05 ივნისი, 2014
რატომ აშინებთ მამაკაცებს ნინო გაჩეჩილაძესთან ურთიერთობა - ''მეშინოდა, რომ ნიცა კატოს დაემსგავსებოდა ''
ჩემს გმირს არანაირად არ თანავუგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსახიობი თავისი როლის ადვოკატი უნდა იყოს გასულ კვირას ახალი ქართული ფილმის ''ტაქსის'' პრემიერა გაიმართა. ფილმში მთავარ როლს ნინო გაჩეჩილაძე და ვანიკო თარხნიშვილი ასრულებენ. ფილმი ''ფორმულა კრეატივმა'' გადაიღო და მასში ნინო გაჩეჩილაძის მონაწილეობა ბევრს გაუკვირდა. ნინოს ფილმის პირველ ჩვენებამდე ვესაუბრეთ.

- ნინო, როდესაც გაირკვა, რომ ''ტაქსიში'' ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებდი, სოციალურ ქსელში გაკვირვებულები წერდნენ, ''ფორმულა კრეატივზე'' განაწყენებული ნინო გაჩეჩილაძე ისევ მათ ფილმში იღებს მონაწილეობასო.…
- ამ შემთხვევაში
განაწყენებული ცოტა სასაცილო სიტყვაა.
- ''ჩემი ცოლის დაქალების'' შემქმნელებს ხომ არ გაუჭირდათ შენი დაბრუნება?
- ამ ხალხს დიდი ხანია ვიცნობ, როგორც პროფესიონალებს და მშრომელებს, რომლებსაც ყველაფერი გამოსდით, რასაც ხელს მოჰკიდებენ. კარგი ხედვა აქვთ. პროფესიონალებთან ურთიერთობა, როგორც მსახიობისთვის, ჩემთვის სასიამოვნოა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო პროდიუსერებმა სერიალიდან გამომიშვეს, დამშვიდობებისას აღნიშნეს, რომ ეს არ ნიშნავდა, სამუდამოდ ვწყვეტდით ურთიერთობას. მითხრეს, დიდი გეგმები გვაქვს და რომელიმე პროექტში შენთან თანამშრომლობას გავაგრძელებთო. სიმართლე გითხრათ, ეჭვი არც მეპარებოდა, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთებოდა და ჩვენ ისევ დავუკავშირებდით ჩვენს შემოქმედებით გზებს ერთმანეთს, ასეც მოხდა.
ურთიერთობის გაგრძელება ფილმით არ დაწყებულა. ჯერ გადამიღეს ლუდის რეკლამაში. რეკლამის გადაღებიდან ორ-სამ დღეში ფილმთან დაკავშირებით დამირეკეს. მითხრეს, რომ მიშა მშვილდაძე აპირებდა ფილმის გადაღებას. სცენარი რომ წავიკითხე, პერსონაჟი, რომელიც უნდა მეთამაშა, ცოტათი მივამსგავსე ''ჩემი ცოლის დაქალების'' კატოს. ცოტა შემეშინდა. მსახიობისთვის მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული როლები ითამაშოს.
თავიდან ამ როლზე უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ ნიცას მაგივრად ვერიკოს როლს ვითამაშებ-მეთქი. ვერიკო გაცილებით მოკრძალებული, მშვიდი, ნაკლებად პრეტენზიული გოგოა, პრინციპში ისეთი, როგორიც მე ვარ ცხოვრებაში. თავს არ ვიქებ, მაგრამ რეალურად ვერიკო უფრო მგავს. ეს როლი საბოლოოდ არაპროფესიონალმა მსახიობმა ითამაშა. დამამშვიდეს და მითხრეს, რომ უნდოდათ, მეთამაშა კონკრეტულად ნიცას როლი და არა რომელიმე სხვა. დავფიქრდი და გადავწყვიტე, ყველანაირად მეცადა, რომ ეს პერსონაჟი არ დამსგავსებოდა კატოს. მათ წინადადებას დავთანხმდი, რადგან სიმართლე გითხრათ, მომენატრა გადაღებები, თუმცა მაინც მეშინოდა, რომ ნიცა კატოს დაემსგავსებოდა. მგონია, რომ თავი კარგად გავართვი და საერთო თვისებების არსებობის მიუხედავად, ორი გმირი ერთმანეთს არ ჰგავს.
- როგორია შენი ახალი გმირი?
- ნიცა კატოზე გაცილებით პრეტენზიული და ზედაპირულია. ტიპური თბილისელი გოგოა, საუბრის გაწელილი ფრაზებით, გამაღიზიანებელია. შეყვარებული ამ ყველაფრის გამო აირჩევს მეორე გოგონას, რომელიც ბევრად უფრო ლაღი და თავისუფალია.
გადაღებებმა ჩაიარა ძალიან მშვიდად. არ ყოფილა არანაირი ექსცესები და გაუგებრობა. მიშასთან ერთად მუშაობა საინტერესო იყო. მაყურებელს ვურჩევ, ნახოს ეს ფილმი, ძალიან ბევრს იცინებენ და გაერთობიან, დადებითი ემოციებით აივსებიან.
- საწყენია, რომ შენი გმირები არასდროს არ არიან ბედნიერები.
- ამ შემთხვევაში ჩემს გმირს არანაირად არ თანავუგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსახიობი თავისი როლის ადვოკატი უნდა იყოს და მისი ინტერესები მაქსიმალურად უნდა დაიცვას... მაგრამ ჩემი გმირი თანაგრძნობას ნამდვილად არ იმსახურებს. ნიცას მსგავსი გოგონების მიმართ ანტიპათიით ვარ განწყობილი. ზედაპირული ადამიანები ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ. შესაბამისად, არც იმაზე მწყდება გული, რომ შეყვარებულმა მიატოვა. ღირსი იყო და მიატოვა.
- რადგან ''ფორმულა კრეატივთან'' თანამშრომლობის დროებით გაწყვეტის მიზეზი თანხაც იყო, ამ შემთხვევაში რამდენად მომხიბვლელი იყო მათი წინადადება ფინანსურად?
- ზუსტად იგივე იყო, რაც ''ჩემი ცოლის დაქალის ქორწილში''.
- ''ორი ვარსკვლავის'' მონაწილე იყავი, პროექტის, რომელიც გასულ კვირას დამთავრდა. რა შეგიძლია თქვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც პროექტის მონაწილემ?
- შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ ირინა ონაშვილმა აბსოლუტურად სამართლიანად გაიმარჯვა. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი და კარგი ადამიანია, კარგად მღერის. თუმცა გული დამწყდა, რომ ლევან ჯავახიშვილი ფინალში უპრიზოდ დატოვეს. ჩემი აზრით, ეს დიდი უსამართლობა იყო. რა თქმა უნდა, მე და ნიკო ბერიძე ვიმსახურებდით სამეულში მოხვედრას. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არ ვიცი, ესემესები არ გვეყო, თუ ჟიურის ქულებმა იქონია გავლენა, რომ პროექტი დაგვეტოვებინა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ნიჭი არ უნდა ფასდებოდეს მარტო ფულით. ნიჭი პროფესიონალების მიერ უნდა ფასდებოდეს. პროფესიონალები უნდა იყვნენ ობიექტურები, კომპეტენტურები და რაც მთავარია, ადეკვატურები. ჩვენ შემთხვევაში ჟიური იყო აბსოლუტურად არაადეკვატური. რატომ, არ ვიცი. ჩემთვის აუხსნელი ფენომენია მათი დამოკიდე-ბულება ჩვენ მიმართ. ალბათ მათ აქვთ თავიანთი სიმართლე. წარსულის ქექვა არ მიყვარს. ყველაფერი იმ ადამიანების ნამუსზე იყოს, რომელთაც უსამართლოდ გამოგვიშვეს პროექტიდან.
- აშკარაა, რომ პროექტის ორგანიზატორებზე ხარ გაბრაზებული. სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, როდესაც ფინალურ კონცერტში მიიღე მონაწილეობა.
- ფინალში სიმღერა ყველა მონაწილისთვის სავალდებულო იყო, ამიტომაც გამოვედით და მგონი, ძალიან კარგი ნომერი გვქონდა. შევასრულეთ ის სიმღერა, რომელიც მეოთხე ტურზე უნდა გვემღერა. შემდეგ ეს სიმღერა ირინა ონაშვილსა და გიორგი მახარაშვილს დავუთმეთ. ფინალი კარგი საშუალება იყო, რომ ჩვენი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა. ჟიურიმ რატომღაც კომენტარისგან თავი შეიკავა. ალბათ ძალიან უხერხულად გრძნობდნენ თავს ჩვენთან დაკავშირებით. ყველა მონაწილეზე გარკვეული კომენტარი გააკეთეს და ჩვენზე ვერაფერი თქვეს. ახლა მეცინება, კიდევ ამ ყველაფერზე რომ მიწევს საუბარი, როგორ შეიძლება, ნიკო ბერიძეს დაუწუნო ვოკალი. ჩემზე ვერაფერს გეტყვით, ვცდილობდი სიმღერას, როგორც შემეძლო. მგონი, ბევრზე უკეთესად ვმღეროდი. კარგი გამოცდილება მივიღე და ნამდვილად არ ვნანობ, რომ პროექტში ვიყავი. ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება.
- ბევრი სხვა კონკურსი იმართება, რომელიმე მათგანში მიიღებდი მონაწილეობას?
- აბსოლუტურად ყველა პროექტის გამარჯვებულის ბედი მესიჯებით წყდება და ის, რაც ფულით წყდება, იმაში მონაწილეობას აღარ მივიღებ. არ შეიძლება, ნიჭი ფულმა შეაფასოს. გამოდის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მარკეტინგია და შემოქმედებასთან არანაირი შეხება არა აქვს. ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდებათ პროექტში ნიჭიერები, თუ იმარჯვებს ის, ვისაც ბევრი ფული აქვს. ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ ირინაზე. ვფიქრობ, რომ მან აბსოლუტურად სამართლიანად გაიმარჯვა. არ შეიძლება, კონკურსის პრინციპი იყოს ფული. ანუ თუ გადარიცხავ ბევრ ფულს, გადახვალ შემდეგ ტურში და თუ არ გადარიცხავ, ვერ გადახვალ.
- მონაწილეობა მიიღე ქართულ-აზერბაიჯანულ სერიალში ''ალი და თეო''. მაყუ-რებელმა რატომ ვერ ნახა ეს სერიალი?
- რამდენადაც ვიცი, სერიალის მონტაჟის პროცესი არაა დასრულებული. კონტრაქტის მიხედვით, სერიალი ჯერ აზერბაიჯანულ არხ ''ლიდერ ტვ''-ზე უნდა გავიდეს და მერე საქართველოში.
- დარწმუნებული ვარ, ბევრს აინტერესებს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- რაც უფრო დაკავებული ვარ შემოქმედებითად, მით უფრო არაფერი ხდება პირად ცხოვრებაში. ბოლო რამდენიმე წელია, ისე დავიტვირთე, პირადი ცხოვრებისთვის, ფაქტობრივად, ვეღარ ვიცლი. ეს სამწუხაროა, რადგან უკვე დროა, რომ შევქმნა ოჯახი და ვიპოვო ის ერთადერთი, ვისთანაც მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიქნები. მჯერა, რომ ასეთ ადამიანს აუცილებლად ვიპოვი.
თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდნენ, მაგრამ ჩემთან ურთიერთობის დაწყება ყველასთვის რაღაც შიშს უკავშირდება. შიშს, რომელსაც ერთი მარტივი სიტყვა ჰქვია, პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ვინც გაბედავს პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას, სწორედ ის იქნება ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვეტ ცხოვრებას. ზოგადად, ცნობილ სახეებთან ურთიერთობა ბიჭებს ცოტა უჭირთ, რადგან განსაკუთრებულები ვგონივართ. შეიძლება, გამორჩეულად პრეტენზიულები. ცოტა გაუგებარია, რატომ ფიქრობენ ასე. ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭი მდიდარი იქნება თუ ღარიბი, ლამაზი თუ უშნო. რა თქმა უნდა, სიმპათიური ადამიანები მომწონს, მაგრამ ჩემთვის ბიჭის გარეგნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარი ადამიანის სულია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თამარი.
ულამაზესო, უჭკვიანესო და უპატიოსნესო, გაიხარე, ღმერთმა კარგი ბედი მოგცეს, სულ ესე უყვარდე ხალხს და კარგი როლები არ მოგკლებოდეს. ჩემს ოჯახს და ჩემს ირგვლივ ყველას ძალიან უყვარხარ, ძალიან გვენატრება შენი განუმეორებელი კატო.23ხუ
21:11 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
გოგოლამ ვითომ არ იცოდა რომ არ იყო ღირსი 3 ადგილის, მაგრამ უტიფრად შეიფერა, 10 000 -იც კარგად აჩუქეს თავისმა ნაცნობებმა, თითქოს რამეს მღეროდა , ფეხების ჩაჩხვის მეტს არაფერს აკეთებდა, მარტო ნოდიკო მღეროდა. ფუი, უთავმოყვარო.
14:51 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
2 ვარსკვლავში ჟიური ხშირად მართლა მიკერძოებული იყო, უზომოდ აქებდნენ (რატომღაც) გოგოლას, რომელიც საშინელი მელიზმებით მღეროდა. ნინო ბევრად ჯობდა მას, შედარება არ არის
10:00 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS