თიკა თინიკაშვილი თბილისის ახალი მერის, დავით ნარმანიას მეუღლეა. წყვილმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნო. ლექტორისა და სტუდენტის ამპლუაში ურთიერთობას ერიდებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით იქორწინეს. ახლა ორი შვილი ჰყავთ და იანვარში მესამეს ელოდებიან.
თბილისის პირველი ლედის ამპლუაში თიკას ძალიან ბევრი გეგმა აქვს. საუბრობს მშვიდად, ცდილობს, მეუღლე
- რუსთავში ქართულ გიმნაზიაში ვსწავლობდი. ის წლები საკმაოდ კარგად მახსენდება. მკაცრი სკოლა იყო, მაგრამ განათლების ძირითადი საფუძველი იქიდან მომყვება. ერთი და მყავს, ჩემზე უმცროსი. დედა ამჟამადაც დიასახლისია. მამა სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. მკაცრი მშობლები მყავდნენ. განსაკუთრებით - მამა. ყოველთვის მქონდა შეზღუდვები, თავისუფლად არ ვყოფილვარ. სახლში ადრე უნდა მოვსულიყავი, კარგად უნდა მესწავლა. ყოფილა შემთხვევა, რომ ექსკურსიაზეც ვერ წავსულვარ.
- ამას არ აპროტესტებდით?
- მიჩვეული ვიყავი, როდესაც გავიზარდე, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ ამას დიდი შედეგი არ მოჰყოლია (იღიმის). სკოლის პერიოდში ძირითად დროს სწავლას ვუთმობდი და ასევე ხატვით ვიყავი გატაცებული. თუმცა ამ მიმართულებით დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავდი. ვხატავდი პორტრეტებს, ნატურმორტებს, ძირითადად ფანქრით, გრაფიკულ ნამუშევრებს, ზეთის საღებავებით მუშაობა არ მიცდია. დღეს ხატვისთვის ნაკლებად მაქვს დრო, თუმცა სურვილი ხშირად მიჩნდება. დათო დამიხატავს თუ არა? – არა, რადგან არ მიცდია კონკრეტული ადამიანების დახატვა, მათ შორის დათოსიც.
- სტუდენტობის წლებს როგორ გაიხსენებთ?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მაშინ საკმაოდ რთულად მეჩვენებოდა რუსთავიდან ყოველდღიურად სიარული, მაგრამ კარგად მახსენდება, საუკეთესო წლები იყო. ყველაზე მეტად ალბათ იმიტომ, რომ დათო იქ გავიცანი. მეორე კურსზე ვიყავი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მაშინ არ დაწყებულა. შემდეგ კიდევ შემოვიდა ჩემს ჯგუფში, სხვა საგანს გვიკითხავდა და მაშინ დაიწყო ურთიერთობა, მაგრამ სანამ ლექტორისა და სტუდენტის სტატუსი გვქონდა, ნაკლებად ვახერხებდით შეხვედრას. უხერხული იქნებოდა.
- მშობლებს როგორ გაუმხილეთ, რომ შეყვარებული იყავით?
- მაშინ 20 წლის ვიყავი და ერთ დღეს ოჯახში ამ თემაზე ვისაუბრეთ. როდესაც მამამ დათოს შესახებ გაიგო, არ გაუპროტესტებია.
- ალბათ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ.
- დიახ, თუმცა სერიოზული ურთიერთობა დათომდე არავისთან მქონია. ეს ალბათ აღზრდის ბრალი იყო და მეც საკმაოდ მკაცრად ვუდგებოდი ამ საკითხს. როდესაც ადამიანი არ მომწონდა, ვაგრძნობინებდი და მეტს ვეღარ ბედავდნენ.
ცხოვრება წინასწარ არასოდეს დამიგეგმავს, მინდოდა სწავლა და ვსწავლობდი. ჩვენი უფროსი ვაჟი კოკო ერთი წლის იყო, მაგისტრატურაში რომ ჩავაბარე. მაშინ, ძირითადად, ღამით მიწევდა სწავლა, ძალიან გამიჭირდა ბავშვის გაზრდის პარალელურად, მაგრამ მაინც წარმატებულად დავამთავრე. საერთოდ, მომავლისთვის სწავლობ, რომ სამსახური გქონდეს, შემოსავალი, მაგრამ მე მაინც უფრო სწავლის მოთხოვნილება მქონდა.
- პირველად სად დაიწყეთ მუშაობა?
- ეს მოხდა ორი წლის წინ. ახლაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. ძალიან კარგი სამსახური მაქვს. მანამდე ვსწავლობდი, ბავშვიც პატარა გვყავდა და სამსახურისთვის დრო არ მრჩებოდა. დათო მინისტრობამდეც საკმაოდ დატვირთული გახლდათ. საოჯახო საქმეები ჩემს კისერზე იყო, თუმცა ამის გამო პროტესტის გრძნობა არასოდეს გამჩენია, შვილს ვჭირდებოდი. როდესაც კოკო წამოიზარდა, დათოსაც არ ჰქონია იმის პრობლემა, რომ სახლიდან გავსულიყავი და მემუშავა. მკაცრი ლექტორი ვარ, სულ ამას აღნიშნავენ, ყველაზე ლამაზი და მკაცრი ლექტორი თქვენ ხართო. ალბათ იმიტომ, რომ ასაკით უფროსი არ ვარ. მინდა, სტუდენტებთან ურთიერთობისას ზღვარი დავიცვა.
- როგორ შეეგუეთ იმ აზრს, რომ მეუღლემ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა?
- დათო ''ქართული ოცნების'' გამოჩენამდეც ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ექსპერტობის პერიოდს ვგულისხმობ. ამიტომ არ გამკვირვებია. არც შემშინებია, ვიცოდი, რომ იმას გააკეთებდა, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო იყო.
- არ გაგიჭირდათ პირველად საზოგადოების წინაშე გამოჩენა, ხომ არ გინერვიულიათ?
- არა, სხვისი გამოცდილებისთვისაც არ გადამიხედავს. ჩვეულებრივად მივიღე, არც დავძაბულვარ და ეიფორიაც არ მქონია. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, როდესაც დედაქალაქის მერის მეუღლე ხარ (იღიმის). მაშინ რამდენიმე ჟურნალმა ჩაწერა ჩვენთან ინტერვიუ, მახსოვს, ''იმედმა'' გააკეთა სიუჟეტი ჩვენს ოჯახურ დეკლარაციაზე.
- მეუღლეს ალბათ ხშირად აძლევთ სატელევიზიო გამოსვლისას რჩევებს...
- ყოველთვის, ეს მოულოდნელი არავისთვის უნდა იყოს. ბუნებრივია, მეუღლეს ვგულშემატკივრობ, მით უმეტეს, ისეთი დაძაბული საარჩევნო კამპანიისას, როგორიც ახლა იყო. საერთოდ, ტელევიზიით გამოსვლამდე რჩევებს ვაძლევ და დათოც შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს.
- ალბათ, თქვენც აკონტროლებთ საკუთარ თავს, რომ ინტერვიუს დროს რამე ისეთი არ თქვათ, რომ შემდეგ საზოგადოებამ სხვანაირად გაიგოს. ბევრი სკანდალი გვახსოვს პოლიტიკოსების ცოლების ინტერვიუების შემდეგ.
- სატელევიზიო ინტერვიუს დროს მეტყობა, რომ ვღელავ, კამერებთან ურთიერთობას მიჩვეული არ ვარ. ყოველთვის ვფიქრობ, რამე ისეთი არ წამომცდეს, რომ მერე სხვანაირად გაიგონ ან დათო ზედმეტად არ შევაქო.
- სოციალურ ქსელშიც აქტიურობთ...
- დათოს აქტივობებს ვაზიარებ, თორემ კომენტარებს არ ვაკეთებ, არც სტატუსებს ვწერ. პირადშიც ბევრი ადამიანი მწერს, ზოგი უბრალოდ მილოცავს, ზოგი რაღაცას ითხოვს, ან მეგობრობა სურს. შეძლებისდაგვარად ყველას ვპასუხობ. საარჩევნო კამპანიის განმავლობაშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი სოციალურ ქსელში, ვცდილობ, ეს ურთიერთობა ახლაც შევინარჩუნო.
- პოლიტიკოსების მეუღლეები პრესასთან სულ წუწუნებენ, რომ მეორე ნახევარს თითქმის ვერ ხედავენ.
- მეც თითქმის ყველა ინტერვიუში ამას ვაფიქსირებ. სანამ დათო საჯარო სამსახურში მუშაობდა, მისი ნახვით განებივრებული არ ვყოფილვარ. მინისტრობის პერიოდში და ახლაც ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. ოჯახის წევრები დათოს თითქმის ვერ ვხედავთ. საღამოს, დაძინებამდე თხუთმეტი წუთით თუ ვნახავთ. რაც დათო მინისტრი გახდა, მას შემდეგ არ დაუსვენია. წელიწად-ნახევარი იმუშავა რეგიონული განვითარების სამინისტროში და შვებულებით არ უსარგებლია. გადადგომის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაება და ახლაც შვებულების პერსპექტივა არ ჩანს. ორი წელია, ერთად არ დაგვისვენია.
- თიკა, ''ქართული ოცნების'' გუნდიდან რომელი პოლიტიკოსის მეუღლესთან მეგობრობთ?
- თითქმის ყველასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ უფრო სოზარ სუბარის მეუღლეს – თამთას და ნოდარ ხადურის მეუღლეს – ნინოს გამოვყოფდი.
- მეუღლის გვერდით ხშირად ჩანხართ, თუ გაქვთ თბილისის პირველი ლედის სტატუსით აქტივობა გადაწყვეტილი?
- როგორც კი საარჩევნო კამპანია დაიწყო, სურვილი გამოვთქვი, რომ დათოს გვერდით ვყოფილიყავი, როდესაც ამისი შესაფერისი სიტუაცია იქნებოდა. აქტიურად დავდიოდით კულტურულ ღონისძიებებზე და მოსახლეობასთან შეხვედრებზეც დავყვებოდი. მაშინ ბევრ ადამიანს შევხვდი და გადავწყვიტე, რომ როდესაც დათო მერი გახდებოდა, მერიისგან დამოუკიდებლად გარკვეული აქტივობები განმეხორციელებინა. საინტერესო ჩანაფიქრები მაქვს, რასაც აუცილებლად ხორცს შევასხამ და თბილისელებს მხარში დავუდგები. შორიდან არ ვაპირებ დაკვირვებას და მხოლოდ დედაქალაქის პირველი ლედის სტატუსით დაკმაყოფილებას.
- შვილებზე მოგვიყევით...
- კოკო ხუთი წლის ხდება, ბაღში დადის. ილია-დენისი ათი თვის არის. სიარული ახლა დაიწყო. მომავალ წელს, იანვრის ბოლოს, მესამე შვილს ველოდებით. უკვე სამი შვილის მშობლები ვიქნებით. ბავშვის სქესი ვიცით, მაგრამ ბოლომდე საიდუმლოდ შევინახავთ. არასოდეს დამიგეგმავს მესამე შვილი, მაგრამ რადგან ასე მოხდა, წინააღმდეგ არ წავსულვარ. მესამე შვილი პატრიარქის ნათლული იქნება. დათოსთვისაც მოულოდნელი იყო მესამე შვილი, თუმცა ყოველთვის უნდოდა. ერთგვარი სიურპრიზი მოვუწყე და მისთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანია კარგად ჩაეტარებინა.
- დედამთილთან ერთად არ გიცხოვრიათ, როგორი ურთიერთობა გაქვთ ბატონი დავითის დედასთან?
- ძალიან კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დედამთილი საკმაოდ მკაცრია. სკოლის მასწავლებელია, აღმზრდელობითY დარგში დირექტორის მოადგილე. კლასიკური რძალდედამთილობა არ გვაქვს. შეიძლება, ეს იმის ბრალიც არის, რომ შორს ვართ და ხშირად ვერ ვხედავთ ერთმანეთს, თუმცა რაც შვილიშვილები მომრავლდნენ, აქეთ ხშირად მოუწევს გული.
- ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რამდენად ყურადღებიანია თქვენი მეუღლე?
- ისეთ რეჟიმში ცხოვრობს, რომ ძალიან ყურადღებიანი ვერ იქნება. დღის განმავლობაში იმას მაინც ახერხებს, რომ მესიჯით მოგვიკითხოს, ზოგჯერ შეიძლება, მთელი დღე ისე გავიდეს, ვერ მომწეროს, თუმცა ამასაც მივეჩვიე. მისალოცი თარიღები არ ავიწყდება, ჩანიშნული აქვს (იცინის).
- გარედან ისე ჩანს, რომ იდეალური ოჯახი გაქვთ, მეუღლეები არასოდეს კამათობთ?
- თვალი არ გვეცეს (იცინის). ექვსი წელია, დათოს მეუღლე ვარ და არასოდეს გვიკამათია. არის შემთხვევები, როდესაც მე ვუთმობ ან პირიქით, დათო.
- ერთი საათიც არ ყოფილხართ გაბუტული მეუღლესთან?
- არა, არასოდეს, ასეთი ფაქტი არ მახსენდება.
- დასასრულ, როგორ ფიქრობთ, დიდხანს იქნება თქვენი მეუღლე პოლიტიკაში?
- არ მიფიქრია, მინდა, იმდენ ხანს დარჩეს, სანამ რესურსი ექნება, რომ ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს. არ მინდა, წლების განმავლობაში ხალხს თავი მოაბეზროს.
ნინო გიგიშვილი
ჟჲრნალი ''რეიტინგი''