- ოთარ, როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდი ''რუსთავი 2''-ის დატოვება მოგიწევს.
- კი, ერთი თვით ჰარვარდის ბიზნესსკოლაში მივდივარ სასწავლებლად. 5
- მაინც რა ჯდება ეს კურსი?
- საკმაოდ ძვირი, ოცი ათასი დოლარი.
- როგორ წარმოგიდგენია იქ ცხოვრება შენი სამსახურის, ოჯახის გარეშე?
- ალბათ დღეები გაიყოფა. როცა დატვირთული სასწავლო გრაფიკი იქნება, კარგად წარმომიდგენია. სწავლა ძალიან მიყვარს და საერთოდ არ ვიფიქრებ არაფერზე. ბუნებრივია, მომენატრება ოჯახიც, სამსახურიც, მეგობრებიც, მაგრამ ჰარვარდში წახვიდე, ამხელა თანხა გადაიხადო და მერე ლექციაზე სხვა რამეებზე იფიქრო, ცოტა არანორმალური მგონია. ეს ჩემი ოცნება იყო. ეს არ არის პირველი მცდელობა, ხუთი წლის წინაც შევიტანე განაცხადი, მაგრამ მაშინ უარი მომივიდა.
- ოჯახი ამ ამბავს როგორ შეხვდა?
- მიუხედავად იმისა, რომ მთელი დანაზოგი ამ საქმეში მიდის, დადებითად. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია მეც და თამუნასაც გამართლებულად მიგვაჩნია. ჩემი მეუღლე ჩემზე მეტად გაგიჟებულია გა-ნათლებაზე, სასწავლო ცენტრებზე. ერთი სული აქვს, როდის ჩავალ და მოვუყვები იქაური ცხო-ვრების, გარემოს, ურთიერთობების შესახებ. აინტერესებს, რა ხდება იქ ისეთი, რომ ასეთი ლეგენდები დადის ამ ბიზნესსკოლაზე.
- რომ ისწავლი ამ ლეგენდარულ სკოლაში და საქართველოში დაბრუნდები, როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება, რა შეიცვლება შენთვის?
- მე მხოლოდ ''რუსთავი 2''-ის თანამშრომელი არ გახლავარ. მარკეტინგის მიმართულებითაც ვმუშაობ და ლექციებსაც ვკითხულობ, ასე რომ, რომელიმე მიმართულებით გამომადგება ეს ცოდნა.
- ''რუსთავი 2''-ში დაბრუნდები?
- რა თქმა უნდა, ამ ერთი თვის განმავლობაში გიორგი ქორქია ჩამანაცვლებს. პრესის მიმომხილველის ამბავი როგორ იქნება, ეგ ჯერ არ ვიცი. ოთხშაბათს მივფრინავ უკვე.
- ასეთი აქტიური, ცხოვრებას მოწყურებული და ინტერესიანი რომ ხარ, მახარებს, რადგან ვიცი, რომ შენს ცხოვრებაში მძიმე წლებიც იდგა, ისეთი, ცხოვრება რომ არ გინდოდა და თავის მოკვლაზეც რომ ფიქრობდი. მომიყევი, როდის დაიწყო ეს ყველაფერი?
- არა მარტო ვფიქრობდი, ვცადე კიდეც. 2008 წლის ომის დროს დაიწყო ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ზოგადი ფონი ჩემი ჰოროსკოპიდან გამომდინარეობს. ლომებს სჩვევიათ კრიზისული, დეპრესიული პერიოდები ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი მიზეზი იყო ომი. მაშინ თამუნა და ბავშვი იმერეთში იყვნენ და თუ სომხეთის გზით არ წავიდოდი, ისე მათთან ვერ მოვხვდებოდი. წალკაში გზა გაფუჭებული იყო, გორი - ჩაკეტილი. წავედი მაინც, მაგრამ ვერაფერს გავხდი. წინ ტანკები იდგნენ, გზა ვერ გავაგრძელე. გავგიჟდი, ვეღარ ვიძინებდი. ძილის წამალი დავლიე. არავინ მითხრა და ვერც ვერავის დავაბრალებ, თავად უნდა მეკითხა, რომ ეს კონკრეტული წამალი შეჩვევას იწვევდა. ერთი აბით იწყებ და შვიდზე ადიხარ. ექიმს თუ მიმართავ, აუცილებლად გეტყვის, რომ ეს დოზა აღარ არის საძილე საშუალება, ეს არის ნარკოდამოკიდებულება.
- როდის გააცნობიერე, რომ ნარკოდამოკიდებული გახდი?
- როცა რამდენიმე ისეთი შემთხვევა მქონდა, რომელიც მეორე დღეს ან რამდენიმე საათის შემდეგ აღარ მახსოვდა. ერთხელ ქუჩაში ვიჩხუბე და გავიღვიძე დამტვრეული ხელით. იყო შემთხვევა, როცა მენჯის ძვალი გამებზარა, ვინაიდან სავარაუდოდ კიბიდან გადმოვხტი. ეს არავის დაუნახავს, კიბის თავში ვეგდე და დასკვნაც აქედან გამოვიტანეთ. ერთხელ სამსახურში გავითიშე, გონება დავკარგე. 2010 წელს ექიმთან მივედი. შემპირდა, გიშველიო, მაგრამ ბოლომდე არ მითხრა იმის შესახებ, რა დამემართებოდა, თუ მკურნალობის კურსს დავარღვევდი. მკურნალობა დამინიშნა, საძილე წამლები ამიკრძალა. ვინაიდან ვერ ვიძინებდი, ჩემით გადავწყვიტე, რომ ამ წამლებისთვის საღამოობით ვისკი უნდა მიმეშველებინა, რომ დამეძინა. შეურაცხადი გავხდი. ერთ დღეს შევედი აბაზანაში, ჩავიკეტე კარი, მოვუშვი ცხელი წყალი, გადავიჭერი ვენები და ველოდი სიკვდილს. ეს ის პერიოდი იყო, როცა თამუნა სულ თან დამდევდა, თუ სახლში ვიყავი და გარეთ მეგობრების დახმარებით მაკონტროლებდა, ამიტომ არ გამოჰპარვია ჩემი ჩაკეტვა. სათადარიგო გასაღებით გახსნა აბაზანის კარი და დაინახა წითელი ვედრო.
- რა წინაპირობა ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას, რატომ დაგდევდა თამუნა?
- წამლის ზემოქმედებისგან რომ ვთავისუფლდებოდი, ვიყავი საწყალი, უბედური, ვამბობდი, რომ აღარ მინდა ცხოვრება, რომ აუცილებლად დავასრულებ სიცოცხლეს რომელიმე სასაფლაოზე. ერ-თადერთი, რაც ენერგიასა და ცხოვრების ხალისს მიბრუნებდა, იყო წამალი, ამიტომაც მდარაჯობდა მეუღლე.
- ამ პერიოდში პარალელურად მუშაობდი, სამსახურში იცოდნენ შენი მდგომარეობის შესახებ? როგორ ახერხებდი, ეს შეუმჩნეველი გამხდარიყო თუნდაც მაყურებლისთვის?
- ვიღაცებმა იცოდნენ ჩემი მდგომარეობა, ვიღაცები - ამჩნევდნენ. რაც შეეხება ეკრანს, ყველაზე ნაკლებად ჩანდა ეს ყველაფერი. ეს იყო წამლის შემდგომი გაღვიძების პერიოდი და შედარებით კარგად ვიყავი ამ დროს. უბედური ვხდებოდი ეთერიდან 2-3 საათში. ყველანაირი ჩემი აქტივობა ''რუსთავი 2''-ის გარდა, იმ დროს გაჩერებული იყო, მათ შორის ლექციებიც.
- აბაზანის ამბავი როგორ დამთავრდა?
- თამუნა რომ შემოვიდა, დაახლოებით 2 წუთი იყო გასული ვენების გადაჭრიდან, უკვე ბურანში ვიყავი. გონზე რომ მოვედი, ხელები შეხვეული მქონდა და თავზე ექიმები მადგნენ. თამუნას სახლში ნაცნობი ექიმი მოუყვანია.
- როგორ დაძლიე ეს მდგომარეობა?
- არ ვიცი, რაღაც სასწაულებრივად მოხდა. 2011 წლის 31 დეკემბერს ვთქვი, რომ ეს ჩემი ბოლო აბი იყო და აღარ დამილევია. მას მერე დაახლოებით ორი თვე ფაქტობრივად არ მეძინა. უმძიმესი ღამეები გამოვიარე, მაგრამ დავძლიე. გავსუქდი. 6 თვის მერე გავტესტე და დავლიე ეს აბი, მაინტერესებდა, ოდესმე მივუბრუნდებოდი თუ არა ამ წამალს. როგორც კი ნაცნობი გემო ვიგრძენი, გული ამერია.
- რა წამალია, ასე რომ დაგანგრია?
- სახელს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, ზოპიკლონის შემცველი წამალია და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, აფთიაქში ურეცეპტოდ იყიდება. როგორც შემდეგ გავარკვიე, თითქმის მთელი თბილისი ამ წამალზეა შემჯდარი და ალბათ მათაც ჩემსავით არ აქვთ ინფორმაცია, როგორ ანგრევს ეს წამალი ადამიანს. თან ძვირიც არ ღირს. ერთი ფირფიტა შვიდი ლარი ღირს. მერე სხვა პრობლემები დაიწყო. გავსუქდი, ბევრი ტკივილი ვიგრძენი. რამდენიმე ექიმთან მომიხდა მისვლა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდა. ოქტომბერში დიაბეტის დიაგნოზი რომ დამისვეს, მაგასაც იმ წამალს ვაბრალებ. გენეტიკური ფონიც მაქვს დიაბეტის, დედაჩემს აქვს და არც აღვიქვამ მაგას დიდ პრობლემად, ისეთი პრობლემა დავძლიე. ჯერჯერობით აბებით ვმკურნალობ, ნემსებამდე არ მისულა საქმე. ახლა უფრო მარტივია წონის კონტროლი, რადგან მიზეზი იცი. რაც ჩემს ენდოკრინოლოგთან დავდივარ, ნოემბრიდან მოყოლებული, 18 კილო დავიკელი.
- მიხარია, რომ პრობლემები უკან დარჩა... ოთარ, ''იმედის'' ეთერში მომხდარ ინციდენტზეც მინდა გკითხო, ზურა ყიფშიძემ ''ორი ვარსკვლავის'' ერთ-ერთ ტურზე პირდაპირ ეთერში სასაცილო კაცი გიწოდა და ნინი ბადურაშვილი შენ მიერ პრესაში გაკეთებული განცხადების გამო დაამშვიდა. რა მოხდა?
- ჰო, ჯერ ერთი, ბატონ ზურას გამომცემლობები აერია, ''გზაში'' დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ, სადაც ვთქვი, რომ ნინი ბადურაშვილს მომღერლად არ ვაღიარებ. მგონი, მაქვს უფლება, მომწონდეს ის მომღერალი, რომელიც მომწონს და არ მომწონდეს ის, რომელიც არ მომწონს. არ მგონია, რომ ზურა ყიფშიძეს უნდა ვკითხო, ჩემი მუსიკალური გემოვნება როგორ გადავანაწილო მომღერლებზე. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, არ მივიჩნევ ნინი ბადურაშვილს მომღერლად და მეამაყება კიდეც ეს ამბავი. რამდენადაც გავარკვიე, ბადურაშვილის მამა და ბატონი ზურა მეგობრები არიან, როგორც ჩანს, მეგობარმა სთხოვა მას ამ განცხადების გაკეთება ღია ეთერში, დარწმუნებული ვარ, ინტერვიუ არც წაუკითხავს, სხვა შემთხვევაში, გამომცემლობას მაინც დაიმახსოვრებდა.
- ვაი მაგის პატრონსო, თქვა. გულსატკენი იყო ეს განცხადება შენთვის?
- რა თქმა უნდა, ძალიან მეწყინა, მაგრამ ტრაგედია არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ სხვის პატრონზე ნამდვილად არ უნდა ილაპარაკოს არავინ და მათ შორის ბატონმა ყიფშიძემაც.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''