მარკუს მეტრეველი:
- მარკუს, რა თანხა გჭირდება იმისთვის, რომ კარგად დაისვენო?
- ყველაფერი დამოკიდებულია, რა ხასიათზე ვიღვიძებ და რა თანხა მაქვს საბანკო ანგარიშზე. შეიძლება დავხარჯო ძალიან მასშტაბური თანხა და შესაძლოა, მხოლოდ ის თანხა გამოვიყენო,
- რა თანხა გაქვს ხოლმე გადადებული?
- 5000 დოლარამდე, რომ რამდენიმე ქვეყანაში მაინც შევძლო დასვენება. დასასვენებლად ყოველთვის მივდივარ საზღვარგარეთ, რადგან საქართველოს სანაპიროები ჩემთვის არაკომფორტულია და ვერასდროს ვისვენებ.
- ხალხის ყურადღებას გრძნობ, რაც დასვენებაში ხელს გიშლის?
- ჯერ ერთი, სულ ყურადღების ცენტრში ვარ და ეს მაინცდამაინც სასიამოვნო არაა, მეორეც - ქართულ სანაპირო კურორტებზე ინფრასტრუქტურა არაა ისეთ მაღალ დონეზე მოწყობილი, როგორც საზღვარგარეთაა. უაზროდაა გაზრდილი ყველაფერზე თანხები. ევროპაში მსგავსი რამ არ ხდება. შესაძლებელია, ევროპაში უფრო ნაკლები დანახარჯებით დავისვენო, ვიდრე საქართველოში. დიდი ხა-ნია, ევროპაში ვისვენებ და ვიცი, რა ჯდება კარგი დასვენება. საქართველოში ვერავის დავაცინინებ თავს, რომ პოსტკომუნისტურ და ინფრასტრუქტურამოშლილ კურორტებზე, როგორც თურქები იტყვიან, ''ოთუსბირი'' გადავიხადო.
- უკვე გადაწყვიტე, წელს სად დაისვენებთ?
- თუ ყველაფერი კარგად იქნება, მინდა, წავიდე ჯერ შარმ ელ შეიხში და მერე გოაზე.
ანრი ჯოხაძე:
- ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და აგვისტოში თუ მოვახერხე დასვენება, ძალიან კარგი იქნება. რამდენს დავხარჯავ, წინასწარ ვერ გეტყვი.
- დასვენებაში თანხის დახარჯვა გენანება ხოლმე?
- მხარჯველი ადამიანი ვარ. დასვენებაში თანხის დახარჯვა ნამდვილად არ მენანება.
- სად უფრო გირჩევნია დასვენება, ქართულ თუ უცხოურ კურორტებზე?
- სიტუაციას გააჩნია.
- ზაფხულის ასეთ ცხელ დღეებში სად ისურვებდი დასვენებას?
- დიდი სიამოვნებით წავიდოდი სამხრეთ იტალიის რომელიმე სანაპიროზე.
სალომე გოგიაშვილი:
- სალომე, რა თანხა გჭირდება კარგი დასვენებისთვის?
- ბავშვებთან ერთად მივდივარ ხოლმე დასასვენებლად და ასეთ შემთხვევაში უფრო ბევრი თანხა გვეხარჯება. თანხის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთ თემებზე საუბარი უხერხულია, როდესაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, ელემენტარული კომფორტი შეუქმნან თავიანთ თავს.
- ყოფილა შემთხვევა, რომ დასვენებისას დიდი თანხა დაგიხარჯავს და უკმაყოფილო დარჩენილხარ?
- აჭარა ძალიან მიყვარს, გარკვეული თანხა დასვენებაში გადამიხდია, მაგრამ უამინდობის გამო ვერ დამისვენია კარგად და უკან დავბრუნებულვარ. გარეთ ისეთი ცუდი ამინდი იყო, რომ ფიზიკურად ვერ გავდიოდით. ზღვაზე თუ მივდივართ, საზღვარგარეთზე ვაკეთებთ ხოლმე არჩევანს, რომ დასვენება შეგვერგოს.
- წელს ოჯახთან ერთად სად აპირებ დასვენებას?
- საბოლოოდ არ გადაგვიწყვეტია, სავარაუდოდ, იტალიაში წავალთ.
ანი ტყებუჩავა:
- ანი, უკვე გადაწყვიტე სად დაისვენებ?
- რამდენიმე თვის ბავშვი მყავს და მინდა, თბილისთან ახლოს მთის კურორტზე დავისვენო.
- დასვენებისთვის დაახლოებით რა თანხას ხარჯავ?
- ორი ათასიდან სამი ათას ლარამდე.
- ყოფილა შემთხვევა, რომ დასვენებით უკმაყოფილო დარჩენილხარ?
- შარშან ეგვიპტეში ვიყავი, ველოდი, რომ ძალიან კარგად დავისვენებდი, მაგრამ იმედები არ გამიმართლდა.
ხატია სიჭინავა:
- ხატია, უკვე გადაწყვიტე, ზაფხულში სად დაისვენებ?
- აგვისტოში უნდა ვიმშობიარო და სახლში რემონტი მაქვს, დასასვენებლად წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი დასასვენებელი ადგილი ამჯერად ელიავაა.
- გასულ წლებში როგორ დასვენებას ანიჭებდი უპირატესობას?
- ზაფხულს ორ ნაწილად ვყოფ ხოლმე. ორი კვირით ბავშვები ბაკურიანში მიმყავს და მერე ზღვაზე მივდივართ. სექტემბერში უკან ვბრუნდებით.
- შეგიძლია, გვითხრა, ყველაზე ბევრი დასვენებაში რა თანხა გადაგიხდია?
- შარშან წყნეთში სახლი გვქონდა აღებული და თხუთმეტი ათასი დოლარი გადავიხადეთ. ორი ოჯახი ვისვენებდით და თანხა გავიყავით. ბაკურიანში დასვენება კი დაახლოებით ხუთი ათასი ლარი ჯდება.
- ყველაზე კარგად რომელი ზაფხული გახსენდება?
- ჩემი შვილები ძალიან პატარები არიან და სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, კარგი დასვენება მოვუწყო. ძალიან მინდა, ''დისნეი ლენდში'' წავიყვანო და მათი საყვარელი ზღაპრების გმირები ვაჩვენო, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოვახერხეთ. მე და ჩემი ქმარი სულ მარტო დავდივართ დასასვენებლად და ყველა ძალიან კარგად მახსენდება. რომელიმეს ვერ გამოვარჩევ. ჩვენი საყვარელი დასვენების ადგილი ევროპაა.
ჟურნალი ''რეიტინგი''
დიჯეი ''ბუკლე''