''ცეკვების'' დამღლელი ორთვიანი პერიოდის შემდეგ მან თურქეთში დაისვენა, ძმასა და ახალშეძენილ მეგობართან, მოცეკვავე ვიქტორ ბურჭულაძესთან ერთად.
- გილოცავ მეორე ადგილს, თუმცა ბევრს ეგონა,
- არ ვიცი, სიმართლე გითხრა, არაფერს არ ვფიქრობდი, ან პირველზე გავიდოდი, ან - მეორეზე. ბუნებრივია, პირველი ადგილი ყველას უნდოდა, მაგრამ იმ მომენტში ვფიქრობდი, როგორ შევასრულებდი ცეკვას. მუსიკაც არ იყო პასოდობლეს სტილში, არც ჩაცმულობა. უფრო მეტი მინდოდა, მაგრამ მგონი, ცუდი არ გამოვიდა. პროექტით, მასში მონაწილეობით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ.
- რა გიშლიდა ხელს? თავიდანვე ფავორიტად მოგიაზრებდნენ, მერე გაკრიტიკებდნენ კიდეც.
- ალბათ, ისე ვერ ვცეკვავდი, რომ ფავორიტობა შემენარჩუნებინა. მერე რომ ვნახულობდი ცეკვებს, იყო ეპიზოდები, რომლებიც მომეწონა და ასევე იყო ცეკვები, რომლებიც ნაკლებად მომეწონა. ამ პროექტმა ბევრი რამ მასწავლა...
- კილოგრამებიც მოგაკლო.
- ადრინდელი წონა მაქვს, მაგრამ ტანზე მეტყობა, რომ დავიკელი. ცეკვა უფრო კარგად ვისწავლე, ადრე მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვცეკვავდი ჩემთვის, სტუდიაში არასდროს მივლია. ამ პროექტით ხალხმა გამიცნო, ზოგმა გამიხსენა, რაც ჩემი საქმიანობისთვის ძალიან კარგია.
- თაყვანისმცემლებიც მოგიმრავლდებოდნენ.
- მწერდნენ, რომ მგულშემატკივრობდნენ, ვუყვარვარ, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.
- მზია ორველაშვილისთვის გაკეთებულ სიურპრიზზე მოგვიყევი. ბევრს ეგონა, რომ შენ მიერ მოგებული მანქანა გადაეცი.
- ასე ეგონა ბევრს, ალბათ, მათ, ვინც ბოლომდე არ უყურა ან დაკვირვებით არ შეუხედავთ. მინდოდა, მზიასთვის საჩუქარი გამეკეთებინა. მოცეკვავეები წვალობენ, დაბალ ხელფასზე მუშაობენ, როგორც მე ვშრომობდი, ისევე შრომობდა მზია და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ეკუთვნოდა. ჯერ ვიფიქრე, საგზური ხომ არ ვუყიდო მას და მის მეუღლეს-მეთქი. მერე მშობლებმა მირჩიეს, მანქანა ვუყიდოთო. მე მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი, ამიტომ მშობლები დამეხმარნენ არჩევაში და ''ნისან მარჩი'' შევიძინეთ. საერთოდ, მე ველოსიპედით სიარული მირჩევნია, მაგრამ აქ ველოსიპედით ნაკლებად ივლი. მანქანა აუცილებელია.
საჩუქარს რომ დავუბრუნდეთ, არავინ იცოდა, ბოლო დღეს გაიგო პროდიუსერმა, მე მერე მინდოდა ჩუქება, ტელევიზიის გარეშე, მაგრამ ნოემ გადაწყვიტა, რომ შოუსთვის საინტერესო იქნებოდა.
- მზიას რეაქცია როგორი იყო?
- ძალიან გაუხარდა და ბედნიერი იყო. არ ვიცი, წინა სეზონებზე როგორ ხდებოდა, მაგრამ მითხრეს, რომ პირველი შემთხვევა იყო ასეთი საჩუქარი მეწყვილისთვის. არ ვიცოდი, რომ არავის არაფერი ჰქონდა ნაჩუქარი თავისი პარტნიორისთვის. ეს იყო ჩემი მადლობა და მზიას შრომის დაფასება. ძალიან ბევრი იმუშავა ჩემთან ერთად, მე თუ მეკუთვნოდა პრიზი, მასაც იმავენაირად ეკუთვნოდა.
- ვიცი, რომ ჩხუბობდით.
- ვჩხუბობდით, მაგრამ მალევე ვრიგდებოდით. ხანდახან ვბრაზდებოდი, რომ ჩემგან პროფესიონალი მოცეკვავესავით ითხოვდა. რაღაცას რომ მიხსნიდა და ვერ ვიგებდი, უკვირდა, ამას როგორ ვერ იგებო. მოცეკვავეებსაც ხომ აქვთ ნერვები.
- ნახე ''ცეკვების'' მერე?
- არ მინახავს, რადგან პროექტის დამთავრების შემდეგ უკრაინაში გაემგზავრა.
- რამდენადაც ვიცი, შენი მანქანა გააჩუქე.
- მამას ვაჩუქე, მამამ კი თავისი მანქანა დედას გადასცა, დედაჩემის ძველ მანქანას გავყიდით და იმ ფულს მე ავიღებ, რომ ჩემი საქმიანობისთვის აპარატურა შევიძინო, დავამატო, რაც არ მაქვს.
- როგორ განიტვირთე ორთვიანი დაძაბული პერიოდის შემდეგ?
- ჩემს ძმა გიგისა და ვიქტორ ბურჭულაძესთან ერთად თურქეთში ძალიან კარგად დავისვენე და გავერთეთ. თბილისში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღე კიდევ ვისვენებდი, ახლა კი სტუდიას დავუბრუნდი და ბევრი პროექტი მაქვს მოსამზადებელი.
- თურქეთში კონკრეტულად სად იყავით?
- ქემერში, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ზოგი მუშაობს, ზოგი საერთოდ იქ ცხოვრობს. მოვინახულე...
- რაიმე თავგადასავლები გადაგხდებოდათ თავს.
- (იღიმის) პრესაში მოსაყოლი არაფერი. ერთი გამახსენდა - თურქეთში გამგზავრება ორი დღით ადრე გადავწყვიტეთ, არ იყო პირდაპირი რეისი და გადაჯდომა გვიწევდა. თვითმფრინავში ასვლამდე დავკარგე ბარათი, სადაც დასვენებისთვის განკუთვნილი მთელი თანხა მედო. ორი დღე სასტუმროს ტერიტორიიდან არ გავსულვარ, რადგან ჩემს მშობლებს დრო დასჭირდათ, რომ თანხა გამოეგზავნათ.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს შენი და ანა მარგველაშვილის ფოტო გავრცელდა. მერე ამბობდნენ, ამ მეგობრობის წყალობით მოიგებსო.
- ხომ ნახეს, რომ ვერ მოვიგე. ძალიან მეცინებოდა ასეთ ჭორებზე. ზოგადად, არ ვარ ჩაწყობის მომხრე და არ მიყვარს. ვფიქრობ, როცა ხალხი უყურებს პროექტს, მისი გადასაწყვეტია, ვინ მოიგებს და ვინ - ვერა. ამ თემაზე ანასთან საერთოდ არ მილაპარაკია და არ ვეტყოდი, ასე ადვილად მოგების საშუალება რომც ყოფილიყო.
- ჟიურის წევრებიდან ინგა გრიგოლია ძალიან დიდ სიმპათიას გამოხატავდა, თუმცა სულ ამბობდა, აქამდე არ გიცნობდიო. არ გწყინდა?
- არა. ამდენი წელია არაფერი გამიკეთებია, რომ ხალხს გავეცანი. საშუალებაც არ მქონია, რომ მსმენელისთვის სიახლეები შემეთავაზებინა, კლიპი გადამეღო, ფინანსურ საშუალებას ვგულისხმობ.
ახლა მაქვს გეგმები, ჩემი ალბომი უნდა ჩავწერო, ლიზა ყენიას ალბომსაც ვწერ. ასევე ვაკეთებ ძველი ქართული ცნობილი მელოდიების რემიქსებს. ზოგს მე შევასრულებ, ზოგში ძველ ვოკალს და-ვტოვებ და გავათანამედროვებ, ზოგსაც სხვა შემსრულებელს ვამღერებ. ამ ალბომის გამოცემასაც ვაპირებ. ვფიქრობ, თინეიჯერები აიტაცებენ, რადგან, ფაქტობრივად, მათთვის თანამედროვე მუსიკა არ კეთდება, არანჟირებას ვგულისხმობ, პირველ რიგში. მინდა, საქართველოში რაღაცას მივაღწიო. ვიმუშავებ როგორც პროდიუსერი, რომელიც თან მღერის. ისეთი ვოკალური მონაცემები არ მაქვს, რომ სცენა დავანგრიო და ვიღაცას გული ავუჩუყო. აქ ასე მიიჩნევა, თუკი მაღალ ნოტს იღებ, ე.ი. მომღერალი ხარ. თუმცა აქედან გამომდინარე არ გადამიწყვეტია, რომ მომღერლობა მეორე პლანზე გადავწიო. არასდროს მინდოდა მომღერლობა, რადგან ამ შემთხვევაში მუსიკის კეთებას თავი უნდა დავანებო. ყველაფერს შენ თუ გააკეთებ, ცოტა მოსაბეზრებელი იქნება.
- შენს პირადში რაიმე ხომ არ შეიცვალა, გულის სწორი ხომ არ გიპოვია?
- არა და არც მინდა.
- რატომ?
- ამისთვის დრო არ მაქვს, ჯერ მიზანს უნდა მივღწიო. მე რომ შეყვარებული მყავდეს, მასზე უნდა ვიფიქრო, ვინერვიულო, ერთად უნდა ვიაროთ, ვეკონტაქტოთ ერთმანეთს. მუსიკას რომ აკეთებ, თუ ბოლომდე არ ჩაუჯექი, ვერაფერს შეძლებ. მესიჯების გაგზავნა თუ დავიწყე, ჩემს საქმეს მოვწყდები. არადა, შეყვარებულს ყურადღება ხომ უნდა მიაქციო?
- ძალიან შეშფოთებული ჰყვები ამ ყველაფერს.
- იმიტომ ვყვები, რომ ასეთ სიტუაციაში ვყოფილვარ. შეყვარებულის გამო მუსიკას თავი დავანებე, ყველაფერი გავყიდე, მაგრამ ბოლოს ფეხებზე დამიკიდა და დამტოვა პირღია (იცინის). არ მინდა!.. ჩემი მთავარი შეყვარებულია ჩემი კარიერა. როცა მის პიკს მივაღწევ, მერე შეიძლება ვიფიქრო სიყვარულზეც.
- გიღალატა?
- არა, ღალატი არ ყოფილა. უბრალოდ, ასე მოხდა და მიზეზებს ნუ ვიტყვით. ასე რომ, შეყვარებული ჯერ ადრეა. კარგად რომ მოვეწყობი, სამსახური და ხელფასი რომ მექნება შესაბამისი, მერე ვიფიქრებ.
ბევრი გოგონაა, რომელიც მომწონს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ჯერ ახლოს არავის ვიკარებ. გოგოსთვის ადვილია, ბიჭისთვის სხვა თემაა. გოგონასთვის აუცილებელია, რომ ხანდახან ურთიერთობაში დრამაც იყოს, გული უნდა ატკინოთ ერთმანეთს, მერე შერიგდეთ, მე კი ამ ასაკში აღარ ვარ, არც დრო მაქვს და არც თავი (იცინის). მაგრამ თუკი ცოლად მოვიყვან გოგონას, ჩემი მეუღლე დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი უნდა იყოს. ორი კაპიკი თუ არ მექნება ჯიბეში, კი, შეიძლება, ასეც იყოს ბედნიერი, მაგრამ ფული ბევრ რამეს წყვეტს.
- რომანტიკოსი არ ხარ?
- ვარ, მაგრამ ყოველთვის არ ვარ ასეთი. უნდა მინდოდეს. ვიცი ჩემი თავის ამბავი, თუკი შეყვარებული მეყოლება, უნდა გადავყვე, მაგრამ დროის დაკარგვის მეშინია ძალიან...
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''