23 მაისი, 2014
რას ფიქრობს ზაკ რისი ქართველ გოგონებზე
ერთხელ ვიყავი შეყვარებული და ალბათ მასთან დაშორება გახდა მიზეზი, რომ ჩემს საქმეს ახლა ძალიან დიდ დროს ვუთმობ ''ჯიდიესის'' პროექტ ''ერთი ერთშის'' ჟიურის წევრ ზაკ რისის შეფასებას ყველა მონაწილე მოუთმენლად ელის. პროფესიონალი ქორეოგრაფის შეფასება მათთვის მნიშვნელოვანია. ფრანგ ქორეოგრაფს საქართველოში გატარებულ პერიოდზე ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ზაკს საქართველო ძალიან შეუყვარდა და პროექტის დამთავრების შემდეგ თბილისს აუცილებლად ესტუმრება.

- ზაკ, უკვე მეორე სეზონია, ''ერთი ერთშის'' ჟიურის წევრი ხართ. ამ დროის განმავლობაში ალბათ კარგად გაიცანით საქართველო. რას ფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე?
- პირველად რომ ჩამოვდიოდი, ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, მაყურებელი როგორ მიმიღებდა. ზოგადად, როდესაც ჟიურის წევრი ხარ, შეიძლება, ძალიან კრიტიკული იყვნენ შენ მიმართ. საბედნიეროდ, დღითიდღე უფრო მეტ დადებით კომენტარს ვიღებდი. ქართველები ძალიან გამგები ადამიანები არიან. ყველანაირად ცდილობენ, კომფორტი შეგიქმნან და არ გაგრძნობინონ, რომ უცხო ქვეყნიდან ხარ ჩამოსული.
- შეგიძლიათ, გულახდილად გვითხრათ, პროექტის რომელი სეზონი უფრო მო-გწონდათ?
- რთულია თქვა, რომელი იყო უკეთესი, მაგრამ პრიორიტეტს მივანიჭებ მეორე სეზონს. მონაწილეები მეორე სეზონში უფრო კარგად მიხვდნენ, როგორი უნდა იყოს ეს სატელევიზიო შოუ. მეორე სეზონში უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს.
- სად ცხოვრობთ თბილისში?
- ვაკეში, ბაგებში ვცხოვრობ (ქართულად ამბობს).
- ქართულ სამზარეულოს შეეგუეთ?
- ზოგადად, პრეტენზიული მჭამელი ვარ, სპეციფიკური საკვები მიყვარს. სახლში იშვიათად ვჭამ, რადგან სულ ვმუშაობ. თბილისში რომ ჩამოვედი, გამიჭირდა თქვენს სამზარეულოსთან შეგუება. ახლა ქართველი მზარეული მყავს, რომელიც სპეციალურად ჩემთვის ამზადებს საკვებს და შესაბამისად იტალიურ, ფრანგულ და იაპონურ კერძებს მიმზადებს. ახლა უფრო კომფორ-ტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე თბილისში პირველად ჩამოსვლისას. ხანდახან ჩემი ქართველი მზარეული ხაჭაპურსაც მიცხობს, ცოტ-ცოტას ყველაფერს ვჭამ. ქართული საჭმელებიდან არ მომეწონა ხინკალი, მწვადი უგემრიელესია. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენთან ბოსტნეული და ხორცი ძალიან გემრიელია. საფრანგეთში, პარიზში, სადაც ვცხოვრობ, ხალხს მსგავსი კარგი პროდუქტი არ აქვს.
- საქართველოში თბილისის გარდა სხვა ქალაქების დათვალიერება მოახერხეთ?
- ძალიან მომწონს თბილისი, როდესაც ქუჩებში დადიხარ, შენობებსაც კი ეტყობა, რომ ამ ქალაქს დიდი ისტორია აქვს. სამოგზაუროდ ყოველთვის ისეთ ქვეყნებს ვირჩევ, სადაც დიდ ისტორიას დავინახავ. საქართველოში რამდენიმე ქალაქში ვიყავი. არჩევნების წინ ათი დღის განმავლობაში ბერასთან ერთად გახლდით ტურნეში ''საქართველო ჩვენ ვართ''. ამ ტურნეს ქორეოგრაფი ვიყავი. ბევრ რეგიონში მომიხდა წასვლა. უახლოეს მომავალში დასვენება მექნება და დასვენების დღეებს აუცილებლად ბათუმში გავატარებ.
- ბერა ივანიშვილი როდის გაიცანით?
- რამდენიმე წლის წინ ტელეფონზე დამირეკა და თანამშრომლობა შემომთავაზა. ძალიან გამიკვირდა, რომ არაფრანგი ძალიან კარგად ლაპარაკობდა ფრანგულად.
- მანამდე მილიარდერის შვილს დაურეკავს თქვენთან თანამშრომლობის წინადადებით?
- მსგავს სიტუაციაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ისეთ ორგანიზაციებთან მქონია ურთიერთობა, როგორიცაა ''სონი'', ''უნივერსალი'' და ისინი მიხდიდნენ თანხას იმ საქმიანობაში, რასაც ვაკეთებ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მდიდარი ადამიანის შვილი მირეკავს, თუ მდიდარი ორგანიზაცია.
- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- დავიბადე 1987 წლის 2 მაისს, 27 წლის ვარ. დედაჩემი იამაიკიდან არის, მამა - კარიბის კუნძულებიდან. კერძოდ, მარტინიკის კუნძულიდან. ცეკვა 12 წლიდან დავიწყე და თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე ქორეოგრაფიაში. სწავლას თავი დავანებე, რომ პრო-ფესიონალი მოცეკვავე გამოვსულიყავი. 20 წლის ვიყავი, როდესაც როგორც მოცეკვავემ მონაწილეობა მივიღე ფრანგულ ტელეპროექტში ''პოპვარსკვლავები'', რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე კულისებს მიღმა მეკეთებინა. როდესაც სამი თვის განმავლობაში ჩანხარ ტელევიზიით, რთულია გადაწყვიტო, რა გინდა რეალურად. შეიძლება მოგიხდეს იმის კე-თება, რაც ხალხს უნდა და შენი რეალური სურვილები უკან დაგრჩეს. დრო გჭირდება იმისთვის, რომ დაფიქრდე და მიხვდე, რა გჭირდება წარმატებისთვის.
- გიცდიათ ქართული ცეკვის სწავლა?
- ერთხელ ფილარმონიაში დავესწარი ქართული ცეკვის კონცერტს. ძალიან მომწონს, მაგრამ ქართული ცეკვის სწავლა რთულია. მოცეკვავეები გიჟურ რაღაცებს აკეთებენ. ქართული ცეკვა ომივითაა. აღფრთოვანებული ვარ.
- გყავთ შეყვარებული?
- ამ ეტაპზე ჩემთვის სიყვარული არის ჩემი მშობლები, ძმა და ის საქმე, რასაც ვაკეთებ.
- როდისმე ყოფილხართ შეყვარებული?
- მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეყვარებული და ალბათ მასთან დაშორება გახდა მიზეზი, რომ ჩემს საქმეს ახლა ძალიან დიდ დროს ვუთმობ. სიყვარულისთვის არ მცალია.
- ქართველ გოგონებზე რას ფიქრობთ?
- ვფიქრობ, რომ ქართველი გოგონები სხვებისგან ძალიან განსხვავდებიან. რთულია, ილაპარაკო ქართველ გოგონებზე. საქართველო არის თურქეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ არც ერთ მეზობელს არ ჰგავხართ. ბევრი გოგონა ქუჩაში ჩამოყალიბებულ მოდელს ჰგავს.
- როდესაც პროექტი დამთავრდება და თბილისიდან წახვალთ, როგორ ფიქრობთ, რა გაგახსენდებათ საქართველოზე?
- ეს შოუ რომ დამთავრდება, ვფიქრობ, კვლავ ჩამოვალ თბილისში. საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინე და მათ მოგვიანებით აუცილებლად მოვინახულებ. თბილისში ჟიურიში ყოფნის სერიოზული გამოცდილება მივიღე. ყველაფერი პირველი კი დასამახსოვრებელია. ისევე, როგორც პირველი სიყვარული.
- როგორია თქვენი პროგნოზი, ვინ გაიმარჯვებს ''ერთი ერთშის'' მეორე სეზონში?
- ვფიქრობ, ლევან მასპინძელაშვილს, ქეთი ორჯონიკიძესა და ვერიკო ტურაშვილს შოუს მოგების დიდი შანსი აქვთ. ზოგიერთი მონაწილე დასაწყისში კარგი იყო და მერე იგივე შედეგი ვერ გაიმეორა, მაგრამ ვერიკო სტაბილურია. პროექტის ბოლოს შეიძლება, მას ყველაზე კარგი ქულები ჰქონდეს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS