23 მაისი, 2014
ლალი მოროშკინა: ''ცოცხალი აღარ არის და თან წაიღო ბავშვობისა და ყრმობის საუკეთესო წლები''
მაშინ ალბათ ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცოდით ალბათ თითოეულ თქვენგანს გიფიქრიათ, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სიყვარულში, მეგობრობაში, კარიერაში. ამდენად დღეიდან ბუკლიკო ახალ რუბრიკას გთავაზობთ სახელწოდებით, - ''პირველი-პირველი''. პირველი სტუმარი ლალი მოროშკინა გახლავთ.

- პირველი სიტყვა, რომელიც თქვი...
- ბანალურად, ლოგიკურად და ადამიანურად - დედა.
- პირველი სათამაშო...
- თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლად რევოლუციამდე არ ვარ გაჩენილი... მოკლედ, ბებიამ გედეერ-იდან ჩამომიტანა ლამაზი თოჯინა, თუმცა, მე უფრო საჩხირკედელაო სათამაშოები მომწონდა და
ის, რასაც საკუთარი ხელით შევქმნიდი.
- პირველი მეგობარი...
- მანანა კოზაკოვა და მარინა სალუქვაძე. მაშინ ალბათ ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცოდით. მე და მანანა ერთ ეზოში ვცხოვრობდით და დედები ერთად გვასეირნებდნენ. მერე ერთ სკოლაში ვსწავლობდით. მარიკუნასთანაც თითქმის იგივეა, ჯერ მშობლები, წყნეთი და მერე სკოლა. მიხარია, რომ დღემდე ასე გრძელდება უკვე ჩვენს შვილებშიც.
- პირველი მაკიაჟი, ქუსლიანი ფეხსაცმელი...
- მაკიაჟი ტელევიზიაში გამიკეთეს. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მიმყავდა გადაცემა ''შევისწავლოთ რუსული ენა''. მაშინ ტელევიზიის საგრიმიოროში ვუყურებდი ტელევიზიის მეტრებს: ჟანეტა არჩვაძეს, ირინა მათიაშვილს და მეც მინდოდა იგივე... მაკიაჟს, რა თქმა უნდა, არ ვხმარობდი, მაგრამ თითი კი ხშირად ''ჩამიტყვლეპია'' უფროსების ნელსაცხებლებში, რომელიც ასე მადიანად გამოიყურებოდა. პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელი კი სკოლის ბანკეტზე მეცვა და საშინლად ვყანყალებდი.
- პირველი სიყვარული...
- სანდროს მამა.
- ასე მოკლედ რატომ?
- იმიტომ, რომ ცოცხალი აღარ არის და თან წაიღო ბავშვობისა და ყრმობის საუკეთესო წლები, დღემდე მოუშუშებელი იარაა. ასე მგონია, რაღაც ნაწილი სამუდამოდ მოკვდა ჩემში.
- პირველი იმედგაცრუება...
- ტელევიზია... 90-იანები... როდესაც მითხრეს, თუ ''კრიშა'' არ გყავს, უკაცრავად, ვერ გაგაჩერებთო. მაშინ გამოვიბრძმედე უთანასწორო ბრძოლაში და დავიფიცე, რომ საკუთარი თავის ''კრიშაც'', პატრონიც და უფროსიც მხოლოდ მე ვიქნები!
- პირველი სიმთვრალე...
- ახალი წელი სახლში, როდესაც თალესმა ყველას საკუთარი წარმოების კონიაკი ''თალესი'' დაგვალევინა, საკუთარი ხელით მომზადებულ გოზინაყთან ერთად. მერე მე და დედას დიდხანს გვეძინა და თალესი ახალ წელს პატარა ირაკლისთან შეხვდა.
- და ბოლოს, რა არის შენს ცხოვრებაში დღეს პირველი?
- დღეს პირველი არის ჩემი ოჯახი, მეუღლე და შვილები. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ ზრდას ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ბრძოლას სიმართლისთვის დღესაც ვაგრძელებ, მიხარია, რომ ჩემთან არის ადამიანი, რომელიც ყველაფერში გვერდში მიდგას!

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გეგას კომენტარისთვის
:D მოროშკინა კი არ გარდაიცვალა, გარდაცვლილ ქმარს იხსენებს.
12:59 / 31-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გეგა
გულწრფელად მეცოდება, რამ მოკლა ახალგაზრდა ქალი?
19:45 / 23-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS