14 აგვისტო, 2014
''ორი თვე ვიწექით საავადმყოფოში, ექიმებმა სიკვდილს გამოგვგლიჯეს ხელიდან''...
არ შემშინებია, რადგან ავარიის მომენტი არ მახსოვს, პირდაპირ საავადმყოფოში მოვედი გონს ხატია სიჭინავამ ჯერ მანქანა იყიდა და მართვის სწავლა მერე დაიწყო. მეორე მანქანა მეუღლემ უსახსოვრა. ეს იყო სიურპრიზი, პირველი შვილისთვის მადლობის ნიშნად. მეორე შვილს ახალი სიურპრიზი მოჰყვა, ახალი მანქანის სახით. დღეს ტელეწამყვანი კვლავ ფეხმძიმედ არის და დღე-დღეზე ბავშვს ელოდება, ამიტომ კატეგორიულად გააფრთხილა ქმარი, მანქანის გამოცვლა აღარ მინდაო.

- ხატია, პირველად როდის მიუჯექი საჭეს?
- ჯერ მანქანა ვიყიდე და მერე დავიწყე მართვის სწავლა. ერთი კვირა მარტო
დავდიოდი მანქანით ქალაქში. ამოვირჩევდი რომელიმე მანქანას და დავყვებოდი უკან. ის რომ დანიშნულების ადგილზე მივიდოდა, სხვას ავედევნებოდი და ასე ნელ-ნელა ვისწავლე. ნიჭიერი აღმოვჩნდი, ადვილად ავითვისე.
- არ გეშინოდა, პატრულს რომ გაეჩერებინე?
- გამაჩერა. ეს ის პერიოდია, ''სტერეოში'' რომ ვმუშაობდი. ყველა მცნობდა ქალაქში, ძაღლი და კატაც კი. მომდევს პატრული და რუპორით მიყვირის, ხატია, გადააყენე მანქანაო. ''ჯეტა'' მყავდა მაშინ. გადავაყენე. მშვიდი სახით ვზივარ. მართვის მოწმობა მანახვეო, მეუბნება პატრულის თანამშრომელი. სახლში დამრჩა-მეთქი, ვუთხარი. როდის აიღეო, მეკითხება. უფ, დიდი ხანია-მეთქი, არ დავიბენი. მოკლედ, მაგათ რას მოვატყუებდი, გაარკვიეს, რომ მართვის მოწმობა არ მქონდა და წამართვეს მანქანა. შუა რუსთაველზე დამტოვეს გაღიმებული. ძალიან გავბრაზდი, ეს როგორ გამიბედეს-მეთქი, დავურეკე ჩემს დაქალს, მომაკითხა და თმაგაშლილი გავიქეცი პატრულში. შევუვარდი საპატრულოს უფროსს და აღშფოთებული ვუყვები, მანქანა მომპარეს-მეთქი. მიზეზიც ვუთხარი. რა ტყუილად წაურთმევიათო, კი დამცინა, მაგრამ საბოლოოდ გამოიძახა ასეულის უფროსი და უთხრა, რომ მანქანა დაებრუნებინათ. დამიბრუნეს, მაგრამ იძულებული გავხდი, მართვის მოწმობა ამეღო. მთელმა საპატრულო პოლიციამ გაიგო, რომ არ მქონდა და ასე ვეღარ ვივლიდი. გამოცდაზეც ადვილად გავძვერი.
- ''ჩააწყვე''?
- არა, მეხმარებოდნენ. იმ დროს იმდენად ვიყავი მოდაში, ყველა მე მეხმარებოდა გამოცდაზე. ამის გამო, არის გარკვეული საგზაო ნიშნები, რომლებსაც დღესაც ვერ ვცნობ. არ მისწავლია და როგორ უნდა ვიცნო, ზოგს ლოგიკურად ვხვდები, რას ნიშნავს.
- ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?
- კი, ოღონდ სანამ საკუთარი მანქანა მეყოლებოდა. მეგობრის, ირაკლი ორდენიძის მანქანაზე ვიჯექი. აღდგომის ღამე იყო, ეკლესიიდან მოვდიოდით, ორივე დაღლილები და უძინარები. ირაკლის ეძინებოდა და დამსვა საჭესთან. აღმოჩნდა, რომ მე უფრო მეძინებოდა. მახსოვს მხოლოდ მისი ხმა, რას შვრებიო და მეტი არაფერი, საავადმყოფოში მოვედი გონზე. საპირისპირო გზაზე გადავსულვარ და ხეს შევეჯახე 120კმ. სთ სიჩქარით. არავის უფიქრია, რომ გადავრჩებოდით. ისეთი შეჯახება იყო, რომ მანქანა გადასაგდები გახდა. ბალიში გაიხსნა და ლამის მხარში გადამტეხა, წინა საქარე მინა თავით გავიტანე. სულ ვამბობ, აღდგომის ღამე რომ არ ყოფილიყო, ვერ გადავრჩებოდით-მეთქი. ორი თვე ვიწექით საავადმყოფოში, ექიმებმა სიკვდილს გამოგვგლიჯეს ხელიდან. ამის შემდეგ ჩემი საჭესთან ჯდომა ისეთი წარმოუდგენელი იყო...
- მალე დაძლიე შიში?
- არ შემშინებია, რადგან ავარიის მომენტი არ მახსოვს, პირდაპირ საავადმყოფოში მოვედი გონს.
- საკუთარი მანქანით არ გქონია ავტოსაგზაო შემთხვევა?
- კი, მანქანის სამრეცხაოში, ''ჩოთქები'' გავიტანე (იცინის). გამოუცდელი მძღოლი ვიყავი, არავის აუხსნია, მანქანას რომ დააყენებ, უნდა გააჩერო, მე მივადგი გაზს და გავიტანე ''ჩოთქები''. სამრეცხაოს მეპატრონე გაოგნებული მომდევდა ყვირილით. ისეთი კომედია იყო, კაცს სამრეცხაო დავუნგრიე... მეორე მანქანა ქმარმა მიყიდა, პირველ ბავშვზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ. მოვიდა სახლში, ფანჯრიდან გადამახედა და მეკითხება, ქვემოთ მანქანა რომ დგას, მოგწონსო? კი-მეთქი, ვუთხარი. შენიაო, მითხრა. ძალიან გამიხარდა. ''ვოლვოს ჯიპი'' იყო, ტანკს ჰგავდა, თუმცა ''ზაპოროჟეციც'' რომ ეჩუქებინა, ისიც გამიხარდებოდა, ისე მეზარებოდა ფეხმძიმეს ფეხით სიარული. ოთხი და ოთხი ჰქონდა ძრავა, დავფრინავდი. ჩემმა ექიმმა რომ დაინახა, ამხელა მუცლით საჭესთან ვიჯექი, გაგიჟდა, როგორ შეიძლება ფეხმძიმე ქალის საჭესთან ჯდომაო. დავამშვიდე, არაფერი მომივა-მეთქი.
ერთი ძალიან კარგი თვისება მაქვს და მინდა, სხვა მძღოლებსაც გავუზიარო. ისე შორს ვზივარ საჭესთან, თუ მანქანა არ ამოყირავდა, ავარია ვერაფერს დამაკლებს. მანქანას, ფაქტობრივად, თითის წვერებით ვმართავ. ამიტომ, დამწყებო მძღოლებო, თავიდანვე ამ დისტანციაზე მიუჯექით საჭეს და ასე მიეჩვევით.
- ეს მანქანა, ''კია სპორტიჯიც'' მეუღლემ გიყიდა?
- კი. მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, მაშინ. ერთ საღამოს მოვიდა სახლში და გავისეირნოთო, მითხრა. ჩავედით ეზოში. მე ჩემი მანქანისკენ წავედი. ეგ არ არის შენი, აი, შენი მანქანაო და ამისკენ გაიშვირა ხელი. გავგიჟდი, ისე მომეწონა. ახლა, მესამე შვილს რომ გავაჩენ, აქედანვე მინდა გავაფრთხილო რამაზი, რომ არ მინდა მესამე მანქანა, ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი მანქანა. თან არ მაქვს გართულება, რომ მაინცდამაინც ძვირად ღირებული და ბოლო მოდელის მანქანა უნდა მყავდეს. მირჩევნია, ოჯახისთვის შევიძინოთ რამე.
- ეს მანქანა ძვირად ღირებული არ არის?
- ოცდასამი ათასი ღირს, სამოცდაათიათასიანი არ არის, როგორც მაგალითად, ''პორშეს'' ჯიპი. თვითონ რამაზს ''ცე კლასის მერსედესი'' ჰყავს, გადაკეთებულია, ექვსი და ნული აქვს ძრავა. ეს იცი რას ნიშნავს? დაფრინავს მანქანა! ჩათვალე, თვითმფრინავი ჰყავს. ქალაქგარეთ რომ გადის, ჩემსაზე ჯდება და თავისას მე მიტოვებს. პირველად რომ დავჯექი, ისე შემეშინდა, კუ ხომ გინახავს, ზუსტად ისე დავდიოდი, ოცით. აქეთ-იქიდან ვიღაცები მიდგებოდნენ, გავეჯიბროთო, ყველამ იცის, რა მანქანაზე ვზივარ და მე ამ დროს ოცით მივღოღავ (იცინის). მერე კატეგორიულად გავაფრთხილე რამაზი, რომ ჩემი მანქანა აღარსად წაეყვანა.
- ახლა არ არის რამაზი თბილისში?
- ოთხი თვეა ყაზახეთშია. იქ ბიზნესი ააწყო, სამომავლოდ შეიძლება, ჩვენც გადავიდეთ ოჯახით. ახლა ჩემი მშობიარობისთვის ჩამოვა.
- და შენ რემონტს ახვედრებ სახლში...
- ჰო, ქალი ხომ ოჯახის კისერია. რამაზს ისე ეზარებოდა რემონტი, თავს იკლავდა, არ გვინდაო. წავიდა თუ არა, დავიწყე. ჯერ აბაზანაში წყლის გაყვანილობას გამოვცვლი-მეთქი, შევუთანხმდი, მერე სამზარეულო გავტეხე, რომ ახალი ეყიდა. მერე ჩამოვუარე ყველაფერს და დავდიოდი ასე, ჩაქუჩით (იცინის). თან გამიმართლა, რომ ზაფხულია, ბავშვები დედაჩემთან ერთად წყნეთში არიან, მეც იქ ვარ, უბრალოდ, მუშებს ჩამოვხედავ ხოლმე, მასალებს ვყიდულობ. აი, ამხელა მუცლით, 40 გრადუს სიცხეში, ყოველდღე დავდიოდი ელიავაზე და მომქონდა მასალები. რამაზი რომ ჩამოვა, უკვე მზად იქნება ყველაფერი. ისე შევცვალე სახლი, ფაქტობრივად, ახალ სახლში შემოვა. ჭურჭელიც კი არ შემაქვს ძველი. ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან, კაცს გაუჭირდებოდა იმის გაკეთება, რასაც შენ ამხელა მუცლით აკეთებო.
- შენმა ქმარმა იცის, რა ამბები დაატრიალე სახლში?
- ყველაფერი იცის. გიჟი ხარო, მეუბნება, გეხვეწები, ელიავაზე ან ლილოში არ იმშობიაროო... ერთხელ ისე მანერვიულეს, კინაღამ მართლა ვიმშობიარე. გამოვედი ელიავადან, ნაყიდი მაქვს ათასი რამე, ორი იმდენი მანქანაში მიწყვია და სად არის ჩემი მანქანა?! ''სითი პარკს'' წაუყვანია. მოვახტი ტაქსის და ჩემს მანქანას მივასწარი ''სითი პარკში''. გაგიჟებული ვარ, ვის გაუბედეთ, ორი წუთით შევედი, ეს რა გამიკეთეთ-მეთქი. მე იქ ამბავი ავტეხე, ჩემი მანქანა დამახსოვრებული ჰყავთ, რომ აღარ წაიყვანონ. ჯარიმა კი გადამახდევინეს მაინც...
- ნივთები, რომლებიც ყოველთვის გაქვს მანქანაში...
- სათვალე, სუნამო და სასაცილო რაღაც უნდა გითხრა... მარჯვენა ხელთან პატარა სათავსო რომ აქვს მანქანას, იქ ვყრი ხურდას, ხუთლარიანებს და ათლარიანებს. თვის ბოლო რომ მოვა და გამომე-ლევა ხოლმე ფული, ვხსნი ამ ჩემს ბანკს და იმდენი ფული მხვდება, მშვენივრად მყოფნის, სანამ ფული დამერიცხება ბარათზე. მანქანაში საკუთარი ბანკომატი მაქვს.
- და სად მუშაობ, ვინ გირიცხავს ფულს?
- მე ბავშვებს ვაჩენ, გენაცვალე. ჩემმა ქმარმა, იმიტომ, რომ კარგ ბავშვებს ვაჩენ, იმის გარდა, რომ სილამაზის სალონი მიყიდა, დამინიშნა ხელფასი, ყოველი თვის დასაწყისში ბარათზე 3000 ლარს მირიცხავს. ერთი ბავშვი რომ მყავდა, ათასი ლარი მქონდა ხელფასი, ორი შვილზე - ორი ათასი. ახლა მესამე ბავშვს ველოდები და ამიტომ სამი ათასი ლარი მჭირდება. ჩემს შვილებს ჩემზე დიდი მოთხოვნები აქვთ. ამას წინათ ვეუბნებოდი ჩემს ქმარს, სამი წელია, ფეხმძიმედ ვარ, ვერსად მუშაობას ვერ ვახერხებ და სუროგატად ხომ არ დავიწყო-მეთქი (იცინის).
- მახსოვს, ვიღაც გეხუმრათ, სკამი არ გაქვთ სახლშიო...
- ეგ ხუმრობა კი არა, ღვარძლიანი, ბოღმიანი კომენტარი იყო ჩემი ინტერვიუს ინტერნეტვერსიაზე. მე ვუპასუხე, სკამი გვაქვს, მაგრამ საწოლი გვირჩევნია-მეთქი.
- ე.ი. აგრძელებთ?
- იცი რა, პირველი ბავშვიდან მოყოლებული ბიჭი გვინდა და ახლაც გოგოს ველოდები. დღეს გმირის წოდება ძალიან გააუფერულეს, ვიღაცები პოდიუმზე რომ გამოდიან, იმათაც გმირებს ეძახიან. მიმაჩნია, რომ ჩემი ქმარი მართლა გმირია, იმდენგზის ჩემპიონია საქართველოსი. ამხელა გმირს შთამომავლობის გარეშე ხომ ვერ დავტოვებ?! ერთი მაინც ხომ უნდა გავუჩინო, ორი თუ არა. ამიტომ ვაგრძელებთ, სანამ ბიჭი არ გვეყოლება. თან, ბიჭს თუ გავაჩენ, ალბათ, ხუთი ათასი ლარი მექნება ხელფასი, ბონუსის სახით (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
Keti
Sruli marazmi. Martvid mozmoba ar qonda da ise dagrialebda dedakazi. Mere turme zlivs ragaz cazkobebit aigo. Amitomaa amdeni avariebi saqartveloshi. Sirzxvilit amas rogor movkvebi, magram saqartveloshi xom blataoba kvelase magari ramimea. Tpui
13:18 / 16-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ძალიან სამარცხვინო ინტერვიუა. ჯერ ერთი, სნობიზმითაა დაავადებული და მეორეც, რამდენი გაჭირვებულია საქართველოში და ავეჯის დაჩეხვით იწონებს თავს. სამარცხვინოა :(
00:06 / 29-08-2014
გამოხმაურება / 0 /
givi
ხატიას საგულშემატკივრო პოსტები ერთი ადამოანის დაწერილია აქ:)) ნეტა ვინ წერს?!:))) ხატია გამოდი გიცანით :)) ფრთხილად ტუჩი არ გაგისკდეს:)
10:02 / 18-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
არ დასკდეტ ერტ დგეს ბოგმისგან
15:41 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ყველაზე მაგარი გოგო ხარ,,, ტქვენ კი ბოგმიანები და სჰურიანებიი,
08:44 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS