22 ივლისი, 2014
რატომ ვერ ეკონტაქტებიან ხშირად მიხეილ სააკაშვილს ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია
სხვა ქვეყანაში  გიჭირს, შვილი უცხო ადამიანს ანდო მშვენიერი ლიკა ევგენიძე ერთწლიანი პაუზის შემდეგ მონატრებულ საქართველოში უკვე ორი შვილით დაბრუნდა. ანა-სოფიასა და ალექსანდრეს თბილისურ რეჟიმზე გადმოწყობა არ გასჭირვებიათ, ჩვენმა რესპონდენტმა კი ახლობელ-მეგობრები უკვე მოინახულა და ცოტა ხანში ისევ ამერიკაში დაბრუნებას აპირებს. ლიკას ოჯახზე, შვილებსა და ამერიკულ ყოველდღიურობაზე ვესაუბრეთ.

- ლიკა, რამდენი ხნით ხარ ჩამოსული და მოაგვარე თუ არა ის ბიუროკრატიული საკითხები, რის გამოც ამერიკაში წახვედი?
- უკვე ერთი თვეა, აქ ვარ, 2 კვირაში კი ისევ ამერიკაში
დავბრუნდები, მთლიანობაში თვე-ნახევარი გამომივა საქართველოში ყოფნა. რაც შეეხება ბიუროკრატიულ საკითხებს, ჯერ კიდევ არ მომიგვარებია, შუა პროცესში ვარ, ყველაზე მთავარი ეტაპი, დღეების დაგროვება, გავიარე, ამის გამო ვერ გამოვდიოდი ქვეყნიდან. სექტემბერში ისევ უნდა შევიტანო საბუთები და გარკვეული დროით კვლავ არ მექნება ამერიკის დატოვების უფლება.
- როგორც ვხვდები, მოქალაქეობის მიღება საკმაოდ რთულია...
- კი, სხვადასხვა პროცედურაა, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს. სირთულე ისაა, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ გაქვს, მე დიდად არ გამჭირვებია, ადვილად გადავაგორე ის პერიოდი, რადგან ორსულად ვიყავი და ბავშვი გავაჩინე.
- ბავშვები როგორ გადმოეწყვნენ საქართველოს გრაფიკზე?
- კარგად. პირველ დღეებში ღამით ეღვიძებოდათ, მაგრამ მალევე შეეჩვივნენ აქაურ რეჟიმს. ალექსანდრე 10 თვისაა, ჯერ ვერ ხვდება, სად მოხვდა, მაგრამ ანა-სოფია ძალიან გახარებულია, ჩემს პატარა დებთან ერთად კარგად ერთობა. სხვათა შორის, მგზავრობაც არ გასჭირვებიათ, უბრალოდ, თვითმფრინავიდან გადაჯდომა დაგვაგვიანდა და სტამბოლის აეროპორტში 10 საათი ''გავიჭედე'' ორი ბავშვით, კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით, რომ საქართველოში მოვდიოდით.
- როგორ ატარებ ამ ერთ თვეს?
- ძირითადად, ახლობელ-მეგობრების მონახულებაში, აჭარაშიც ვიყავი რამდენიმე დღე, იქაურობასაც მოვესიყვარულე...
- ლიკა, გვითხარი, როგორია შენი ერთი ამერიკული დღე?
- არაფრით გამორჩეული, ისეთივე, როგორიც ორი შვილის დედას შეეფერება, ბავშვების რეჟიმზე აწყობილი და მათზე მორგებული. როცა ვახერხებთ, საღამოობით მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვუთმობთ დროს, ხანდახან გავდივართ სადმე, ხან კი გასართობად მორიგეობით დავდივართ, რადგან ძიძა არ გვყავს.
- ძიძა რატომ არ აიყვანე?
- სხვა ქვეყანაში მაინც გიჭირს, შვილი უცხო ადამიანს ანდო, გარდა ამისა, იყო სხვადასხვა ფაქტორიც, თან ძიძა მუდმივად არ მჭირდება. ანა-სოფია უკვე ბაღში დადის, პატარასთან ურ-თიერთობით კი ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, რაც ანა-სოფიას შემთხვევაში არ მქონდა, რადგან იმ პერიოდში ვმუშაობდი.
- ანა-სოფია როგორ შეხვდა ალექსანდრეს დაბადებას?
- სხვათა შორის, ძალიან ვღელავდი ამ საკითხზე, თვითონ ანა-სოფიაც ძალიან პატარა იყო, როცა ალექსანდრე გაჩნდა და ვფიქრობდი, აგრესია არ გაუჩნდეს-მეთქი. ამიტომ ბავშვს წინასწარ ვამზადებდი, მახსოვს, როდესაც ორსულად ვიყავი, ანა-სოფიასთვის საჩუქრები მომქონდა და ვეუბნებოდი, ეს შენმა ძმამ გამოგიგზავნა-მეთქი (იცინის). ამ ყველაფერმა ეტყობა იმუშავა და რთულად არ გადაუტანია ოჯახში ახალი წევრის შემოსვლა, ძალიან უყვარს და ეფერება. თუმცა, თავიდან ცდილობდა, ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა, დღეს კი მოსწონს, როცა საქმეში ვრთავ, ასე რომ, ალექსანდრეს ერთად ვუვლით.
- ახლა ის გვითხარი, როგორი ბიჭია ალექსანდრე?
- ძალიან კარგი, სულ იცინის, სულ კარგ ხასიათზეა და არაჩვეულებრივად სძინავს. დაბადებიდან დღემდე ღამით გაღვიძების გარეშე სძინავს. ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა (იღიმის) სხვათა შორის, არც ერთს არ გავუწვალებივარ, ანა-სოფიაც კარგი გასაზრდელი იყო.
- მეუღლე რამდენადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში?
- ჩართულია ბოლომდე. ორივე ბავშვზე ძალიან მეხმარებოდა, განაწილებული გვაქვს ფუნქციები და ასე უფრო გვიადვილდება ყველაფერი.
- შვილების სახელების შერჩევაზე ვინ იზრუნა?
- ერთობლივად გადავწყვიტეთ, ორივეს შემთხვევაში გვინდოდა, ინტერნაციონალური სახელი შეგვერჩია და ასეც მოხდა. როდესაც პირველ შვილზე ვიყავი ორსულად და სახელზე დავიწყეთ ფი-ქრი, ანაზე შევჩერდით, მაგრამ ამერიკულ პასპორტში იწერება მეორე სახელი, რასაც ''მიდლ ნეიმს'' ეძახიან, ჰოდა, გადავწყვიტეთ, ანასთან ერთად სოფიაც ჩაგვეწერა. თავად ანა-სოფიას ძალიან მოსწონს თავისი სახელი და აპროტესტებს, თუ შემოკლებული ფორმით მიმართავენ, ამიტომ დარჩა ანა-სოფიად, ყოველგვარი შემოკლების გარეშე (იღიმის). ალექსანდრესთვის კი ისეთი სახელი შევარჩიეთ, რომელიც მარტივად სათქმელი და ყველგან გასაგები იქნებოდა.
- გარდა იმისა, რომ ამერიკაში ძირითადად შვილების გაზრდით ხარ დაკავებული, დიასახლისობა, ოჯახური საქმეებიც შენ გეხება?
- კი, ყველაფერს ვასწრებ (იღიმის). საჭმელების კეთება ძალიან მიყვარს, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ჰობია, ვფიქრობ, ეს მართლა ხელოვნებაა. ქართულ კერძებსაც ვაკეთებ და უცხოურსაც, ხშირად ვაწყობ ვახშამს და მეგობრებს ვპატიჟებ. იქ არის რამდენიმე ქართული რესტორანი, რომელსაც ასევე ხშირად ვსტუმრობთ.
- როგორც ვიცი, შენი მეუღლის მშობლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
- კი, ჩემი მეუღლე ხომ იქ დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები ძალიან მეხმარებიან, ფეხმძიმობის დროს ძალიან მიწყობდნენ ხელს. როცა იქ ვართ, ანა-სოფია შაბათ-კვირას მიჰყავთ ხოლმე.
- ანა-სოფიას იქაურ ბაღთან შეგუება არ გაუჭირდა?
- თავიდან ინგლისური საერთოდ არ იცოდა, უჭირდა ბავშვებთან კონტაქტი და ძალიან მეცოდებოდა, რომ არ ესმოდა, რას ეუბნებოდნენ. ბაღში შეყვანის შემდეგ კი ალაპარაკდა და ახლა უკვე ორივე ენაზე საუბრობს. სახლში ყოველთვის ქართულად ვლაპარაკობთ, ბაღში კი - ინგლისურად.
- რომანტიკას რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
- ადამიანს როცა რამე გინდა, დროს ყოველთვის პოულობ და ასწრებ, ჩვენც ვცდილობთ, ვახშამი მოვუმზადოთ ერთმანეთს და რომანტიკული განწყობა შევინარჩუნოთ.
- რაც შეხება ''სხვა შუადღეს'', ვიცი, რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაცემა. თუ ადევნებ თვალ-ყურს და ხომ არ გეგმავ მომავალში დაბრუნებას?
- ამ გადაცემაზე მომუშავე მთელი გუნდი მიყვარს, როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის ვსტუმრობ. რაც შეეხება თვალ-ყურის დევნებას, დღის განმავლობაში იმდენად დაკავებული ვარ, ვერ ვახერხებ ტელევიზორის ყურებას. საღამოობით, შვილების დაძინების შემდეგ, მაქვს ჩემთვის საინტერესო გადაცემების და ინფორმაციის მოძიების საშუალება, ხანდახან ინტერნეტში ვუცქერ, ისე კი თითოეულ მათგანთან მაქვს ურთიერთობა და საქართველოში რომ ვიყო, აუცილებლად მათ გვერდით ვიქნებოდი.
- როდესაც საქართველოში არ ხარ, ყველაზე ძალიან რა გენატრება?
- ოჯახი, ახლობლები და მეგობრები. მე 16 წლიდან მოსკოვში ვცხოვრობდი, შემდეგ ორი წელი მომიწია საქართველოში ყოფნამ და მერე ამერიკაში წავედი, კი ვარ შეჩვეული სხვაგან ცხოვრებას, მაგრამ საქართველოს მიმართ ნოსტალგია ყოველთვის მაქვს და მექნება. როგორ კარგ ქვეყანაშიც უნდა ცხოვრობდე, შენი მაინც შენია.
- ლიკა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ამერიკაშია, თუ გაქვთ მასთან კონტაქტი? ის ხომ შენი მეუღლის ბიძაშვილია.
- თავად იმდენად დაკავებულია, რომ ერთ ადგილას ხშირად და დიდხანს არ ჩერდება, ამიტომ ხშირი კონტაქტი არ გვაქვს, თუმცა შეხვედრას ვახერხებთ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS