26 ივლისი, 2014
ნატალია ტყეშელაშვილის საზაფხულო დიეტა
მიხარია, რომ ამ რეიტინგში ცნობილ წამყვანებსა და ტელესახეებთან ერთად აღმოვჩნდი ''პალიტრა tv''-ს ერთ-ერთი სახე, გადაცემა ''1002 ღამის'' წამყვანი ნატალია ტყეშელაშვილი ზაფხულის, ზღვისა და გარუჯვის მოყვარულია. საზაფხულო გარდერობი განაახლა, ახლა პარიზშია მეგობრებთან ერთად და რომ დაბრუნდება, შვილსა და დედასთან ერთად თურქეთში აპირებს დასასვენებლად გამგზავრებას.

- როგორი დასვენება გიყვარს, უფრო მშვიდი თუ აქტიური?
- ვგიჟდები მშვიდ დასვენებაზე და მთელი ცხოვრება ამისკენ მივილტვი, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად დავიწყე დასვენება. ჯერ ამას ვერ მივაღწიე. ყველაზე მეტად სადაც შეიძლება ადამიანმა ასეთი
დასვენება შეძლოს, არის თურქეთი და ეგვიპტე, მაგრამ ისეთი სამეგობრო მყავს, რომ ამის საშუალებას არ მაძლევენ. ტუროპერატორები თავიდანვე გთავაზობენ დაივინგს, მთაზე ცოცვას, ღირსშესანიშნაობების ნახვას, ამიტომ ხშირად გვიწევს სასტუმროს ტერიტორიიდან გასვლა. უფრო მოგზაურობა მიწევს, ვიდრე დასვენება.
- დამოუკიდებლად პირველად როდის წახვედი დასასვენებლად?
- დედის გარეშე 2002 წელს, როცა მოსკოვიდან, სადაც ვცხოვრობდით, საქართველოში ჩამოვედი და ნათლიამ ზღვაზე, კერძოდ, ქობულეთში წამიყვანა. მახსოვს, ქობულეთით აღფრთოვანებული ვიყავი, ყოველ საღამოს სხვადასხვა რესტორანში დავდიოდით, ძალიან ხმამაღლა ჟღერდა ქართული მუსიკა, რაც ჩემთვის უცხო იყო და დილამდე გიჟებივით ვცეკვავდით. მაშინ ქობულეთში ასეთი დასვენება ძალიან აქტუალური იყო.
22 წლამდე დედასთან ერთად დავდიოდი და საბჭოთა კურორტებიდან ყველაფერი მოვლილი მაქვს, დაგომისი, სოჭი, ლაზარევსკაია, ჟელეზნავოდსკი, პიატიგორსკი, კისლოვოდსკი. ბავშვობაში ბერლინშიც ვიყავი და ბუქარესტშიც. რუმინეთში ზღვაზეც გავემგზავრეთ და არ მომეწონა. სულ სოხუმში, სოჭსა და ოდესაში დავდიოდით და რუმინეთში ზღვამ არ მომხიბლა. ბოლო დროს დასასვენებლად ეგვიპტეს, თურქეთს მივაშურებ ხოლმე. საერთოდ, ჩემი შემოსავლის ნაწილს, როგორც ვახერხებ ხოლმე, ვანაწილებ პენსიონერ მშობლებსა და შვილზე და ვაგროვებ, რომ წელიწადში 4-5-ჯერ ქვეყნიდან გასვლა მოვახერხო.
ახლა პარიზში მივდივარ და იმიტომაც ვარ ასეთი აჟიტირებული. პირველად მივემგზავრები, პარიზი, ნიცა, მონაკო, მონტე-კარლო და სან-რემო, სასწაული ტური გვაქვს.
- წინა ზაფხული სად გაატარე?
- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, სად გავატარე ახალი წელი, რადგან სამეგობროს ტრადიციაა, რომ თბილ ქვეყნებში გავექცეთ კუჭმაჭს, გოზინაყს, საცივს (იცინის), ძირითადად, მაინც ეგვიპტეს ან დუბაის ვაფარებთ თავს.
რაც შეეხება წინა ზაფხულს, ძალიან დატვირთული და სასიამოვნო იყო. ესპანეთში კარგი ტურით გახლდით, მოვიარეთ მადრიდი, ბარსელონა და კოსტა-ბრავა, შემდეგ კი ორი კვირით თურქეთში გავემგზავრე, არის ასეთი ადგილი, ტეკიროვა, ანტალიის რეგიონში, ყველაზე მოშორებული, მთიანი. იქ არის სასწაული ადგილი, სადაც წმინდა ნიკოლოზი დაიბადა. იქ მართლა დავისვენე სულიერად, რად-გან დედა და ჩემი პატარა ბიჭუნაც ჩემთან ერთად იყვნენ. ჩემი შვილი ყველგან თან დამყავს, წლისა და რვა თვისაა და ჩემთან ერთად არის ნამყოფი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ახლა ბებიასთან ერთად ბაკურიანში ისვენებს, ''დასჯილია'', რადგან ძუძუს აღარ ვაჭმევ და ამ მოგზაუ-რობაში აღარ წავიყვანე (იღიმის).
- შენი საუბრიდან გამომდინარეობს, რომ ზღვა ძალიან გიყვარს.
- ვერ ვისვენებ იქ, სადაც წყალი არ არის. მთა არ მიყვარს. თუკი სასტუმროში აუზი იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ მთაში. იქ ვერ ვჩერდები და ძალიან მწყინდება, არ მიყვარს თოვლი, ზამთარი და სიცივე, სათხილამურო კურორტები ჩემთვის წამებაა. ზაფხულის ადამიანი ვარ, გარეგნულადაც ვიცვლები და მეჩვენება, რომ უკეთ გამოვიყურები, თანაც, გარუჯული ვარ. აუზზე სულ ხუთი დღე ვიყავი, მთლად კარგად არ გამომივიდა გარუჯვა, რადგან შუბლი დავიწვი.
- როგორია გარუჯვის შენი საიდუმლო?
- საიდუმლო ისაა, რომ არ უნდა გამოიყენოთ არანაირი საშუალება, არც დამცავი, არც ზეთი. ბუნებრივად უნდა გაირუჯოთ, აკონტროლოთ პროცესი, არსად ისეთ კარგ ''ზაგარს'' არ მიიღებთ, როგორც ტენტის ქვეშ, მაგრამ მე ვარ მზის ''ხამი''. აი, შედეგიც, შუბლი დავიწვი, სხვათა შორის, პირველად. ექიმები გვაფრთხილებენ მზის მავნებლობის შესახებ და ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ.
- მრავალფეროვანი საცურაო კოსტიუმები გექნება.
- ასეა. ვცდილობ, ყოველ წელს განვაახლო. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად სექსუალური და მოხდენილი არის დახურული საცურაო კოსტიუმი და არა ბიკინი. მაქვს მთლიანიც და ღია კოსტიუმებიც, რადგან მუცლის გარუჯვაც ძალიან მიყვარს.
- როგორ ახერხებ, რომ სხეული ფორმაში გქონდეს?
- მაქებ ძალიან (იღიმის). ძალიან მიყვარს ჭამა, მაგრამ დიეტებს მივმართავ. საზაფხულო დიეტას გასწავლით - დილას ერთი მოხარშული კვერცხი, ორ ნაჭერ შავ პურთან ერთად, შეგიძლიათ, უშაქრო ყავა დააყოლოთ, სადილზე მიირთვით მსუბუქი წვნიანი, საღამოს - მწვანე სალათა. ასე გააგრძელეთ 12 დღე. დღეში სამი ლიტრი წყალი უნდა მიირთვათ. ამ დიეტით 12 კილო დავიკელი. მაქვს ხოლმე განტვირთვის დღეები, როდესაც ვშიმშილობ, მაგრამ ზოგჯერ 15 ხინკალსაც ვჭამ და ორ კათხა ლუდს ვაყოლებ. ქალმა ეს არ უნდა აღიაროს, მაგრამ... (იცინის). არ მიყვარს, ქართველი კაცები როცა ამბობენ, ქალმა რომ ხინკალი ჭამოს, არ შევხედავო, რატომ არ უნდა მიირთვას ქალმა ხინკალი, არ მესმის.
ფორმას ვინარჩუნებ დიეტებით და მასაჟებით. სპეციალურად თქვენს ჟურნალთან ვდებ ფიცს და მამაკაცს დავპირდი, რომ სექტემბრიდან ვარჯიშს ვაპირებ, ისეთ ფორმაში უნდა ჩავდგე, რომ ოლიმპიადაში მივიღო მონაწილეობა (იცინის). აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება გენეტიკაც, ოსური სისხლი მაინც თავისას შვრება. არ ვიტყვი, რამდენი წლისაა დედა, მაგრამ 45 წელზე მეტს თუ მისცემთ, ე.ი. ძალიან ბოროტი ხართ.
ერთ-ერთ გამოკითხვაში ათ სპორტულ გოგონას შორის მოვხვდი, რადგან მშობიარობამდე ძალიან კარგ სპორტულ ფორმაში ვიყავი. ძალიან მქონდა აკვიატებული ვარჯიშის იდეა. დილას ვიწყებდი აუზითა და ტრენაჟორებზე ვარჯიშით, სამსახურიდან გამოვრბოდი შესვენებაზე ერთი საათით და სავარჯიშო დარბაზში 45 წუთის განმავლობაში ვიყავი, სამსახურის მერე კი აუზს ვუბრუნდებოდი და ვცურავდი. ასე გაგიჟებას, ალბათ, ვეღარ მოვახერხებ (იღიმის).
- საზაფხულო გარდერობი განგიახლებია.
- სასწაული კოლექცია შევიძინე ქალბატონ ლელა ქორჩილავას მაღაზიაში, სარაფნები, ღია ფეხსაცმელები. ჩემი გარდერობი ცოტა აკადემიური და მუქ ფერებში იყო, ლელას გემოვნებას ვენდობი და ეს თამამი საყურეები და ჩანთაც მისი დამსახურებაა. მან დამარწმუნა, რომ რადგან საჯარო ფიგურა გავხდი, ფერადი უნდა ვიყო (იღიმის).
- ვისთვის იპრანჭები ასე?
- საერთოდ, ძალიან პრანჭია ვარ, მაგრამ არის ადამიანი, რომლისთვისაც მინდა კარგ ფორმაში ვიყო და იმაზე მეტად მოვაწონო თავი, ვიდრე მოვწონვარ. ის ჩემი სტიმულია. მეც ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ. ყველა ქალს ვუსურვებ, იყოს შეყვარებული. ეს აუცილებელია, რომ თავს კარგად გრძნობდე. პატარა ფრთები ყველა ჩვენგანს სჭირდება.
- საფრანგეთის მერე აპირებ სადმე გამგზავრებას?
- დედასა და შვილთან ერთად თურქეთში წავალ. ბებია დასვენებას იმსახურებს. 10 დღით წავალთ თურქეთში. მერე ისევ ფრთებს შევისხამ და პარასკევს, შაბათსა და კვირას ვივლი ბათუმში, ვგიჟდები ამ ქალაქზე.
- საინტერესო საზაფხულო ამბავი გაგვანდე.
- რუსებს აქვთ ასეთი ფრაზა, ყველა ზაფხულს თავისი ისტორია აქვს. სხვათა შორის, ჩემს სტიმულზე რომ ვისაუბრეთ, ესეც ზაფხულში დაიწყო, თუმცა ეს არა საზაფხულო, არამედ ზაფხულის რომანია. იმედია, შემოდგომა უფრო ნაყოფიერი იქნება და ეს ამბავი სეზონურად განვითარდება (იღიმის).
რაც შეეხება ამბავს, 2003 წელს აჭარაში ვისვენებდი, ქობულეთში. საკმაოდ შორს გავცურე. მამა მეზღვაური მყავს და სულ მაფრთხილებდა, ზღვას ნუ ეთამაშებიო, მაგრამ ურჩი ვარ და არასდროს ვითვალისწინებდი ამ რჩევას. შუა ზღვაში ახალგაზრდა ბიჭი დამეწია, ისიც მოსკოვიდან აღმოჩნდა ჩამოსული, გამომელაპარაკა. შუა ლაპარაკისას გამოვტრიალდით, რომ უკან დავბრუნებულიყავით და უცბად, ძალიან მაგრად მომხვდა თავში, ამ ბიჭმა ჩემი ჩაძირვა დაიწყო. ისე ღრმად ჩამიყვანა, რომ ვგრძნობდი, გული მიმდიოდა, ფაქტობრივად, ვიხრჩობოდი, ბოლოს, როგორც იქნა, ხელი გამიშვა და ორივე შამპანურის საცობებივით ამოვვარდით წყლიდან. ამ დროს დავინახე, როგორ მილიმეტრებში აგვცდა სკუტერი... ეს ბიჭი მოგვიანებით ჩემი მეგობარი გახდა... მან სიკვდილს გადამარჩინა. ის რომ არა, სკუტერი თავზე გადაგვივლიდა. ერთად ჩავხედეთ სიკვდილს თვალებში. ძალიან მაღალი, ათლეტური და ფიზიკურად ძლიერი ბიჭია და უცბად მოახერხა ჩემი ჩაძირვა. სკუტერს პატარა გოგონა მართავდა, რომელიც ტირილით მოკვდა. წამებში მოხდა, მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს. ამ შემთხვევის მერე იყო ის საშინელი ტრაგედიები, როცა ადამიანები სკუტერით დაიღუპნენ. ახლა, როგორც ვიცი, ნაპირზე აიკრძალა, მაგრამ მე სიღრმეში აღარ შევდივარ.
- ნატალია, საუკეთესო ტელეფეხების რეიტინგში რომ აღმოჩნდი, ამას როგორ შეხვდი?
- ღირსეული ტიტულია, კომპლიმენტია და სტიმულია, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყო. უკვე ვატყობ, რომ პოპულარობის ნაყოფს ვიმკი. სუპერმარკეტში შევედი და მიცნეს გამყიდველმა გოგონებმა, ტელეწამყვანი ხართო, აფთიაქშიც მითხრეს, საუკეთესო ტელეფეხების რეიტინგში გნახეთო. მიხარია, რომ ამ რეიტინგში ცნობილ წამყვანებსა და ტელესახეებთან ერთად აღმოვჩნდი.
- გადაცემაში შენს გარეგნულ მხარესთან დაკავშირებით შენიშვნებსაც გეუბნებიან.
- ზოგს ვაღიზიანებ, რამდენიმე ზარი იყო და მკაცრად შემაფასეს, გამლანძღეს. ერთმა ქალბატონმა ბრძანა, გადმოყრილი გაქვს ფეხები და რა უბედურება ხდება სტუდიაშიო, მეორემ შენიშვნა მომცა მე-ტყველებასთან დაკავშირებით, მე მოვუბოდიშე, კიდევ უფრო მეტი სილამაზისთვის ბრეკეტები მაქვს გაკეთებული-მეთქი. საერთოდ, მაყურებელს მინდა ვთხოვო, ვინაიდან ახალი სახე ვარ, ჩემ მიმართ ნუ იქნებიან კრიტიკულები, მაკა შალიკაშვილსა და გია ჯაჯანიძეს მკაცრად მოსთხოვონ (იცინის)!..

ჟურნალი ''რეიტინგი''
ნინო მურღულია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თათული
ოსი ქალების სილამაზე მთელ მსოფლიოში ცნობილი ფაქტია.ნატალია მაკასგან ვიცი კეთილი გულრია გოგო არისო გაიხარე შვილთან ერთად:)
16:18 / 28-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ვერ გავიგე, ოსური გენეტიკა რას შვრება ასეთს. ოსებში გავიზარდე და მსუქნებიც მინახავს, უმეტესობა მოუვლელიცაა და ასაკიც ძალიან ბევრს ეტყობა. უბრალოდ, რუსული გავლენა მეტია მათში, სულ მაღლებზე დგანან და მოვლილ ქალებს ძირითადად ე. წ. " უკლატკა" აქვთ გაკეთებული. ისინი პირიქით, ქართველებს აქებდნენ. (არ გეგონოთ, რომ იქ არ არიან კარგები, მაგრამ ასეთი ხაზგასმა მათი გენენტიკისა, ცოტა გასაოცარია).
12:43 / 28-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა ბექაური
ნატალია მისაბაძი პიროვნებაა ყველა ასპექტში. მომხიბვლელი გარეგნობით და საუკეთესო ადამიანური თვისებებით. ... და კიდევ მადლობა ჟურნალისტს ასეთი კარგი რესპოდენტის ასევე ძალიან კარგი ინტერვიუს მოწოდებისთვის.
14:45 / 26-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS