- კონკურსი
- ყველაფერი პოლიტიკის გარშემო ტრიალებს და ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. 2008 წელს, დუეტი ''ჯორჯია'' რომ გახდა გამარჯვებული, პოლიტიკას კონკურსთან ასეთი მძაფრი შეხება არ ჰქონდა. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ვერც გავიმარჯვებდით.
- ცოტა ხნის წინ რატი დურგლიშვილმა დაადასტურა ჭორი და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ დაიშალეთ. რატი ამბობს, რომ მარტო აპირებს სიმღერის დაწყებას.
- დუეტი ''ჯორჯია'' არ დაშლილა. უბრალოდ, სოლოკარიერაში ცალ-ცალკე ვცდით ბედს.
- ერთობლივ სიმღერებზე მუშაობთ და უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებთ?
- ამწუთას ერთად არ ვმუშაობთ.
- როგორც გავიგეთ, რატი აპირებს, ამერიკაში წავიდეს და კარიერა იქ გააგრძელოს.
- კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავიშალეთ. უბრალოდ, არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც პაუზას იღებ და იმაზე იწყებ ფიქრს, რა გინდა.
- ამჟამად რაზე მუშაობ?
- სიმღერა ჩავწერე ჩემს შვილთან - სალომესთან ერთად, რომელიც ''პროფილში'' შევასრულეთ. რამდენიმე ახალი სიმღერა მინდა დავაგროვო და მერე ალბომი გამოვცე. როგორც ვიცი, რატიც მუშაობს თავის ალბომზე.
- სალომემ მხოლოდ ერთხელ შეასრულა შენთან ერთად სიმღერა თუ შენი გზის გაგრძელებას აპირებს?
- სალომე შინაგანად, მთელი სულითა და გულით მუსიკაშია ჩართული. მე არ მიბიძგებია. აქვს ნიჭი და თვითონ შეიქმნა ყველაფერი. როცა ნიჭი აქვს, ამ ყველაფერში ხელი რატომ უნდა შევუშალო? მხოლოდ იმაში დავეხმარე, რომ გიტარაზე დაკვრა ესწავლა. მუსიკალური ნიჭი თუ გაქვს და ინსტრუმენტზე უკრავ, მელოდიებს შექმნი. შესაბამისად, სალომემ მელოდია შექმნა და ხორცი ერთად შევასხით.
- მსმენელისთვის კარგიცაა შენი და რატის განსხვავებულ ამპლუაში ნახვა.
- რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება. დუეტ ''ჯორჯიას'' შესანიშნავი შედეგი ჰქონდა. სოლოსიმღერების ჩაწერა არ ნიშნავს დუეტის დაშლას. ''ჯორჯიაზე'' მოთხოვნა სულ იქნება.
- როგორია ზაფხულში შენი დასვენების გეგმები?
- ზაფხულში ბევრი საქმე მაქვს დაგეგმილი. შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე დღით გავიდე მეგობრებთან ერთად დასასვენებლად. აგვისტოში ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი.
- შეგიძლია გაგვიმხილო, რას უკავშირდება შენი გეგმები?
- ჩემს სიმღერებს. გარდა ამისა, მინდა, ჩემი სახელობის საბავშვო სტუდია გავხსნა. კიდევ სხვა გეგმებიც მაქვს, რომლებზეც ჯერ არ მინდა ხმამაღლა ლაპარაკი.
- თქვი, ''ჯორჯია'' არ დაშლილაო, მაგრამ როგორც ვიცი, შენ და რატის ერთად გქონდათ საბავშვო სტუდია.
- სამწუხაროდ, რატი საზღვარგარეთ წასვლას რომ აპირებს, სტუდიაში მუშაობას ვეღარ შეითავსებს. ამ შემთხვევაში ალბათ ყველაფერი თავდაყირა დადგება. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტუდია აღარ იარსებებს. სექტემბრამდე ჩემი სახელობის სტუდიას აუცილებლად გავაკეთებ.
- რამდენჯერმე იყო საუბარი, რომ შენ და რატი ერთად წასულიყავით ''ევროვიზიაზე''. გიფიქრია, რომ ამ კონკურსზე მარტო სცადო ბედი?
- ბევრი მეუბნება და მეც მიფიქრია, რატომაც არა, მარტო ვცდი-მეთქი ბედს, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. ''ევროვიზია'' ჩემი სტილის კონკურსი არაა. ''ახალ ტალღაზე'' მთელი ჩემი ნერვები დავხარჯე და ისეთ მწვერვალზე ავედი, რომ კიდევ გარისკვა აღარ მინდა. ასეთ შემთხვევებში ძალიან რისკიანიც არ ვარ. ბრძოლა არ მიყვარს. ''ევროვიზია'' პოლიტიკურად დატვირთული კონკურსია. ვერანაირად ვერ გაიგებ, რა სტილის სიმღერა უნდა შეასრულო. ყოველ წელს სხვადასხვა ჟანრის სიმღერა იმარჯვებს. ასეც უნდა იყოს კონკურსში, მაგრამ ''ევროვიზია'' ძალიან სპეციფიკური კონკურსია. ცხოვრებაში არაფერი არაა გამორიცხული, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ''ევროვიზიაში'' მონაწილეობა არ მომინდება.
- 2008 წლის შემდეგ თქვენ რუსეთში კარიერაზე უარი თქვით და არც ერთი მიწვევა არ მიიღეთ. ამით თქვენს კარიერას ზიანი მიაყენეთ. როგორც ვიცი, თქვენს მაშინდელ გადაწყვეტილებას არ ნანობთ. 2008 წელს უკრაინაში იგივე სიტუაცია რომ ყოფილიყო და კონკურსი ვლადიმერ პუტინის სიტყვით გაეხსნათ, როგორ ფიქრობ, თქვენი რეაქცია როგორი იქნებოდა?
- ძალიან არ მიყვარს, როდესაც პოლიტიკასა და ხელოვნებას ერთად განიხილავენ. აპო-ლიტიკური ადამიანი ვარ. ალბათ, ჩემთვის ეს ყველაფერი შემაშფოთებელი იქნებოდა, მაგრამ ჩემს საქმეს ბოლომდე გავაკეთებდი. ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ზეწოლა მაინც გვექნებოდა, მაგრამ ხელოვანმა შენი საქმე ბოლომდე უნდა გააკეთო და ხელი ვერაფერმა ვერ უნდა შეგიშალოს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''