მაშო მელქაძე:
- დედაჩემს აქვს მაღაზია-ბუტიკი, რომლისთვისაც თურქეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან ჩამოაქვს სამოსი, ამიტომ ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. თუმცა, როცა რაღაცის ყიდვის სურვილი მიჩნდება, გავდივარ და ვეძებ, სადაც წავაწყდები, იქ ვყიდულობ, გართულება არ მაქვს იმაზე, რომ მაინცდამაინც ბრენდულ მაღაზიაში შევიძინო, ჩვეულებრივ ბუტიკებშიც მიპოვია ჩემთვის სასურველი სამოსი. ფეხსაცმელს ხშირად ვყიდულობ
- სილამაზის სალონში რა სიხშირით დადიხარ?
- ძალიან იშვიათად, ძირითადად გასართობად ვსტუმრობ ჩემი მეგობრის სილამაზის სალონს, რომელსაც ''თივი'' ეწოდება. ძირითადად, ბოლოჭამიების მოსაჭრელად მივდივარ, თორემ ისე ყველაფერს თვითონ ვიკეთებ. წარბისა და ფრჩხილის საკითხსაც თავად ვაგვარებ. არანაირი ლაზერული მომსახურებით არ ვსარგებლობ, იმიტომ, რომ არ მჭირდება.
ბექა ბროლაძეს სამოსს დედა უკერავს
- ''ბერშკა'' ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან იმ გემოვნების სამოსს ქმნის, რომელიც მომწონს. ზოგადად, ამოჩემებული მაღაზია არ მაქვს, როცა რაღაც მომწონს, ვყიდულობ, მაინცდამაინც ბრენდებზე არ მაქვს აქცენტი გადატანილი. ამასთანავე, დედაჩემი - ირმა ჯიქური, დიზაინერია და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის სამოსს მასთან ვიკერავ. ძირითადად, საქართველოში ვყიდულობ, არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ საშოპინგოდ საზღვრებს გარეთ დავდიოდე. სამოსის თვალსაზრისით პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ საქმიანობიდან გამომდინარე, ყურადღებას ვანიჭებ, მომწონს, როცა ადამიანი მოწესრიგებულია და გემოვნებიანად აცვია.
- ფეხსაცმელს რომელ მაღაზიაში არჩევ?
- ყველაზე მეტად ფეხსაცმლის ყიდვა მიჭირს, დაახლოებით 5-6 წყვილი მაქვს, რადგან რთულად ვარჩევ და ასევე რთულად ვიღებ ყიდვის გადაწყვეტილებას. სათვალესა და ფეხსაცმელთან მიმართებით ძალიან პრეტენზიული ვარ. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ''ზარაში'' მომეწონა ფეხსაცმელი და ვიყიდე, ძირითადად, ''თბილისი მოლში'' დავდივარ, რადგან ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს.
- ბექა, სილამაზის სალონში რა პროცედურებისთვის დადიხარ?
- ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, ქალი იქნება ეს თუ კაცი, მოწესრიგებული უნდა იყოს. თმას დაახლოებით 12 დღეში ერთხელ ვიჭრი, ისეთი ვარცხნილობა მაქვს, ოდნავ რომ წამოიზრდება, აუცილებლად სჭირდება შესწორება. წლებია დავდივარ ''სალონ X''-ში, მრგვალ ბაღთან. აქვე ვიკეთებ ფრჩხილებს, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული ფრჩხილი, მით უმეტეს, რომ მე ბანკში ვმუშაობდი, ადამიანები დამყურებდნენ ხელებზე... ძალიან მიყვარს სოლარიუმიც, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ დავდივარ... მიუხედავად ამისა, კვირაში 2-3 საათს საკუთარი თავის მოწესრიგებას ვუთმობ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''