- გიორგი, აქ რომელ წლებში ცხოვრობდი?
- ამერიკიდან რომ დავბრუნდი, მოსაშვილზე ორი სახლი გავყიდე, თავშესაფარი არ მქონდა. ეს მეგობრის ბინაა. გავარემონტეთ, ჩემი ხელით დავაგე იატაკი, შპალერი გავაკარი. 7 თვე ვიცხოვრე აქ მესამე მეუღლესთან ერთად. ამ სახურავის შემოღობილ
- დღეს რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- დღესაც შეყვარებული ვარ, მაგრამ ცოლისთვის მზად არ ვარ. დავიღალე. 27 წელიწადია, ცოლიანი ვარ. 18 წლიდან ცოლი მყავდა. სულ იმის ფიქრში ხარ, რა სჭირდება ცოლს, ოჯახს, სახლში დროზე უნდა მიხვიდე. აღარ მინდა, დასვენება მჭირდება.
- მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, ოჯახის პარალელურად, მინდოდა, ჩემი სამყარო მქონოდა, ეს არ ესმოდა არც ერთ ცოლს და ამიტომაც ინგრეოდა ჩემი ოჯახებიო...
- მეორე ცოლს, თამრიკოს ესმოდა. იმ პერიოდში სახელოსნოში ვცხოვრობდი. ჩემთან თამრიკო შაბათ-კვირას მოდიოდა. ეს უფრო რომანტიკული იყო.
- შენს მეორე ნახევარს რომ თავისი სამყარო მოეთხოვა, სხვა ადგილი, სადაც იცხოვრებდა, ეს მისაღები იქნებოდა შენთვის?
- რა თქმა უნდა, იცხოვროს სხვაგან, რა პრობლემაა, როცა მომენატრება მივალ, მასაც რომ მოვენატრები, დარეკავს (იღიმება).
- შენი ასეთი მსოფლმხედველობა ამერიკაში ცხოვრებამ განაპირობა თუ ბუნებით ხარ ასეთი?
- ბუნებით ვარ ასეთი, თავისუფლების მოყვარული. ათი სკოლიდან გარიცხული, სწორედ იმიტომ, რომ თავისუფლებას ვერ მიზღუდავდნენ. დღემდე ვერავინ მიზღუდავს თავისუფლებას.
- რეჟისორებთან ურთიერთობას როგორ ახერხებ?
- ჩვეულებრივად, თუ რამე არ მომწონს, ვიხდი ტანსაცმელს და მოვდივარ.
- ბევრი ფილმიდან წამოსულხარ ასე?
- ერთი-ორიდან, საქართველოშიც და იქითაც.
- მაინც რომელი ქართველი რეჟისორი მიატოვე გადასაღებ მოედანზე?
- ნანა ჯორჯაძის ფილმის გადასაღები მოედანი დავტოვე. ''პოვარზე'' რომ იღებდნენ რაღაცას, ''ჩემი პოვარი ბაბუა'' თუ რაღაც ერქვა (იცინის), პიერ რიშარი თამაშობს მთავარ როლს.
- მაგ ფილმს ''შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი'' ჰქვია...
- რაც ჰქვია, რა მნიშვნელობა აქვს. მე ოფიცრის როლი მქონდა. თემურ ბაბლუანი შემოვიდა და სულ ტყუილად აგინა ლევან ლორთქიფანიძეს. ჩემი ინსტიტუტელი იყო ის ბიჭი, კანტუზია ჰქონდა მიღებული. არც ვიცი, ცოცხალია თუ არა.
- სხვას აგინეს და შენ წამოხვედი?
- ჰო, სხვას დაუმსახურებლად აგინეს. რა განსხვავებაა, ჩემ წინ აგინეს, შეურაცხმყოფელი იყო. მეც ვიგინე, გავიხადე და წამოვედი.
- ოჯახშიც ასეთი მძიმე იყავი?
- ვისთვის როგორ. თამრიკო პირიქით ამბობს, შენი მოსვლა ზეიმი იყოო. ვიღაცისთვის ზეიმი იყო, ვიღაცისთვის - დაძაბულობა. სიყვარულში არ უნდა დაიძაბო. თუ იძაბები, იქ მთავრდება ყველაფერი.
- შენი მესამე ქორწინება რომ დასრულდა, შენმა მეუღლემ, ხათუნამ თავი გადაიპარსა. როგორ გგონია, ეს პროტესტი იყო?
- ჰო, რა ვიცი, საერთოდ, ადამიანს რაიმეს შეცვლა რომ უნდა, პროტესტის ასეთ ფორმას მიმართავს ხოლმე. ზოგი სახლის დალაგებას ან ინტერიერის შეცვლას იწყებს. ბევრიც იმიჯს იცვლის.
- შენი პროტესტი როგორია?
- მე თავი სულ გადაპარსული მაქვს, სულ პროტესტში ვარ (იცინის).
- მითხარი, ახლაც შეყვარებული ვარ, მაგრამ ოჯახისთვის მზად არ ვარო. შენი სიყვარულის ობიექტი შეგუებულია ამას?
- მთლად ასეც არ არის საქმე. დროდადრო არის ამაზე ლაპარაკი, მეუბნება, შენ შვილები გყავს, რა გენაღვლებაო.
- თავად არ ჰყავს შვილები?
- არა, ექვსი თვით არის პატარა ჩემს შვილზე. 29 წლის ხდება ახლა. მე აგვისტოში 50 წლის გავხდები.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კლუბში ვიყავი. მოვიდა, ადგილი არ იყო და უკან მიდიოდა, გარეთ ტაქსი ელოდებოდა. მე მეგობარს ვაცილებდი. სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა, არსადო, მიპასუხა, ტაქსი გაუშვა და დარჩა. მას მერე ერთად მოვდივართ, უკვე წელიწადი ხდება.
- ამხელა ასაკობრივი სხვაობა პრობლემებს არ ქმნის ურთიერთობაში?
- თავიდან არ ქმნიდა, ახლა არ ვიცი. მას მთელი ცხოვრება წინ აქვს. მე უკვე სხვაგვარად ვგეგმავ ჩემს მომავალს.
- როგორ?
- სიმშვიდე მინდა, აღარ შემიძლია ეს ფორიაქი, ბუნება მინდა, სახლი ტყის პირას, თუნდაც სოფელში.
- ახალ შეყვარებულს არ უნდა ტყეში ცხოვრება?
- არ ვიცი, თავიდან უნდოდა, ახლა... ხომ იცი, თავიდან ყველაფერზე თანახმა ხარ, ყველგან იცხოვრებ, ოღონდ მასთან იყო.
- მოჰბეზრდი?
- არა, პირიქით, სულ მეჩხუბება, ყურადღებას არ მაქცევ, ბავშვებზე ხარ გადაყოლილიო. რა ვქნა, შვილებს ხომ ვერ მივატოვებ.
- გიორგი, საინტერესო გმირს ასახიერებ ''ჩემი ცოლის დაქალებში'', ცხოვრებაში მსგავსი სიდედრი გყოლია?
- არასდროს. პირველ ქორწინებაში სიდედრი არ მყავდა, მეორე ქორწინებაში არაჩვეულებრივი სიდედრი მყავდა, დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. სამწუხაროდ, სიმამრს ვერ მოვესწარი, მე და თამრიკო რომ დავქორწინდით, მორის ფოცხიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო. მესამე სიდედრს რაც შეეხება, მაკა თითქმის ჩემხელაა. არაჩვეულებრივი ქალბატონია. ბოლო წლებში ცოტა ავადმყოფობს და განვიცდი ამას.
- დორას მსგავსი სიდედრის ყოლის საფრთხის წინ რომ დადგე მომავალში...
- დედა ნახე, მამა ნახეო, ხომ გაგიგია. შვილიც მას დაემსგავსება, ასაკში რომ შევა.
- ლიალია რომ არ ჰგავს დედას?
- ჯერ ახალგაზრდაა, დაემსგავსება, მიდრეკილება აქვს (იცინის).
- რით ჰგავხარ შენს პერსონაჟს?
- ცოლებით. მასაც სამი ცოლი ჰყავდა და ახლა პირველს უბრუნდება.
- რომელიმე ახალ ფილმში თამაშობ?
- ზამთარში გადავიღეთ ფილმი ''კრიმინალები'', მონტაჟი მთავრდება უკვე, პატარა ბიჭია რეჟისორი, ბაჩო, პროფესიით ფინანსისტია. თავად დაწერა სცენარი და ფილმიც თავად გადაიღო. კრიმინალური კომედიაა. ერთ-ერთი კრიმინალი ვარ, ავტორიტეტი. ამ ფილმშიც ზურა ბეგალიშვილს ვკლავ. ''ორმაგ სახეში'' ხომ ''კიპიწელნიკით'' ვკლავ, კიდევ იყო ერთი ფილმი, რომელშიც თოფით ვკლავ და აქ თავში ვესვრი. მოკლედ, ვერ მოვიშორე ეგ კაცი, სადაც გადავეყარე, ყველგან სასიკვდილოდ გავიმეტე, მაგრამ არ კვდება (იცინის). სექტემბერში გამოვა ეს ფილმი ეკრანებზე.
- ''ორმაგი სახის'' გადაღებების დროს რამდენიმეჯერ დაგაკავეს, რა მიზეზით?
- ალბათ ჩემს პერსონაჟს ვგავდი. ხშირად ემსგავსები შენს გმირს ვიზუალურად, შინაგანად. იმ პერიოდში ყოველდღე მიჭერდნენ, ქურდი ხარო, მეუბნებოდნენ. არა ვარ ქურდი, ქურდს ვთამაშობ, მსახიობი ვარ-მეთქი, ვუმტკიცებდი. არ სჯეროდათ.
- დღეს რაზე მუშობ?
- ჩემს სცენარებზე. მე ხომ მსახიობი არ ვარ, პროფესიით რეჟისორი ვარ. უბრალოდ, ისეთი როლების თამაშმა მომიწია, შენ მეტი ვერავინ ითამაშებსო, მეუბნებოდნენ. მერე გადაღებები დროსა და სივრცეში გაიწელა და პროფესიონალ მსახიობად ჩამოვყალიბდი. დავამთავრე კიდეც სამსახიობი ფაკულტეტი. მაქვს სხვადასხვა კონკურსზე გამარჯვებული სცენარები, რომლებიც წინა მთავრობამ არ გადამაღებინა. კინოცენტრში ასეთი კანონია, ვისაც ფული აქვს, იმას აფინანსებენ, რა მნიშვნელობა აქვს, შენი სცენარი სჯობს თუ არა.
- დღეს ვისი იმედი გაქვს, ახალი მთავრობის?
- საკუთარი თავის. მთავრობის იმედი არასდროს მქონია. მთავრობა უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ეგ ვერც მთავრობამ გაიგო და ვერც ხალხმა, ესაა მთელი უბედურება. მთავრობა უნდა მოიყვანო და წაიყვანო.
- რომელი მთავრობა წაიყვანე?
- ყველა. ყველას შეცვლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
- 50 წლის ხდები, როგორ აპირებ იუბილეს აღნიშვნას?
- არანაირად. იუბილე მაშინ გიხარია, როცა ხასიათზე ხარ, როცა გაქვს ფული და ნაკლები პრობლემა. წინა ათმა წელმა საშინელებები დამმართა. ბაგებში მე და ჯაპანას მიწა გვქონდა, რომელიც წაგვართვეს, ვალები მაქვს, რომელსაც ვერ ვფარავ. ყველაფერი გავყიდე და დავალომბარდე. კი არ მიკვირს, მთელი საქართველო ასეა, მაგრამ...
- ოცი წლის მერე როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?
- ვალების გარეშე. ვიცხოვრებ ბუნებაში, ტყესთან ახლოს, ცოლ-შვილებით, შვილიშვილებით, უზარმაზარი მაგიდით ეზოში და საღამოს ოჯახური ვახშმებით. ვიცი, ყველას ეყვარება ჩემთან მოსვლა.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''