- მეორე წელია, რაც მილანში სისტემატურად დავდივარ. უკვე მეექვსედ ვარ. პირველად ორი წლის წინ ზამთარში წავედი. ''იმიჯ ცენტრში'' მომივიდა მოწვევა. მგონი, გავამართლე როგორც ია
- მილანში რომელ სააგენტოსთან თანამშრომლობ?
- THE ONE MODELS-ი ჰქვია. ბოლოს ყველაზე კარგი ჩვენება მქონდა რომის მოდის კვირეულზე, დონა კარანთან ვმუშაობდი შოურუმზე, ახლა ''ჯასთ კავალისთან'' ვარ. ''ქლოესთანაც'' ვიყავი შოურუმზე, ანტონიო მარასთან არაერთხელ... ჯერჯერობით მილანის მოდის კვირეულზე არ გამოვსულვარ, მაგრამ ამის იმედი მაქვს. მომავალში უფრო წინ წავალ.
- ერთ-ერთი გამონაკლისი ხარ ქართველი მოდელებიდან, რომელმაც გათხოვებას კარიერა არჩიე.
- (იცინის) შეიძლება ასე ითქვას, რადგან ჩემი თაობის მოდელები, რომლებთან ერთადაც მოვდივართ, ძირითადად დაოჯახდნენ, მე ბოლომდე კარიერას ვაწვები. კარგია, რაც დრო გადის, არ ''ვფუჭდები''.
- მილანური ცხოვრების შესახებ მოგვიყევი.
- ორი კვირაა, რაც ჩამოვედი, ჩემთან ერთად არიან სხვა ქართველი მოდელებიც, პირველად ჩამოვიდნენ ანა ცანკაშვილი და ნონიკო კახაძე. ჩამოსვლიდან პირველივე დღეს ოთხი კასტინგი გვქონდა და მეორე დღეს ჩვენებაზე გამოვედით.
ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ასეთია, დილას ადრე ვდგები, შვიდ საათზე, და შოურუმზე მივდივარ. პარასკევსა და შაბათს ვცდილობ, განვიტვირთო და გოგონები გასართობად გავდივართ. ამ დროს თან ჩვენი ბუქერი ან სააგენტოს წარმომადგენელი გვახლავს და ''ჯასთ კავალის'' კლუბში ვერთობით. თან აქ უკვე მეგობრებიც მყავს.
- საქართველოში უამრავ ჩვენებაზე გამოსულხარ. რა განსხვავებაა მილანსა და თბილისს შორის?
- კარგი რამ მკითხე (იცინის). თითქმის ყველაფერი განსხვავებულია. აქ ყველაფერი უფრო მოწესრიგებულია. არავინ აგვიანებს, ასეთ რამეს არ გაპატიებენ.
- მოდელებს შორის კონკურენცია თუ იგრძნობა?
- მილანია და ასეთი კონკურენცია, მგონი, არსად არ არის. უბრალოდ, ცუდად არ გამოხატავენ. არავინ იბოღმება. ასეთი სფეროა, ან აგირჩევენ, ან - არა. უამრავი ლამაზი გოგონაა. ფეხის დადება და ტანსაცმლის დამალვა მითია, რაც მგონი, სილამაზის კონკურსებიდან მოდის.
- ცნობილ მოდელებთან ერთად თუ გამოსულხარ პოდიუმზე?
- განსაკუთრებულად არავინ მახსენდება, მაგრამ ერთხელ ნაომი კემპბელს შევხვდი. ''არმანის'' კლუბში ვიყავი, მილანის მოდის კვირეული იყო. მოდელები ვიყავით, ნაომი ათი წუთით შემოვიდა და გავიდა. ვუყურებდი და არ მჯეროდა, ძალიან მაგარი ქალია.
- უცხოელ მოდელებთან ძირითადად რა თემებზე საუბრობ?
- ძირითადად ჩაცმაზე, მოგვწონს თუ არა ის, რაც გვაცვია.
- ყოველთვის მოგწონს ის სამოსი, რასაც პოდიუმზე ატარებ?
- ხან მომწონს, ხანაც - არა... შეიძლება, კომფორტულადაც არ ვგრძნობდე თავს, მაგრამ ჩემი მიზანია, ისე ვაჩვენო, რომ ხალხს მოეწონოს. ერთხელ ცოტა გამჭვირვალე ზედა მეცვა და საზოგადოების ყურადღება მივიქციე, მაგრამ ამას სერიოზული გამოხმაურება არ მოჰყოლია. საერთოდ, ვცდილობ, გამჭვირვალე რაღაცები არ ჩავიცვა.
- საქართველოში შეიძლება, ამაზე უარი თქვა, მაგრამ მილანში მგონი, ვერ გაგიგებენ.
- ზუსტად ორი დღის წინ მქონდა შემოთავაზება, სადაც საკმაოდ შიშველი უნდა ვყოფილიყავი და უარი ვთქვი. ნატაშა პოლი ხომ არ ვარ. მაგ დონეზე თუ მივალ, მერე შეიძლება დავფიქრდე. ასევე მოქმედებს ქართული მენტალიტეტი და ოჯახიც.
- ნუკა, სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ანუკა არეშიძეს მადლობას უხდიდი, როგორც მივხვდი, სიურპრიზი მოგიწყო.
- დიახ, ახლა ჩამოსული იყო მილანში და საჩუქარი გამიკეთა. ეს მოდის სფეროს არ ეხება, პირადი საჩუქარია. ანუკის დიდი ხანია ვიცნობ, ბავშვობიდან... ერთად დავდიოდით სამოდელო სააგენტოში. მილანში პირველად რომ ჩამოვედი, მაშინაც ვნახე. გადასარევი გოგოა. ყველანაირად გვერდში ამომიდგა. ვმეგობრობთ... როგორც იცით, ანუკის ბოლო ჩვენება მე დავხურე. ძალიან მიყვარს ანუკი, როგორიც ადრე იყო, ზუსტად ისეთია. წარმატებას არ შეუცვლია.
- შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი, ამ ცდუნებას როგორ უმკლავდები?
- ალბათ, ვიღაცისთვის ცდუნებაა, ზოგისთვის მომავალი ან ხელჩასაჭიდი. არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, რადგან ამ ეტაპზე ჩემი პირადი ცხოვრება კარიერა, მეგობრები და ოჯახია. ერთი სული მაქვს, უნივერსიტეტი დავამთავრო და კარიერული გზა გავაგრძელო. მინდა, ჩემი შემოსავალი შევაგროვო და ალბათ, ერთი წლის შემდეგ მაგისტრატურაშიც გავაგრძელებ სწავლას.
- რამდენად შედის შენს უახლოეს გეგმებში საქართველოს დატოვება?
- ეგ სააგენტოსა და ჩემს კონტრაქტზეა დამოკიდებული. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეიძლება იამ მითხრას: ''ნუკა, ხვალ მიდიხარ''. ისე მინდა, რომ კარიერის მხრივ აზიურ ქვეყნებშიც ვცადო ბედი, სინგაპური, ტოკიო, ჰონკონგი.
- ნუკა, ინტერვიუს დასასრულს ისევ პირად ცხოვრებას დავუბრუნდეთ, შეყვარებული არ ხარ, მაგრამ როგორი მამაკაცები მოგწონს?
- ასეთი ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ მაქვს, თუმცა ქართველები ძალიან მიყვარს, თავისი მინუსით და პლუსით. იტალიაში ძალიან ბევრი კარგი ბიჭი დადის, გოგონებზე ლამაზები არიან (იცინის). მყოლია იტალიელი თაყვანისმცემელი, მაგრამ არ შემიძლია... ერთი დღის გაცნობილი იტალიელი რომ მოვა და სიყვარულს აგიხსნის, ვიღაც მოდელი ალბათ დაიჯერებს, მაგრამ ქართველი წარბაწეული რომ გახედავ, უკან იხევს. სიმპათიურები არიან, მაგრამ გარეგნობის იქით თუ არაფერია, არ შემიძლია.
- უცხოელ ბიჭებს უარს უცხადებ?
- ჯერჯერობით ასე ვარ, მაგრამ სიყვარული ისეთი რამ არის, წინასწარ ვერ გათვლი. შეიძლება, გარეთ გავიდე და უცებ მომხვდეს ამურის ისარი. იმდენად მყარად ვდგავარ გრძნობების მხრივ, რომ ხანდახან მეშინია, ვიღაცამ ხელი არ მკრას და დამანარცხოს.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''