და გადაგდება. ეს კულტურაა და სულ არ არის სირცხვილი ამის გაკეთება.-ძააააალიან მაგარი გოგოა და მიყვარს.
00:21 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS