- ეს ჩემთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, აქამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებში მიმიღია მონაწილეობა. თიკო ყაჯრიშვილის
კინო, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. ''ზღვარს'' ისეთ პირობებში ვიღებდით, რომ დაფინანსება საერთოდ არ გვქონია. ჩვენი სახსრებით გადავიღეთ, ზოგი კვებით დაგვეხმარა, ზოგი - კამერით და ა.შ. ფილმი ერთ თვეში გადავიღეთ თბილისსა და ბათუმში. მე და ნათია კვაშალი ჯგუფელები ვართ, მთლიანად ჯგუფიც ძალიან გაშინაურებული ვიყავით. გაგვიადვილდა ერთად მუშაობა, მიუხედავად პირობებისა.
- შედეგით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, ხანდახან უთქვამთ, რომ ზედმეტადაც კი. პირველი იყო და ალბათ, დასაწყისისთვის არც ძალიან ცუდი.
- ქართულ კინოში სასიყვარულო ამბებს ხშირად არ იღებენ, ''ზღვარში'' ასევე არის ნარკომანიის თემაც.
- არის, მაგრამ თავადაც ნახეთ ალბათ, რომ ფილმში არაფერი არ არის დაკონკრეტებული და ამაზე აქცენტი არ გაგვიკეთებია. ვეცადეთ, განსხვავებული გამოგვსვლოდა.
- შენ და ნათია ჯგუფელები ყოფილხართ და კოცნის სცენაზე არ გეცინებოდათ?
- მსახიობი იმიტომ ხარ, რომ ყველა როლი მოირგო და განასახიერო. ჩვენ ფილმში ისეთი სცენები არც გვქონია, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდნილიყავით. კოცნის სცენაზე რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა, ნათია ყვიროდა, არ შემიძლიაო, გვეცინებოდა, რასაკვირველია, მაგრამ ამ სცენით არ დავთრგუნულვართ, არ დავძაბულვართ, იუმორში უფრო გადადიოდა.
- როგორ ფიქრობ, რადგან შეყვარებულებს თამაშობთ, ჭორები ხომ არ გაჩნდება?
- არა მგონია. არ ვიცი, უცხო რას იფიქრებს, მაგრამ ვინც მე და ნათიას გვიცნობს, არაფერს იფიქრებს, რადგან იციან, როგორ ვმეგობრობთ. საერთოდ არ მიფიქრია, რომ ამას ვინმე იტყოდა.
- ყველაზე რთული სცენა რომელი იყო?
- ჩემთვის ფინალური სცენა იყო ყველაზე რთული. როდესაც ტრაგიკულ ამბავს მეუბნებიან... არ გავამხელ, რაზეა საუბარი. იქ ჩანს მხოლოდ, ხელებს როგორ ვიფარებ და მონტაჟის შედეგად, ეს ჩაჯდა. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან მგონია, რომ ეს ეპიზოდი პატარა გამოვიდა და ჩემი შეფასება ბოლომდე არ გამოჩნდა. სახეზე ხელი იმიტომ არ ამიფარებია, რომ სახე დამემალა და მიმიკა არ გამომეჩინა. მინდოდა, ეს კადრი უფრო ემოციური ყოფილიყო, მაგრამ მაყურებლის ემოცია მაინც გამოიწვია.
- ვისი აზრი გაინტერესებს ყველაზე მეტად ამ ფილმის შესახებ?
- ჩემი პედაგოგის, გიორგი შალუტაშვილის, ფილმი ნახა და მაინტერესებს, რას მეტყვის. რასაკვირველია, მის რჩევებს გავითვალისწინებ.
- საინტერესოა, შენი გმირის მსგავსად, როდისმე თუ გქონია პრობლემა ნარკოტიკებთან?
- არა, საერთოდ არანაირი!.. თუმცა ეს ისეთი თემაა, რომ ყველამ იცის, ნანახიც მაქვს და გამიგია კიდეც. თანაც, დიდად ამ მხრივ სათამაშო არ მქონია, მაგალითად, ''ლომკა''. ერთი-ორი ეპიზოდია ასეთი. ჯვარი მწერია, რომ ნარკოტიკებზე ისე ვიყო დამოკიდებული, როგორც ჩემი გმირი ზაზა. მეორე მხრივ, პერსონაჟს რომ ასახიერებ, რაღაც საერთოს მაინც პოულობ.
- სერიალზე მინდა გკითხო, ''პარადოქსზე'', რომელიც ''ჯიდიესზე'' გადიოდა.
- ''პარადოქსი'' დაიხურა, მაგრამ არის რაღაც შანსი, რომ გაგრძელდეს. მოულოდნელად დაიხურა, რადგან ბევრი მიზეზის გამო ვეღარ მოხერხდა გადაღებების გაგრძელება. ეს ხომ საპნის ოპერა არ არის, ზომბები ''გვყავდა'' და ამ ყველაფერს გრაფიკა და ბევრი სხვა რამ სჭირდება. ახლახან ერთ-ერთ რუსულ საიტზე აღმოვაჩინეთ ''პარადოქსის'' პროფესიონალურად გახმოვანებული პირველი სეზონი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოეწონათ და დაუკავშირდნენ სერიალის შემქმნელებს, შესაძლოა, მათ დააფინანსონ და გადაღებები გაგრძელდეს.
ძალიან კი გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ განსხვავებული სერიალი იყო. იმას ჰბაძავთ და ამას ჰბაძავთო, მაგრამ რაღაც ხომ უნდა დაიწყოს და შემდეგ ნელ-ნელა განვითარდება.
- არ გაგიჭირდა თამაში, როცა გრაფიკაზე ხარ დამოკიდებული და იმ ზომბის უნდა შეგეშინდეს, რომელიც არ არსებობს.
- თავიდან სირთულეს უკავშირდებოდა, რადგან წარმოიდგინე, ზომბი ჭამს ქალს და შენ ეს უნდა შეაფასო, ამ დროს კი წინ იყურები და არც ზომბია და არც ქალი (იცინის). თავად მომწონს ეს ჟანრი, ზომბებზე ფილმები. როცა მუღამში შევედით, მაშინ დაიხურა ეს სერიალი. ბო
ლოს სერიების გაწელვა მოგვიხდა და იყო პრობლემები. იმედია, ისევ გაგრძელდება გადაღებები.
- გიორგი, მინდა გკითხო პირად ამბებზე. ახალი ხდება რაიმე?
- ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, მაგრამ მინდა, ეს თემა ძალიან დავხურო.
- რადგან მარიამისა და შენს განქორწინებაზე საკმაო ამბავი იყო ატეხილი?
- ერთხელ ვთქვი, რომ მარიამს დავშორდი, მას შემდეგ ამაზე არ მილაპარაკია. არანაირი ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს, მშვენივრად ვურთიერთობთ, რაც მთავარია, ერთმანეთს არ ვჭამთ (იღიმის). ელენე გვყავს და ჩვენც გვაქვს ურთიერთობა.
- ოფიციალურად გაშორდით?
- საბუთებით? არა. ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. დოკუმენტები ჩემთვის არაფერს წარმოადგენს.
ჩემს ცხოვრებაში არის ახალი ადამიანი, კარგად ვგრძნობთ თავს. ჩემი სფეროდან არის და მერე, თუკი საჭირო გახდება, უფრო ვრცლად მოგახსენებთ (იღიმის).
- ქალში ყველაზე დიდ ყურადღებას რას აქცევ?
- თავიდან? რა თქმა უნდა, გარეგნობას. ჯერ ხომ უნდა დავინახო, მომეწონოს და მერე გავიცნობ და გავიგებ, როგორი ადამიანია... მერე კი მომწონს კომუნიკაბელურობა, არც ზედმეტად აქტიური გოგონები მომწონს, რომ ვეღარ გააჩუმებ, ''გეტიპებიან'' და არც ძალიან მშვიდები. მოკლედ, ზომიერი გოგონები მომწონს.
- ალბათ, ამ ფილმის შემდეგ მოგიმრავლდებიან თაყვანისმცემლები. ახლა როგორაა ამ მხრივ საქმე, გწერენ?
- არ მიყვარს იმის ლაპარაკი, რომ გოგონები თავს მეხვევიან. არიან თაყვანისმცემლები. მაგალითად, გუშინ ერთმა დაწერა, შენ გამო გავაკეთე ეს ''საზიზღრობაო'', ანუ ''ფეისბუქი''. ვერ გეტყვით, რომ სახლში მივარდებიან (იცინის), რაღაც დონეზე არის ყურადღება.
- პოპულარობისთვის მზად ხარ?
- რაღაცები არ მომწონს, მაგალითად, შენი პირადული რომ აინტერესებს ყველას. ამიერიდან ჩემს პირად ამბებს საჯაროს არ გავხდი, რადგან არ არის მისაღები. მარიამს რომ დავშორდი, იმიტომ ვთქვი, რომ ამ ამბის ათასნაირი ვარიანტი მოვისმინე. ისეთი რაღაცები გავიგე, საიდან ჰყოფნით ამისი ფანტაზია, ვერ ვხვდები. არაფერს ვიტყუები, სიმართლეს ვამბობ და ვთქვი კიდევაც. ვერავის ამოვუკერავ პირს, შენ ეს არ თქვა-მეთქი, არსებობს ბოროტი და კეთილი ხალხი და იმედია, სიკეთე გაიმარჯვებს (იღიმის).
- ამბობენ, გიორგი თამაშობდა და ამიტომ დაშორდნენო.
- ალბათ, ძალიან დარწმუნებით ამბობდნენ, ალბათ, წავაგე ყველაფერი და დავალომბარდე (იცინის). აბსოლუტურად ყველაფერი გამიგია. უარესებიც... ერთადერთი, რასაც ვთამაშობ, ტოტალიზატორში საფეხბურთო მატჩებზე ვდებ მცირე თანხებს. ამას, მგონი, ნახევარი თბილისი აკეთებს. 15 წელია, ''რეალის'' აქტიური გულშემატკივარი ვარ. კაზინოში კი სულ ორჯერ ვარ ნამყოფი.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''