- ნენე დაიბადა 15 აპრილს, 3 კილო და 850 გრამი, 51 სმ. გუშინ 40 დღის გახდა, თუ რამე არ აწუხებს, არ წუწუნებს, მთავარია, არ შიოდეს.
- როგორც ვიცი, საკეისრო კვეთა დაგჭირდა.
- კი. მშობიარობას ფიზიოლოგიურად ვაპირებდი, თან ჩემს ქმარს დასწრება სურდა, გვინდოდა, შვილის დაბადების ემოციები ერთად განგვეცადა, მაგრამ საბოლოო ჯამში საკეისრო გამიკეთეს.ალბათ, დიდი ბავშვი რომ იყო, მაგის გამო. ნენე დაბადებას არ ჩქარობდა, არადა, შეიძლება, ითქვას, რომ ვადაგადაცილება მქონდა, ორსულობის 40 კვირა უკვე შესრულებული იყო, გარკვეული დროის შემდეგ კი ბავშვის მუცელში ყოფნა სასურველი აღარ არის, ამის გამო შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას კიდეც. ამიტომ სამშობიაროში ჩემი ინიციატივით მივედი. იმდენად მომწონდა თარიღი 14.04.2014, რომ ძალიან მინდოდა, 14-ში დაბადებულიყო, მერე კი ვამბობდი, თუ მაინც საკეისრო უნდა გამეკეთებინა, ნეტავ14-ში გამეჩინა-მეთქი. საბოლოო ჯამში ტკივილებიც მქონდა, მაგრამ საკეისრო დამჭირდა, ნენე ქვეყანას 15 აპრილს მოევლინა.
- იცოდი, რომ გოგონა უნდა დაბადებულიყო?
- კი, თუმცა გამოთვლით მეუბნებოდნენ, ბიჭიაო, თან მესიზმრებოდა, ვითომ ვიმშობიარე და მეუბნებოდნენ, იცით ხომ, ბიჭი რომ გყავთ?! ყველაფერი გოგოსი მქონდა ნაყიდი, მთლად ვარდისფერები არა, მაგრამ მაინც გოგოსები იყო და ხუმრობით ვამბობდი კიდეც, ბიჭი რომ იყოს, გავგიჟდები-მეთქი, მაგრამ ტუჩებპრანჭია გოგონა დაიბადა ჩამოყალიბებული ნაკვთებით. ნელ-ნელა წამწამებიც ამოუვიდა, წარბებიც ეხატება. ბანაობისას თმა სცვივა, ღინღლი აქვს, მაგრამ ვცდილობ, ''აბადოკი'' გავუკეთო და გოგოს დავამსგავსო.
- ახლა კი ძნელია თქმა, მაგრამ ერთი შეხედვით, ვის ჰგავს პატარა?
- მე ძალიან ვგავარ მამას. რადგანაც არც მამას და არც ნენეს თმა არ აქვთ, მამას, ანუ ბაბუას ამსგავსებენ. ისე, ჩემს ქმარს, ლევანსაც ჰგავს ძალიან, მისი თვალის ჭრილი და თავის ფორმა აქვს, ნაკვთებით მე მგავს, მოკლედ, მეც მგავს, ჩემს მეუღლესაც და მამაჩემსაც.
- სახელი ვინ შეარჩია?
- ძალიან ბევრს ვფიქრობდი სახელზე. თავიდან რომ გვითხრეს - ბიჭიაო, ტვინი ვიჭყლიტე ბიჭის სახელზე, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი, მერე გავიგეთ, რომ გოგო იყო და გოგოს სახელს ვარჩევდი. ბევრი ფიქრის შემდეგ ნენეს დარქმევა გადავწყვიტე, ეს გახლავთ ჩემი სადიპლომო პერსონაჟის სახელი. არშემდგარი სპექტაკლი იყო, რადგან შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო, განვითარება ვერ ჰპოვა, მაგრამ ეს სახელი პირველად იმ პიესაში გავიგე და ძალიან მომეწონა. სხვათა შორის, მე და ჩემი დაქალი ვიყავით დუბლები ნენეს შესრულებისას, ისევე როგორც მე, მასაც უნდოდა, შვილისთვის ეს სახელი დაერქმია, მაგრამ გოგონა ზუსტად მარიამობას შეეძინა და მარიამი დაარქვა. შესაბამისად, მე მომეცა საშუალება, ჩემი შვილისთვის დამეძახა ნენე და დაბადების მოწმობაშიც ასე უწერია. არ მინდოდა, ოფიციალურად ნანა ან ნინო ყოფილიყო და მე ნენე დამეძახა, ამიტომაც უწერია და ჰქვია ნენე. ნათლობისას კი ჩემი მოძღვარი და ნათლია გადაწყვეტენ, ეკლესიურად რას დაარქმევენ, ალბათ, ნინოს.
- ახლა გვითხარი, რა შეგრძნებაა დედობა, როცა შენს ცხოვრებაში ახალი საზრუნავი შემოდის და საკუთარი თავიც კი მეორეხარისხოვანი ხდება.
- შენ რომ მეორეხარისხოვანი ხარ და მთავარი უკვე ის პატარა არსება ხდება, ამას მაშინ მივხვდი, როცა დავფეხმძიმდი. ვფიქრობდი ყველაფერზე, მაგალითად, რა მეჭმებოდა, რა - არა, ზაფხულის პერიოდი იყო და ვშიშობდი, რამე მწერს არ ეკბინა, რომ ბავშვი არ დაზიანებულიყო, მზეზე რამდენ ხანს უნდა გავჩერებულიყავი, რომ პრობლემა არ შემქმნოდა და ა.შ. საერთოდ, ძალიან ფრთხილი ვარ და ამ საკითხში განსაკუთრებულად ვიჩენდი სიფრთხილეს. შვილი იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ყველანაირ ყოფით პრობლემას, უძილობას, დაღლილობას აზრს უკარგავს.
- ნენე ბუნებრივ კვებაზეა?
- რადგან ვმუშაობ, ორივეზე, ბუნებრივზეც და ხელოვნურზეც. 10
- და როცა მუშაობ, ბავშვთან ვინ რჩება?
- ბებიები, ძირითადად - ჩემი მეუღლის დედა, რადგან დედაჩემი მუშაობს, თუმცა როცა დედა ისვენებს, ვცდილობ, ჩემი დედამთილი დავასვენო. ისე, ლევანსაც თუ სცალია, მასაც არ აქვს ბავშვის დატოვების პრობლემა.
- ლევანმა პამპერსის გამოცვლა და ბავშვის გამოკვება ისწავლა?
- მას შემდეგ, რაც ნენე დაიბადა, ლევანს სულ გადაღებები აქვს, ამიტომ გადაწყვიტა, პამპერსის გამოცვლა მაშინ ისწავლოს, როცა საკუთარ საქმეს დაასრულებს, თუმცა რომ დასჭირდეს, ახლაც გაართმევს ამას თავს. ბავშვის საჭმლის მომზადება ეხერხება, ფანტას-ტიკურად აძინებს. ლევანი შინაგანად ძალიან მშვიდია, რასაც ნენე კარგად გრძნობს, განწყობა კი, მოგეხსენებათ, პატარაზე ძალიან მოქმედებს. თან, გადმოუწერა ბეთჰოვენისა და მოცარტის ბავშვებისათვის ადაპტირებული ვარიანტები და იმას ასმენინებს, ხან ჩვენ უფრო გვეძინება, ვიდრე მას, მაგრამ მაინც...
- პატარამ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში რა სიახლე შემოიტანა?
- აქამდე თუ ერთმანეთზე ვზრუნავდით და ერთმანეთს ვუფრთხილდებოდით, ახლა ორივე დღედაღამ ბავშვზე ვართ გადართულები. ეს თითქოს შიშნარევი ბედნიერებაა, რადგან იზრდება შენი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე, მეტი დაკვირვებით უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ მერე ამას ცუდი გაგრძელება არ მოჰყვეს. ნენე არის ბონუსსაჩუქარი, ბედნიერი ხარ საყვარელი ადა-მიანების გვერდით ყოფნით, სამსახურით და ამ დროს ეს პატარა არსება არის ამ ყველაფრის დანამატი, ბონუსი, რომელიც ყველაფერს გავიწყებს.
- ანი, ბავშვის მოვლასა და სამსახურთან ერთად, საოჯახო საქმეების გაკეთებას ახერხებ?
- როცა მიზანი გაქვს, უფრო მობილიზებული ხდები და ყველაფერს ასწრებ. მიუხედავად იმისა, რომ დილით ადრე ადგომა ძალიან მიჭირს, ამას წინათ 11 საათზე მქონდა გადაღება, დილით ნენეს რომ ვაჭამე, ავდექი, წვნიანი მოვამზადე, ლევანისთვის - სამარხვო კერძი, თავი მოვიწესრიგე და 11-ის ნახევარზე უკვე ყველანაირად მზად ვიყავი სამსახურში წასასვლელად, თან სახლში ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა. ეტყობა, ყველაფერი თავისთავად ხდება, როცა მოტივაცია გაქვს. ისე, ლევანიც გემრიელ ხორციან სადილებს ამზადებს, სხვათა შორის, ახლა სახლში მისი მომზადებული კერძი მელოდება და ერთი სული მაქვს, როდის მივალ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქმარი სამზარეულოში ხშირად ფუსფუსებს, მაგრამ როცა მე ძალიან დაკავებული ვარ, რაღაც კერძების მომზადებას საკუთარ თავზე იღებს. სხვათა შორის, ჩემი დედამთილიც ძალიან მეხმარება საოჯახო საქმეებში.
- ბავშვთან დაკავშირებულ ცრურწმენებს თუ ითვალისწინებ?
- სასაცილო მოსაზრებებს, მაგალითად, ბავშვი რომ იმ დღეს არ უნდა აბანაო, რომელ დღესაც დაიბადა, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ. მაგრამ მჯერა თვალის, აურის, ენერგეტიკის, პირადად მე 40 დღემდე ვერიდები ხოლმე ბავშვის სანახავად მისვლას, მაგრამ ჩვენ ვიღებდით მნახველებს. მეტიც, ნენე შეხვედრებზეც ''დადის''. ერთი კვირის წინ, როგორც დიდი ბავშვი, ჯერ ბიბლიო-თეკაში გვყავდა, შემდეგ ვაკის პარკში.
- ბავშვის დაბადების შემდეგ კაცებს ყურადღება აკლდებათ, რის გამოც წუწუნებენ. ლევანთან აწყდები ამ პრობლემას?..
- სიმართლე გითხრა, მაქსიმალურად ვცდილობ, ლევანს ყურადღება არ მოვაკლო. როცა მუშაობს, ხან ტკბილეული შემაქვს, ხან რა, ხან რა, რომ ჩემი სითბო იგრძნოს. ამას მხოლოდ მის გამო არ ვაკეთებ, მე თვითონაც მსიამოვნებს ქმართან ურთიერთობა, სამშობიაროში მის გარდა არავინ მინდოდა. ვმშვიდდები, როცა მას კომფორტს ვუქმნი.
- ბავშვის დაბადების შემდეგ შენ და ლევანმა თუ მოახერხეთ განმარტოება და თქვენეული რომანტიკის შექმნა?
- კი, ერთი-ორჯერ მოვახერხეთ, ძირითადად, ჩვენი გრაფიკი უფროა ხელის შემშლელი ამ საკითხში, ვიდრე ნენე. სხვათა შორის, ამას წინათ ნენეც გვყავდა წაყვანილი პიკნიკზე, სუფთა ჰაერზე გადასარევად ეძინა თავის კალათაში.
- სერიალში, შენი გმირის ტყუპიდან, რომელიმე ნენე ხომ არ არის?
- არა, ისინი მართლა ტყუპი ძმები არიან. ნენე ჯერ პატარაა გადაღებებზე მოსაყვანად. ცოტა რომ წამოიზრდება, თუ სერიალს დასჭირდება და მეც მენდომება, სიამოვნებით დავთანხმდები ამგვარ შეთავაზებას.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''