ჟურნალისტ ვახო სანაიას ''ფეისბუქზე'' მთავარ ფოტოდ ბრაზილიის გუნდი ჰყავს შერჩეული. ფოტოს მეგობრების კომენტარები ახლავს,
- ვახო, ვის გულშემატკივრობ? მთავარი ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, ბრაზილიის გამარჯვება უნდა გსურდეს.
- სწორად მიხვდი, ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ.
- იტალიას რატომ ''უღალატე''?
- ''იუვენტუსს'' ვგულშემატკივრობ, იტალიური კლუბია, ამიტომ ალბათ ბევრს ეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც იტალიას ვუგულშემატკივრებდი.
ჟურნალისტ თეა სიჭინავას ''ფეისბუქზე'' გაკეთებული სტატუსებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა თამაშს უყურებს და აშკარაა, ფეხბურთი ძალიან უყვარს.
- ახლაც და 1990 წლის შემდეგ ვარ იტალიის გულშემატკივარი, ოღონდ არა იმ მიზეზით, რაც პოპულარულია (იცინის). ვგულისხმობ იმას, რომ გოგონები ძირითადად იტალიის ნაკრების გულშემატკივრები არიან. არ ვმალავ და ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს და კარგადაც მესმის. თუ მკითხავთ, რატომ ვარ იტალიის გულშემატკივარი, მხოლოდ იმის ახსნა შემიძლია, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იტალიაში ტარდებოდა, ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა რობერტო ბაჯოს თამაშმა, ამის შემდეგ მივიჩნევი იტალიის ნაკრების გულშემატკივრად. ხოლო მათ, ვისაც არ მოსწონს იტალიის ნაკრების თამაში - ვგულისხმობ დაცვით ტაქტიკას, უბრალოდ ვეტყვი, რომ წლევანდელი ჩემპიონატი საუკეთესო მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, რა ცუდ დღეშია გუნდი, რომელსაც სუსტი დაცვა ჰყავს. ფეხბურთი მხოლოდ თავდასხმა არ არის. კარგი დაცვა წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია.
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას სოციალური ქსელის სტატუსებში საერთოდ არ ჩანს, რომ ჩემპიონატს თვალს ადევნებს. მასთან საუბარში ჩემი ვარაუდი დადასტურდა. ინგამ მოკლედ მიპასუხა.
- ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ ახლა არჩევნებმა ჩამყლაპა.
მომღერალი ზურა ხაჩიძე ბრაზილიისა და ჰოლანდიის გულშემატკივარია.
- ჯერჯერობით რა თამაშებიც იყო, იქიდან გამომდინარე ჰოლანდიისა და ბრაზილიის თამაშები მომეწონა. ამ გუნდებს ვგულშემატკივრობ.
- იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, ფეხბურთის გამო ბევრი არ მოვიდა არჩევნებზეო. იყავი არჩევნებზე?
- ვიყავი და მეც ვეთანხმები თეა წულუკიანს, რომ ეს ძალიან ცუდი ფაქტია.
- ანუ ფიქრობ, რომ არჩევნებზე არმისვლის მიზეზი მართლა მსოფლიო ჩემპიონატი იყო?
- არჩევნებზე არწასვლა გაუმართლებელია. მაგრამ ამას მარტო ფეხბურთს ვერ დავაბრალებთ.
პოეტი ირაკლი გაფრინდაშვილი არჩევანს იტალიაზე აკეთებს.
- შენი პროგნოზით, იტალია გაიმარჯვებს?
- რა თქმა უნდა.
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი:
- არ ვუყურებ ფეხბურთს. არ მცალია. ახალი პროექტებისთვის ვემზადები.
- ე.ი. ფეხბურთი არ გიყვარს?
- მიყვარს ფეხბურთი და როცა დრო მაქვს, ვუყურებ, თუმცა სტადიონზე უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''