- ქუთაისში დავიბადე და გავიზ
- რა ასაკში დაიწყე ფოტოების გადაღება?
- მაშინ ოცი წლის ვიყავი. თავიდან ჰობის დონეზე მქონდა, მაგრამ მერე იმდენად მომეწონა, რომ ახლა უკვე თამამად ვპოზირებ კამერების წინ. ძირითადად, ქუთაისელ ფოტოგრაფებთან ვიღებ. სამწუხაროა, რომ სოციალური ქსელიდან ჩემს ფოტოებს იპარავენ და სხვადასხვა საიტებზე წერენ, რომ ტუჩის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მკერდი გადიდებული, თითქოს ჩემი გარეგნობა მთლიანად ფოტოშოპის დამსახურებაა.
- როგორ ხვდებიან შენს ფოტოსესიებს ოჯახის წევრები?
- დედასთვის რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე შეგუებულია. ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ მაინც ქუთაისი იყო და დამენებებინა თავი ფოტოების გადაღებისთვის, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, ამას ვერ გავაკეთებდი. საერთოდ, გოგონებისგან უფრო მეტი აგრესია მოდის, ვიდრე მამაკაცებისგან, მაგრამ ვცდილობ, ამას არ ავყვე. ყველას ვერ მოვეწონები.
- გარდა ფოტოგადაღებებისა, კიდევ რას საქმიანობ?
- ამ ეტაპზე მხოლოდ ამით ვარ დაკავებული, თუმცა ძალიან მომწონს სამეჯლისო ცეკვები და მინდა, სამოყვარულო კურსებზე ვიარო. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ საიტზე კონკურსი გამოცხადდა და ჩემმა ფოტომ საპრიზო ადგილი დაიმსახურა. სამწუხაროდ, თბილისში დაჯილ-დოებაზე ვერ ჩამოვედი, მაშინ ოჯახში რაღაც პრობლემები მქონდა.
- კამერის წინ გაშიშვლების კომპლექსი ადვილად დაძლიე?
- საქართველოში სხვანაირი მენტალიტეტია, ყველაფერს მძიმედ აღიქვამენ. ამ დროს გააჩნია ფოტოგრაფს, თუ ის პროფესიონალია, თავისი საქმე უყვარს, მასთან მუშაობა გაცილებით მარტივია.
- თბილისში კარიერის აწყობა არ გიცდია?
- დედაქალაქი ძალიან მიყვარს, შეიძლება, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ თბილისში უფრო პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან, ვიდრე ქუთაისში. ძალიან მინდა ჩამოვიდე და პორტფოლიოსთვის სურათები გადავიღო. მომწონს სტუდიური ფოტოები.
- თუ პროფესიონალი გადაგიღებდა, მთლიანად გაშიშვლებაზეც დათანხდებოდი?
- თუ პროფესიონალი გიღებს ფოტოებს და აუცილებელია, ალბათ - კი, მაგრამ არაპროფესიონალთან მუშაობა ძალიან რთულია.
- სოფია, ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება ქუთაისში.
- საერთოდ, უამრავი ადამიანი მწერს, რომ ჩემი ფოტოები ძალიან მოსწონთ. მთხოვენ, რომ სოციალურ ქსელში უფრო მეტი ფოტო გამოვაქვეყნო. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ქუთაისში ჩემზე ბევრს ჭორაობენ და აქედან გამომდინარე, ბევრი მიცნობს. იმასაც ჭორაობდნენ, რომ ვითომ ქმარ- შვილი მყავდა და ოჯახი დავანგრიე. იგონებენ, რომ პლასტიკური ოპერაციების სერია გავიკეთე.
- სერიოზულად შეყვარებული თუ ყოფილხარ?
- დიახ, თუმცა ეს სიყვარული კრახით დასრულდა. ეს ხდებოდა ქუთაისში, აქაური მენტალიტეტის ფონზე. ის ადამიანი ვერ იქნებოდა ჩემნაირ გოგონასთან, რადგან გულახდილი ფოტოების გადაღება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მშვიდად დავშორდით ერთმანეთს. ახლა მის მიმართ არავითარი გრძნობა აღარ მაქვს.
- როგორი მამაკაცები მოგწონს?
- მთავარია, მამაკაცმა ქალი დააფასოს და პატივი სცეს. გარეგნულად ყველა ულამაზესი ვერ იქნება. ჩემთვის მთავარი შინაგანი და სულიერი სილამაზეა. საყვარელი ქალი ჭორების გამო არ უნდა დათმოს.
- ქუთაისში როგორი ჩაცმული დადიხარ?
- თუ განსაკუთრებულ ადგილას არ მივდივარ, ვცდილობ, გამომწვევად არ ჩავიცვა. ძირითადად, ჯინსით დავდივარ.
- ''შალვა რამიშვილის შოუში'' როგორ მოხვდი?
- შალვას გადაცემები ძალიან მომწონს, ''ფეისბუქზე'' დავუმეგობრდი. როგორც კი ჩემი ფოტოები ნახა, შოუში მონაწილეობა შემომთავაზა. მონოლოგის დროს კორსეტით უნდა ვყოფილიყავი. ტელევიზიაში ძალიან თბილი და მეგობრული გარემო დამხვდა. ძალიან მოეწონათ ჩემი ოჯახის წევრებს.
- პოლიტიკასთან რამე თუ გაკავშირებს?
- არა, უბრალოდ, ერთი პერიოდი მეგობრებს ვეხმარებოდი და ''ნაციონალური მოძრაობის'' ახალგაზრდული პარტიის ეგიდით ჩატარებულ კონცერტებზე დავდიოდი.
- ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცებიდან განსაკუთრებულად რომელი მოგწონს?
- ''ნაციონალური მოძრაობიდან'' გიორგი ვაშაძე მომწონს ძალიან. ''ქართული ოცნებიდან'' ზურაბ ზვიადაურს გამოვარჩევდი. ძალიან კარგი ადამიანია და პირადად ვიცნობ. ზურა ჩემი მეგობრის შვილის ნათლიაა და იქ გავიცანი.
- გადაცემაში გამოჩენის შემდეგ ალბათ უამრავი ადამიანი გამოგეხმაურა.
- როგორც კი ჩემი კადრები გავიდა, სოციალურ ქსელში უამრავი მესიჯი მომდიოდა, მწერდნენ, რატომ წახვედი შალვასთანო. მე მომწონს მისი გადაცემა და არ მესმის, რატომ არ უნდა წავსულიყავი. ერთმა ქალმა დამწყევლა, გადაცემაში როგორ გაშიშვლდიო, არადა, იქ სიშიშვლე საერთოდ არ ყოფილა. გადაცემაში ჩემი მონაწილეობის დროს დათო ხუჯაძე იყო სტუმრად. ჯგუფ ''სახის'' ფანი ვიყავი და ფორჩხიძისა და ხუჯაძის ნახვა ძალიან გამიხარდა. ხუჯაძე მომესალმა, მკითხა, საიდან ვიყავი და რას ვსაქმიანობდი.
- სოფია, შესაძლოა, კიდევ გიხილოთ ტელევიზიით?
- შემოთავაზება თუ იქნება, სიამოვნებით დავთანხმდები. არავისი აზრი არ მაინტერესებს, ყველა ერთნაირად ვერ იგებს, თან აგრესია, როგორც გითხარით, მხოლოდ გოგონებისგან მოდის. ქუთაისში ერთ-ერთ კლუბთან მქონდა ფოტოსესია და შემდეგ, როდესაც სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, ისეთი აგრესია წამოვიდა, წერდნენ, ამას როგორ გადაუღეთო, მეპატრონე იძულებული გახდა, სურათები აეღო.
- როგორ წარმოგიდგენია მომავალში შენი კარიერა?
- არ მინდა, რომ ჩემ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. ძალიან მინდა, წარმატებული კარიერა მქონდეს.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''