13 აგვისტო, 2014
რაზე ოცნებობს ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი და რას ეკითხება მაია ასათიანს
სტალინთან ვივახშმებდი, ბევრს ვალაპარაკებდი და მოვუსმენდი სახელი, გვარი: მარიამ გეგუჩაძე

ასაკი: 1997 წლის 8 ოქტომბერი

პროფესია, რომელსაც გინდა, დაეუფლო:

პოლიტოლოგია. ჟურნალისტიკაც მინდოდა, მაგრამ მგონია, რომ ყოველთვის ნანუკას შემადარებენ და გადავიფიქრე. პოლიტოლოგია მაინტერესებს და ვცდილობ, თვალი მივადევნო მიმდინარე მოვლენებს, როგორც ქართულ, ასევე უცხო ქვეყნების პოლიტიკაში. თუმცა, მგონია, რომ ქართული პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკას არ მოიცავს, ძირითადად, სულ ნეგატივზეა აწყობილი, სხვა ქვეყნებში კი ამ სფეროში ბევრი ჯანსაღი რამ ხდება. მიუხედავად ამისა, რასაც ვისწავლი და რასაც მივაღწევ, ბოლოს მაინც
საქართველოში ''ჩამოვიტან'', რათა პატარა წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში.

საყვარელი ფილმი და მსახიობი:

''ჰარი პოტერი'' არის ფილმი, რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია ვუყურო, როგორ ხასიათზეც უნდა ვიყო. საყვარელი მსახიობის გამორჩევა მიჭირს, თუმცა ანჯელინა ჯოლი მომწონს, მაგრამ ალბათ ეს ძალიან პრიმიტიული პასუხია.

წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე:

ჰაინრიხ ბიოლის ''კლოუნის თვალთახედვა''.
ოქროს თევზი რომ დაიჭირო, რას სთხოვდი?
ერთს ვთხოვდი, - რომ ნებისმიერი წიგნი შეხედვისთანავე წაკითხული მქონდეს, მეორე - ვიცოდე ფრენა და მესამე – საქართველო იყოს მსოფლიოს განვითარებული და წამყვანი ქვეყნების სიაში, სილამაზით, ცხოვრების დონით, თითოეული ადამიანი მინიმუმ საშუალო ფენას მიეკუთვნებოდეს.

რისი გეშინია?

მარტოობის.

რისი გრცხვენია?

კომპლექსიანი ნაკლებად ვარ, მაგრამ ბევრი რამის მრცხვენია. ყველაზე ძალიან მაინც იმის შემრცხვება, რომ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვახერხო.

რამ შეიძლება აგატიროს?

ბევრმა რამემ, ფილმმაც კი. ცოტა ხნის წინ ჩემი არაქართველი მეგობარი საცხოვრებლად ბრაზილიაში მიდიოდა, წერილი დამიტოვა და ამაზე ძალიან ბევრი ვიტირე.

რამ შეიძლება გაგიფუჭოს ხასიათი?

როდესაც ვხედავ, რომ ვიღაცას დასცინიან, ამას ვერ ვიტან და ჩემი საქმეც რომ არ იყოს, ასეთ სიტუაციებში მაინც ვერევი.

ვახშამი მსოფლიო ადამიანთან.

სტალინთან ვივახშმებდი, ბევრს ვალაპარაკებდი და მოვუსმენდი. მართალია, მსოფლიოში ბევრი ლამაზი ადგილია, მაგრამ მე საქართველოში დავპატიჟებდი და ისეთ ადგილას წავიყვანდი, საიდანაც განათებული და ლამაზი თბილისი ხელის გულივით ჩანს.
გადაცემა, რომელშიც დიდი სიამოვნებით მიიღებდი მონაწილეობას.
ვინაიდან ბოლო ერთი წელია, ბუდაპეშტში ვსწავლობ და საქართველოში არ ვარ, ბოლოდროინდელ ქართულ გადაცემებს თვალს არ ვადევნებ, ამიტომ ბევრიც არაფერი ვიცი მათ შესახებ. შესაბამისად, ''ნანუკას შოუს'' გარდა სხვა გადაცემის დასახელებაც გამიჭირდება, თუმცა ძალიან საინტერესო იქნებოდა მონაწილეობა გადაცემაში ''რა? სად? როდის?''

იდეალი თუ გყავს?

ჩემი იდეალი დედაჩემია მაინც, მე როგორიც ვარ, ჩემი ცუდი თუ კარგი თვისებებით, მთლიანად დედაჩემის დამსახურებაა, მის ფასეულობებსა და ღირებულებებს ვიზიარებ და ბოლომდე ვეთანხმები.

დაასრულე ფრაზა: ნანუკას შვილი რომ არ ვყოფილიყავი...

უფრო მეტი შრომა მომიწევდა, თუმცა მთელი ცხოვრება ვცდილობ, ნებისმიერი რამ გავაკეთო ჩემით და არა ნანუკას ჩარევით. როდესაც ხალხი მცნობს, როგორც ნანუკას შვილს, თბილად მესაუბრებიან და ნანუკასაც ასე მოიხსენიებენ, ძალიან მსიამოვნებს. ეს ყველაფერი ღირდა თუნდაც იმად, რომ ნანუკას ჩემთვის ცოტა დრო რჩებოდა და ბევრს მუშაობდა.

კითხვა მარიამისგან მაია ასათიანს...

საშუალება რომ ჰქონდეს, ხვალ სრულიად განსხვავებულმა გაიღვიძოს, როგორ იმიჯს შეარჩევდა, როგორი ცხოვრების წესს, რომელ საქმიანობას. ოღონდ აუცილებელი პირობაა ის, რომ საკუთარი ცხოვრების წესისგან, საქმიანობისა და იმიჯისგან რადიკალურად განსხვავებული იყოს. მე ხშირად ვფიქრობ, ხვალ სხვანაირმა რომ გავიღვიძო, როგორ უნდა ვიცხოვრო და მასაც ამიტომ დავუსვამ ამ შეკითხვას.

რა არ მოგწონს ''ნანუკას შოუში''?

არ მომწონს ის, რომ რუბრიკა ''დავეხმაროთ სხვებს'' აღარაა ისეთი აქტიური, როგორიც იყო. მიუხედავად ამისა, გადაცემა მაინც ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ მახსოვს, ხალხისგან რამხელა მხარდაჭერა იგრძნობოდა.

როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება 30-40 წლის შემდეგ...

მარიამი 30-40 წლის შემდეგ წარმომიდგენია საკუთარი საქმით, ოჯახით, ბევრი შვილით და აუცილებლად საქართველოში მცხოვრები, ოღონდ იმაზე ბევრად უფრო დალაგებულ საქართველოში, ვიდრე დღეს არის.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
თამუნა
ჩემი საყვარელი და ძალიან ნიჭიერი შვილი, არა მარტო დედის და მამის, არამედ მთელი ქვეყნის...წარმატებებბი მარიამ. .. მიყვარხარ ძალიან
10:03 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მერი
ძალიან საყვარელი ხარ შვილო,ღმერთმა დალოცვილი გატაროს.უფალი გფარავდეს
13:41 / 14-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
გარეგნულად დედამისი ჯობია.ძალიან დიდი ქალის ტიპია.ადრე დაბერებულია მარო
19:37 / 13-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
ძალიან კარგი ადამიანი ხარ შემოგევლე, დიდ წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგოო (Y) არა როგორც ნანუკას შვილს, არა ერთჰვეულებრივ საღდ მოაძროვნე ახალგაზრდას, თუმცა დიდი მალობა ნანუკას ასეთი კარგი შვილის აგრძდაში...
12:16 / 13-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან კარგი შვილი ყოლია ნანუკას, ღმერთმა ქნას აგისრულდეს შენი კარგი ოცნებები......
10:29 / 13-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS