მეორე დღიდანვე მისმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ ლევანისთვის გამორჩეული სიურპრიზი მოეწყოთ. ტელეწამყვანისთვის საჩუქრების დაწესება სხვადასხვა კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე. ეკა ხოფერიამ ლევანი თავის საცოლესთან, ჟურნალისტ მარიკუნა ოშხნელთან ერთად მიიწვია. მათ ისაუბრეს თავიანთი სიყვარულის ამბავზე და შემდეგ ეკამ გაამხილა, რომ წყვილს ქორწილსაც მოუწყობენ და საქორწინო მოგზაურობაშიც გაუშვებენ საბერძნეთში.
ეკამ ქორწილის დღეც თავად დანიშნა, 22 ივნისი, ვინაიდან 15 ივნისს ლევანს, უბრალოდ, არ სცალია - ამ დღეს არჩევნებია.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო წერილი, რომელიც ავღანეთიდან მივიღე ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულების შემდეგ, კიდევ ვიღებ წერილებს
მოგეხსენებათ, ლევანი პირველ მეუღლეს გაშორებულია და ამიტომაც პირადზე საუბარი არ უყვარს. როგორც თავად გვითხრა, მხოლოდ ერთხელ ილაპარაკა კოლეგასთან შოუში და თავის ახალ ქორწინებაზე ყურადღების გამახვილებას პრესასთან აღარ აპირებს, ამიტომაც მას შოუსა და ემოციებზე ვესაუბრეთ.
- ლევან, გილოცავ საჩუქრებს! ჩვენ მანამდე შევხვდით ერთმანეთს და იცოდი მხოლოდ სიურპრიზის შესახებ, მაგრამ ამდენ საჩუქარს არ ელოდი. როგორი ემოციები გაქვს დღეს?
- პირადად ეკას, ბაია ცანავასა და ''ტელეიმედს'' გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას. ემოციებში ახლაც ვარ, მაგრამ მიჭირს მათი გამოხატვა. ეს ბავშვობიდან ასე ხდება, თუკი რაიმე ემოციური მომენტი მქონია, ვერ ვსაუბრობდი. ვინც ამ სიკეთეში მონაწილეობა მიიღო, ყველას დიდ მადლობას გადავუხდი (იღიმის). ნამდვილად არ მოველოდი ამ საჩუქრებს. მით უმეტეს, ჩემთვის არც იყო მთავარი, რომ მაინცდამაინც პრიზი მიმეღო. ამ პროექტმა ხალხის დიდი სიყვარული მომიტანა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო წერილი, რომელიც ავღანეთიდან მივიღე ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულების შემდეგ, კიდევ ვიღებ წერილებს.
- ჩამოვთვალოთ, რა საჩუქრები გერგო.
- ფულადი პრიზი, ქორწილის გადახდა და საქორწინო მოგზაურობა. ასევე ერთ-ერთ სტუდიაში ჩაიწერება ჩემი და ნინის დუეტი. ბევრი რამ ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ძალიან ამაღელვებელი იყო. ძალიან გამიხარდა ''თბილისის დინამოსგან'' ბურთი ფეხბურთელების ხელმოწერით, მაისური ჩემი სახელითა და გვარით და 10 ნომრით.
- მანამდე იყო საუბრები ინტერნეტსივრცეში, როგორ დატოვეს ლევან ჯავახიშვილი პრიზის გარეშე, რომელიც საუკეთესო იყო ამ შოუში.
- მართლა არ მწყენია, არ დავბოღმილვარ და გულში არ ჩამიდია. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ავდექი და დავიბოღმე, ძალიან შემცდარა. მივიღე ყველაფერი ისე, როგორც იყო.
- ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვითხარი შენი პირადი ემოციები.
- ბევრჯერ მკითხეს, რატომ ავარჩიეთ ეს სიმღერა. ზოგის კომენტარი ასეთიც ყოფილა, სპეციალურად გათვალესო. ეს მცდარი დამოკიდებულებაა. ვფიქრობ, 26 მაისს სხვანაირ სიმღერას ვერ შევასრულებდი. უნდა მეთქვა სათქმელი, რაც გულში მაქვს და ვფიქრობ, რომ ვთქვი. ყოველდღე ვერ ილაპარაკებ, რა დამოკიდებულება გაქვს ქართველი ჯარისკაცების მიმართ. ჩემი ემოციები იყო აბსოლუტურად გულწრფელი. ძალიან არ მინდოდა, რომ სცენაზე ცრემლები ყოფილიყო, მაგრამ როცა თავს ვერ იკავებ, ვერ იკავებ და მორჩა.
- მახსოვს, 2008 წელს აგვისტოს ომში მოხალისედ გინდოდა წასვლა.
- მინდოდა და წავედი კიდევაც. 24 საათი იქ ყოფნა საკმარისი იყო იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რამაც თავისი ფსიქოლოგიური კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ამ მოგონებებთან ერთად მომიწევს მთელი ცხოვრების გატარება. არ მსურს, რომ ეს ყველაფერი გავიხსენო და ქვეცნობიერში ღრმად მაქვს ჩაკეტილი. მინდა, რომ ზედაპირზე არასდროს ამოვიდეს.
- კარგი, სხვა თემაზე გადავიდეთ. ირინა ონაშვილთან ერთად ხუთშაბათი დღე ჩაწერაზე გაატარე და საღამოს დუეტით წარდექით ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მაყურებლის წინაშე.
- ძალიან სახალისო იყო მუშაობა, არანაირი პრობლემა არ მქონია. დიდი სიამოვნებით ჩავწერე სიმღერა ირინასთან ერთად.
- შენ და ნინი წიკალური რომელ სიმღერას ჩაწერთ?
- ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და რამდენიმე ვერსია გვაქვს. შეიძლება, ''ჰერიო, ბიჭებო'', ჩავწეროთ, შესაძლოა, სხვა სიმღერა, მაგრამ აუცილებლად იქნება ქართული. მე და ნინი ''მელია და მგელიასავით'' ვართ უკვე. სიმართლე გითხრა, ვერ წარმომიდგენია, რომ ყოველდღიურად არ შევხვდები. ჩემი ოჯახის წევრად, დად მივიჩნევ და მისი მკაცრი შეფასებებიც კარგად გამახსენდება.
- ჩხუბობდით?
- ჩხუბი სხვანაირი ვიცი. უფრო სამუშაო პროცესი იყო, ვკამათობდით, ეს სიმღერა ჯობია თუ ის, ასე ვქნათ თუ ისე, იყო ხოლმე პრობლემებიც, მაგრამ სერიოზულ ჩხუბში არ გადასულა. არ ვიცი, სხვა წყვილებს შორის როგორ იყო, მაგრამ ნინი ის ადამიანია, რომელიც სწორ მიმართულებას მაძლევდა, პედაგოგებთან ერთად. შეიძლება, გავჯიუტებულიყავი, მაგრამ ხან მიყვავებდა, ხან მეკამათებოდა და მაინც მიხსნიდა.
- მაინც ალბათ გული გწყდება, რომ პირველი ადგილი ვერ მოიპოვე.
- როცა ფინალში ხარ, ალბათ, ფიქრობ გამარჯვებაზეც. ბუნებრივია, გული მწყდება და არა მარტო მე, არამედ ნინისაც, მაგრამ ასე მოხდა. გაიმარჯვეს ირინა ონაშვილმა და გიორგი მახარაშვილმა და კიდევ ერთხელ მივულოცავ მათ პირველ ადგილს, რაც დაიმსახურეს.
- თუ საიდუმლო არ არის, როგორ აპირებ 10 000 ლარის დახარჯვას?
- თანხის დიდ ნაწილს ჩემს შვილებს დავახარჯავ. ასევე ვაპირებ ნორმალური მობილური ტელეფონის ყიდვას. უბრალოდ, ეს უკვე გაფუჭებულია (იღიმის).
- კიდევ მიიღებდი მონაწილეობას მუსიკალურ კონკურსში?
- გააჩნია მუსიკალურ კონკურსს. სადაც მომღერლები მუსიკალური კარიერის აწყობას ცდილობენ, იქ არა, მაგრამ სხვა სახის მუსიკალურ პროექტში რატომაც არა.
- ვიცი, რომ გაქვს გეგმები მუსიკასთან დაკავშირებით.
- მაქვს გეგმები, ვაპირებ ჯგუფის ჩამოყალიბებას, სახელად ''ტელეღიპუცები'', სადაც ტელესახეები გაერთიანდებიან და ვაჩვენებთ ხალხს, რომ ჟურნალისტებს შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანია. მინდა, რომ ''ორი ვარსკვლავი'' გაგრძელდეს, რადგან ვიცი უამრავი ადამიანი ჩვენს ტელეკომპანიაშიც და სხვაგანაც, ვისაც კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს და არ აქვს საშუალება, რომ ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოვიდეს.
- ''ორ ვარსკვლავს'' ყველაზე დიდი კრიტიკა შეხვდა.
- რაც შეეხება კრიტიკას, დიდი ხანია, ტელევიზიაში ვმუშაობ და ვიცი, როგორ კეთდება პიარი ან ანტიპიარი. ამას არ დავაკონკრეტებ. მაშინ პირდაპირ უნდა გავიშვირო ხელი, ამის გაკეთება კი არ მინდა. მე პირადად რა პრეტენზიაც შეიძლება მქონდეს ამ პროექტთან, არის გახმოვანება პირველ ტურში, რაც შემდეგ ტურებში გამოსწორდა. მაგრამ არა მგონია, რომ ''ორი ვარსკვლავი'' წარუმატებელი პროექტი იყო ან ჩავარდა. ასე რომ ყოფილიყო, არა მგონია, რომ ნახევარფინალსა და ფინალს ინტერნეტში ასეთი გამოხმაურება მოჰყოლოდა. მარტო ჩვენს ''ჰერიო, ბიჭებოს'' პირველივე დღეებში 200 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.
- მაინც გაჩნდა შეკითხვა, ხომ არ განაწყენდი ნოე სულაბერიძეზე, როცა არანაირი პრიზი არ გადმოგეცა ფინალში და შენს საჩუქრებზე მერე იზრუნეს შენმა კოლეგებმა?
- ვერ ვიტყვი, რომ პროექტის ორგანიზატორმა ამაზე არ იზრუნა. უბრალოდ, ფინალში მოხდა, ასე ვთქვათ, გაუგებრობა, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ. საბოლოო ჯამში, ჩემს დასაჩუქრებაში ''ორი ვარსკვლავის'' ხელმძღვანელობაც იყო ჩართული და არხის ხელმძღვანელობაც. საერთოდ, დიდი მადლობა მთლიანად ჟურნალისტთა კორპურსს, სადაც ბევრი მეგობარი მყავს, ''იმედში'' თუ სხვა ტელევიზიაში, რადიოში, პრესაში და ა.შ. მიხარია, თუკი მე და ნინიმ შევძელით და ჟურნალისტები გავაერთიანეთ არა რევოლუციისთვის, არამედ ჩვენ გვერდში დგომისთვის (იღიმის).
- მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილი ჩანხარ.
- ნამდვილად. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ სიამოვნებით დავიწყებდი ყველაფერს თავიდან. ფილმი რომ არის, ''ზაზუნას დღე'', მის მსგავსად, ყოველდღე ვიმღერებდი ამ პროექტში (იღიმის), თავიდან გავივლიდი მთელ ამ თვეებს.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''