- პაატა, კულინარიით როდის დაინტერესდი?
- არ არის ეს გადაცემა მხოლოდ კულინარიაზე. მაყურებელს რთულ რეცეპტებს არ ვთავაზობთ. მოგვიხარშავს სოსისი, ჩაი აგვიდუღებია
- ტკბილი რომ არ შეიძლება ძაღლისთვის, ისინი ინსულინს ვერ გამოიმუშავებენ...
- მთლად ''ჩიტის რძე''არ მოგვიმზადებია, ისეთი ნამცხვარი მოვუმზადეთ, რომელიც არ არის მავნებელი მისი ჯანმრთელობისთვის... ერთი სიტყვით, ვერთობით, როცა ხელფასი იგვიანებს, ვჭამთ (იცინის).
- სახლშიც აკეთებ გემრიელ კერძებს?
- არა, მაგრამ ვიცი კარგი საჭმელების გაკეთება, უფრო ხორციან კერძებს ვამზადებ, რაც მამაკაცს ხელეწიფება. როცა ბიჭები მივდივართ სადმე, სიამოვნებით ვამზადებ მწვადს, ჩაქაფულს. ჩემთვის სულ არ ტეხავს, კაცმა გემრიელი საჭმელების კეთება რომ იცის, საერთოდ, კაცები უფრო კარგი კულინარები არიან.
- მეუღლესაც უხარია ალბათ ეს ამბავი.
- არა, მეუღლე სამზარეულოში არ მიშვებს, ყველაფერს აქეთ-იქით ვყრი და მერე თავიდან ბოლომდე დასალაგებელია ხოლმე სამზარეულო. გადაცემაში 4-5 კაცი გვეხმარება, გვირეცხავენ, გვისუფთავებენ.
- პაატა, გადაცემაში ''გააცინე და მოიგე''ხუთი ათასი ლარი მოიგე. ''რუსთავი 2''-მა თავად მიგიწვია სტუმრად?
- ამ გადაცემაში ორჯერ მიმიწვიეს, ორჯერვე უარი ვთქი. სიმართალე გითხრათ, ვნერვიულობდი, მაყურებელი იუმორის კუთხით მიცნობს, ვფიქრობდი, რომ ვერ გავაცინო ესენი, ხომ დამენგრევა მთელი კარიერა-მეთქი (იღიმება). ბოლოს, ''რუსთავი 2''ოცი წლის რომ გახდა, თანამშრომლები მიგვიწვიეს გადაცემაში, თან არხის დირექტორი იჯდა ჟიურიში, ვეღარ ვთქვი უარი. ჩემგან ყველა ანეკდოტს ელოდებოდა ან ამბავს, რომელიც რეალურად გადამხდა თავს, ყველა გადაცემაში ამას მთხოვენ ხოლმე. ამიტომ აქ შევეცადე, განსხვავებული ვყოფილიყავი. მოვიფიქრე იდიოტური, არარსებული ისტორია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ''რუსთავი 2''-ის მოსმენებსა და ინტრიგებთან და მოვყევი. მოვყევი რა, ვინ მომაყოლა. პირველივე წინადადებაზე კვდებოდნენ სიცილით.
- ახლა მაინც მოგვიყევი?
- მოსაყოლი არაფერია, ხომ გითხარი, არარსებული ამბავია, გზადაგზა ვიგონებდი. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მეტყობოდა კიდეც. მეშინოდა, ზედმეტი არ მომსვლოდა, არ გადამემლაშებინა. მერე რომ ვნახე, ამ იდიოტობაზე იცინოდნენ, გავთამამდი. ერთი წუთი არ იყო გასული, ათასი ლარი რომ მოვიგე.
- მე, გვარო (გვარამია), ფანჯო (ფანჯიკიძე) ვსხედვართ გვარამიას კაბინეტში, - აი, ამ ფრაზით მოიგე ათასი ლარი.
- გვარამია აზარტული ჩანს, გაუტყდა, ამ სისულელით ათასი ლარი რომ მიმქონდა და მოლაპარაკება აწარმოა ჩემთან, კიდევ ერთ წუთს მოგცემ, თუ გაგვაცინებ, ხუთი ათასი შენია, თუ არადა, ათასსაც კარგავო. ნიკას არც ვიცნობ ისე, როგორც, მაგალითად, თეატრში რობერტ სტურუას. თეატრში ვსვამთ ერთად და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ნიკას სულ ორჯერ შევხვდი, რაც არხის დირექტორად დაინიშნა. პირველად რომ დაინიშნა, მაშინ კაბინეტში შევხვდით, რადგან მაინტერესებდა, რჩებოდა თუ არა ჩემი პროექტი არხზე და მეორედ - ამ გადაცემაში.
- რატომ წახვედი რისკზე, ხომ შეიძლებოდა, ის ათასი ლარიც დაგეკარგა?
- უხერხული იყო, რომ არ დავთანხმებოდი. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რასაც მოვიგებდი, იმით გაჭირვებულებს დავხმარებოდი. ''კომედი შოუს''ორ სცენარისტთან გავტესტე ჩემი ხუმრობა, დამეხმარნენ ბიჭები და რომ მოვიგე, მათაც ვაჩუქე 500-500 ლარი. მოკლედ, ისეთი მეცენატობა ჩავიდინე, ლამის კენჭი ვიყარე (იცინის). მალხაზიშვილს პურის საცხობი ქვაბი ვაჩუქე. მერე ისეთი კომენტარები წავიკითხე, პირი დამრჩა ღია, ჩაწყობილი იყოო, წერდნენ. ვინც მე მიცნობს, ზუსტად იცის, ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ხელფასს არ მიმატებს კაცი, ხუთი ათას ლარს მომაგებინებდა (იცინის)?
- გადაცემაში თქვი, რომ 2500 ლარს წყნეთის ბავშვთა სახლს გადაურიცხავდი.
- ასე ვთქვი, მაგრამ შემდეგ გავარკვიეთ, რომ უსახსრობის გამო ეს სახლი გაუქმდა. მერე გიორგი ვარდოსანიძემ მითხრა, ბერი ანდრიას სახელობის ფონდი არსებობს, სადაც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებიან, ამ ფონდის მზრუნველობის ქვეშ ბავშვები მეტნი არიან და იმათ დაეხმარეო. მივედით ამ სახლში, ვნახეთ ბავშვები და მივიტანეთ ეს თანხა. სახლში წავიღე ათას ხუთასი ლარი.
- ყველგან ანეკდოტის მოყოლას რადგან გთხოვენ, ერთი ჩვენც მოგვიყევი.
- ერთ-ერთ რეიტინგულს მოგიყვებით მაშინ. მიხოს მეზობლის ბიჭი ეძახის, მამამ გამომაგზავნა, თქვენი ქალიშვილის ხელი უნდა გთხოვოთო. რათა, თავისი არა აქვსო, ჰკითხა მიხომ. როგორ არა, აქვს, მაგრამ დაეღალაო.
- თეატრში რა ხდება?
- რომელში, რუსთაველის თუ თელავის?
- ორივე გვაინტერესებს.
- რუსთაველის თეატრში ხელმძღვანელობას პატიოსნად ვემორჩილები, თელავის თეატრში - პატიოსნად მემორჩილებიან (იცინის). რუსთაველის თეატრის წარმატების შესახებ ყველამ იცის. თელავის თეატრზე მინდა ვილაპარაკო. რეგიონის თეატრები დახურვის ზღვარზე დგას. ჩვენ შევძელით, დადგმების მიხედვით რეგიონებში პირველ ადგილზე გავსულიყავით. 12 პრემიერა გვქონდა. ახლა გასტროლი გვაქვს დაგეგმილი.
- გვახსოვს, თელავის თეატრის დასს წინა დირექტორთან, დუტა სხირტლაძესთან, არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. შენთან რა ხდება ამ მხრივ?
- რა გითხრათ, ვცდილობ, რაც შემიძლია გავაკეთო, მგონი, უკმაყოფილოები არ არიან. 15 წელია, გასტროლზე არ ყოფილან და პირველივე წელს წავიყვანე. ჩემი ხელმძღვანელობის დროს მოემატათ ხელფასი, ცოტა, მაგრამ მაინც. გარემონტდა საგრიმიოროები, გათბობა გაკეთდა, ცხელი წყალი გვაქვს. არ იყო მუსიკალური გაფორმება, თეატრში ელემენტარულად მაგნიტოფონები არ არსებობდა. გავაკეთეთ მცირე სცენა. მეც ხომ მსახიობი ვარ, ხშირად საკუთარ თავს მსახიობების ადგილას ვაყენებ და მე რა პრეტენზიაც მექნებოდა ხელმძღვანელთან, იმ კუთხით ვმუშაობ. ორსაუკუნე-ნახევრის თეატრია და ერთი მსახიობის სურათი არ იყო დაკიდებული კედელზე. ახლა ნებისმიერ ჩასაფრებულ ადამიანს შეუძლია ჩამობრძანდეს და დაათვალიეროს, რა გავაკეთეთ. თელავის თეატრთან არსებული ორწლიანი სტუდია ჩამოვაყალიბეთ, ახალ თაობას ვზრდით. აქედან ზოგმა უკვე ითამაშა სპექტაკლში. ახლა ავთო ვარსიმაშვილთან ერთად ვგეგმავთ სპექტაკლის დადგმას. ავთო მიზერულ თანხაზე დამთანხმდა, ამისთვის მადლობა მას.
- პაატა, ტელეშოუებიდან შენი ორი სიმღერა მახსოვს, აღარ მღერი?
- მაგის დრო აღარ მრჩება. მეგობრების წრეში რატომაც არა. ახლა ჩემი ლექსების კრებულის გამოცემას ვაპირებ და აუცილებლად დაგპატიჟებთ. თავიდან ჩემს მეგობრებს ვუკითხავდი ხოლმე ლექსებს, ოღონდ არ ვამბობდი, ჩემი დაწერილი რომ იყო. იმ ადამიანების რიგში არ ვარ, ეგრევე პოეტებს რომ ირქმევენ. მერე რობიკო სტურუამ ჩემი და ბესო ზანგურის ლექსების დახურული ჩვენება გაგვიკეთა. ჩვენმა მეგობრებმა წაიკითხეს ჩვენი ლექსები. პირველად იქ გაიხსნა კარტები. ასე რომ, მალე გამოვა ჩემი პირველი ასი ლექსი, რომელსაც მოჰყვება სიდი, რომელშიც მე და ჩემი მეგობრები, პოპულარული მსახიობები, წავიკითხავთ ჩემს ლექსებს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''