15 ივლისი, 2014
რა დაუწუნა შეყვარებულმა ნუკი კოშკელიშვილს
არ მინდა, ვინმე შემომასკდეს ნუკი კოშკელიშვილს ''ფიატ 500'' ჰყავს. ტელეწამყვანის მანქანა გოგოა და ახლა ნუკი სასიძოს ეძებს. ''პატარა მინიკუპერი მინდა მოვუძებნო, ''რენჯ როვერი'' რომ მომითრიოს, გავგიჟდები'', - იხუმრა ნუკიმ ჩვენთან ინტერვიუში და მთელი ინტერვიუც ასე ხუმრობა-ხუმრობით ჩავწერეთ.

- ნუკი, საჭეს როდის მიუჯექი?
- ჯერ მანქანა ვიყიდე და მერე დავიწყე მართვის სწავლა. ასეთი მანქანა ერთადერთია მთელ თბილისში და ამით ვამაყობ გოიმივით, გიჟივით მიხარია, რომ მარტო მე მყავს. არის რამდენიმე მსგავსი მოდელი, მაგრამ ზუსტად ასეთი კაბრიოლეტი -
არც ერთი.
- ვინ გიყიდა?
- მამამ.
- მანქანის მართვა ვინ გასწავლა?
- მასწავლებელთან დავდიოდი, სპეციალურ კურსებზე. 22 წლის ვიყავი მაშინ. სამჯერ ჩავიჭერი, ოღონდ პრაქტიკაში და არა თეორიაში. მეოთხედ ისეთ დროს მივედი გამოცდაზე, რიგში დგომა რომ არ დამჭირვებოდა, დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი და ჩავაბარე. იქიდანვე დავურეკე მამაჩემს და ვუთხარი, უკვე მაქვს მართვის მოწმობა, დამიჯექი გვერდით, ქალაქში უნდა ვიარო-მეთქი. მითხრა, თვითონ დაჯექი, ვინმე რომ დაგიჯდეს, უფრო დაიძაბებიო. პირდაპირ ქალაქიდან დავიწყე საჭის დამორჩილება. პირველ დღეს ნუცუბიძის მეოთხე პლატოდან მესამეს ჩასახვევში კინაღამ გადავფრინდი კორპუსებში. მოხვევის კუთხე ვერ გავთვალე. საბედნიეროდ, გადავრჩი.
- სწრაფად დაგყავს?
- არა, ძალიან ფრთხილი მძღოლი ვარ. მგონი, ქალაქში ჩემზე ნელა მანქანა არავის დაჰყავს. ისეთი მძღოლი ვარ, რომ საბავშვო ავტობუსიც შეიძლება მანდოს კაცმა.
- იმიტომ, რომ გეშინია თუ იმიტომ, რომ წესრიგი არ დაარღვიო?
- ჩემი აზრით, წესრიგის გამო არავინ არაფერს აკეთებს. სიფრთხილე უსაფრთხოებაა. არ მინდა, ვინმე შემომასკდეს. თან, ჩვენ ხომ ყველას გვგონია, რომ ძალიან მაგარი მძღოლები ვართ. არავის ვედავები, ბევრ მართლა კარგ მძღოლს ვიცნობ, მაგრამ, ხალხო, მოგიწოდებთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენზე სუსტებიც დადიან ქალაქში და შეიძლება, უცბად ისეთი მანევრი გააკეთონ, რომ ეს თქვენი მაგარი მძღოლობა არაფერში აღარ გამოგადგეთ.
- ანუ, თუ გინდა, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს, ქალაქში მოძრაობისას უნდა იფიქრო იმაზე, რომ შენ მეტმა მანქანის მართვა არავინ იცის?
- ჰო, ასეა. შეიძლება, ვიღაცას ყურსასმენი აქვს გაკეთებული ან ტელეფონზე ლაპარაკობს, ყველაფერი უნდა გათვალო.
- სწორედ ამაში ადანაშაულებენ ქალ მძღოლებს ხშირად, რომ საჭესთან იკეთებენ მაკიაჟს, ლაპარაკობენ მობილურით. შენ თუ გქონია მსგავსი შემთხვევა?
- არა, მე ავარიის იმდენად მეშინია, არაფერს არ ვაკეთებ საჭესთან, გარდა მანქანის მართვისა. ვცდილობ, მანამდე გავიკეთო მაკიაჟიც, მანიკიურიც და პედიკიურიც. ერთადერთი, რასაც ვერ გადავეჩვიე, ეს არის მუსიკა მაღალ ხმაზე.
- ასეთი ლამაზი მანქანით ასეთი ლამაზი გოგო რომ მოძრაობს, როგორი რეაქცია აქვთ მამაკაც მძღოლებს?
- რადგან ერთადერთია მთელ ქალაქში, იციან, რომ მე ვარ. ამიტომ ძირითადად რეაქცია აღარ მაქვს, როცა მეძახიან. მე ხომ ისედაც ბრუციანი ვარ და ვერ ვარჩევ, მეგობარია, გუშინ უყურა ჩემს გადაცემას და კომპლიმენტი უნდა მითხრას, თუ ''შენი დედა ვატირეს'' თქმა უნდა, ყველას ვუღიმი გიჟივით. მეშინია, მეგობარი არ იყოს და არ ვაწყენინო.
- ისეთებიც არიან, ვისაც შენთვის ''შენი დედა ვატირეს'' თქმა უნდა?
- არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
- ამბობენ, რომ მანქანის მართვა იწვევს ადამიანის გაზარმაცებას, გასუქებას...
- აბსოლუტური სიმართლეა. მანქანის მართვა ყველაფერს ერთად იწვევს. ამ კომფორტს ისე მივეჩვიე, სადმე წვეულებაზე რომ ვარ, მირჩევნია, არ დავლიო და ჩემივე მანქანით წამოვიდე, ვიდრე ტაქსი გამოვიძახო, დაველოდო, მერე იქ არ მიმიყვანს, სადაც მინდა... ხომ ხვდები, როგორი გაფუფუნებული, თავში ავარდნილი ვლაპარაკობ (იცინის), მივეჩვიე ჩემს კუსკუსა მანქანას და ამ კომფორტს.
- ნასვამი საჭესთან საერთოდ არ დამჯდარხარ?
- არა, იმიტომ არა, რომ ჯარიმის გადახდა არ მინდა, მეშინია. არ მინდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს და მერე სხვას საფრთხე შევუქმნა.
- როგორი ურთიერთობა გაქვს პატრულთან?
- არაჩვეულებრივი, სულ ვუღიმით ერთმანეთს და ხელებს ვუქნევთ მისალმების ნიშნად. არ მაჩერებენ, თუ არ დავარღვიე. რომ ამბობენ, ამეკიდა და ტყუილად გამაჩერაო, მე ასეთი რამ არ დამმართვია. თუ შემთხვევით გადავკვეთე ორმაგი ხაზი, გამაჩერებს და მეტყვის, ''ციცო''.
თუ არასწორ ადგილას გავაჩერე მანქანა, დამაჯარიმებს, მაგრამ მე და პატრული მეგობრობას ვაგრძელებთ.
- საჭე ქალებში ბილწსიტყვაობასაც იწვევსო, ამბობენ...
- არა, მე არასდროს ვიგინები. რომ შევიგინო, რა, ის გაიგებს? ჩემთვის თუ ვიმღერებ გულში, ''ამირან გულში მღეროდაც'' არ გამოიღებს შედეგს (იღიმება).
- და გულში მღერი ხოლმე?
- კი, ზოგჯერ ვღიღინებ (იცინის).
- რა არის შენთვის მთავარი კომფორტი მანქანაში?
- ''იუ-ეს-ბი'' კაბელი, მუსიკა, სიგრილე და პატარა რომ იყოს, მარტივად რომ შევძლო პარკირება. მე ხომ მუდმივად მგონია, რომ ჯიპი მყავს და ვერსად ვერ ვეტევი (იცინის). რომ ნახოთ ადგილი, სა-დაც მანქანას ვაყენებ და მგონია, რომ ვერ შევეტევი, მოკვდებით სიცილით. ორი მანქანის გასაჩერებელი ადგილი კიდევ რჩება ხოლმე გვერდით. ძალიან მიყვარს ჩემი მანქანა, ყველაზე კომფორტულია. ვინც რა უნდა მითხრას, მანქანას გაგიცვლი და იმდენ ფულს დაგიმატებ, ბევრად ძვირად ღირებული მანქანა მოგივაო, უარს ვეტყვი.
- სქესი აქვს შენს მანქანას?
- კი, გოგოა და სულ მინდა, ''მინიკუპერი'' ბიჭი ვუპოვო. ამასაც უნდა სიყვარული. ''მინიკუპერი'' მოუხდება, ''რენჯ როვერი'' რომ მომითრიოს, ვერ ავიტან.
- სიყვარულზე გამახსენდა, შენი შეყვარებული იყო ჩამოსული საქართველოში, ალბათ მოატარე მთელი საქართველო შენი მანქანით, მოსწონს, როგორც მართავ საჭეს?
- ჰო, ყველგან ვიყავით, თითქმის მთელი საქართველო ვანახვე. მოეწონა ბათუმი, ყაზბეგი, მაგრამ არ მოსწონს, როგორც დამყავს მანქანა. მეუბნება, შენ ძალიან ფრთხილად დაგყავს და სხვა ყველა სწრაფად დადის, იჩაგრებიო.
- ახლახან ავარიაში მოყევი.
- ჰო, დიდი არაფერი, მაგრამ ვაღიარებ, ჩემი ბრალი იყო. სხვა ქალბატონს გადავეკვეთე. ანეკდოტივით სიტუაცია იყო, ორი ქალი რომ დაეჯახება ერთმანეთს, გადმოდიან და ორივე ამბობს, ხომ ვიცოდი, ქალი იქნებოდაო. მე ნელა მოვდიოდი, ის სწრაფად, მაგრამ მისი გზა იყო, ჩემი ბრალია.
- ვერ დაინახე?
- ძალიან სწრაფად მოდიოდა, იმდენად, რომ არ ჩანდა (იცინის).
- რა გიდევს ყოველთვის მანქანაში?
- ყველაფერი, მითხარი, რა გინდა და მოგაწვდი.
- წამალი გაქვს, თავი რომ ამტკივდეს?
- მაქვს. წამალიც მაქვს, დანა-ჩანგალიც, სერვიზიც, დროშაც მაქვს გერმანიის. შეიძლება ითქვას, მზითვით დავდივარ. სადმე ''მინიკუპერი'' თუ დავინახეთ, გავამზითვებ ჩემს მანქანას, იმდენი რამ მიდევს შიგნით.
- ცუდ ადგილას თუ გაგფუჭებია მანქანა?
- საბურავის გამოცვლა ვიცი, მუსიკასაც თავისუფლად ვცვლი (იცინის), წყლის ჩასხმაც ვიცი ''დვორნიკებში''. რაღაცებს მიწერს ხოლმე ეს მანქანა იტალიურად. დიდ გაჭირვებაში ვარ, ვერაფერს ვიგებ. ვაჩერებ მანქანას, შევდივარ ''გუგლში'' და ვარკვევ, რა უნდა ჩემს მანქანას. აღმოჩნდება, რომ უბრალოდ მახსენებს, სამ კვირაში გადავამოწმო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
- ამასობაში იტალიურიც ისწავლე ალბათ...
- არა, ვერ ვისწავლე, მაგრამ ჩემს მანქანას ჩელენტანოს სიმღერებს ვასმენინებ, რომ მოეწონოს და მშობლიურ გარემოში იგრძნოს თავი.

ჟურნალი ''რეიტინგი''
ნინო მჭედლიშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ტაკლი ტუკლი
უუუუუუუუუუუხხხხხ
12:19 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
შალიკო ნათელაშვილი
მაგაააარ
18:24 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კაი გოგოა
14:31 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თამ
კაი გოგო ხარ ნუკი :)
12:26 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კურტიზანი ქალი
სეზონურ კლიენტს დაეძებს ზაფხულისთვის! იჩქარეთ, ფასდაკლებაა, სეილია!
08:58 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS