04 ივლისი, 2014
გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ჩვენგან ბევრი მოცეკვავე წაიყვანა, მაგრამ''...
სიმართლე გითხრა, შოუს მეორე დღიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა გიგი გაჩეჩილაძე მართალია, თავად აღარ ცეკვავს, მაგრამ თავის სფეროში ფედერაციას ჩაუდგა სათავეში და საკმაოდ ბევრი სიახლეც დანერგა, რაზეც ინტერვიუში გვესაუბრა. მაგალითად, თუკი რომელიმე სტუდიას თავისი კონკურენტისგან სურს წყვილის გადაბირება, ამაში, არც მეტი, არც ნაკლები, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
გიგის პოპულარობის შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ და რასაკვირველია, ჩვენი ინტერვიუ ''ცეკვავენ ვარსკვლავებით'' დაიწყო, სწორედ ამ პროექტიდან გავიგეთ გიგის შესახებ, როცა ის თიკო სადუნიშვილს უწევდა პარტნიორობას.

- პირველად როდის იგრძენი,
რომ შენი სახელი ბევრმა იცის?
- სიმართლე გითხრა, შოუს მეორე დღიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. შოუ ეთერში გავიდა და მეორე დღეს ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა, რაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა - როცა ახალი სახე ხარ, მანამდე ნაკლებად გიცნობდნენ და უცებ ყველას აინტერესებს, ვინ ხარ. მე უფრო გამიმართლა, რადგან მანქანით დავდივარ. წარმომიდგენია, სამარშრუტო ტაქსით რომ მევლო ის პერიოდი, რა მოხდებოდა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პირველი სეზონი, ჩემი აზრით, მაინც ყველაზე დიდი ბუმი იყო. ყველა ჩვენკენ გამორბოდა. მახსოვს, როცა ფინალში მე და თიკო და სამორი და ლიკა დავრჩით, თაყვანისმცემლებს შემდეგნაირად ვიშორებდით (იცინის) - როცა ბავშვები დაგვეხვეოდნენ თავს და გვეჩქარებოდა, შეკრებილებს ვეუბნებოდით ხოლმე, უი, გაიხედეთ, სამორი მოდისო და ჩვენ გავრბოდით. სამორი არ მოდიოდა, მაგრამ ყურადღება ასე გადაგვქონდა. ზოგჯერ ეს ყველაფერი შემაწუხებელი ხდებოდა, მხოლოდ ფოტოების გადაღებას არ ითხოვდნენ, ცოტა ზედმეტიც მოსდიოდათ. თავი ჯონ ლენონი მეგონა. მოვიდოდნენ, ჩაგეხუტებოდნენ და ითხოვდნენ, შემეხეო. როცა ცუდი დღე გვქონდა, აუტსაიდერებში ვიდექით, ცოტა ძნელი იყო უცებ ხასიათზე მოსვლა, მაგრამ მაინც გვიწევდა ამის კეთება.
- პირველი სეზონის შემდეგ ჩამოყალიბდი, როგორც პოპულარული სახე.
- პირველი სეზონის შემდეგ მართლაც ყველაფერი დარეგულირდა და არ არის ისეთივე ბუმი. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ პროექტში, როგორც მოცეკვავე, აღარ ვმონაწილეობ; ძალიან ვცდილობ და ჯერჯერობით კარგად გამომდის, რომ შოუებში ნაკლებად ჩავერთო და ინტერვიუებიც არ მივცე. ყველაფერს ჩემს ყოფილ ურთიერთობას უკავშირებდნენ. ვთქვათ, თქვენ წერთ ახლა ინტერვიუს და გარეკანზე რომ გამოიტანოთ სათაური, რას აკეთებს გიგი გაჩეჩილაძე სალომესთან დაშორების შემდეგ. ერთადერთი შოუ, რომელშიც ახლახან მივიღე მონაწილეობა, მეგობრობის თემას ეხებოდა, სადაც ნოდიკო ტატიშვილსა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად მივედი. რაც შეეხება სხვა თემებს, ჩემი ცხოვრება გრძელდება და წარსულზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია.
- პოპულარობის შენარჩუნება არ გინდა?
- ბევრი მუშაობს იმისთვის, რომ პოპულარობა შეინარჩუნოს, იგონებს ისტორიებს. მე ცოტა სხვანაირი ადამიანი ვარ და პოპულარობის გამო არ მიღირს ხელოვნურად რაღაცების კეთება, ამიტომაც შევეშვი ამ ყველაფერს. მგონია, რომ პოპულარობა ჯერ არ დამიკარგავს. ქუჩაში რომ გა-ვდივარ, ხალხი მცნობს. ძირითადად, ყოველთვის ზედმეტად თბილად მხვდებიან, რაც ძალიან მახარებს. ახლა უფრო ჩარჩოებში მოექცა. კი მცნობენ, მაგრამ ზოგი არ მოდის, ზოგიც მოდის და ჩვეულებრივად მესაუბრება. ასეთი პოპულარობა საკმარისია.
- ვიცი, რომ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი გიგი და გიორგი გაჩეჩილაძეა.
- მართლაც ასეა, თურმე მქონია ''ვკონტაქტეს'' გვერდიც და ''ოდნოკლასნიკები'', ასევე ''ლაიქ-გვერდები''. მხოლოდ ერთი, პირადი გვერდი მაქვს ''ფეისბუქზე''. საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და უცხოელებთან კონტაქტი მიწევს. ხშირად დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, გუშინ სოციალურ ქსელში გესაუბრეო. ზოგიერთ გიგი გაჩეჩილაძეს ''ფეისბუქზე'' ჩემზე მეტი მეგობარი ჰყავს. ჟურნალისტებსაც ერევათ ხოლმე, მაგრამ ამ გვერდების ავტორები მწერენ ხოლმე და მეუბნებიან, ამა და ამ ჟურნალისტს ველაპარაკეო. ანუ მაფრთხილებენ და კარგად იქცევიან.
- ალბათ, ''ფეისბუქზე'' ბევრი უცნობი გწერს.
- ჩემი ინბოქსი მუდმივად გადავსებულია. უცნობი ადამიანების მონაწერს ძირითადად ვშლი. ვისაც არ ვიცნობ, მათთან კონტაქტი არ მინდა.
- მაღაზიებში ფასს გიკლებენ თუ გიმატებენ?
- მედალიონს ორი მხარე აქვსო, ნათქვამია. ყოფილა შემთხვევა, უფასოდ მიმგზავრია, ბევრი რამ უჩუქებიათ მაღაზიებში. მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის. მეორე მხრივ, მანქანა რომ გამიფუჭდება, თავად ხელოსანთან ვერ მიმყავს და ჩემს მეგობრებს ვატან. ცნობილ სახეს რომ ხედავენ, ხუთმაგ ფასს გართმევენ. შევაჭრება არ მიყვარს, ამიტომ ჩემს მანქანას სხვები აკეთებენ. ყველას ფულიანები ვგონივართ, რაც რეალობას არ შეესაბამება.
- საქართველოში პოპულარობას მოაქვს ფული?
- არის იმის შანსი, რომ პოპულარო ბით ფული იშოვო. თუკი ჭკუა გაქვს, რაღაცას მოახერხებ. ჩემი აზრით, რაც ამით შემეძლო, ყველაფერი ამოვიღე და დღეს არაფერი მჭირდება, ჩემი საქმე მაქვს, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება. ასევე ფინანსურად არაფერი უჭირთ და საკმაოდ კარგად არიან ჩემი მოცეკვავეები. მილიარდებს არ ვეთამაშებით, მაგრამ ცხოვრება არ გვიჭირს. ჩემი ნებისმიერ მოცეკვავე ისეთი დაკავებულია 6-7 ადგილას, რომ თავიანთი ცეკვისთვის ცოტა დრო რჩებათ. ეს მაშინებს, რადგან შესაძლოა, ამან ხარისხი დააგდოს. სამეჯლისო ცეკვის სტუდიები უკვე ყველგან გაიხსნა, რეალურად ბევრნი ვართ, მაგრამ ამ საქმის პროფესიონალი ძალიან ცოტაა. ამიტომაც მოთხოვნა პროფესიონალებზე შესაბამისად, დიდია. ვიცით, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ცეკვის ხარისხი უნდა ავწიოთ, სიახლისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები.
შესაძლოა, პროდიუსერობის კუთხით არც ისე დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მივიჩნევ, რომ საკმაოდ კარგად გამომდის ჩემი მოცეკვავეების კარიერის მართვა. თავად აღარ ვცეკვავ, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობები აკისრია. თითქმის ყველა მოცეკვავე, რომელიც რაღაცას წარმოადგენს, ჩემზეა დამოკიდებული, რომ არასწორ რამეში არ მიიღოს მონაწილეობა. თანხაზეც მე ვუთანხმდები.
- საკმაო კონკურენციაა სტუდიებს შორის. სალომესაც აქვს თავისი სტუდია, რამდენიმე სხვა მოცეკვავესაც. იყო საუბრები, რომ ''თელასგან'' მოცეკვავეებისა და მოსწავლეების წაყვანას ცდილობდა და წაიყვანა კიდეც.
- ყველა სტუდია ჩვენი ფედერაციის წევრია, მათ შორის სალომესიც. კონკურენცია არის და უნდა იყოს. რაც შეეხება დაპირისპირებას სტუდიებს შორის, არანაირი კონფლიქტი არ არის. უმეტეს სტუდიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთ, მაგალითად, ლევან ახვლედიანის, მზია ორველაშვილის სტუდიებთან. გადაბირების საკითხსაც შევეხები - იყო მცდელობა სალომეს მხრიდან, დიდი მოცეკვავეების, მაგალითად, რამაზ ლაზარიშვილისა და ოთო ფოლადაშვილის წაყვანა უნდოდა, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი მოსაზრებები და ხვდებიან, ვისთან შეიძლება სწავლა და ვისთან - არა, ამიტომაც დარჩნენ. სალომემ თავის სტუდიაში პატარა მოცეკვავეების საკმაო რაოდენობა ჩვენგან წაიყვანა, მაგრამ უმეტესობა ისევ უკან დაბრუნდა და ჩვენთან არის. სტუდიიდან სტუდიაში გადასვლა ყოველთვის იქნება და ეს სიახლე არავისთვისაა, ადამიანები ვართ.
ახლა ვმუშაობთ მექანიზმებზე, როგორ ავიცილოთ ეს ყველაფერი თავიდან - როცა მე აღვზრდი მოსწავლეს და მივიყვან რაღაც დონემდე, ის გახდება საქართველოს ჩემპიონი და დააპირებს სხვა სტუდიაში გადასვლას, ჩემთვის ფინანსური ანაზღაურება მაინც არის საჭირო. ასე რომ, საფეხბურთო პრინციპი შემოვიღეთ, დავაწესეთ თანხა, რომელიც სტუდიამ უნდა გადაიხადოს მოცეკვავეების გადაბირებაში. საუბარია ათასებზე. მაგალითად, ჩვენი წამყვანი წყვილის - ოთოსა და ჯულიანას წაყვანა რომ მოინდომოს რომელიმე სტუდიამ, უნდა გადამიხადოს დაახლოებით 5000 ლარი (იღიმის). თუმცა ეს ფედერაციის ფარგლებში და მოცეკვავეებთან შეთანხმებით მოხდება. ბევრი სხვა სიახლე გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა სპორტული ფედერაციიდან გადმოვიღე და თავადაც დავნერგე ინოვაციები.
- ისევ პოპულარობის თემას დავუბრუნდეთ - მისი კარგი შტრიხია ის, რომ გოგონები ადვილად მისაწვდომები ხდებიან.
- ასეა, მაგრამ ამას დადებით მხარედ არ მივიჩნევ. როცა ყველაფერი ზედმეტად ადვილია, ის უფასურდება. კარგია ერთი-ორი-სამი თვე, მაგრამ მერე უკვე გბეზრდება და აზრს კარგავს. თუნდაც იმიტომ, რომ საინტერესო ადამიანს ვერ პოულობ. ბევრს ეშინია, რომ დაგკარგავს და ამიტომაც ყველაფერზე თავს გიქნევენ, ჰგონიათ, ამით უფრო შეგინარჩუნებენ, მაგრამ პირიქით გამოდის. არც ერთ ჭკვიან ადამიანს არ მოსწონს, რომ მას სულ თავს უქნევენ. სერიოზულად ვერავის შეხედავ, რაც საკმაოდ ცუდია. მე ეს შეგრძნება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა, საბედნიეროდ, ახლა არ მაქვს, დამაძლევინეს.
- არის შენს ცხოვრებაში რჩეული?
- (იღიმის) არ მინდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი, რადგანაც როცა სალომეს დავშორდი, პირველი, რაც მოხდა - როგორც კი გოგონასთან დამინახეს, უკვე ქორწილი დანიშნეს და ბავშვიც ''შემეძინა''. პოპულარობამ ზუსტად ეს გააკეთა, ამის გამო დამენგრა ერთ გოგონასთან ურთიერთობა. არ გახლავართ ჩაკეტილი, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, არაფერს ვმალავ. არც ის ურთიერთობა დავმალე და მერე გააზვიადეს, ზედმეტად გაასერიოზულეს. ამიტომაც დღეს კარგად ვარ, ზედმეტად კარგად, მაგრამ ვრცლად აღარ ვილაპარაკებ.
- შენი სფეროს წარმომადგენელია?
- სამწუხაროდ, არა. ცეკვა ეზიზღება, ვერ იტანს და არც იცოდა, ვინ ვიყავი და რას ვაკეთებდი. ადრე ვამბობდი, მოცეკვავის გარდა, ვერავის შევხედავ-მეთქი, მაგრამ შევხედე (იღიმის).
- საბოლოო ჯამში, შენი ძირითადი ურთიერთობა და სხვა დანარჩენიც, ალბათ, პოპულარობამ, მოარულმა ხმებმა დაანგრია, ყოველ შემთხვევაში, ამას ხელი შეუწყო.
- ასეა. ზედმეტად აქტუალურები ვიყავით და ჩემი თითოეული გავლა გოგონასთან აღიქმებოდა ღალატად, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ, აი, გიგი ღალატობსო. არადა, გოგონებს შორის მეგობრები მყავს და ერთ-ერთი, როცა დაქორწინებას გადავწყვეტ, ჩემი მეჯვარეც იქნება.
მეორე მხრიდან რომ შევხედოთ პოპულარობას, ცუდიც მოაქვს, მაგრამ კარგიც ბევრია. ალბათ, გააჩნია ადამიანს. მე რა პოპულარობაც მინდოდა, ის მივიღე, არც მეტი მინდა და არც ნაკლები (იღიმის). ბევრი შესაძლოა, უარყოფითად აფასებდეს, მაგრამ მე ჩემი ურთიერთობების დანგრევას კარგად მივიჩნევ, რადგან თავიდანვე უნდა იცოდე, რასთან გაქვს საქმე, ეს რომ გვიან მომხდარიყო, უფრო ცუდი იქნებოდა (იღიმის). ცხოვრების ტესტები გამოცდილებას გაძლევს და ბევრს სწავლობ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
მართალი ხარ
ძალიან კარგი წყვილი იყავით, მაგრამ როგორც ჩანს გაუფერულდა თქვენი ურთიერთობა ამდენი ხნის შეყვარებულობის მერე, იქნებ ჯობდა ადრე დაქორწინებულიყავით. P.ს. კარგი ბიჭი ხარ, ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს.
15:11 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მშვენივრად საუბრობს ბიჭი,რას ვერჩი :D
რაღაც ძაან "შეპაჩინკებულხარ" თუ დაკაცებულხარ გიგი, რა გითხრა აბა ,თავადაც არ ვიცი :))
14:55 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
keti
ოთოსა და ჯულიანას გადასაბირებლად 5 000 კი არა, 50 000-იც კი ცოტაა გიგი. ფრთილად იყავი, არ წაგართვან! შეიძლება ქვეყანაში ბევრი მაღალი დონის მოცეკვავეა, მაგრამ მათზე უკეთესი არა. ეს გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
13:03 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
სალომეს მხრიდან, დიდი მოცეკვავეების, მაგალითად, რამაზ ლაზარიშვილისა და ოთო ფოლადაშვილის წაყვანა უნდოდა, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი მოსაზრებები და ხვდებიან, ვისთან შეიძლება სწავლა და ვისთან - არა, ამიტომაც დარჩნენ-ეს რას ნიშნავს ძმობილო? სალომეს სტუდიაში წასვლა არ შეიძლება თუ რა მაფიაა?რამდენიც არ უნდა იძახო არ ვარ დაბოღმილი და გამწარებული სალომეზეო ეს ასე ჩანს!
12:30 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
123
არ უნდა გესწავლებინა ბოლომდე ხეზე ძრომა.... :)
10:11 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS