- მგონია, რომ პირველი წარმატება მქონდა ''იმედის ტალღაში'' მონაწილეობით. რა მნიშვნელობა აქვს, რა მასშტაბის კონკურსში მონაწილეობ, გამარჯვება მაინც გამარჯვებაა. როცა მხატვრობა ავირჩიე,
- როგორც მახსოვს, ამ ბარში გნახა ლელა წურწუმიამ...
- დიახ, სწორედ იქ შემოვიდა ერთხელ და მომისმინა. გავგიჟდი, ლელა რომ დავინახე, ძალიან ვინერვიულე. მენეჯერს ვეხვეწებოდი, არ ვიმღერებ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ შევასრულე ლელას საყვარელი სიმღერა მეთ ბიანკოს რეპერტუარიდან. მას მერე თვეები გავიდა და დამირეკა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომ ლელა წურწუმია ეძებდა ბექვოკალს თავისი ტურნესთვის. ლელასთან რომ მი-მიყვანა, მან მკითხა, შენ ის არ ხარ, ბარში რომ მოგისმინეო? მასთან დავიწყე ბექ-ვოკალად მუშაობა და პარალელურად, ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმომიჩინა, ჩემთან დუეტი ჩაწერა, ალექსანდრე ბა-სილაიას ერთ-ერთი სიმღერა. ის ტურნეც ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ჩემს ცხოვრებაში რაც მოხდა, თითქოს წიგნივით იყო დაწერილი.
ამის შემდეგ მაკა დაბრუნდა მოსკოვიდან, ბარში შევხვდით და გადაწყდა, რომ ერთად გვემღერა, შევქმენით დუეტი. ერთი წელი ვიმუშავეთ და მერე ლელამ გადაწყვიტა, რომ ერიკ კლაპტონის სი-მღერა უნდა ჩამეწერა, მამულიჩას მიატანინა ''იმედის ტალღაზე'' და ასე მოვხვდი ამ კონკურსზე (იღიმის). მე არ მინდოდა, მაგრამ ლელამ დამაძალა, მისი დიდი ხათრი მქონდა. მგონი, მაკას უკვე შეტანილი ჰქონდა ამ კონკურსზე თავისი ჩანაწერი.
- რატი, ალბათ, პოპულარობის გემო იურმალაში კონკურსის მოგების შემდეგ შეიგრძენი რეალურად.
- შვიდი წლიდან, ფაქტობრივად, სცენაზე ვარ. მამას ჰყავდა ანსამბლი ''მთიები'' და პოპულარობის შეგრძნება იმ დროიდან მქონია. ''ახალი ტალღის'' მოგების შემდეგ ყურადღება ამიტომაც არ გამკვირვებია. ალბათ, იმიტომაც დავრჩი იმავე ადამიანად. შეჩვეული ვიყავი სცენას. ეს ჩემთვის იყო, სამზარეულოში რომ გადიხარ, იმის ტოლფასი. ხელოვანი ადამიანი ვარ. უბრალოდ, ერთ დღეს რომ გავიღვიძე, ''ახალი ტალღის'' შემდეგ, ეს უფრო ფურორი იყო, მოდიოდა მასობრივი კომპლიმენტები და ყურადღება. სკოლაშიც, სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდშიც სიყვარული და ყურადღება არ მაკლდა, ყველას ვიცნობდი. მაშინ ამას არ ვაქცევდი ყურადღებას, სიტყვა პოპულარობა რას ნიშნავდა, არ ვიცოდი. ყველას ვიცნობდი და მიყვარდა. ახლაც არ ვიცი ამ სიტყვის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობასთან ასოცირდება.
რა არის ჩემი წარმატების ფორმულა? მინდა გითხრა, რომ საზღვარგარეთაც კი, სადმე მეორედ რომ შევდივარ, ჩემი სახელი ახსოვთ და პირდაპირ მეკითხებიან, იგივე მოგართვათო? ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს, როგორც მე ვექცევი ადამიანებს, ისეთივე საქციელით მპასუხობენ იმის მიუხედავად, მცნობენ თუ არა სახეზე. უცხოეთში კიდევ უფრო თბილად მექცევიან. საჩუქრებიც კი მაქვს საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი. ბარმენებს ხშირად გამოუგზავნიათ საჩუქრად სასმელი. მგონია, რომ ადამიანები კარგად გრძნობენ აურას. პოპულარობა და სიყვარული იქიდან მოდის, როგორი ხარ შენ.
- თავში არასდროს აგვარდნია არაფერი?
- არასდროს!.. როცა მეუბნებოდნენ ხოლმე, თავში არ აგივარდესო, ბავშვობიდან ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო. შემხვედრია ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც სცენაზე ორჯერ გამოჩენილან და ამის შემდეგ გაამაყებულან. მგონია, რომ ასეთი რამ ძირითადად მათ ემართებათ, ვისაც ნიჭის ნაკლებობა აქვს. როცა სხვა გლობალური საკითხები გაღელვებს, თავში ავარდნისთვის ვეღარ მოიცლი. ცხვირაბზუებულ სიარულსა და დაბალი ღობის ძიებაში კარგი არაფერია. ღმერთის წინაშე გეფიცები, რომ თვითტკბო-ბაში არასდროს ჩავვარდნილვარ. მე და მაკა ერთმანეთს ვეკითხებოდით, ''ახალი ტალღა'' რომ მოვიგეთ, რა მოხდაო. ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ენერგიისგან დავიცალე, იმდენ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა და მათ კომპლიმენტებზე პასუხი.
ხანდახან, როცა რესტორანში ვსხედვართ მეგობრები და დროს ვატარებთ, გარკვეულ თანხაზე ადის ანგარიში, გავიხედავ და ვიღაც იხდის ხოლმე ან საჩუქრებს გვიგზავნიან. ასე გამოხატავენ სიყვარულს და ამ დროს რა მემართება, უნდა გადამიღო (იცინის). ეს არის პატივისცემის მეგობრული გამოხატულება, რაც ძალიან სასიამოვნოა და უძვირფასესია ჩემთვის.
- არაფერია პოპულარობაში ისეთი, რაც გაწუხებს?
- ერთადერთი რამ, ეს არის ჩემი გლობალური კონტროლი. ჩემ გარშემო არის ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც არ მანახვებს, რომ ვაინტერესებ და სინამდვილეში ჩუმად არკვევს რაღაცებს. ეს კატასტროფაა. ასეთი ადამიანები ამაყად მისხედან წინ და ვიცნობ მათ. არ ვიცი, რატომ აინტერესებთ, სად და ვისთან ერთად დავდივარ. სადმე თუ ვიყავი, დედაჩემს ურეკავენ და აწვდიან ინფორმაციას. ყველაზე მთავარი დედის აზრია. რამდენჯერმე იყო ასეთი ფაქტი, არ ვიცი, კარგი უნდათ ჩემთვის? ამას წინათ კაზინოში ვიყავი და დედაჩემს დაურეკეს.
- კაზინოში აღარ დადიხარ?
- საკუთარი თავი მიყვარს და ხრამში არ გადავვარდები. ადრე ძალიან ხშირად დავდიოდი. ბოლო დროს მეგობრებთან ერთად ერთხელ წავედი და დედაჩემს რომ შეატყობინეს, არ ესიამოვნა. კაზინოში მაშინ დავდიოდი, როდესაც არ იყო საქმე, კონცერტები, თანაც, ყველა ადამიანს აქვს პრობლემა და გულის გადასაყოლებლად კარგი იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს ძალიან ცუდი რამ არის. ბევრი შემცოდე-ბია, ერთ კაცს, მაგალითად, გული წაუვიდა, მაგრამ მძიმე თემაა და არ გვინდა ამაზე საუბარი.
არა მხოლოდ დედაჩემს, არამედ მეგობრებსაც ურეკავენ სრულიად უცნობი ადამიანები და აწვდიან ინფორმაციას, სად ვჭამ საჭმელს, ვისთან ერთად დავდივარ. გაოგნებული ვარ ამით. კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებ - კლუბსა თუ რესტორანში არავის ვუნახავვარ გონებადაკარგული მთვრალი. ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა რესტორანში და მერე მივედი და ბოდიშები ვუხადე (იცინის), მაგრამ ამ ერთი შემთხვევის გარდა, სახე და მორალდაკარგულს ვერსად მნახავდით და ვერც მომავალში მნახავთ. ერთი ახლობელი მომიტრიალდა და მითხრა, გავიგე, რომ გუშინ მთვრალი ძალიან ცუდად იქცეოდი ერთ-ერთ კლუბშიო. სხვათა შორის, წვეთიც არ დამილევია, უბრალოდ, ვიჯექი და მუსიკას ვუსმენდი. აღმოჩნდა, რომ ნათესავის ბიძაშვილის ახლობელმა დარეკა და მოახსენა ამის შესახებ. ნუ, არა უშავს (იღიმის). მაგრამ ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ბოლო პერიოდში არ დაწყებულა.
გარდა ამისა, მეგობრებსაც ხშირად უთქვამთ, რომ სადღაც მსხდარან და გვერდით მაგიდაზე ულაპარაკიათ, რატი დურგლიშვილს ვიცნობ, ახლავე დავურეკავ და მოვიყვანო, ამ დროს ის ადამიანი საერთოდ არ მიცნობს. ზოგადად, ძალიან ვაფასებ ზრდილობას. ზოგჯერ ადამიანი დაგიდგება და ისეთი ტონით გეტყვის რაღაცას, რომ შეიძლება, ერთ ადგილას გაიყინო, იმსახურებ ასეთ მომართვას, შენ ხომ ზრდილობიანად ელაპარაკები? მოკლედ, არის ბევრი ასეთი დეტალი პოპულარობაში, მაგრამ ჩემთვის მაინც უმეტესად დადებითი მოაქვს, რადგან უამრავი საოცარი ადამიანი გავიცანი. როცა ცნობილი სახე ხარ, დისტანცია იხსნება, თანაც, კომუნიკაცია ნამდვილად არ მიჭირს. თუკი ვინმეს უნდა ჩემთან მეგობრობა და დავინახავ მის მიერ გამოხატულ სიყვარულს, მე ათჯერ მეტ სიყვარულს გავცემ.
- რაც თქვი, იქიდან გამომდინარე, უფრო მეტად აქცევ ყურადღებას შენს ქცევებს?
- ასაკიდან გამომდინარე, უფრო მეტად მანერები შევიცვალე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად შეცვლილი ვარ. ეს, უბრალოდ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგია. ბავშვობაში რომ წუწაობდი, კარგი იყო, მაგრამ ახლა ამას ხომ ვეღარ გააკეთებ?
ღმერთს ყოველთვის მადლობას ვწირავ, რომ აქამდე ბედნიერად ვიცხოვრე. ის, რაზეც ვოცნებობდი, ჩემთან მოვიდა. აქ მატერიალურს არ ვგულისხმობ, უფრო სულიერს. ბავშვობიდან ვოცნებობდი ასეთ ცხოვრებაზე და ადამიანები თავად ვირჩევთ ცხოვრების გზას. პატარაობიდან უფროსი მეგობრები მყავდა და მათ გულმოდგინედ ვუსმენდი, მათ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე. ბევრ სიტუაციაში უკვე პასუხი მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ უმაგრესი წრე შემხვდა სამეგობროდ.
- რატი, შენს გემოზე თუ შეგიძლია მაღაზიებში, სუპერმარკეტებში სიარული ისე, რომ, ვთქვათ, ვიღაც არ მოგაშტერდეს?
- ეს ყოველთვის არის, მაგრამ რაც შეეხება მოშტერებას, აქაც განსხვავებაა. შემიძლია შევამჩნიო ადამიანს, თუკი ცუდი თვალით მიყურებს და თვალს არ მაშორებს, შემიმჩნევია, რომ ყველა დეტალს აკვირდებიან. ამ დროს ძალიან ვითრგუნები. ას კაცში ერთი მაინც რომ მიყურებდეს, ზუსტად მას შევხედავ. ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული. ზუსტად ვიცი ხოლმე, რა უნდათ კონკრეტულ ადამიანებს ჩემგან, მაგრამ ყველაფერს რომ დეტალურად დააკვირდე, შეიძლება, ჭკუიდან გადახვიდე (იღიმის).
- პოპულარობას კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს, შეიძლება, ეჭვობდე, რომ შენთან რაღაცის გამო ურთიერთობენ.
- ფინანსურად ადამიანს ვერ მოვხიბლავ, პოპულარობითაც რანაირად უნდა მოვხიბლო?!. რა გამორჩენა უნდა ჰქონდეთ ჩემგან? თანაც, ერთი ასეთი თვისება მაქვს, კარგად ვაკვირდები ხოლმე და შემიძლია დასკვნის გამოტანა, ვისთან მაქვს ურთიერთობა. ვინც რაიმე გამორჩენას ელოდება, ასეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში ნაკლებად არიან. თუკი ვინმეს სურათის გადაღებაც კი უნდა, მეკითხებიან, დრო თუ გაქვსო. ძირითადად, მორიდებულად მთხოვენ და ძალიან საყვარლები არიან. ასეთია დიდი უმრავლესობა.
- ქალების მხრიდანაც არ გრძნობ ამას, რომ რადგან პოპულარული სახე ხარ, შენთან ურთიერთობა სურთ?
- კაცის მხრიდან ამაზე ლაპარაკი ალბათ უხერხულია. მოკლედ ვიტყვი, რომ როგორც ყველა ნორმალურ ბიჭთან, ალბათ, ჩემთანაც ასე ხდება. შევწუხებულვარ კიდეც, მაგრამ არ არის ლამაზი ამის მოყოლა.
- ჭორებზე რას იტყვი?
- საერთოდ არაფერი გამიგია ისეთი, რაც არ მესიამოვნებოდა. თუკი შენზე ლაპარაკობს ადამიანი, ქვეცნობიერად უყვარხარ, ანუ მისთვის სულ ერთი არ ხარ.
- პოპულარობამ ფული თუ მოგიტანა?
- ფინანსურ მდგომარეობაზე არასდროს ვწუწუნებ, დღეს თუ ორი ლარი მაქვს, იმით გავიტან თავს, ხვალ ასი მექნება და ასს დავხარჯავ. რასაკვირველია, ფული საჭიროა, რომ მშიერი არ მოკვდე, მაგრამ შემიძლია, რაც მაქვს, ის ვიმყოფინო.
ჟურნალი ''რეიტინგი''
ნინო მურღულია