31 მაისი, 2014
''არ მეშინია, რომ ამის გამო ვინმე გამკიცხავს, ან მომივარდებიან...''
ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ ამ თემაზე ჩემი მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ გაინტერესებთ, ვინ იყო იუნა შაფათავას პირველი სიყვარული და რატომ გადაიდო პირველი ეროტიკული არხის გაკეთება? მაშინ ბლიცინტერვიუს გაეცანით.

- პირველი სიყვარული...
- ბევრი გატაცება მქონია, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული ჰოლივუდის ლეგენდა ჯეიმს დინი გახლდათ. მაბოდებდა, არანორმალურად მიყვარდა. ახლა ჩემი უმცროსი და სოფიკო ტურნირზეა საფრანგეთში და მომწერა, სასტუმროს ნომერში რომ შევედი, პირველი, რაც დავინახე, ჯეიმს დინის ფოტო იყოო. ცრემლი მომადგა. რაც შეეხება უფრო რეალურ სიყვარულს, თეატრალურ უნივერსიტეტში
ერთი ბიჭი მიყვარდა, მაგრამ პირველი, სერიოზული სიყვარული ჩემი ყოფილი მეუღლე იყო.
- პირველი იმედგაცრუება...
- ჩემი პირველი იმედგაცრუება მეგობრობას უკავშირდება. ერთ დღეს უახლოესმა მეგობარმა რომ მიღალატა, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება არც ისე ვარდისფერი ყოფილა. არადა, ამ დროს უკვე დიდები ვიყავით. მიწაზე დამაგდო ამ ღალატმა, ძალიან მძიმედ გადავიტანე. არ შევრიგებულვართ, უბრალოდ, გამარჯობის დონეზე დავრჩით. მას შემდეგ ადამიანებს მარტივად აღარ ვენდობი.
- პირველი ხელფასი...
- 46 ლარი ავიღე და სოფიკოს სათამაშოები ვუყიდე. მაშინ მოდაში იყო უხელფასოდ მუშაობა და მეც ერთ-ერთ სამსახურში რამდენიმე გოგონასთან ერთად ვმუშაობდი. უფროსს მოეწონა ჩემი შემართება და მითხრა, კურიერად გაგაფორმებ და ხელფასი მაინც გექნებაო. იქ ავიღე 46 ლარი. ისე მანამდე ბავშვებს ინგლისურ ენაში ვამზადებდი, მაგრამ ოფიციალური ხელფასი სხვა შეგრძნებაა.
- პირველი მეგობარი...
- ჩემი ტყუპისცალი და – დეა. ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ როგორც კი რაღაც გაუჭირდება, ჩემთან მოდის და მიყვება. დეა ძალიან ტლიკინაა და ამიტომ ვცდილობ, ისეთი რამე არ ვუთხრა, რომ სადმე წამოსცდეს. დებს შორის ყველაზე ჭკვიანი სოფიკოა. მასზე 13 წლით უფროსები ვართ. სერიოზულ რაღაცებს უფრო სოფიკოს ვეუბნები. ისეთი ამბები იცის ჩემ შესახებ, რასაც დეა ვერასოდეს გაიგებს (იღიმის).
- პირველი პორნოარხი...
- ალბათ, იმას გულისხმობ, მე რომ ვაპირებდი გაკეთებას (იცინის). სხვათა შორის, ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ უცხოელ პროდიუსერებს ვესაუბრე. ეს არ იქნება პორნოარხი. პორნო და ეროტიკა სხვადასხვაა. მართალია, ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ ამ თემაზე ჩემი მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ. თუ გავაკეთებ, ისეთს გავაკეთებ, რომ ხელოვნების ისტორიაში შევიდეს, სამარცხვინო არ უნდა იყოს. არ მეშინია, რომ ამის გამო ვინმე გამკიცხავს ან მომივარდებიან. ვიცი, რომ ყველასთვის მოსაწონი არ იქნება, ისე, როგორც არ შეიძლება, მე ყველას ვუყვარდე. ისიც გამიხარდება, თუნდაც მცირე ნაწილს თუ მოეწონება.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS