ნინა აქამდე პრესასთან ურთიერთობას ერიდებოდა. მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ტელეშოუში, სადაც თავის დაქორწინებაზე ისაუბრა მუსიკოს გიორგი
- გილოცავ პირველი ალბომის გამოსვლას. დიდი ხანია, პრესასთან აღარ გამოჩენილხარ...
- პირველ რიგში, ეს, რასაკვირველია, განპირობებული იყო იმით, რომ ალბომზე ვმუშაობდი, მაგრამ მეორე მიზეზი ისაა, რომ არ მიყვარს, როდესაც სხვა საქმით ცნობილი ადამიანები წარმატების გზას პირადი ცხოვრების აფიშირებით იგრძელებენ. ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს, მაშინ გამოვჩნდები, როდესაც მართლა რაღაცას გავაკეთებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებ.
- ალბათ, იმას გულისხმობ, რომ დღეს პოპულარობის მოხვეჭა ძალიან გაადვილდა.
- ასეთი ადამიანები ჩემთვის უსაქმურ ხალხთან ასოცირდება. რამდენიმე ადამიანი ''კაშკაშა ვარსკვლავი'' თავისი სხეულის ნაწილების გამოჩენით გახდა და სინამდვილეში კონკრეტული საქმე არ აქვთ. ჩემთვის ეს მიუღებელია და არ მსურს, რომ პოპულარული ამ ხერხებით გავხდე (იღიმის).
- თუმცა, შენც კაშკაშა ადამიანი ხარ და არა მარტო შემოქმედებით...
- ჩემთვის ეს ბუნებრივია და არასდროს ხელს არ ვუწყობ ხოლმე. ჩემს სტილს აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ, რომ ნინა ამის გამოც გახდა ძალიან ცნობილი, მაგრამ რაც მაქვს, ეს არ არის ხელოვნური.
- ალბომზე ვისაუბროთ. რა ჟანრის სიმღერებია შესული?
- ეს ალბომი, რასაკვირველია, არის ნინა სუბლატი, რადგან ამას გვერდს ვერ ავუვლიდით, მაგრამ უფრო მეტად კომერციულია. ალბომი შეიძლება ჩავთვალოთ ''საქართველოს ვარსკვლავის'' შემდგომ ეტაპად, ამიტომაც მივიჩნიე, რომ ყველა გემოვნების ადამიანისთვის ყოფილიყო განკუთვნილი. აქ შეხვდებით თითქმის ყველა ჟანრს, პოპს, როკს, ელექტრონულ მუსიკას, სხვადასხვანაირ ქავერებს. რაც უფრო კომერციული გამოვიდოდა, ვფიქრობ, მით უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც, სადაც, მოგეხსენებათ, მუსიკალურ სფეროში განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა. მართალია, ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ მგონია, რომ ალბომში კარგი ხარისხის ნამუშევრებია შესული, რომლებიც მისაღები იქნება არამხოლოდ ქართველი მსმენელისთვის. ხელშეკრულების მიხედვით, ალბომში უნდა შესულიყო 5 ქავერი და 5 ორიგინალური სიმღერა, რომლებიც მე თვითონ დავწერე მეგობრების დახმარებით. ქავერებიც შეცვლილი ვერსიებია და არა გადმოკოპირებული. ალბომშია ასევე ირაკლი ჩარკვიანის ''ნაიარევს''.
- დღეს მოკლე თმით ხარ, მაგრამ ალბომისთვის იმიჯი უკვე შეცვლილი გქონდა, თმის ფერიც და ვარცხნილობაც.
- მრჩეველი არც სიმღერების კუთხით, არც იმიჯის მხრივ არ მყავს. ყველაფერს მე ვხელმძღვანელობ. ეს იმიჯიც ალბომს არანაირად არ უკავშირდება, ზოგადად, ხშირად ვატარებ ექსპერიმენტს ვარცხნილობაზე და ესეც ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის შედეგია. ფოტოები ალბომისთვის ჯიჯი რეჯინიმ გადამიღო. მგონია, რომ ალბომის მთავარი ფოტო კარგად შეესაბამება მასში შესულ რეპერტუარს.
- აღნიშნე, რომ ქართულ მუსიკაში სავალალო მდგომარეობაა. რამ გაგაბრაზა?
- (იღიმის) გაბრაზებული ნაკლებად ვარ, უბრალოდ, საწყენია ასეთი მდგომარეობა. არა მგონია, ეს ხალხის ბრალი იყოს, ნაწილობრივ მედიასაშუალებები სცოდავენ, რომლებსაც წინა ფლანგზე გამოჰყავთ თითქოს ყველასთვის მისაღები ადამიანები და რაც ყველასთვის მისაღებია, რატომღაც ყველაზე ცუდია ხოლმე (იცინის). პრობლემაა ისიც, რომ არ იწერება სიმღერები, ერთ სიმღერას ჩაწერენ და მერე პირადი ცხოვრებით ცდილობენ პოპულარობის გახანგრძლივებას. უცხოეთში ეს საქმიანობა ძალიან განვითარებულია, ჩვენ კი მსოფლიო სტანდარტს ძალიან დაშორებული ვართ. პრობლემაა ისიც, რომ ქართველი შემსრულებლების ნამუშევრებს არ უსმენენ და თუ უსმენენ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ.
- შენც, მათ შორის?
- ჩემზე დიდად არაფერი მსმენია, უფრო მეტად დადებითი კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ ბევრ ჩემს მეგობარს ძალიან მაგრად აკრიტიკებენ. ასეთი ბევრია, თუნდაც, ''საქართველოს ვარსკვლავის'' მონაწილეებს.
- შემდგარ მომღერლებს?
- სიმართლე გითხრათ, საქართველოში ჩემთვის შემდგარი მომღერლები არ არსებობენ. ვერავის ვხედავ თუნდაც ჩვენ წინა თაობაში, რომელსაც კარგი სიმღერა ან კარგი ვიდეოკლიპი აქვს. კარგად სიმღერასთან პრობლემა ნაკლებად გვაქვს. შემდგარ მომღერალში იგულისხმება ყველა-ფერი, რეპერტუარი, იმიჯი, პერფორმანსი, ბევრი პატარა დეტალი. ამას რატომღაც ახტებიან ხოლმე და მხოლოდ კარგად სიმღერა ხდება დასაფასებელი, არადა, მსოფლიო მასშტაბით ამ მატარებელმა, მგონია, რომ უკვე ჩაიარა. ალბომს რომ ვწერდი, განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი, რა ხდება საზღვრებს გარეთ და უკანა პლანზეა გადასული კარგად სიმღერა, ძალიან ბევრი სხვა რამ არის წინ წამოწეული. დღევანდელ დღეს ეს ყველაფერი უფრო მეტად იზიდავს ხალხს. იმის მიუხედავად, მომწონს თუ არა, ეს არის პოპკულტურა, ტენდენცია, რომელსაც ან მიჰყვები, ან - არა.
- თავს ქართული შოუბიზნესის წევრად თუ მიიჩნევ?
- საქართველოში შოუბიზნესს არ ვცნობ (იღიმის). არ ვიცი, საერთოდ არსებობს თუ არა. შოუები არის, მაგრამ მომღერლებისთვის არ არის ბიზნესი, მისთვისაა, ვინც ამ შოუს აკეთებს. სურვილი მაქვს, რომ ჩემი შემოქმედება იყოს ხარისხიანი და მიახლოებული მაინც მსოფლიო სტანდარტთან. თუკი ამას სხვებიც აჰყვებიან, შეიძლება ათ წელიწადში მაინც შეიცვალოს ამ სფეროში გარემო.
- ალბომი რომ გამოეცი, მერე რა ხდება? გაიყიდება?
- გულშემატკივრების დიდი არმია მყავს, რომლებსაც აინტერესებთ, რა გავაკეთე. მსმენია, როცა უთქვამთ, არ ვარ ნინას დიდი გულშემატკივარი, მაგრამ რადგან ერთი წელი იშრომა, მაინტერესებს, როგორი ალბომი ჩაწერაო. რასაკვირველია, ინტერნეტსაიტებზეც განთავსდება, სადაც გადმოწერის საშუალება იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ალბომიც რაღაც რაოდენობით გაიყიდება.
- ნინა, რა აზრის ხარ დღევანდელ მუსიკალურ პროექტებზე?
- შესაძლოა, სუბიექტური ვიყო, მაგრამ ''საქართველოს ვარსკვლავს'' მართლა სასწაული სეზონი ჰქონდა. თავიდან რომ მივდიოდი, სხვა წარმოდგენა მქონდა და ვფიქრობდი, რომ ყველა უნდა გამეკრიტიკებინა, მაგრამ თითოეული მონაწილე იმდენად ინდივიდუალური და ძალიან კარგი იყო, ახლა მგონია, რომ საქართველოს ისტორიაში ეს იყო საუკეთესო მუსიკალური პროექტი. ახლა ვუყურებ ''X ფაქტორს'' და მყავს ჩემი ფავორიტი, სოფი სააკაშვილი, რომელთან ერთადაც ვსწავლობდი ''ჯიდიეს-სტუდიაში''. იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს. კიდევ მომწონს მებო ნუცუბიძე, მაგრამ არა სოფისნაირად.
- შენი პროდიუსერი, რამდენადაც ვიცი, შენი მეუღლეა.
- ყველაფერში მეხმარებოდა, მაგრამ საკუთარ თავს პროდიუსერს არ უწოდებს რატომღაც. ალბომს ჰყავდა მუსიკალური პროდიუსერი, დავით ჟორჟოლიანი, ჟორა. გიორგი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ალბომის მომზადებაში. მართალია, ამ სფეროთი დიდად დაინტერესებული არ არის, მაგრამ რადგან მე ვარ მისი მეუღლე, ჩემი ხათრით ჩაერთო და ძალიან გამოსადეგი რჩევებიც მომცა.
- მოდი, გიორგიზე რამდენიმე სიტყვა გვითხარი.
- არ მინდა პირადზე ლაპარაკი, შანსი არ არის. მყარად გადავწყვიტე, რომ ამაზე არასდროს ვილაპარაკებდი. ხალხი მიცნობს, როგორც მომღერალს და უნდა აინტერესებდეს ჩემი შემოქმედება.
- ცოტა მცდარი წარმოდგენაა პოპულარობაზე.
- თუ რაღაც ხდება, ისედაც გაიგებენ. ჟურნალისტებისთვის არ დამირეკავს, გავთხოვდი და ინტერვიუ ჩაწერეთ-მეთქი. მერე მაინც მომიხდა ერთ-ერთ შოუში მისვლა. მივედი ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში, რომელსაც მართლა ყველა უყურებს, იქ ვილაპარაკე და დანარჩენი ყველა მოვიცილე. განსაკუთრებული არაფერი ხდება, რაც ხდებოდა, ის ნარჩუნდება და კარგად ვითარდება. გვაქვს საერთო ინტერესი. სამომავლო გეგმებიც, რომლებზეც ჯერჯერობით არ ვლაპარაკობ.
- ეს საქართველოდან წასვლას ხომ არ უკავშირდება?
- ეს ჩემი საყვარელი თემაა ქართველი მომღერლების ინტერვიუებიდან, ყველა რომ ამბობს, უცხოეთში მივდივარო. სურვილი როგორ არ მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მინდა, რომ საქართველოში ვაკეთო ხარისხიანად ჩემი საქმე. აქედან წასვლა ბევრ რამეს უკავშირდება, ვშრომობ ამისთვის, მზად ვარ ამ ყველაფრისთვის და თუ გამიმართლებს და შანსი მექნება, აუცილებლად წავალ.
- და დაოჯახება ხელს არ შეგიშლის?
- რა თქმა უნდა, არა. თუ გადავწყვეტთ წასვლას, ერთად წავალთ. ერთ საქმეს ვემსახურებით.
- ისევ სიმღერას დავუბრუნდეთ, რას არ შეასრულებ არასდროს?
- ალბათ, წყალს ნაფოტები რომ ჩამოაქვს, ასეთ სიმღერებს.
- ამ ჟანრის სიყვარულს ასე ხსნიან, ქართველი ვარ და ამიტომ ვუსმენო. შენ, ალბათ, მათი გადასახედიდან, არ ხარ ქართველი.
- (იღიმის) ქართველი ვარ, მაგრამ არც ქართული და არც უცხოენოვანი უხარისხო არაფერი მომწონს. ტაში-ტუში რაღაცები ზოგადად სიმღერისგან შორს არის. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ თაყვანისმცემელი, ჩემთვის იდეალური ქართველი შემსრულებელი ნანი ბრეგვაძეა. მის შემო-ქმედებას არ ვუსმენ, მაგრამ ის ყველანაირად დახვეწილი მომღერალია. ყოველთვის გავაკრიტიკებ იმ ადამიანებს, რომლებიც არც იმიჯის და არც რეპერტუარის კუთხით არანაირ სტანდარტს არ შეესაბამებიან. ეს ტაში-ტუშები მძიმედ უნდა გაკრიტიკდეს და საერთოდ გაქრეს.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''