- პირველად პოპულარობა ალბათ, ბავშვობაში იგრძენი მძაფრად.
- სკოლაში ვიგრძენი, ჩემი კლიპის მეორე დღიდან ყველა მე მიყურებდა, ლაპარაკობდნენ. მაშინ იყო ათასი მუსიკალური გადაცემა, სადაც კვირაობით, თვეების განმავლობაში პირველ ადგილს ვიკავებდი, სპორტის სასახლე ივსებოდა კონცერტებზე, მერე იყო დუეტები დათო ხუჯაძესთან, უცნობთან
სკოლა და სახლი ახლოს იყო ერთმანეთთან და გზაში ყველა მე მიყურებდა ხოლმე. ჩემი კლასელები მეკითხებოდნენ, როგორ არ კომპლექსდებიო, მაგრამ ამას ისე ვიყავი მიჩვეული, თითქოს ვეღარც ვამჩნევდი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან კარგად ავითვისე შორიდანაც კი იმის გარჩევა, ტუჩების მოძრაობით, რას ამბობდნენ ჩემზე და დღემდე ასე ვარ. ასევე გამახვილებული მაქვს სმენა და შემიძლია, ბევრი რამ გავიგო მეტრების სიშორეზეც კი. ამიტომ უამრავჯერ გამიგია, რაც ჩემზე ზურგს უკან უთქვამთ, კარგიც და ცუდიც, ჩურჩულის დროსაც კი მესმის ხოლმე. მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს, შესაძლოა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ მოვწონვარ. მე ყველა მიყვარს და ცუდს იშვიათად ვამბობ ვინმეზე.
- ანუ პოპულარობამ ეს გასწავლა.
- ასევე ისიც, რომ ნაკლებად ვჭორაობ, ვიცავ ყველა ცნობილ ადამიანს იმისგან, რასაც მათზე ამბობენ. ჩემზეც ბევრჯერ უთქვამთ სისულელე, სხვადასხვა ჟანრის ჭორი გამიგია (იღიმის). ამ ბოლო დროს ხშირად მათხოვებენ, ხან შეყვარებული მყავს, ხან ვისთან დავდივარ, ხან – ვისთან.
- ეს ჭორებია მხოლოდ და მხოლოდ?
- კი, რა თქმა უნდა, მეგობარზე, სტილისტზე გამათხოვეს.
- არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან პოპულარული გოგო ხარ და აღარ ხარ გათხოვილი.
- ასეა, მაგრამ არსებობენ ჟურნალისტების ამოჩემებული ადამიანები. მედია ხშირად იქექება ჩემს პირად ცხოვრებაში. არიან სხვა ცნობილი ადამიანებიც, მაგრამ მათი პირადი არ აინტერესებთ. შესაძლოა, ეს რაღაც პროცენტით დადებითის მომტანიც არის, რადგან აქტუალურობა ნებისმიერი პოპულარული ადამიანისთვის კარგია, მეორე მხრივ, მირჩევნია, ყურადღების ცენტრში ვიყო შემოქმედების თვალსაზრისით.
- თუმცა ამისთვის შემოქმედების კუთხით უფრო აქტიური უნდა იყო, ვიდრე დღეს ხარ.
- უამრავი რამ მაქვს გაკეთებული, მაგრამ ხალხიც არ ინტერესდება. ნაკლებად აქვთ სურვილი, რომ ქართველ მომღერლებს მოუსმინონ, კონცერტებიც არ არის, ამიტომაც ყველა ჭორებზეა გადართული.
- შენი პირადი ცხოვრების მიმართ როდის წამოვიდა ინტერესი?
- გათხოვებამდე, როდესაც ბექასთან დავიწყე სიარული და გაიგეს, რომ მყავდა შეყვარებული.
- პოპულარობამ ცუდად იმოქმედა ურთიერთობაზე თუ დადებითად?
- ცოლქმრობის პერიოდში თითქმის არანაირი ჭორი არ ყოფილა. ცუდად იმოქმედა იმ მხრივ, რომ დაშორების შემდეგ ძალიან გაიქექა ჩემი და ბექას დაშორების მიზეზები, ის, რაშიც თვითონაც არ მინდოდა გარკვევა, ჟურნალისტებმა გაარკვიეს და გული მატკინეს. არ მინდოდა, რომ ამ საკითხში მთელი თბილისი და საქართველო ჩარეულიყო. ამიტომაც არის ალბათ ხალხის კომენტარები, შერიგდით, შერიგდითო, არადა, სამი წელი გავიდა ჩვენი დაშორებიდან და ეს ამბავიც დასრულდა. ეს ხელს მიშლის ჩემი პირადის აწყობაში და ბექასაც ძალიან უშლის ხელს. 23 წლის ვარ მე, 24-ის - ბექა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამაზე ლაპარაკი. ვთქვათ, ახალი რაღაც გავაკეთე, კლიპი ან სიმღერა, ან პროექტში ვმონაწილეობ, ყველა სტატიის სათაური მაინც ბექას უკავშირდება. თიკამ ახალი სიმღერა ჩაწერა, მიუძღვნა თუ არა ბექა ხოფერიას, თიკა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''მონაწილეობს, გულშემატკივრობს თუ არა ბექა და ა.შ.
- პოპულარობის დადებითი მხარეების შესახებაც გვითხარი. რა სარგებელი მოაქვს ამას საქართველოში?
- რასაკვირველია, არის უამრავი დადებითიც - უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ ხალხისგან, ერთი კონცერტი რომ გამოჩნდება ხოლმე წელიწადში ერთხელ, ბავშვები რომ მოცვივდებიან და ავტოგრაფს გართმევენ, უამრავი აპლოდისმენტი გესმის, აქვს ასევე ის პლუსი, რომ გაქვს სახელი, ხარ თიკა ჯამბურია, რაც ბევრს ნიშნავს. ჩემი სახელით კარგადაც და ცუდადაც უამრავჯერ მისარგებლია. არსებობს საზოგადოება, სადაც სახელს იმკვიდრებ ამ შენი პოპულარობით, არ არსებობს მაღაზია, სადაც ღიმილით არ შეგხვდებიან და ადგილი, სადაც ვერ შეხვალ. სწავლის მხრივ მინუსიც ჰქონდა და პლუსიც, შესაძლოა, პოპულარობა დაგეხმაროს, შეიძლება, ხელი შეგიშალოს. ჩემ შემთხვევაში ორივე იყო - თეატრალურში რომ ვაბარებდი, არ სჭირდებოდათ ცნობილი გარეგნობა, რომელიც მსახიობი გახდებოდა, მეორე მხრივ, უნდოდათ სტუდენტი, რომელსაც სიმღერა შეეძლებოდა და კარგი გარეგნობა ექნებოდა, სცენაზე ისე იგრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში.
- ფასს გიმატებენ თუ გიკლებენ ხოლმე მაღაზიებში?
- ყველანაირად ხდება. შესაძლოა, ტაქსისტმა გიცნოს და მეტი გამოგართვას. ალბათ, არსებობს კატეგორია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველა ცნობილი ადამიანი მილიონერია.
- ფინანსური სარგებელი თუ მოუტანია შენთვის პოპულარობას?
- ფულს ვშოულობდი მაშინ, როდესაც ქართული შოუბიზნესი არსებობდა. დღე არ გავიდოდა, რომ კონცერტი არ მქონოდა, ზოგჯერ ორი-სამი დღეში. მაშინ მამაჩემი შეძლებული ადამიანი იყო და კარგი სახელიც ჰქონდა, მაგრამ იმ დროს, 12 წლის ასაკში, არ მჭირდებოდა მისი დახმარება ფინანსური თვალსაზრისით. რასაც ამ საქმეში ვდებდი, უკან ვიღებდი.
- რამდენს იღებდი თითო სიმღერაში?
- 200 დოლარს თითო სიმღერაში, მაგრამ ზოგჯერ მეტსაც ვიღებდი. მახსოვს, ქუთაისში ახალ წელს ვიმღერე და 5000 ლარი ავიღე, რაც იმ დროს ძალიან დიდ ფულად მიიჩნეოდა. მაშინ ხალხს უნდოდა ქართული სიმღერის მოსმენა. ახლა კი მოდაში შემოვიდა მიდგომა, თუკი ქართულ სიმღერას უსმენ, გოიმი ხარ და ეს გააკეთა ქართულმა ''კომედი შოუებმა''. მათგან წამოვიდა ქართველი მომღერლების დაცინვა, რაც ყველამ აიტაცა. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, მეორე კი ის, რომ ქვეყანას ბევრი პრობლემა შეექმნა, ზოგიერთი მომღერალი უცხოეთში წავიდა და ა.შ.
- დღეს თუ გაქვს რაიმე შემოსავალი ამ საქმით?
- არა, საერთოდ, წელიწადში ექვსი კონცერტი შემოსავლად არ მიიჩნევა, ეს ალბათ უფრო დამატებითი შემოსავალია. მით უმეტეს, ახლა საერთოდ მძიმე სიტუაციაა. ადრე არჩევნებს და ახალ წელს მაინც ველოდებოდით, ახლა ასეთ დროსაც აღარ არის კონცერტები (იღიმის).
- იმედგაცრუებული ხარ ''ქართული ოცნებით'', რომელსაც მხარს უჭერდი?
- მეგონა, რომ ახალი მთავრობა უფრო მეტად მიხედავდა იმ მომღერლებს, რომლებმაც ნაციონალების შეთავაზებულ მაღალ ჰონორარებზე უარი თქვეს, გამოვიდნენ და საკუთარი აზრი დააფიქსირეს. მეგონა, რომ ისინი უფრო მეტად დაფასდებოდნენ და ზოგადად, სისტემა დამკვიდრდებოდა. ვიცნობ ბევრ მომღერალს, რომელსაც მართლა ძალიან უჭირს ფინანსურად. სულ მწყინს, როცა ამბობენ, თქვენი ბრალია, რომ არაფერს აკეთებთო. რით უნდა გააკეთოს სიმღერა, გადაიღოს კლიპი მომღერალმა, რომელსაც ოჯახი ჰყავს შესანახი, არანაირი შემოსავალი არ აქვს და მის კლიპს არსად დაატრიალებენ. რატომ უნდა დახარჯო ასეთი დიდი თანხები?!. უაზრობაა.
- შენ მაინც აგრძელებ ამ სფეროში მუშაობას?
- ბოლომდე იმედი არ გადამწურვია და ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ქვეყანაში ყველაფერი დალაგდეს, მათ შორის, ეს სფეროც.
- პოპულარობის სხვა მხარეებს რომ დავუბრუნდეთ, შენი გარეგნობის მიმართ გადამეტებული ყურადღება გამოიჩინეს. ''ცეკვების''დროს იყო შენიშვნები შენი ვიზუალის შესახებ, არადა, ახლა საკმაოდ გამხდარი ხარ.
- არასდროს მიფიქრია, რომ კატასტროფული წონის ვიყავი, გარდა იმ მომენტისა, როცა სამშობიაროში მიმიყვანეს. ვფიქრობ, ქართველ ხალხს ერთმანეთის მიმართ სხვანაირი მიდგომა აქვს, რაც ძალიან ცუდია. ''ცეკვებში''სპეციალურად გამოვედი, რომ ქართველი გოგონების 80%-ისთვის, ვინც ჭარბწონიანია, სტიმული მიმეცა. არავის დაუდგენია, რომ ჭარბწონიან ადამიანს ცეკვა და სიმღერა არ შეუძლია. საერთოდ არ არის საჭირო, იყო კახექსიურად გამხდარი, რომ იცეკვო. მაყურებლის თვალწინ წონაშიც დავიკელი.
გული მტკიოდა, რომ ამხელა ამბავი მოჰყვა ჩემს წონასა და დეკოლტეს. მამაჩემი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი მოსწონს, მაგრამ დეკოლტეს ისიც კი არ გაუღიზიანებია და მთელი საქართველო, სადაც უნდა მივსულიყავი, ამას არჩევდა. ბევრს უთქვამს, ცხოვრებაში რა გამხდარი ყოფილხარო და ესეც მაღიზიანებდა. ''ცეკვავე ვარსკვლავებში''ვმონაწილეობდი იმიტომაც, რომ რეიტინგული შოუა და აქტუალური ვიქნებოდი, ხალხი გამიხსენებდა, სხვა კუთხით გამიცნობდა. ძალიან ბევრი ახალი თაყვანისმცემელი შევიძინე და კმაყოფილი ვარ. წონაზე თავიდან არ ვნერვიულობდი, მაგრამ ბოლოს მქონდა აგრესია, ნუღა ამბობენ-მეთქი. საბოლოოდ კი საკმაოდ კარგად დავიკელი.
- თიკა, როდისმე თუ გიგრძნია, რომ ვინმე შენი თაყვანისმცემელი პოპულარობის გამო გამხდარა?
- ვთქვათ, კლუბში ყოფნისას ბიჭების მხრიდან ყურადღება არ მაკლია. შესაძლოა, თიკა რომ არ ვიყო, ნაკლები ყურადღება გამოეჩინათ, მაგრამ ხშირად დაკომპლექსებულან ჩემი პოპულარობის გამო და საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ზედმეტი თვითრეკლამით იყვნენ დაკავებულნი. ბიჭები ჩემთან ურთიერთობაში საკუთარ თავს იმკვიდრებდნენ სხვა გოგონებით, ანუ მიყვებოდნენ, რამდენი გოგონა ჰყოლიათ. კაცისთვის ყოველთვის რთულია იმაზე ფიქრი, რომ გოგონაზე რაღაცით ნაკლებია. პოპულარობამ ისიც მომიტანა, რომ ადამიანებს კარგად ვცნობ და ბევრი ვიცი ურთიერთობებზე. ალბათ ამიტომაც არ მიმართლებს პირად ცხოვრებაში. დროა, სიმპათიური ბიჭებისგან ჭკვიანებზე გადავიდე (იცინის).
- დაბოლოს, გაქვს რაიმე გეგმები?
- სამსახიობო, მიუზიკლის კუთხით უცხოეთში სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ, გერმანიაში ვაპირებ გამგზავრებას, თუმცა ეს უფრო ზამთრის გეგმებია.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''