რამდენიმე კვირის წინ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო, ''პროფილის'' მორიგი გადაცემის ნაცვლად ეთერში ძველი, სევდიანი გადაცემა გავიდა, რომელშიც მსახიობ ლევან აბაშიძეს იხსენებდნენ. ადრეც, ციხის ცნობილი კადრების გამო ახალი სეზონის დაწყება გადაიფიქრა მაია ასათიანმა. სწორედ ამიტომ გამოიწვია გაუგებრობა მომხდარმა, ვერავინ მიხვდა, ვინ და რატომ გაუშვა მხიარული ''პროფილი'' ეთერში გლოვის კვალდაკვალ. თემაზე კომენტარი მაია ასათიანს ვთხოვეთ.
- სამწუხაროდ, ამ ტრაგიკული ინფორმაციის გაჟღერების დროს გადაცემის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი და მათ შორის ტექნიკური პერსონალიც ''პროფილის'' პავილიონში მორიგი გადაცემის ჩაწერაზე ვიმყოფებოდით. ჩვენთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი 15 წუთით გვიან გახდა, ვიდრე მთელი საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ მე და ''პროფილის'' მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ბოდიშს ვუხდით მთელ საქართველოს და მწუხარებას გამოვთქვამთ ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული ჯარისკაცების გამო.
როგორც გითხარით, 15 წუთით გვიან გავიგეთ ეს ინფორმაცია და რა წამსაც ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა, ეთერშივე შევწყვიტეთ გადაცემა. მანამდე დახურულ სივრცეში, პავილიონში ვიმყოფებოდით, სადაც სეზონის ბოლო გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა. ''პროფილი'' ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნისა და მაყურებლის გვერდით.
- სამი კვირის წინ ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გამო, ''პროფილის'' ახალი გადაცემა არ გავიდა და ძველი გადაცემა, ლევან აბაშიძის გახსენება გაუშვით.
- დიახ, მაშინ ჩავთვალეთ, რომ გადაცემის განწყობა არ შეესაბამებოდა ქვეყანაში შექმნილ ტრაგიკულ განწყობას. არ გავედით ეთერში და სეზონი არ გავხსენით, როდესაც მთელი საზოგადოება აღშფოთებული იყო ციხის მძიმე კადრების გავრცელების გამო. უბრალოდ, გუშინ დახურულ სივრცეში ვიმყოფებოდით და 15 წუთით გვიან გავიგეთ ის, რაც მთელმა საქართველომ იცოდა და ამისთვის ვიხდით ბოდიშს, იმის გამო, რაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა.
- მაია, რატომ არ შეგატყობინეს უფრო ადრე მომხდარი?
- ძალიან მცირე დროში განვითარდა მოვლენები და სწორედ ამიტომ.
- გადაცემის შეწყვეტა ან ეთერში არ გაშვება მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია და არა ტელევიზიის დირექტორის?
- ეს მოხდა დირექციასთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
- თქვენ გარეშე არ შეეძლო დირექციას მოეხსნა გადაცემა?
- ''პროფილი'' საავტორი გადაცემაა და ეს ჩვენთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. უბრალოდ, იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ ჩვენთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემდეგ ნინო შუბლაძემ დამირეკა, მითხრა, რაც მოხდა და გადაცემა მაშინვე გავწყვიტეთ. სეზონის ბოლო, საქველმოქმედო გადაცემას ვწერდით, 36 სტუმარი გვყავდა და ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ.
ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის