09 ივნისი, 2013
რამ დაასუსტა ია სუხიტაშვილი
44 კილოზე ნაკლები არასდროს ვყოფილვარ, იმ პერიოდში კი 39 კილოს ვიწონიდი. ეს იყო საოცრება, საკუთარ თავს ვერ ვგრძნობდი და ისე ცუდად გავხდი, რომ გულყრა მქონდა, 20 წუთი გათიშული ვიყავი. გავიკეთე ანალიზები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა, ეს იყო სისუსტე, რომელსაც სჭირდებოდა გაძლიერებული კვება მართალია, ამ ეტაპზე რუსთაველის თეატრში ახალი არაფერი ხდება და მსახიობები მხოლოდ სარეპერ-ტუარო სპექტაკლების თამაშით არიან დაკავებულნი, მაგრამ მსახიობმა ია სუხიტაშვილმა ეს თავისუფალი პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და საკუთარ შემოქმედებას კინოროლები შემატა. გარდა
ამისა, იამ კულინარობაც შეისწავლა და ქმარს, მიშა მესხს და შვილს, რომელიც კახა ახვლედიანთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს, გემრიელი კერძებით ანებივრებს. ია რუსთაველის თეატრში შექმნილ ვითარებაზე, შემოქმედებაზე, ოჯახსა და შვილზე გულახდილად გვესაუბრა.
- იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრში მთელი რიგი რეფორმები განხორციელდა, დაბრუნდა ბატონი რობერტ სტურუა და ამ ეტაპზე კადრების რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ახალი არაფერი ხდება, ოქტომბრიდან იგეგმება გასტროლები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც დიდი ხანია ჩვენს თეატრს არ ჰქონია, ვგულისხმობ მასშტაბურ გასტროლებს და არა ორ-სამდღიანს. იმავდროულად, ალბათ გამოჩნდება ახალი სპექტაკლები, რომელიც შეემატება რუსთაველის თეატრის რეპერტუარს.
კინოს თვალსაზრისით უფრო მაქვს სიახლე. ორი თვეა, რაც დავამთავრე ლევან კოღუაშვილთან მუშაობა ფილმზე, რომლის სამუშაო დასახელებაა „ორი მელოტი“. ეს გახლავთ დრამა-კომედია, რომელშიც მთავარ როლს ვთამაშობ. საკმაოდ მძაფრი ფილმია, მაგრამ იმავდროულად სასაცილოცაა, კომიკური ფონი გასდევს. ყველა მსახიობს თავისი პატარ-პატარა ოცნებები აქვს, მეც არ ვარ გამონაკლისი, ძალიან მინდოდა ლევანთან მემუშავა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მის მიერ გადაღებული `ქუჩის დღეები“ ვნახე. ასე რომ, ავიხდინე ეს სურვილი. ამ ფილმის გადაღებები ყოველთვის კარგად გამახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ პატარა მსხვერპლის გაღებაც მოგვიხდა: ფილმში მოქმედება ვითარდება სექტემბერში, რეალურად კი ქობულეთში გადაღებებზე წავედით დეკემბერში, გადაღებების პროცესში გვეცვა ძალიან თხლად, თან წვიმდა, ქარი იყო და ვიყინებოდით, მაგრამ დავასრულეთ თუ არა მუშაობა, გამოვიდა ფანტასტიკური ამინდი და არც იგრძნობოდა, რომ ზამთარი იყო. მართალია, დავიხოცეთ სიცივისგან, 12-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, მაგრამ მაინც საინტერესო იყო პროცესი, საოცრად სასიამოვნოა ლევანთან მუშაობა.
მოგეხსენებათ, კინოცენტრში მოხდა რეორგანიზაცია, ქალბატონი ნანა ჯანელიძე დაინიშნა კინოცენტრის დირექტორად და უკვე აქტიურად შეუდგა მუშაობას. 30 სცენარი გაიტანეს განხილვაზე, მათგან შეირჩა 18, გამოცხადდა კონკურსი და ის სცენარი მოიპოვებდა დაფინანსებას, რომელიც 110 ქულას გადალახავდა. ასეთი აღმოჩნდა ოთხი, მათ შორის რუსიკო გლურჯიძის, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის დაიწყებს გადაღებებს და მის ფილმშიც ვითამაშებ მთავარ როლს, კარგი სცენარია და საინტერესო გმირი მხვდა წილად. გარდა ამისა, მალე დავიწყებთ ანრი ჯოხაძის კლიპზე მუშაობას, თუმცა ამ თემაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. საერთოდ, ძალიან მომწონს ანრი, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც არ ავიწყდებათ ის ფასეულობები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, პროფესიონალი ადამიანების შემოქმედების წინ წამოწევა ახასიათებს და ეს მისასალმებელია. როცა დამირეკა და იდეა გამაცნო, აღვფრთოვანდი და ყოველგვარი ფიქრის გარეშე ვუთხარი, როცა გინდა, დავიწყოთ მუშაობა-მეთქი.
საბედნიეროდ, უსაქმოდ არ ვარ. როდესაც სპექტაკლზე ვმუშაობ, თითქოს არ ჩანს კინოს პერსპექტივა, მაგრამ თუ თეატრში პაუზა მიჩნდება, კინო შემოდის ჩემს შემოქმედებაში და ეს ჩანაცვლებები მახარებს.
რობერტ სტურუა და რუსთაველის თეატრი
... ვინც რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან წასვლის შემდეგ მხარში დაუდგა, იყვნენ ამავე თეატრის მსახიობები, არ ვგულისხმობ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც ყოველთვის იქ ჩნდებიან, სადაც მთავრობის საწინააღმდეგო აზრია, ეს უკვე მათ მოვალეობად იქცა. თეატრის მსახიობებმა ამ დიდი რეჟისორის გვერდით დგომით საკუთარი შემოქმედება, სამსახური, შემოსავალი დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან იმ პერიოდის მთავრობას ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც გვქონდა განსხვავებული, გნებავთ, რობერტ სტურუას მხარდამჭერი პოზიცია, შეეძლო გაეთავისუფლებინა თეატრიდან. საქართველოში კინოინდუსტრია არაა იმ დონეზე განვითარებული, რომ იფიქრო
თუ არ ვიქნები თეატრში, წელიწადში ორჯერ მაინც გამომიჩნდება კინოში როლი და ამით ვირჩენ თავსო. მსახიობისთვის თეატრი არის ყოველთვიური სტაბილური ხელფასი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა დავდექით დიდი მაესტროს გვერდით. წელიწად-ნახევარი ასეთი გიგანტი რეჟისორი გათავისუფლებული იყო თეატრიდან და რომ არა ხელისუფლების ცვლა, არც დაბრუნდებოდა.
იმ პერიოდში არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც მოინდომებდა რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლის დადგმას და თავის დამკვიდრებას. ნებისმიერ მსახიობს აქვს სურვილი, იმუშაოს ახალგაზრდა რეჟისორებთან, მათთან, ვინც ახალ ხელწერას შექმნიან, ისევე, როგორც თავის დროზე შექმნეს ბატონმა რობერტ სტურუამ და თემურ ჩხეიძემ. მაგრამ როცა ჰორიზონტზე ახალი არავინ ჩანს, კიდევ უფრო უნდა გაუფრთხილდე მას, ვინც გყავს, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვერდით ნამდვილი გენიოსია. ძალიან გამიხარდა ბატონი რობერტის თეატრში დაბრუნება, ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც გამზარდა, 20 წლისა მივედი თეატრში და მან მაზიარა ჭეშმარიტ ხელოვნებას. ბევრი ამბობს, რომ თეატრში ამ ეტაპზე არაფერი ხდება, არადა საზოგადოების მოლოდინი სხვაგვარი იყო, მაგრამ თურმე რეორგანიზაციას, კადრების ცვლილებას ბევრი დრო სჭირდება და სწორედ ამ პროცესების გამოა შეჩერებული მუშაობა ახალ სპექტაკლებზე, მხოლოდ იმას ვთამაშობთ, რაც რეპერტუარში გვაქვს; თუმცა, რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს ურთიერთობების აღდგენა სხვა ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თეატრის გასტროლებზე ხშირი გასვლა აუცილებელია როგორც მსახიობისთვის, ასევე რეჟისორისთვის, უნდა მოისმინო სხვა ქვეყნის შეფასება, მიხვდე, რამდენად აქტუალურ თემებზე მუშაობ.
ალბათ გაგებული გექნება მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის ქიშპობის ამბავი, რაც გასტროლებზე სიარულით იყო გამოწვეული, მარჯანიშვილის თეატრი გასტროლებზე თითქმის არსად დადიოდა, ამ უპირატესობას ყოველთვის რუსთაველის თეატრი ფლობდა. ბოლო წლებია, ჩვენი თეატრიც კი უახლოეს ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ვერ გავცდით. არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს ვაკნინებ
ამ ქვეყნებს, მაგრამ მიჩვეულნი ვიყავით გრძელვადიან გასტროლებს ევროპის წამყვან ქვეყნებში და გასაკვირი არაა, რომ მოგვენატრა ის პერიოდი.
- წინა მმართველობის გამო იყო შეზღუდული გასტროლები?
- არ ვიცი, ვერ გეტყვი, მე მგონია, რომ ამას უფრო პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. ზალიკო ჩიქობავას ყველაფერზე ხელს ვერ შევახოცავ. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რადგან ხელისუფლება ყველაფერში უხეშად ერეოდა, თან ამოჩემებულიც ჰქონდათ რუსთაველის თეატრი, ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკური სპექტაკლებიც იდგმებოდა. მიუხედავად
ამისა, პირადად მე ზედმეტად არავინ შემხებია, ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ სადმე დამბლოკა, ალბათ იმიტომ, რომ არას-დროს ვერევი პოლიტიკაში. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის ბედი არ მაღელვებს. ჩემი აზრით, ჩემს ქვეყანას იმით უნდა გამოვადგე, რისი კეთებაც ვიცი და რაც გამომდის, თუ ჩემს ქვეყანას სახელს იმით გავუთქვამ, რომ საქართვე-ლოს ჰყავს ძალიან კარგი მსახიობი ია სუხიტაშვილი, ეს ყველაზე დიდი თანადგომა იქნება ჩემი მხრიდან.
Rating
ოჯახი... დიასახლისი...

...ეს შედარებით თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოვიყენე და იმდენი რამ ვისწავლე, რომ ჩემი თავით ვამაყობ (იცინის). როდესაც ოჯახი დაპურებულია, ყველა კმაყოფილია. კერძი რომ გემრიელი იყოს, მასში სული და გული უნდა ჩააქსოვო. მსახიობობასთან საოჯახო საქმეების შეთავსებას მშვენივრად ახერხებდა ძველი ხალხი, მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო მედეა ჩახავა, რომელიც არაჩვეულებრივი კულინარი იყო და იმავდროულად გახლდათ გენიალური მსახიობი, აქტიურად იყო დაკავებული თეატრსა და კინოში, ასეთივე ყოფილა მერილ სტრიპიც.
რთული პერიოდი
...მაშინ, როცა `ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი, პარალელურად ვმუშაობდი ახალ სპექტაკლზე, ვთამაშობდი ძველ რეპერტუარში და გადაღებები მქონდა ლევან კოღუაშვილთან. ამ ყველაფერმა ძალიან დამაუძლურა, ფაქტობრივად დღე-ღამეში ოთხი საათი მეძინა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ძალიან გამხდარი გახლდით, 44 კილოზე ნაკლები არასდროს ვყოფილვარ, იმ პერიოდში კი 39 კილოს ვიწონიდი. ეს იყო საოცრება, საკუთარ თავს ვერ ვგრძნობდი და ისე ცუდად გავხდი, რომ გულყრა მქონდა, 20 წუთი გათიშული ვიყავი. გავიკეთე ანალიზები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა, ეს იყო სისუსტე, რომელსაც სჭირდებოდა გაძლიერებული კვება, ასეც მოვიქეცი და მოვიმატე ცხრა კილო. ახლა ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს და ძალიან მომწონს საკუთარი თავი.
ქმარი – მიშა მესხი
...საერთოდ, მიშა ძალიან უპრეტენზიოა. თუ ისე ხდება, რომ გადაღებები მაქვს, თავად უვლის საკუთარ თავს და არც წუწუ-ნებს. რაც შეეხება მის საქმიანობას, მალე გამოვა ზაზა ურუშაძის ფილმი. ეს გახლავთ ესტონელებისა და ქართველების საერთო ნამუშევარი, რომელშიც მიშა და გიორგი ნაკაშიძე თამაშობენ. მაყურებელი მიშას სრულიად განსხვავებულ ამპლუაში ნახავს, `ყარაბაღის“ შედეგად ის უმრავლესობისთვის გოგლიკოა, თუმცა ამ ფილმში სრულიად განსხვავებულ მიშას იხილავთ.
...ხელოვანისთვის აუცილებელია გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც ალალად ეტყვის ყველაფერს და ასევე ალალად შეაფასებს ნამუშევარს. მე და მიშა ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება მსახიობი ყველა შემოთავაზებას დათანხმდეს, ეს ეხება ყველაფერს - ფილმს, სპექტაკლს, პროექტებს. მსახიობმა დოზირებულად უნდა მიაწოდო თავი საზოგადოებას, მოსაბეზრებელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდე. ბევრ კარგ გოგონასა და ბიჭს დაემართა ასეთი რამ, დახამდნენ, მიედ-მოედნენ ყველაფერს - კინოს, სერიალს, ტელევიზიას, გადაცემებს, რაც, ჩემი აზრით, კარგი არ არის. მე არ ვამბობ, რომ სერიალში არ უნდა ითამაშო, უბრალოდ, როცა ერთ საქმეს აკეთებ, სხვას ცოტა ხანს უნდა ჩამოშორდე, რომ მაყურებელს ყელში არ ამოუხვიდე. მიშა არის ადამიანი, რომელიც მაძლევს ზუსტ შეფასებას და რჩევას, რომ გავაკეთო ის, რაც ჩემი შემოქმედებისთვის უკეთესია.
Rating
შვილი – ლუკა

...დედაჩემი და დეიდაჩემი, ანუ ლუკას ბებიები რომ არ მედგნენ მხარში, ბევრ რამეს ვერ გავაკეთებდი, უდიდესი ამაგი აქვთ ჩემს შვილზე, ლუკასაც კოჭებში ეტყობა, რომ ბებიების დიდი ქომაგი იქნება. წელს შედის სკოლაში, ძალიან ბეჯითი აღმოჩნდა ამ მხრივ, უკვე ანბანი იცის და უყვარს წიგნები. კარგად ხატავს, ვინც მისი ნახატები ნახა, მითხრა, დანაშაული იქნება, ეს ბავშვი ხატვაზე რომ არ მიიყვანოო.
- ია, მეორე შვილზე არ ფიქრობ?
- კი, ადრე ამაზე დიდად არ ვფიქრობდით, მაგრამ ახლა უკვე მეც და მიშასაც გვინდა შვილი. ჩემი თავი მრავალშვილიან დედად არც წარმომედგინა, მაგრამ ყოველთვის ვოცნებობდი ორ შვილზე და აუცილებლად გავაჩენ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი რეიტინგი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
იდილო
ისე მაგრად ფარავს წინ გაცვენილ ტმას.კეფის მხრიდან გადმოავს თმები და იხვევს შიგ.მაგრამ როცა ცოლკა აქვს მაშინ ეტყობა რომ წინ მელოტია
13:02 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნოდო
აუ ტეხავს მელოტი ქალი.თმა გადაინერგოს ჩოლკის ადგილას იამ
09:06 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
წინ მართლა არა აქვს თმა.რაღაცნაირად დაფარვას ცდილობს.
16:52 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ნიჭიერი მსახიობია გამრავლება კი აუცილებელია ია
17:55 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ია უნიკალური ადამიანი ხარ.გაიხარე და ჩვენც გაგვახარე შენი როლებით....
22:13 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კიკი
ია მგარი ხარ
22:09 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თემო
სიგამხდრე არაა პრობლემა,პირიქით ზედმეტი კილოგრამებია სიმახინჯე.იას ნაკლი მხოლოდ თმაა.თმა არა ქქვს ამ ქალს თავზე
18:05 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
creatiuli.com
მომწონს ეს ქალი ♥
17:07 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS