- როგორც ვიცი, ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში არ გაგიცნიათ, სად შეხვდით?
თაკო:
- ოპერატორები და რეჟისორები თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ვორონცოვზე ვართ, მსახიობები კი პირველ კორპუსში სწავლობენ, ამიტომაც შეხვედრა არ გვიწევდა. ერთმანეთი
გიორგი:
- იქ მისულს უამრავი ადამიანი დამხვდა, თაკო უმრავლესობას იცნობდა, მე კი - მხოლოდ სალომეს, შესაბამისად, სიტუაციიდან გამომდინარე, თავშეკავებული ვიყავი. მაშინვე შევნიშნე თაკოს გულწრფელობა, რამაც მომაჯადოვა, ძალიან ვაფასებ ამ თვისებას ადამიანში.
- როგორც ვიცი, საკმაოდ მოკლე პერიოდში შექმენით ოჯახი. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
თაკო:
- ეს პერიოდი უფრო მოკლე იქნებოდა, მარხვა რომ არ დაგვმთხვეოდა,… ჩვენი შეყვარებულობა, რომელიც 5 თვეს გაგრძელდა, უცხო თვალიდან მოკლედ ჩანს, ჩვენთვის კი ძალიან გაიწელა (იღიმის). მოვლენები თავიდანვე ისე სწრაფად განვითარდა, შეგრძნება მქონდა, თითქოს გიორგის მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
გიორგი:
- ჩვენს ურთიერთობაში გაპრანჭვის პერიოდი სულ რაღაც ერთ კვირას გაგრძელდა, მალევე მივხვდი, რომ თაკო იშვიათი თვისებების მატარებელია, ჩავთვალე, რომ დროის დაკარგვას აზრი არ ჰქონდა და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მივიღე. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად რაც ფასობს, გულწრფელობაა, ალბათ ამიტომ მაქვს ამაზე ''გართულება''.
- როგორც ვიცი, ბრწყინვალე შვიდეულში ჯვრისწერა არ ხდება, მაგრამ თქვენ ეს მოახერხეთ, როგორ?
თაკო:
- მართალია, ამ პერიოდში არ წერენ, მაგრამ პატრიარქის კურთხევით გამონაკლისი დაუშვეს.
გიორგი:
- ჯვრისწერა რომ გადავწყვიტეთ, აღდგომის მარხვა იყო, 20 აპრილს ხსნილდებოდა, 21 მიცვალებულების დღე იყო და ამიტომ 22 დავნიშნეთ ჯვრისწერის თარიღად, თან ჩვენთვის ეს რიცხვი სიმბოლური იყო, 22 ნოემბერს გავიცანით ერთმანეთი და 22 აპრილს გვინდოდა დაქორწინება. იმ მომენტში ვერ გავაანალიზეთ, რომ ბრწყინვალე შვიდეულში ჯვრისწერა არ შეიძლებოდა, მაგრამ ბოლოს პატრიარქის კურთხევით დაგვწერეს ჯვარი.
- ვისი დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ჯვრისწერა?
- თაკო ჯვრისწერამდე ერთი კვირით ადრე გაქრა. კოშმარული ერთი კვირა იყო.
თაკო:
- ფლორენციაში მომიხდა ჩვენებაზე წასვლა და ძალიან აფორიაქებული ვიყავი. საქმეს რომ ვრჩებოდი, სასტუმროს ნომერში ვიჯექი გამოკეტილი და ველოდი, როდის მოიცლიდა გიორგი, რომ ინტერნეტით დავლაპარაკებოდი. საშინელება იყო! პირველად რომ დავინახე ''სკაიპით'', მაშინ გავაცნობიერე, რომ ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიყავით. წინასწარ გვქონდა დაგეგმილი ყველაფერი, მაგრამ იყო ისეთი დეტალებიც, რომლებიც უჩემოდ ვერ მოგვარდებოდა, თუნდაც კაბის საკითხი, სხვა ხომ ვერ მოიზომებდა?! საბოლოო ჯამში,
ჯამში, თბილისში ორი დღით ადრე ჩამოვედი, მაგრამ მაინც ყველაფერი მოვასწარით.
- თანაცხოვრების შემდეგ რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?
- ერთადერთი დისკომფორტი, რაც გიორგისთან ურთიერთობაში მქონდა, ის გახლდათ, რომ 24 საათის განმავლობაში ერთად ვერ ვიყავით, თანაცხოვრებამ კი ეს შეცვალა და სრულყოფილი გავხდი. მგონია, ჩემი ნაწილი ვიპოვე და უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ვიყავი.
- გიორგი, თაკოს კულინარიული ნიჭი თუ აქვს?
- კი, ძალიან კარგად ამზადებს - გუფთა, ჩახოხბილი... ყველაფერი ეხერხება და ძალიან გემრიელი გამოსდის. რამდენიმე დღის წინ სტუმრებს ველოდით, ვერაფრის მომზადებას ვერ ვასწრებდით, ამიტომ წავედით და მზა საჭმელები ვიყიდეთ, მაგრამ ვერაფერი ვჭამე, ისე მივეჩვიე თაკოს მომზადებულ გემრიელ კერძებს, სხვა აღარ მომწონს. კარგ კულინარად დადგომაში თაკოს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჩვენს ჯვრისწერამდე ერთი თვით ადრე თაკოს დედას ხელი მოსტყდა და საოჯახო საქმეებმა მასზე გადაინაცვლა. თავიდან ძალიან წუწუნებდა ამის გამო, მაგრამ მერე მიეჩვია ყველაფერს და დღეს კარგი დიასახლისია.
- ძალიან შეხმატკბილებული წყვილი ხართ, მაგრამ ალბათ არის საკითხები, რაზეც კამათობთ..
- გვიჩხუბია, როგორ არა, მაგრამ იმის გამო არა, რომ რომელიმე საკითხზე ჩვენი აზრი არ დაემთხვა. მიზეზი, ძირითადად, თაკოს დაგვიანებაა.
თაკო:
- ძალიან ნელი ვარ (იცინის).
გიორგი:
- როგორც უნდა გავბრაზდე, გაღიზიანების ტალღა გადაივლის თუ არა, ჩვეულებრივად ვართ, როგორც მანამდე ვიყავით. ჩემთვის დავფიქრდები ხოლმე, ამაზე ძვირფასი არავინ მყავს, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და რის გამო ვეკამათები-მეთქი...
თაკო:
- ცოლქმრობა სხვანაირად წარმომედგინა, მეგონა, ყოველდღიურობა ანაცვლებდა ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენთან ეს არ მომხდარა, პირიქით, მგონია, ისევ შეყვარებულები ვართ, უბრალოდ, ერთად ვცხოვრობთ.
- თაკო, რამდენად რთულია უყურო საყვარელ ადამიანს სასიყვარულო სცენებში?
- სიმართლე გითხრა, არ მაღიზიანებს ეს და არ მიჭირს, რადგან მაგ სფეროში ვარ და ვიცი, რაც ხდება გადასაღებ მოედანზე. ამ ყველაფერს პროფესიული კუთხით ვუყურებ და არა როგორც გიორგის ცოლი, რომლის ქმარიც სხვას ეკოცნავება (იცინის). ბუნებითაც არ ვარ ეჭვიანი, თან ძალიან ვენდობით ერთმანეთს და ეს ყველაფერს მიადვილებს.
- გიორგი, გარდა სერიალის, ვიცი, რომ ''იმედზე'' მიგყავს ორი გადაცემა - ''ემერჯენსი'' და ''ვაკანსია''. როგორ მოერგე ახალ ამპლუას?
- მართალია, მსახიობი ვარ და კამერასთან ვმუშაობ, მაგრამ წამყვანობა კიდევ სხვა პროფესიაა. თავიდან კამერასთან რომ მომიხდა საუბარი, ცოტა ავიჭერი, მერე ნელ-ნელა დავალაგე ეს ყველაფერი და თავს უკვე კომფორტულად ვგრძნობ. სხვათა შორის, ახალი გამოცდილებაც შევიძინე, დავესწარი თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციას, ძალიან განვიცადე, პაციენტი ახალგაზრდა ბიჭი იყო და თანავუგრძნე.
- ძალიან მალე, უცებ გახდი პოპულარული, რა შეცვალა ამან?
თაკო:
- მისი გრაფიკი...
გიორგი:
- ადრე მხოლოდ ის ადამიანები გამოხატავდნენ კეთილგანწყობას, რომლებიც თეატრში დადიოდნენ, ახლა კი უფრო მეტად აღმოვჩნდი ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამას დისკომფორტი არ შეუქმნია, რადგან გაღიმებული სახეებით მხვდებიან.
- თაკოსთვის ალბათ რთულია, რომ გაქვს ძალიან ბევრი საქმე და ცოტა დრო.
თაკო:
- თავიდან, როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება, გიორგის საშინელი რეჟიმი ჰქონდა, ორ ფილმს იღებდნენ, თეატრში პრემიერისთვის ემზადებოდნენ, ამასთანავე სერიალის გადაღებებიც მიმდინარეობდა და ფაქტობრივად, ერთმანეთს ვერ ვხედავდით. ახლა ცოტა დალაგდა და ერთად მეტ დროს ვატარებთ.
გიორგი:
- როცა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გვქონდა, ახალდაქორწინებულები ვიყავით, ზუსტად მაშინ გახლდით ძალიან დაკავებული, მაგრამ ამას არანაირი უკმაყოფილება არ გამოუწვევია. ვიცოდით, რომ ეს აუცილებლად გადაივლიდა. იმ პერიოდში საყვედურები რომ გამოგვეთქვა ერთმანეთის მიმართ, გაუსაძლისი იქნებოდა. ძალიან ძნელია, როცა აკეთებ საქმეს და მთელი ყურადღება სახლზე გაქვს გადატანილი. არადა, ყოველდღე ხომ არ ოჯახდები? იწყებ ცხოვრებას საყვარელ ადამიანთან, ის სახლში გელოდება და ამ დროს ვერ ხარ მის გვერდით. ძალიან მიჭირდა იმ პერიოდში. კიდევ კარგი, რომ თაკოსაც ჰქონდა საქმე, სადიპლომოსთვის ემზადებოდა, დაკავებული იყო, თორემ მარტო ყოფნა უფრო გაუძნელდებოდა. სულ სახლში ახლაც არ ვარ, მაგრამ რეჟიმი დალაგდა და დრო ყველაფრისთვის მრჩება.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''