11 აგვისტო, 2014
რით ემუქრება მამულიჩა ნუცა ბუზალაძის თაყვანისმცემლებს
ლელა სპეციალურად ადრე ჩამოვიყვანეთ, რომ რევზინისთვის ''მიეხედა'' ნუცა ბუზალაძე ''ახალი ტალღის'' გამარჯვებულია. მას და მის პროდიუსერ კახა მამულაშვილს , იმავე მამულიჩას , თბილისში დაბრუნებიდან მეორე დღეს შევხვდით, როცა ''დღის შოუს'' სტუმრობდნენ. ძალიან გადაღლილები იყვნენ, მაგრამ ვრცლად საუბარი არ დაიზარეს. მათგან შევიტყვეთ, რომ ნუცას პრიზი, 50 000 ევრო, მთლიანად არ გადაეცა, ნაწილი, კერძოდ, 12 000 ევრო, ლატვიის სახელმწიფომ გადასახადის სახით დაიტოვა...

- როგორ აფასებთ ზოგადად ამ ფესტივალს. იყო ლაპარაკი, უნდა წასულიყო თუ არა ქართველი კონკურსანტი.
კახა:
- ჩვენ ხომ 2008 წელსაც ვიყავით ''ახალ ტალღაზე''. მაშინაც ასე გადავწყვიტეთ, ახლაც ნუცასთან ერთად გადავწყვიტეთ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უკრაინელები ჩავიდნენ და იმღერეს, რაც, ალბათ, უფრო გასაკვირი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ნუცას ჩასვლა იურმალაში. სადაც საშუალება გვექნება, რომ ჩავიდეთ და ქართული დროშა ავაფრიალოთ, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. რასაკვირველია, გემოვნებაზეც დავობენ და ჟიურის წევრებს ''ნაფტალინებს'' უწოდებენ, მაგრამ ისინი უზარმაზარ ქვეყანაში არიან წარმატებულები, უყვარს რუსულ აუდიტორიას და არ ადარდებთ, ვინ რას ლაპარაკობს მათზე. რისი თქმა გინდათ, რომ არ უნდა გამოგვეყენებინა აუდიტორია, რომელიც ''ახალ ტალღას'' უყურებს? ნუცა საქართველოს სიყვარულით გადიოდა სცენაზე და მღეროდა. მგონია, რომ მისი გამარჯვება ყველას გაუხარდა. ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნოდა პირველი ადგილი.
ჟიურის ქულებზე არ ვდავობ. ფილიპ კირკოროვი ბოლოს იძულებული გავხადეთ და არანაირი შანსი არ დავუტოვეთ, რომ 11 ქულა არ აეწია. კირკოროვი უკვე თავის იმიჯზეც ფიქრობდა. რუსული არხები, პირველ რიგში, ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ის პეტრიკის პროდიუსერი იყო.
- ვიცი, რომ ჯესი ჯეის სიმღერა ''კბილებით გაიტანეთ''.
- დიახ, ასე იყო. ნუცამ მთხოვა, პირველ ტურში ამ სიმღერის შესრულება ძალიან უნდოდა. რომ გავაგზავნეთ, პასუხი მოგვივიდა, სხვა სიმღერები გამოგვიგზავნეთო. შევარჩიე მაქსიმალურად უცნობი და ცუდი სიმღერები და ისინი გადავუგზავნე (იცინის). მოგვწერეს, ჯესი ჯეი იყოსო...
ლელა სპეციალურად ადრე ჩამოვიყვანეთ, რომ რევზინისთვის ''მიეხედა''. მაგრამ მას ძალიან დიდი მადლობა, რადგან ნუცა ჩამოაყალიბა. მნიშვნელოვანია, რომ ნუცა ყველაფერს იწერდა, რასაც რევზინი ეუბნებოდა. ბოლოს, მაინც არ მოეწონა ჯესი ჯეის სიმღერა, პირველად რეპეტიციაზე რომ შეასრულა, რევზინმა თავი გააქნია, არაო. მერე ხმის რეჟისორმა შესთავაზა პირველი ვერსიის 30 წამით შემოკლება და ყველაფერი გემრიელად გამოვიდა. მესამე ტურში ნათლად გამოჩნდა, როგორ უყურებდა კირკოროვი აგუტინს, თუკი ის 10-იანს ასწევდა, თავადაც ათიანს დაწერდა და პეტრიკი ნუცას გაუთანაბრდებოდა.
ვფიქრობ, ხალხი, რომელიც დარბაზში იჯდა, აღარ მისცემდა საშუალებას არავის, რომ ბოლო ტურზე ნუცასთვის ათიანები დაეწერათ. ჩასვლისთანავე მქონდა შეხვედრები ალსუს პროდიუსერთან, სოსო პავლიაშვილთან, სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. მათ კონკურსის დაწყებამდე ჰქონდათ ინფორმაცია, როგორი მონაწილე გვყავდა ჩაყვანილი. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ნუცას თავი კომფორტულად ეგრძნო და რაიმე პრობლემაზე არ ეფიქრა.
ნუცა:
- ჩემი პროდიუსერი ძალიან მიწყობდა ხელს. მამულიჩამ ძალიან კარგად იცის ჩემი ხასიათი. სხვათა შორის, რთული ხასიათი მაქვს (იღიმის). ისე მიწყობდა ხელს, რომ სულ კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი. ყველას ჩვენ-ჩვენი პლუსები და მინუსები გვაქვს, მაგრამ იურმალაში ყოფნისას კომფორტში ვიყავი. თუმცა მაინც ვნერვიულობდი, განსაკუთრებით, პირველ დღეს, არ ვიცოდი, რა ქულებს დამიწერდნენ. პირველი ტურის შემდეგ ყველა მილოცავდა, შენ იქნები გამარჯვებულიო, ყველას მოვეწონე. მას მერე მე აღარ ვნერვიულობდი და ესენი განიცდიდნენ.
- ყველას ახსოვს მამულიჩას სახე, როცა ქართული სიმღერა სრულდებოდა.
კახა:

- კონკურსი არ არის მხოლოდ სცენაზე გამოსვლა და სიმღერა. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, თუნდაც ხმის რეჟისორთან. შეიძლება, ვიღაცამ ხელი ერთ ღილაკს დააჭიროს და ხმა გაგითიშოს. ამაზე სულ ვნერვიულობდი. მილიონი დეტალია. მაქსიმალურად ვცდილობდით, ყველას პატივი ეცა ჩვენთვის და ზედმეტი მოძრაობები არ გაეკეთებინა. მთავარი იყო, მონაწილეები როგორ მივიდოდნენ ფსიქოლოგიურად კონკურსის პირველ დღემდე. ისრაელიდან ძალიან კარგი კონკურსანტი იყო, ასევე ამერიკიდან, ნოდარ რევიაც ფანტასტიკურად მღერის, მაგრამ ვფიქრობ, მათ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს.
- ნუცა, ფაქტია, რომ შენი ვოკალით არა მხოლოდ კონკურსანტები, არამედ ჟიურის წევრებიც კი გადაფარე.
- დიდი მადლობა (იღიმის). სხვათა შორის, ყველა რუსმა ცნობილმა სახემ მომილოცა, პირველი დღიდანვე შენ გგულშემატკივრობდითო. როდრიგესი საერთოდ საგრიმიოროში შემომივარდა, მომილოცა მაქსიმ გალკინმა, ლუბა უსპენსკაიას გვერდიდან არ მოვუშორებივარ, ჩემთან გადაღებული ფოტო კი ''ინსტაგრამზე'' გააზიარა. იგორ კრუტოი ისე შემიყვარდა... მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ისე თბილად მეპყრობოდნენ... მეხუტებოდნენ. მინდოდა, ის სიყვარული, რასაც მაძლევდნენ, უკან დამებრუნებინა მათთვის.
ზოგადად, ამ კონკურსზე გამოსვლა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. იურმალაში მახლდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ლელა, მამულიჩა, მაია ყიფიანი... თავიდანვე მხოლოდ მათ სჯეროდათ ჩემი წარმატების, დანარჩენს - არავის. ყველა ამბობდა, ფუ, ეს ვინ მიდისო. საქართველოდან მიწერდნენ, ვინ არის ეს მატრაკვეცა, რას იგრიხებაო. ბევრი ასეთი კომენტარი იყო, მაგრამ ჩემთვის ეს სტიმული გახდა. ყველაზე მაგარი კი იცით, რა არის - ასეთი კომენტარები, ლაპარაკი, მე ვერ ''გამტეხს''. ერთ ყურში შემიძლია შევუშვა და მეორიდან გამოვუშვა. ეს ჩემი პლუსია. ჩვენ თავში დარწმუნებულები წავედით და ჩამოვიტანეთ გამარჯვება. დღეს კი ყველამ შემიყვარა, მთელმა საქართველომ მომილოცა. რაც ''ფეისბუქზე'' ვნახე, ასეთი რამ არასდროს მინახავს. ყველა პოსტი მე მეძღვნებოდა, დადებითად, რა თქმა უნდა.
კახა:
- არა, არ შემიძლია, ეს არ ვთქვა. თავიდან ხომ მზადდებოდა რეპორტაჟები, მონაწილეები სად მიდიოდნენ და რით იყვნენ დაკავებულები. შემდეგ ''ფეისბუქზე'' დებდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ აქვს ნუცას სიუჟეტებს საქართველოდან არმოწონებებიო. რუსები, უკრაინელები, გიჟდებოდნენ ნუცაზე.
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო სოფო ხალვაშს, მაია ყიფიანს, რომელმაც კომუნიკაციები დაალაგა და ძალიან დაგვეხმარა. საერთოდ, ლელამ თავიდანვე თქვა, ის გუნდი უნდა წავიდეთ, რომელიც 2008 წელს იყო და შენი დროშაც წამოიღეო. ეს ის დროშაა, რომელიც ''ჯორჯიას'' გამარჯვების დროს მქონდა შემოხვეული. სხვათა შორის, ლელას სჯეროდა, ''ჯორჯიას'' შემთხვევაშიც და ახლაც, რომ პირველ ადგილს ავიღებდით.
- ნუცას ჩაცმულობაზე რას იტყვით?
- იქ რისი საშუალებაც იყო და რაც, ასე ვთქვათ, გაგვივიდა, მაქსიმალურად გავაკეთეთ. რიგაში გავედით, მაგრამ კაბები 1500-2000 ევრო ღირდა. მეორე ტურის კაბა არც ნუცას მოეწონა, არც მე და არც ლელას, მაგრამ მესამე ტურზე ლელამ იომა. რევზინთან მივიდა და თქვა, ამ ტურზე შავი კაბა უნდა ჩაიცვასო.
ნუცა:
- ვარცხნილობასა და მაკიაჟზე მუდმივად მქონდა ჩემი აზრი. რევზინი რომ მოდიოდა, ისეთ სახეს ვიღებდი, რომ ლამაზი გამოვჩენილიყავი (იცინის). იასამნისფერი მუქი პომადა რომ დამიტოვეს, ძალიან გამიხარდა.
- ნუცა, გვახსოვხარ კონკურსიდან ''ერთი ერთში''. სწორედ აქედან გაგიცნო მაყურებელმა.
- საერთოდ, ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო ბერას სტუდიიდან, სადაც ერთი წლის განმავლობაში ისეთი სკოლა გავიარე, რაც საქართველოში არავის აქვს გავლილი მათ გარდა, ვინც იქ ვსწავლობდით. მერე დამიფასდა შრომა და ''ერთი ერთშიც'' იმიტომ მიმიწვიეს.
- ბერამ მოგილოცა?
- არა, ამერიკაშია და გავიგე, რომ ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებს, რაც ძალიან მიხარია, სულითა და გულით.
- ვიცი, რომ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობ.
- ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ბოლო ორი წელი, ასე ვთქვათ, ჩავარდნა გვქონდა. ბინის გაყიდვა მოგვიხდა. ღმერთს ძალიან ვუყვარვარ და ამას მუდამ ვგრძნობ. რაც გავიარე, ის უკან ორმაგად მიბრუნდება. ჩემს ცხოვრებაში იყო სირთულეები, მაგრამ მგონია, ძლიერი ხასიათი მაქვს. დიდი მადლობა დედასა და დეიდას, რომ ასე გამზარდეს.
თუკი მომივა, მოგებული თანხით და საჩუქრად მიღებული 10 000 დოლარით, რომელიც ერთ-ერთმა კომპანიამ გადმომცა, ბინას შევიძენ, თუ არა, ვიგირავებ.
- გავიგე, ''ევროვიზიას'' უმიზნებთ.
კახა:

- პირველ რიგში, ეს ''პირველი არხის'' გადასაწყვეტია, მაგრამ თუ გადაწყვეტენ, უნდა დავიქირაოთ ლობისტური კომპანიები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში გარკვეულ კონცერტებს გაგვიკეთებენ. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ფინალში აუცილებლად გადავალთ. სხვა შემთხვევაში, თავს შევიკავებთ.
ნუცა:
- მე მზად ვარ. მთავარია, სიმღერა, რომელსაც შეარჩევენ, მომეწონოს. თუკი რამე არ მომწონს და ვერ ვირგებ, კომფორტულად ვერ ვიქნები.
კახა:
- იურმალაში რომ ჩავედით, ასეთივე ენთუზიაზმი ჰქონდა. დილის რვა საათიდან ღამემდე რეპეტიციებს გადიოდა და მეოთხე დღეს თავი ჩამოუვარდა (იცინის). მერე ჰქონდა ცოტა დეპრესიული ფონი, აგრესია. ნება დავრთე, ყველანაირი აგრესია ჩემკენ მომართე-მეთქი. მე თავს ვუქნევდი ან ვერიდებოდი. მე რომ იქ ნუცასთან ჩხუბი დამეწყო, შეიძლება, ''დაგვეკლა'' ერთმანეთი. მონაწილე ძალიან დიდ სტრესს განიცდის. ლელა დედამისსაც აფრთხილებდა, ნუცას არ გაეკაროთო. თვითონ ორ სიტყვას თუ ეტყოდა გამოსვლის წინ. ლელა მეუბნებოდა, ბავშვმა თვითონ იცის, რა უნდა გააკეთოსო.
- ნუცა, რა რჩევებს იღებ ლელასა და მამულიჩასგან?
- არ მინდა იმ ფრაზების თქმა, რასაც ლელა მეუბნება. ცხოვრების ბოლომდე გამომადგება. მამულიჩა და ლელა საქართველოში დიდი ძალაა. პროდიუსერის გარეშე მომღერალი საცოდავად დადის. მგონია, რომ ძალიან გამიმართლა. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ.
კახა:
- ადრე პატარა ნუცას ვუთხარი, რომ გაიზრდები, შენ უნდა შემინახო-მეთქი. თავს მიქნევდა, კიო. დღეს ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი დალაგებულია, მათ შორის ბიზნესის კუთხითაც. ნუცამ იცის, რომ სხვა ჩვენს ურთიერთობაში არ უნდა ჩაერიოს. ყველაფერს მეუბნება, ოღონდ სულ ყველაფერს (იცინის). მისი გულის მესაიდუმლე მხოლოდ მე ვარ.
- ალბათ, ადრე გათხოვებას არ ურჩევ.
- დავხოცავ ყველას (იღიმის)!.. შანსი არ არის. წინასწარ ვუთხარი, ეს არის ერთადერთი, რაშიც ვერ შევთანხმდებით-მეთქი. სექტემბრიდან სხვანაირად უნდა შევუბეროთ, გვაქვს გეგმები და ვიღაც ბიჭსა და სიყვარულს ამ გეგმებს ვერ დავანგრევინებ.
ნუცა:
- ახლა არავინ მომწონს და ამაზე არ ვფიქრობ...

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
პლასტიკა
მართლა უშნოა და ულამაზო სახეზე.
18:38 / 08-09-2014
გამოხმაურება / 0 /
===_____
მტრობა რა შუაშია და ცუდობა რა სუაშია.მაგარი მომღერალია უთუოდ რაც ფაქტია და სახეზეა ისიც რომ ლამაზი ნამდვილად არ არის.რა თვალები არ გაქვთ????
11:37 / 28-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ცუდას რად უნდა მტერობა..მადლობა,ნუცა ამ დიდი გამარჯვებისთვის!
20:48 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
პლასტიკურებია საჭირო
სახე მართლა ულამაზო და უშნო აქვს.სიმღერა უმაღლეს დონეზე შეუძლია,მაგრამ როგორც ქალი გარეგნულად არ მოგეწონება
08:53 / 14-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა-იტი
გაიხარე, ნუცა, ძალიან კარგი გოგო ხარ და ძალიანაც გაგვახარე ყველა. შურიანებს და ბოღმიანებს ყურადღება არ მიაქციო. რა სჭირს ამ ნიჭიერ, სიცოცხლით და ხალისით სავსე ბავშვს ვინმეს გასალანძღი? მისგან იმდენი დადებითი ენერგია მოდის...
17:33 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
უშნოა
მაგარი მომღერალი კია,მაგრამ ძაან უშნო სახე აქვს.კბილღრძილებ გადმოყრილი....
16:20 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მორჩა რა ბუზალაძის თემა. არავინ ვარგოდა და მაგან უკეთ დააღო პირი. ახლა დავიწყებას მიეცა, რადგან არ იყო გენიალური და მამულიჩ არ გვინდა რა არაფრისთვის მუქარები.(ეს სტატია არ წამიკითხავს, ფონი ნათEლია)
08:50 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ბებ
ცხოვრებასჰი ასე არაფერი გამხარებია.საქარტველოს დროსჰა სჰემოხვეული მამულცჰა რომ ვნახე ვტიროდი.გამარჯვების ნამდვილად მჯეროდა.ლელა არის ყოველმხრივ უნიციერესი ხელოვანი.გატვლა იყო სწორი.მადლობა ტქვენ ამ სიამოვნებისტვის.ნუცასგან მაგარი მომგერალი უნდა დადგეს.ის ბევრჯერ ასახელებს საქარტველოს.წარმატებებიიიიიიიიიი
10:23 / 11-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS