ოთო:
- ერთი ტატუ ხელზე მაქვს, მეორე - ტანზე. პირველად, ორი წლის წინ ხელზე არაბულად დავიწერე ფრაზა -
- კონკრეტულად?
- საიდუმლოა, არაბული იმიტომაა, რომ მარტო მე უნდა ვიცოდე (იცინის). მანიაკი ვარ, მიყვარს ტატუები, ბავშვობიდან მინდოდა გაკეთება, დროებითებს ვიხატავდი ტუშით, ფუნჯითა და მანიკიურით, მერე კი, როცა იმ ასაკამდე მივედი, რომ შემეძლო გაკეთება, სურვილი ავისრულე.
ტატუირება ნარკოტიკივითაა, იმდენად ჩამთრევია, რომ სხეულის სხვა ნაწილებზეც მომინდა ამოსვირინგება. ისეთ აზარტში ვარ შესული, ალბათ, კიდევ გავიკეთებ და წარწერებით კოჭამდე ჩავალ (იცინის). სხვათა შორის, ახლო მომავალში ვაპირებ ახალი სვირინგის გაკეთებას. პირველი ტატუს შემდეგ ვფიქრობდი, კიდევ რა დამეხატა ისეთი, რაც ჩემთან ახლოს იქნებოდა. ასეთი ცეკვაა, ჰოდა, გადავწყვიტე, ჩემი და ჯულიანას ცეკვის პოზა დამეხატა. შედეგად სხეულზე, მარცხენა მხარეს, ნეკნებთან ჩემი და ჯულიანას სურათი მაქვს გადატანილი.
- რატომ მაინცდამაინც შენი და ჯულიანას ფოტო?
- ცეკვა კი არის ჩემთან ახლოს, მაგრამ ამასთან ერთად მინდოდა, განსაკუთრებული და ჩემეუ-ლი ამომესვირინგებინა, რაც მხოლოდ მე მექნებოდა, ამიტომ დავიხატე ჩემი და ჯულიანას ცეკვა.
- ჯულიანას როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა შენი ტატუს შინაარსი გაიგო?
- ძალიან გაუხარდა. ეს ტატუ მარცხენა მხარეს, გულთან ახლოს მაქვს გაკეთებული და მიხვდა, რომ კარგი და ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთე (იცინის). ცეკვა მართლა გულთან ახლოსაა ჩემთვის. ჯულიანასაც ძალიან მოსწონს ტატუ.
- ამ ტატუს ქვეშაც გაქვს წარწერა, ესეც საიდუმლოა?
- არა, არა, ინგლისურად მაწერია, ''ცეკვა არ არის მხოლოდ ჰობი, ეს ცხოვრების გზაა'' და კიდევ მაწერია ფრაზა, - ''იფრინე ანგელოზებთან ერთად და იცეკვე ვარსკვლავებთან ერთად''.
- ეს ფრაზა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გავლენით ამოიტვიფრე?
- შეიძლება ასეც ითქვას, თან ამ ფრაზის ამოსვირინგება პროექტის მოგებას დავუკავშირე. ტატუ ჩემთვის ისეთი სიამოვნებაა, რომ ის ტკივილი, რაც მის გაკეთებას უკავშირდება, არაფერია ჩემთვის.
გვანცა ჯაფარიძის რეტრომიკროფონი
გვანცა:
- ჯერჯერობით ერთი ტატუ მაქვს, არასდროს დავიხატავ უაზრო შინაარსის რაღაცას. რეტრომიკროფონი მახატია, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რაც არასდროს მომბეზრდება, მაგრამ კიდევ მინდა სხვა სვირინგის გაკეთება. როგორც წესი, ერთ ტატუს რომ იკეთებ, მერე გიჩნდება სურვილი, მეტი და მეტი გაიკეთო და მთელი სხეული მოიხატო. მეც მინდა კიდევ ერთი-ორი რაღაცის დახატვა, ოღონდ ისეთ ადგილას, რომ ხშირად ვერ დავინახო და არ მომბეზრდეს. ეს სვირინგი ზურგზე, კისერთან მაქვს და თუ სპეციალურად არ ჩავიხედე სარკეში, ვერ ვხედავ.
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ტატუს ამბავს?
- ჩემმა დამ იცოდა, რომ გაკეთება მინდოდა და დამეხმარა ამ ამბის დამალვაში, თუმცა საბოლოო ჯამში ვერ დავმალე. დედამ დაინახა, გაბრაზდა, მაგრამ რაღას იზამდა? ძალიან არ მოსწონს პირსინგები, ტატუები, ახლაც წინააღმდეგია, რომ გავიკეთო, მაგრამ მაინც ვაპირებ, ოღონდ შედარებით პატარა ზომისას ამოვისვირინგებ.
რატომ დაიტანა გიორგი ნაზღაიძემ სხეულზე შტრიხკოდი
გიორგი:
- 13 თუ 14 ტატუ მაქვს, ზუსტად ვერ ვითვლი. სვირინგი ბევრისთვის მოდაა, ბევრისთვის - სამარიაჟო, ჩემთვის კი თითოეული სვირინგი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის გამოხატულებაა. წარწერები სხვადასხვა ენაზე იმიტომ მაწერია, რომ სხვებმა მათი მნიშვნელობა ვერ გაიგონ, თითოეული მათგანი სხვადასხვა დროს მახსენებს.
- რატომ გაგიჩნდა შტრიხკოდის ამოსვირინგების სურვილი?
- თუ არ მეშლება, შტრიხკოდი მეორე თუ მესამე სვირინგი იყო ჩემს სხეულზე. იმ პერიოდში საცხოვრებლად თურქეთში მივდიოდი, ჩემს ოჯახს ეგონა, აღარ დავბრუნდებოდი, მაგრამ დედას ვუთხარი, დავიდებ შტრიხკოდს, რომელიც იწყება 4-იანით, ქართული ნაწარმის მსგავსად, რაც ნიშნავს იმას, რომ დამზადებული ვარ საქართველოში და ამით იქაც დავამტკიცებ, რომ ქართველი ვარ-მეთქი.
- სახელი ან თარიღები თუ გაქვს ამოტვიფრული?
- არა, სახელების დაწერა ცოტა მეგოიმება (იცინის). მკლავების შიგნითა მხარეს მახატია ფრთები, რომლებიც ხელების აწევის შემთხვევაში იშლება. მეგობრებისგან გამოწვეული იმედგაცრუებების ნიშნად გავიკეთე, ბევრი მეუბნებოდა, რა იყო, წმინდანი ხარ, ასე რომ პატიობ ადამიანს ყველაფერსო, ჰოდა, ამ თემასთან დაკავშირებით გავიკეთე ფრთები. თურმე მართლა შემიძლია უსაზღვრო პატიება, ოღონდ არა ურთიერთობის გაგრძელება.
- ინტიმურ ადგილებში ტატუს გაკეთებაზე რას ფიქრობ?
- ინტიმურ ადგილზე ტატუს იმიტომ იკეთებენ, რომ ის მხოლოდ პარტნიორმა ნახოს, მაგრამ პირადად მე ინტიმურ ადგილას ტატუს გაკეთება არ მესმის.
- მოგწონს ქალი ტატუთი?
- არა. მივიჩნევ, რომ ტატუირება მაინც კაცისთვისაა, ქალს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ნაზი ტატუ, მაგრამ არა დიდი ზომის, რომელიც ქალურობას აკარგვინებს.
მარიკო ლეჟავამ ტატუ მკერდთან გაიკეთა
მარიკო:
- ტატუ პირველად 15 წლის ასაკში გავიკეთე, ჩემი საყვარელი ჯგუფ ''ქოლდფლეის'' სიმღერის მისამღერი, მთლიანი სტროფი, მარჯვენა მხარეს მკერდის დაბლა დავიწერე. ანჯელინა ჯოლი, როგორც ქალი და როგორც მსახიობი ძალიან მომწონს, მას აქვს ამოსვირინგებული ოთხი ნაკაწრი, რომელსაც თურმე ტიბეტურ ენაზე რაღაც მნიშვნელობა აქვს. არ მინდოდა, ზუსტად მისი სვირინგის იდენტური ტატუ გამეკეთებინა, მაგრამ ანჯელინას სიყვარულით იმ ოთხი ნაკაწრიდან ერთ-ერთი ამოვარჩიე და მკერდის დაბლა, მარცხენა მხარეს დავიხატე. ამას მოჰყვა ჩემი ყველაზე დიდი ტატუ - ფერადი ჩონჩხი ვარდებით. ამ კონკრეტულ ჩონჩხზე იმიტომ შევაჩერე არჩევანი, რომ გაღიმებულია, თან ფერადია და ირგვლივ ვარდებითაა გაფორმებული. კიდევ ერთი სვირინგი ლავიწის ძვალზე მაქვს - ''ალექსანდრე.თ'', ანუ მამაჩემის სახელი ალექსანდრე და დედაჩემის - თამუნას სახელის პირველი ასო ''თ'' მაწერია.
მამაჩემს პატარაობიდანვე ვეუბნებოდი, ტატუს გავიკეთებ და შენს სახელს დავიწერ-მეთქი, რაზეც ბრაზდებოდა, მაგრამ მაინც შევუსრულე. მამა ბევრ ისეთ საკითხში დამიდგა გვერდზე, რაშიც გო-გონებს მამები არ უდგანან, მან კი მე არ მიმატოვა, დამეხმარა და ამის გამო უფრო და უფრო გამიმძაფრდა სურვილი, ამომესვირინგებინა მისი სახელი, ''თ''- კი დედას პატივსაცემადაა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ჯამში 4 სვირინგი მაქვს და მეტის გაკეთებას არ ვაპირებ, არ მინდა, გაზეთივით ვიყო.
- საკმაოდ პატარა ასაკში გაგიკეთებია პირველი ტატუ, ამას ოჯახი როგორ შეხვდა?
- თავიდან ოჯახმა არ იცოდა. მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, როგორ გაიგო დედაჩემმა ჩონჩხის ამოსვირინგების ამბავი. დედა ძალიან ეკლესიური ქალია, ჩონჩხებს ვერ იტანს, ეგ კი არა, პირველად თმა რომ ავიპარსე გვერდზე და შუაში დავიტოვე, დედა გაგიჟდა და კატების მკვლელს მეძახდა, მასონი ვეგონე. ამის შემდეგ ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი რეაქცია ექნებოდა ჩონჩხზე. ეს ტატუ ახალი გაკეთებული მქონდა, ჯერ კიდევ მოშუშების პერიოდი იყო, დედა იმ დროს გაბრაზებული გახლდათ ჩემზე, მაგიდასთან ვისხედით და რატომღაც მაინცდამაინც იმ დღეს გადაწყვიტა მომფერებოდა, ზურგზე ხელი გადამისვა, ჩემი საყვარელი შვილიო... და რომ იგრძნო და დაინახა ეს ჩონჩხი, გადაირია, ეს როგორ გაბედეო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაპატია.
- როგორც ვიცი, ტატუს დახატვის პროცესი მტკივნეულია.
- მტკივნეულია გარკვეული ადგილები, თან გააჩნია, ამ საკითხს როგორ მიუდგები, ფსიქოლოგიური მომენტია. თავიდან შეიძლება გეტკინოს, მაგრამ მერე გიბუჟდება და ვეღარ გრძნობ. ჩონჩხს რომ ვიკეთებდი, თან ფილმს ვუყურებდი, ამისთვის მომზადებული ვიყავი და იმდენად მინდოდა, რომ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი.
- მამაკაცებს როგორი დამოკიდებულება აქვთ იმ გოგონების მიმართ, ვისაც ბევრი ტატუ აქვს?
- ჩემს შეყვარებულს მოსწონს ტატუები, მაგრამ მეუბნება, უფრო ადრე რომ გამეცანი, ამდენ ტატუს არ გაიკეთებდიო. წინააღმდეგი არაა, მაგრამ კიდევ რომ გავიკეთო, ამის სურვილი არ აქვს.
მსახიობ ლევან ბუაძეს 9 სვირინგი აქვს
ლევანი:
- უკვე 9 ტატუ მაქვს, პირველი 14 წლის ასაკში გავიკეთე. ბუაძეები ვართ და ბუ ჩვენი ოჯახის გერბად გვაქვს, ჰოდა, პირველად სწორედ ბუ ამოვისვირინგე. უბრალოდ, ნახატი რომ მომეწონოს და ის დავიხატო, ეგრე არ ხდება, ჩემს ყველა სვირინგს თავისი დატვირთვა აქვს, გაგრძელებასაც ვაპირებ (იღიმის). ბოლოს კამერიანი ტიპი დავიხატე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ასევე მახატია საქსოფონიანი ადამიანის კონტური, ჯაზის სიყვარულიდან გამომდინარე.ამოსვირინგებული მაქვს შვილის სახელი, ზოდიაქოს ნიშანი – კირჩხიბი, ხელზე მახატია სწორი ხაზი, რომლის შინაარსსაც საიდუმლოდ ვინახავ და ა.შ.
მოკლედ, ჩემი ტატუებით ჩემი ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ მცირე ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. მე არც ერთი ჩემი ტატუს მოშორების სურვილი არ გამჩენია, მაგრამ ეს სფერო იმდენად განვითარდა, რომ სურვილის შემთხვევაში ისე მოგაშორებენ, ვერავინ გაიგებს, ოდესმე თუ გქონდა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''