28 ივნისი, 2014
რატომ არ აქვს ურთიერთობა მაია ყარყარაშვილს სოფო სააკაშვილის მამასთან
ჩემთვის გული უბრალოდ კუნთია, გული ვერაფერს გეტყვის, ყველაფერი თავიდან მოდის, გონებიდან. წინა ორშაბათს ''X ფაქტორის'' მორიგ ტურზე სტეფანეს გადაწყვეტილებამ სოფო სააკაშვილთან დაკავშირებით შოკში ჩააგდო მაყურებელიც და დანარჩენი მენტორებიც. მან მაყურებელს უთხრა ''ბრავო'' და თავისი ხმა აკესა და ანას მისცა. მენტორები ბოლო მომენტამდე მოუწოდებდნენ სტეფანეს, შეეცვალა გადაწყვეტილება და ბოლოს ასეც მოხდა, პროექტში სოფო დარჩა. რას გრძნობდა ამ დროს თავად კონკურსანტი და მისი დედა, მომღერალი მაია ყარყარაშვილი , ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. დედა-შვილს შინ ვესტუმრეთ.

მაია:
- დარბაზში
თითოეული მონაწილის გამოსვლის მერე ხმაურია. მენტორების ხმა ფაქტობრივად არ ისმის. თავიდან ვერაფერს მივხვდი. გავიგე ის, რომ სტეფანემ აკესა და ანას მისცა ხმა. უცებ გავბრაზდი ყველაფერზე. სულ ვამბობ, რა დღეში ჩამაგდო სოფომ, არ შემიძლია ეს კონკურსის ციებ-ცხელება. მეგობრები მეკითხებიან, როგორ გაიმეტე შვილიო. მე არ გამიმეტებია, თვითონ გაიმეტა თავიც და მეც ამ ნერვიულობისთვის. მინიმუმ თითო კილოგრამი მაკლდება თითო ტურზე, რა მდგომარეობაც უნდა იყოს, დგას თუ არა აუტსაიდერებში.
- გული არ დაგწყდა, სტეფანემ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო?
- იმ წუთას თვალთ დამიბნელდა, თვალწინ შენელებული კადრები მიდიოდა. იმდენ ხანს გრძელდებოდა ეს ყველაფერი, თავი ფილმში მეგონა. სოფოს რომ უთხრეს, შენი ადგილი დაიკავეო, მერე მივხვდი, რომ პროექტში დარჩა. მგონი, თვითონაც მაშინ მიხვდა. გვიან მივხვდი იმასაც, რატომ გააკეთა ეს სტეფანემ. სწორად გამიგეთ, მასაც ამოუვიდა ყელში, დაიღალა ამდენი ბრალდებით. ხალხი ათას სისულელეს წერს, რომ სტეფანე სოფოს ნათლიაა. სოფოს ნათლია რუსა მორჩილაძეა. ამბობენ, რომ სტეფანე სოფოს ჩემთან მეგობრობის გამო უჭერს მხარს. რა სისულელეა, ვისაც სმენა აქვს, ის არ იტყვის, რომ სოფოს ვინმესთან რამე ჩასაწყობი აქვს. ასე რომ ყოფილიყო, რატომ ვანერვიულებდი ჩემს შვილს, უმეტესად აუტსაიდერებშია.
იმ დღეს თითქოს გული მიგრძნობდა, რაღაც ცუდი რომ უნდა მომხდარიყო. სოფო დილიდან რეპეტიციაზე იყო და არც კი დამირეკავს. ზოგადად, ორშაბათობით არ ვურეკავ ხოლმე, მგონია, რომ დროს ვართმევ. იმ დღეს გიჟივით ვიყავი. მესმის, რომ ეს კონკურსია. მინდა, ყველაფრისთვის მზად ვიყო, ყველა ორშაბათს ვცდილობ, ფსიქოლოგიურად ისე მოვემზადო, დავუშვა ისიც, რომ შემდეგ ორშაბათს სოფო აღარ იდგება ''X ფაქტორის'' სცენაზე.
- გიორგი გაბუნიამ თქვა, სოფოს სიმღერა მაყურებლის გულამდე არ მიდისო. შენ თუ მოგწონს სტეფანეს შერჩეული სიმღერები?
- როგორც მუსიკოსს, სტეფანეს ძალიან ვენდობი, გემოვნებიანია. ჯერ არ ყოფილა სიმღერა, რომელიც არ მომწონებია. უბრალოდ, საზოგადოებას უნდა, მოისმინოს ის სიმღერა, რომელიც უკვე მოსმენილი აქვს, გამჯდარი აქვს ყურში. სიახლეს არ იღებს, ან რთულად იღებს. ამიტომ არ ვიცი, რამდენი ხნის მერე მივა სოფოს სიმღერები სწორად მსმენელამდე.
- მაგრამ თქვენ შედეგი ახლა გჭირდებათ.
- გასაგებია, ვინაიდან საქართველოში ვცხოვრობთ, მუსიკა მაყურებლის გემოვნებას უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ უიტნი ჰიუსტონს და მაიკლ ჯექსონს ბევრი არ აღიარებდა. ისე არ გამიგოთ, რომ ჩემს შვილს მათ ვადარებ, ღმერთმა დამიფაროს ამ ამბიციისგან, ზოგადად ვამბობ. ასეა, ყველას ვერ მოეწონები, ყველას ვერ მოერგები. მასაზე რაღაცების გათვლა შეიძლება, მაგრამ მე არ მომწონს მასის გემოვნება. საერთოდ არ მომწონს, როცა ზარებითა და გზავნილებით ფასდება მუსიკალურობა.
- სოფო, დედა ორშაბათობით არ გაწუხებს, ზოგადად ზედმეტად ყურადღებიანი დედაა?
- არასდროს, არც ერთ ასაკში არ მქონია არსად წასვლის პრობლემა, ყველგან მიშვებს, მაგრამ მერე ყოველ ორ საათში მირეკავს. ვეუბნები, თუ მიშვებ, დამასვენე-მეთქი (იცინის). თავიდანვე დამოუკიდებლად გამზარდა. შეიძლება, დაუჯერებელიც იყოს თქვენთვის, მაგრამ საგამოცდო პერიოდში მასწავლებლებს თავად ვარჩევდი, ვუთანხმდებოდი და მერე ვემზადებოდი. დედა ბევრს არც იცნობს. მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფდა ჩემს სწავლას.
- ამას წინათ ''პროფილში'' თქვი, მომავალი პრეზიდენტი ქალი ვიქნებიო.
- (იცინის) ამ გადაცემის მერე წამოვიდა გზავნილები ''ფეისბუქზე'', ერთიც გვეყოფა, შენღა გვაკლდიო, მაგრამ ამ ადამიანებს იმედი უნდა გავუცრუო, ვიხუმრე. სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე კი ვსწავლობ, მაგრამ არ არის გამორიცხული, მომავალში პროფესია შევიცვალო. მთელი ცხოვრება საქართველოში დარჩენას არ ვაპირებ, ამერიკაში ხელოვნება ფასდება.
- სოფო, მამაშენმა სტეფანეს კედელზე დაწერა, რომ მის ადგილას გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა.
- მამაჩემმა დამირეკა ამ ტურის შემდეგ, რა გინდა, რას მერჩი, რატომ მანერვიულებო, მითხრა. ემოციებში იყო. მისი პოსტიც ემოციური იქნებოდა, არ მინახავს. მამაჩემი კონცერტებზეც ვერ მოდის, იმდენად ნერვიულობს. ამ სიტუაციამ ისე დამძაბა, მასულიერებდნენო, მითხრა.
- შენ ძლიერი აღმოჩნდი...
- ჰო, მე ძლიერი ვარ, თან მივეჩვიე აუტსაიდერობას, სულ იქ ვდგავარ. თავიდანვე მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, უარყოფითი კომენტარებისთვისაც. მწერენ თამუნას, მარის, ახლა აკესა და ანას ფანები, შე უნამუსო, როდემდე უნდა იდგე მანდ, არ გრცხვენია, შენს ადგილას თვითონ დავტოვებდი პროექტსო. ჩემზე ეს გავლენას არ ახდენს. მათი აგრესიაც მესმის გარკვეულწილად. ალბათ ჩემი გულშემატკივარიც გაბრაზდებოდა, მე რომ დამეტოვებინა პროექტი, მაგრამ მე მართლა არაფერ შუაში ვარ.
- მაია, ალბათ სოფოს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. გიყვება თავის ამბებს?
- რა თქმა უნდა. რჩევებს ვაძლევ, ჩემს თაყვანისმცემლებზე ვუყვები, შედარებებს ვაკეთებთ. სულ მეუბნება, მაშინ სხვა დრო იყოო. მე ვუხსნი, რომ დრო არაფერ შუაშია და ადამიანის ფსიქოლოგია არ იცვლება.
სოფო:
- იცვლება. ბიჭები აქტიურები აღარ არიან. გოგონებისგან მოითხოვენ ამას. ეს გოგონების ბრალია. მათ გააფუჭეს ბიჭები. მე აქტიურობა არ შემიძლია.
- რაც უნდა გიყვარდეს?
- სიყვარული ყველასთვის ინდივიდუალურია, ჩემთვისაც. რომ გითხრათ, გული მტკივა სიყვარულის გამო-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემთვის გული უბრალოდ კუნთია, გული ვერაფერს გეტყვის, ყველაფერი თავიდან მოდის, გონებიდან. ბავშვობაში ალბათ ტვინი ამტკიებია გარკვეული გატაცების გამო, მაგრამ ახლა აღარც მახსოვს. სიყვარულზე ბევრი ფსიქოლოგის მოსაზრება წამიკითხავს. მეცნიერები ასე ხსნიან სიყვარულს, ამ დროს ტვინში ხდება დარტყმა და ეს შოკური მდგომარეობა ოთხი წლის განმავლობაში გრძელდება. მერე ნელ-ნელა გადის.
- ზოგი ოთხი წლის განმავლობაში ხუთჯერ ვარდება შოკში...
- მაგას მე სიყვარულს ვერ დავარქმევ, ასე ხშირად ვერ ვვარდები შოკში, მგონი, ჯერ არც ჩავვარდნილვარ.
- სტერეოტიპი გაქვს, როგორმა ბიჭმა შეიძლება ჩაგაგდოს შოკში?
- გარეგნობა კარგი უნდა ჰქონდეს, ამას ყურადღებას ვაქცევ. გონებრივად გახსნილი უნდა იყოს, სხვადასხვა თემაზე რომ ვესაუბრო, ყურადღებიანი, აქტიური. არ უნდა ეძინოს, მე ვერ გავაღვიძებ (იცინის).
მაია:
- დღევანდელმა თაობამ, ჩვენი თაობისგან განსხვავებით, ზუსტად იცის რა უნდა. თუმცა მე ეს ყოველთვის ვიცოდი და ამიტომაც ვიყავი ალბათ სხვებზე წინ გონებრივად. თუნდაც ადამიანთან ურთიერთობა ავიღოთ, თუ ვწყვეტ მასთან კონტაქტს, ზუსტად ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას და წარსულს აღარ ვუბრუნდები. წარსულში დაბრუნება ყველაზე დიდი შტერობაა. წლობით დაშორებული ოჯახების აღდგენაც არ მესმის.
- არასდროს გიცდია დანგრეული ოჯახის აღდგენა?
- არასდროს. დაშორებული ცოლ-ქმრის მეგობრობისაც არ მესმის. ყოფილ ქმართან როგორ უნდა იმეგობრო? შეიძლება, იკონტაქტო ბავშვის გამო, მაგრამ მეგობრობა გამორიცხულია. მართალი რომ გითხრათ, მამუკასთან ურთიერთობა არც დამჭირვებია. სოფო იმდენად ჭკვიანი და დამოუკიდებელია, ისე განვითარდა ტექნიკა, კომუნიკაცია, თავად აგვარებს ამ საკითხებს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS