- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაცას აწყობდა ბაჩო ახალაიასთვის ცუდი იმიჯის შექმნა, თქვენ, როგორც მეუღლე, არ ურჩევდით მედიასთან უფრო აქტიურად კონტაქტს?
- ბაჩო ქურდული სამყაროს სახით უდიდეს მონსტრს ებრძოდა, რაც კარგად გამოუვიდა და წელში გატეხა ისინი. მათი სახით ძალიან დიდი მტერი ჰყავდა და ამიტომ გასაკვირი არ არის, ვინ ავრცელებდა ამ ჭორებს. რაც შეეხება რჩევებს, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ჭორებს, ჩემს ოჯახზე, მამაზეც ბევრს ჭორაობენ და ვიცი, რომ შური ქართველების ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რვა თვე გავიდა, შვიდი თვეა, რაც ბაჩო ციხეშია, ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, პარტიული ნიშნის მიუხედავად. თავიდან, როდესაც ბაჩო დაიჭირეს, მწერდნენ, მეუბნებოდნენ, აი, ხომ დაიჭირეს შენი ქმარი, აწი, მთელი ცხოვრება ციხეში იქნებაო. არავის ვბლოკავ სოციალურ ქსელში, ყოველთვის მაინტერესებს მათი აზრი, თან, როდესაც მართალი ხარ და ამის დამტკიცება შეგიძლია. ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო.
- მძიმე არ იყო მეუღლის შესახებ მსგავსი ჭორების მოსმენა?
- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მისთვის ხშირად გვითქვამს, რომ რაღაცაზე მაინც გაეცა პასუხი, ურთიერთობა ჰქონოდა მედიასთან, მაგრამ ამბობდა, რომ არ ეცალა რეკლამისთვის, მაიმუნობებისთვის, საქმე უნდა ეკეთებინა და ეს ყოველთვის გამოჩნდებოდა.
- სახელმწიფო მაშინ მუდმივად ზრუნავდა სამინისტროებისა და მინისტრების პიარზე, მაგრამ ბაჩოზე ნაკლებად მახსენდება, გარდა პრეზიდენტის რამდენიმე განცხადებისა.
- ეს, პირველ რიგში, ბაჩოს ბრალია, არასოდეს ჩნდებოდა კამერებთან. არქივიდან მასალების ამოღება მინდა მასზე და მარტო იქ ჩანს, სადაც პრეზიდენტია თავისი კამერით მისული. არავინ იცის დღეს, რომ თუნდაც ბავშვთა სახლი გაარემონტა, რადგან იქ კამერა არ ყოფილა.
- მისი ქველმოქმედების შესახებ არაფერი გვსმენია.
- დიახ, მისი ბრალი იყო და დღევანდელი გადასახედიდან ეს იყო ბაჩოს საბედისწერო შეცდომა.
- მაშინდელი მინისტრების მეორე ნახევრებთან ინტერვიუს ჩაწერა მედიისთვის ფუფუნება და წარმოუდგენელი რამ იყო, თქვენ მაინც არ გიცდიათ, რომ საზოგადოებისთვის სხვანაირად დაგენახვებინათ მეორე ნახევარი?
- არა, ეს ყველაფერი გამოცდილებაა და ახლა ვისწავლი ჭკუას. დიდი სანაცნობო წრე და ბევრი მეგობარი მყავს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ხალხს ეცოდინებოდა, არ ვიყავით მონსტრები, მაგრამ ასე არ ყოფილა. არასოდეს ვჩნდებოდი საზოგადოებრივ ადგილებში, არსად დავდიოდი.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 3 ივნისის ჟურნალ „რეიტინგში“