29 მაისი, 2014
ნუკი კოშკელიშვილი ავარიაში მოყვა - ''სიყვარულისგან თავბრუ დამეხვა''...
მაიას დავპირდი, რომ მასთან მივიდოდით სტუმრად და მერე მაიამ ჩამოიყვანა ბენი ნუკი კოშკელიშვილისა და ბენ ჩეიმის სიყვარულის ამბავი სოციალური ქსელით დაიწყო. მერე კი ქართული ტელეშოუების დახმარებით მათი სიყვარულის ისტორია ისე წარიმართა, ალბათ თვითონაც არ ელოდნენ. ბენი უკვე ერთი თვეა საქართველოშია და ჩვენი ქვეყანა ძალიან შეუყვარდა. ნუკისა და ბენის ერთად ჩაწერას ვაპირებდით, მაგრამ გასულ კვირას ცნობილი ტელეწამყვანი ავარიაში მოყვა.

- ნუკი, როგორ გაეხვიე ამ ცუდ ამბავში?
- ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვყევი ავ
არიაში. აქამდე უბრალო ჯარიმაც კი არ მქონია. მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. გზაჯვარედინზე სიჩქარე ვერ გავაკონტროლე და მანქანას დავარტყი. საჭესთან ქალი იჯდა, ძალიან მალევე მოვაგვარეთ ყველაფერი. თან, ძირითადად ჩემი მანქანა დაზიანდა.
- შეყვარებული ამ დროს შენ გვერდით იყო?
- კი და ძალიან განიცადა. მაწყნარებდა. მითხრა, შტერი ხარ, მაგრამ არა უშავს, ასეთი რაღაცებიც ხდებაო.
- ამბობ, მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონიაო. სიყვარულის ბრალი ხომ არაა, ასეთი ამბავი რომ დაგემართა?
- (იცინის) შეიძლება, სიყვარულისგან თავბრუ დამეხვა და სიტუაცია ვეღარ გავაკონტროლე. ზოგადად ძალიან ფრთხილი მძღოლი ვარ.
- როგორც სატელევიზიო შოუებიდან ვიცი, ბენი მალევე აპირებდა ამერიკაში და-ბრუნებას, ვერ გელევა შენ და საქართველოს?
- ვერ მელევა და ძალიან მოსწონს საქართველო. უხარია, რომ ჩვენს ქვეყანაშია. მოვატარე ყველაფერი, რისი ნახვაც კი ასე მოკლე ხანში იყო შესაძლებელი: თბილისი, ბათუმი, ყაზბეგი, სიღნაღი, ლოპოტის ტბა. ამ ყველაფრის ნახვა ერთ თვეში მოვახერხეთ.
- უკვე გადაწყვიტა, როდის გაემგზავრება?
- მალე ჩემი დაბადების დღე მოდის, ცხრა ივნისს, და უნდა, ამ დროისთვის თბილისში იყოს.
- ყველაზე მეტად რომელი მხარე მოეწონა საქართველოში?
- ბათუმი მოეწონა ყველაზე მეტად. თქვა, ძალიან მაგარი ქალაქიაო. თავიდან ადარებდა ამერიკის სანაპიროს ქალაქებს, მაგრამ მალევე თქვა, ვერც ერთი ვერ შეედრებაო.
- ალბათ ქართული სამზარეულოც უკვე ძალიან შეუყვარდა.
- ყველაფერი ძალიან მოსწონს. მაგრამ სიმართლე გითხრა, ამ თემაზე არ გვილაპარაკია.
- შენს საქმიანობაზე რა აზრისაა? ბოლო დროს ფილმში გადაგიღეს, ''ხუთი ნახვით შეყვარება'', და საკუთარი გადაცემაც გაქვს.
- მართლა ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა, რომლის ნახვას ყველას ვურჩევ. ძალიან მაგარი ჯგუფი მუშაობდა ამ ფილმზე. ნახეთ და იხალისებთ, მეც, როგორც ყოველთვის, ფილმში უცნაურ ამპლუაში ვარ. გადაცემაში კი ერთხელ მოვიდა და მითხრა, მინდა, ყველაფერი გავიგო და ასე უბრალოდ ყოფნა არ მომეწონაო. მეუბნება, კამერაში როგორც ჩანხარ, მომწონხარო.
- მეგობრები და ახლობლები ბენზე რა აზრის არიან?
- მეგობრებიდან ვერავის ვერ ვხვდები, მთელ დროს ბენთან ერთად ვატარებ. დაქალების აზრი ბენთან დაკავშირებით არ ვიცი.
- შენზე რას იტყვი, სიყვარულმა ძალიან შეგცვალა?
- ისევ ის ძველი ნუკი ვარ, მხიარული. უბრალოდ, გაორმაგებული ვარ. ორმაგად ხალისიანი და პოზიტიური. მგონი, ჩემში ნეგატიური არაფერი დარჩა.
- მომავალი უკვე დაგეგმეთ?
- ჯერჯერობით არა. ბენმა მთხოვა, ამ ყველაფერზე ხმამაღლა არ გვესაუბრა.
- ძალიან ლამაზი სიყვარულის ამბავი გაქვთ. მახსოვს, ნანუკა ჟორჟოლიანი დაგეხმარა, რომ ამერიკაში ჩასულიყავი. ნანუკას დაჰპირდი, ბენი რომ ჩამოვიდოდა, მის გადაცემაში მოჰყვებოდით თქვენი სიყვარულის ამბებს, მაგრამ ორივე ''პროფილში'' აღმოჩნდით.
- მაია ასათიანმაც მიმიწვია სტუმრად და როდესაც ჩვენი ამბავი მოვუყევი, მაიას დავპირდი, რომ მასთან მივიდოდით სტუმრად და მერე მაიამ ჩამოიყვანა ბენი. შემდეგ სხვა ამბავზე შეიძლება, ნანუკასთან მივიდეთ სტუმრად. ორივე წამყვანთან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ისინიც კარგად არიან ჩემ მიმართ განწყობილი. არანაირი ცუდი გამოხმაურება ამას არ მოჰყოლია. ამერიკაში ჩასვლაში ნანუკა დამეხმარა და ბენი მაიამ ჩამოიყვანა. ნანუკას ექსკლუზივს არ დავპირებივარ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ეკა
ეს იმდენს ილაპარაკებს, რომ ბოლო-ბოლო დაშორდება... დაისვენებს თვითონაც და ჩვენც დაგვასვენებს
16:00 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გელა
ქალბატონ ბენ ჩეიმის მართლაც შეუყვარდა ქალბატონი ნუკი კოშკელიანცი.
16:25 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS