როდესაც ცუდ სიზმარს ნახავს, იმდენად ძლიერად განიცდის, რომ რეალურადაც შეუძლია გამოიწვიოს რაიმე ცუდი
ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისი პროგნოზები ძირითადად მართლდება და მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა.ამჯერად ბატონ დავითს საკმაოდ საინტერესო იდეით ვესტუმრეთ. ხუთი პოპულარული ქალბატონის პირადი ჰოროსკოპის შესადგენად მათი დაბადების წელი და თარიღები ვუთხარით და ვთხოვეთ, საერთო პორტრეტები შეედგინა. რაც მთავარია, წინასწარ არ გავუმხილეთ, ვისზე უნდა ესაუბრა.
დაბადების თარიღი: 25.03.1984
- ეს არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ გარემოებაში ინტუიციურად ძალიან კარგად შეიგრძნობს მოსალოდნელ პრობლემებს,
- მამაკაცებთან ურთიერთობაში როგორია?
- ძალიან ადვილად ექცევა გრძნობების გავლენის ქვეშ. რატომ მოეწონა ესა თუ ის მამაკაცი, ხშირად ამის ახსნა არ შეუძლია, ენერგეტიკულ დონეზე შეიგრძნობს. ისე ადვილად შეუძლია მამაკაცის გადაყვარება, როგორც შეყვარება. წარმატებული ხდება 30 წლის შემდეგ. ეს წელიწადი მისთვის მარტივი არ არის, არც 2013 წელი იყო. უცხოეთთან კონტაქტების წყალობით, შესაძლებელია პროფესიული წარმატების მიღწევა.
- როგორ განვითარდება საქართველოში მისი ცხოვრება?
- 17 ივლისიდან 11 აგვისტომდე მის ცხოვრებაში შესაძლოა, იყო რომანტიკული ურთიერთობები, შეიძლება, ხშირად მოხვდეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამბიციების დაკმაყოფილების შანსი მიეცემა, თუ მომავალი წლის 11 აგვისტომდე უცხოეთთან კონტაქტების კუთხით რაიმე ახალი შესაძლებლობა გაჩნდება, ესეც მის ბედში საინტერესო როლს შეასრულებს.
- ეს იყო ლელა კილაძე...
- გიგი უგულავას ბრალი რომ წაუყენეს, ვიკიპედიიდან ამოვიღე მონაცემები და მის ჰოროსკოპში ჩავიხედე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ადამიანი თავის ცხოვრებაში აუცილებლად გაივლიდა ციხეს.
დაბადების თარიღი: 24.05.1981
- მას ნებისმიერ წინაააღმდეგობრივ გარემოში შეუძლია კომპრომისის მონახვა. ახასიათებს მაღალი ესთეტიზმი, აქვს ხელოვნების ნიჭი, უბრალოდ, ეს ნიჭი შეიძლება რეალიზდეს წერის ან საუბრის სახით. შავი მთვარე აქვს მორიელში და უნდა მოერიდოს აგრესიის გამოვლენას, შესაძლოა, მის მიერ სხვა ადამიანის მიმართ ხუმრობით ნათქვამი რეალობად იქცეს. სამაგიეროდ, საკუთარ თავსაც ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს. სიტყვებით გამოვლენილი აგრესია აუცილებლად უკან დაუბრუნდება.
- ახლა როგორი წელი აქვს?
- 2013 წლის მეორე ნახევარი მისთვის საკმაოდ რთული იყო. ახლა დადგა პერიოდი, როდესაც პარტნიორზეა დამოკიდებული. თუ დასაოჯახებელია, კარგი წელია ქორწინებისთვის. თუ ოჯახი აქვს და ოჯახურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემა არსებობდა, მოაგვარებს. შეუძლია, ახლა გამოიყენოს ის კავშირები, რასაც ადრე ვერ იყენებდა. წარმატების გზაზე მას აუცილებლად სხვა ადამიანის ჩარევა დააყენებს. როდესაც საქმის დროს შედეგს ვერ ხედავს, აუცილებლად გადადის პასიურ მდგომარეობაში. ვენერა ტყუპებში მიუთითებს, რომ მას ორი დიდი სიყვარული ეწვევა ან ორჯერ დაოჯახდება.
- ამ ქალბატონის ცხოვრებაში მოხდა საკმაოდ მძიმე შემთხვევა, რაც მთელი ცხოვრება მოჰყვება და საზოგადოება ხშირად ახსენებს მას.
- თუ ეს მძიმე შემთხვევა უკავშირდება მისი მხრიდან აგრესიას და ამან გამოიწვია, ე.ი. მან კარმა გაარღვია. შეიძლება, ეს აგრესია სპონტანური იყო. მაშინ უნდა ილოცოს მათთვის, ვინც მისი მხრიდან აგრესიამ დააზარალა. ვინ არის?
- თაკო მერაბიშვილი...
- კი ბატონო, ვეღარ გამოვა მაქედან. ვინაიდან მის აგრესიას ადამიანი შეეწირა, მან ისეთი სერიოზული კარმული გარღვევა გააკეთა... შეიძლება, ამას ნანობს კიდეც, მაგრამ...
დაბადების თარიღი: 6.02.1986
- თავიდანვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში მეგობრები დადებით როლს თამაშობენ. მას ფორტუნა უღიმის. რასაც მიზნად დაისახავს, მიაღწევს. მისი ინტუიცია კარგად მუშაობს კარიერულ სფეროში. იცის, როდის უნდა იქტიუროს და როდის გადავიდეს პასიურ მდგომარეობაში, როდესაც აქტიურობა პრობლემების მომტანია. შესაძლოა, მისი საქმიანობა უკავშირდებოდეს უცხოეთთან აქტიურ კონტაქტებს ან ხელოვნებას. ვერასოდეს აგროვებს ფულს. ასეთი ადამიანი დაგროვების და ეკონომიის რეჟიმში ვერ ცხოვრობს. მამაკაცებთან ურთიერთობაში ძალიან მეგობრული და უშუალოა. შეიძლება, ძალიან ბევრს საუბრობს ზუსტად იმ მამაკაცთან, რომელიც მოსწონს. მამაკაცებში აფასებს ინტელექტსა და გონებას, საუბრის ნიჭსა და უნარს. ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მის ცხოვრებაში შესაძლოა, მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცებმა ითამაშონ.
წლევანდელი წელი მისთვის ჰარმონიული იქნება, მაგრამ ეს წელი ისეა მისთვის მოწყობილი, რომ სასურველია, ინიციატივებს მოერიდოს და პარტნიორებს მიენდოს, ვინ საით უბიძგებს. იქ, სადაც ინიციატივას დამოუკიდებლად გამოავლენს, პრობლემები ექნება. ეს გაგრძელდება მომავალი წლის 11 აგვისტომდე.
- ეს ქალბატონი დაოჯახებული არ არის.
- დაოჯახებული რომც იყოს, იმდენად დიდია მასში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება, რომ ოჯახურ ურთიერთობებშიც ცდილობს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობის ხარისხი.
- ეს იყო მომღერალი სოფია ნიჟარაძე...
- (იღიმის)...
დაბადების თარიღი: 31.03.1965
- ამ ქალბატონისთვის დამახასიათებელია ძალიან მაღალი ესთეტიზმი, ხელოვნების ფეროში აქვს ფენომენალური შესაძლებლობები. თავის ინდივიდუალობას საუკეთესოდ ავლენს, თუ კავშირი აქვს ხელოვნების რომელიმე სფეროსთან. შავი მთვარე აქვს თხის რქაში, ყოველთვის უნდა მოერიდოს სიუხეშის გამოვლენას. მისი მხრიდან უხეშობა ყოველთვის გამოიწვევს პროტესტს, რადგან ქვეცნობიერად ადამიანები მისგან სითბოსა და მზრუნველობას მოელიან. მამაკაცებთან ურთიერთობისას იმპულსურია, ან დომინირებს და ინიციატივა მის მხარეზეა ან პირიქით, მამაკაცს უსიტყვოდ ემორჩილება. მიდრეკილება აქვს ერთი ნახვით შეყვარებისკენ. მოსწონს ტემპერამენტიანი, თამამი მამაკაცები. მასზე ძალიან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინონ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა მამაკაცებმა. ეს გავლენა იქნება ძალიან დადებითი, ასეთი მამაკაცები ყველა იმ თვისებას ფლობენ, რაც ამ ქალბატონს მოსწონს. ქველმოქმედია და მძიმედ აღიქვამს, როდესაც ადამიანების გაჭირვებას ხედავს.
- როგორი წელი ექნება?
- კარგი, დაუმთავრებელ საქმეებს ბოლომდე მიიყვანს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, გარემოებებმა შესთავაზოს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარება, კომფორტს მიაღწიოს იქ, სადაც მანამდე დისკომფორტს განიცდიდა. ეს ადამიანი ფსიქოლოგიურად იმდენად ტრანსფორმირდება, რომ ბევრ რაღაცაზე მისი შეხედულებები შეიცვლება.
- ეს იყო მაკა ჩიჩუა.
- მარგველაშვილი ზოდიაქოთი ქალწულია (იღიმის). რა ზუსტად დაჯდა.
დაბადების თარიღი: 23.12.1968
- ამ ადამიანის ცხოვრებაში პირველ პლანზე ოჯახია. მისი აქტიურობა საზოგადოებაში იწყება დაოჯახებიდან. შეიძლება, ჰქონდეს ხელოვნების ნიჭი, მაგალითად, მღეროდეს, მაგრამ აქვს ასევე დიზაინერული ნიჭიც.
- პოლიტიკასთან რა შეხება შეიძლება ჰქონდეს?
- პოლიტიკასთან შეიძლება, ოჯახმა ან პარტნიორებმა დააკავშირონ. მისი პოზიცია ყოველთვის ზომიერია და წინა პლანზე არ დგას. წარმატება ექნება უფრო იურისპრუდენციის თვალსაზრისით. პოლიტიკაში უფრო ოჯახი მოახვედრებს, მაგრამ საკუთარი აქტიურობით ნაკლებად მოხვდება. შავი მთვარე აქვს ტყუპებში. უნდა დაუკვირდეს, რას ლაპარაკობს, რადგან შეიძლება, ცხოვრებაში წარმოთქმული სიტყვები ისეთი ცუდი ინტერპრეტირებით დახვდეს, რომ საქმე გაუფუჭდეს. კეთილი ტყუილიც კი მას პრობლემებს შეუქმნის. მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დადებით როლს თამაშობენ მერწყულები და სასწორები. უჭირს ინდივიდუა-ლურობის სრულყოფილად გამოვლენა. დამოუკიდებლად ნაკლებად აქტიურობს.
- ეს იყო სანდრა რულოვსი.
- ძალიან ჰგავს ჰოროსკოპი...
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''