20 მაისი, 2014
დაჩრდილა თუ არა ჯულიანა ბარ-გნარმა სალომე ჭაჭუა
მიშას მეუღლემ თვითონ ურჩია ჩემთან ცეკვა. იას მიზეზიც არ აქვს, რომ იეჭვიანოს ჯულიანა ბარ-გნარს ამ ეტაპზე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' საუკეთესო მოცეკვავედ მიიჩნევენ. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მან სალომე ჭაჭუაც დაჩრდილა. თუმცა საზოგადოებაში, რასაკვირველია, სალომეს გულშემატკივრებიც რჩებიან და შემდეგ სეზონზე მოცეკვავის გამოჩენას ელოდებიან. ფაქტია, რომ ჯულიანას გიორგი ყიფშიძემდე არ ჰყოლია ისეთი პარტნიორები, რომლებიც მისი შესაძლებლობების გამოვლენას შეუწყობდნენ ხელს. გარდა ამისა, ჯულიანა შესანიშნავად გამოიყურება და მაყურებლის გულწრფელ სიმპათიას იმსახურებს.
მის ახლანდელ მეწყვილე მიშა მესხს ჯერჯერობით ბევრი რამ ეშლება
ცეკვის დროს, მაგრამ მათ მაინც ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად ასახელებენ. ჯულიანას თქმით, მიშა ბევრს მეცადინეობს, მაგრამ, სამწუხაროდ, შრომის მაყურებლამდე კარგად მიტანას ვერ ახერხებენ.

- ჯულიანა, სოფო შევარდნაძემ გითხრა, გიმართლებს, ყოველ სეზონზე ძალიან მაგარი პარტნიორები გყავსო. შენ თვითონ რას იტყვი მიშა მესხზე, რომელიც ამ სეზონზე შენი მეწყვილეა?
- მიშაზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მინდა აღვნიშნო, რომ უმაგრესი ადამიანია. რაც დროს გადის, მით უფრო ვხვდები, ძალიან გამიმართლა, რომ ის ჩემი პარტნიორია. მიშასგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა. მართლა ძალიან ინდომებს და დღე და ღამე მუშაობს, ზოგი ფიქრობს, რომ რადგან შოუზე შეცდომებს უშვებს, ზარმაცობს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. რასაც რეპეტიციებზე ვურჩევ, მაქსიმალურად ცდილობს, გააკეთოს. ჩემთვის არა მარტო ცეკვაში, არამედ სპორტშიც, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მოინდომოს. როგორც კი ამ თვისებას დავინახავ, მაშინვე პოზიტიურად განვეწყობი ხოლმე მის მიმართ. რუმბაში მთელი ცეკვა შეეშალა, მაგრამ მართლა ბევრი იმეცადინა. უბრალოდ, რთული პერიოდები და დღეები ჰქონდა.
- როდესაც რუმბა იცეკვეთ, თვითონაც ძალიან განიცადა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მიშა არ იყო ფხიზელი. შენ ყველაზე კარგად შეგიძლია იმის თქმა, რა მოხდა.
- როდესაც რუმბას ვცეკვავდით, მართლა ძალიან ცუდი დღე იყო. თითქმის ყველას გაუჭირდა ცეკვა. მიშა დილიდან განერვიულებული იყო. რაღაც სჭირდა და არ გახლდათ ცეკვაზე კონცენტრირებული.
- პირადი პრობლემები ჰქონდა?
- არ ვიცი, უბრალოდ, დილიდან ცუდ ხასიათზე მოვიდა და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დილით ფხიზელი იყო, ამიტომ ამას ვერ დავაბრალებ, რომ შეეშალა, ცეკვაც კარგად იცოდა. უბრალოდ, ადამიანია და შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ დაიბნე. არა უშავს, მთავარია მოვახერხოთ შეცდომის გამოსწორება.
- ბევრი აღნიშნავს, რომ კარგად გამოიყურები. გიორგი ყიფშიძემ პირველივე ტურზე უთხრა მიშას, მურმანის ეკალი ხარ, მე და ჯულიანას შორის რომ ჩადექიო. ასეთი მაგარი პარტნიორი რომ ხარ, მიშას მეუღლე ია სუხიტაშვილი არ ეჭვიანობს?
- მიშას მეუღლემ თვითონ ურჩია ჩემთან ცეკვა. იას მიზეზიც არ აქვს, რომ იეჭვიანოს. მან მშვენივრად იცის, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' რამდენი შრომაა საჭირო ცეკვის მოსამზადებლად და ამიტომ არ მგონია, იეჭვიანოს.
- ახლა უკვე ალბათ დაზუსტებით შეგიძლია თქვა, რომელი უფრო მაგარი პარტნიორი იყო, გიორგი თუ მიშა.
- ყოველთვის ამას მეკითხებოდნენ, გიორგისთანაც რომ ვიდექი, ჯაბა კილაძე უფრო კარგად ცეკვავს თუ გიორგიო. მაგრამ მე არასდროს არ ვადარებ. გიორგი თავისებურად მაგარი იყო, მი-შას სულ სხვა ძლიერი მხარეები აქვს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომელი უფრო კარგი პარტნიორია.
- სოციალურ ქსელში ამბობენ, რომ სალომე ჭაჭუა მიიჩნეოდა ყველაზე მაგარ მოცეკვავედ პროექტში, ახლა კი შენ ხარ გოგონებს შორის საუკეთესო.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' არავის ვცვლი. ყოველთვის მქონდა და მაქვს ჩემი ადგილი. სალომეს ჰქონდა თავისი ადგილი ამ პროექტში. სალომეც ძალიან კარგი მოცეკვავეა და მეც ვაღიარებ, რომ ძალიან მაგრად ცეკვავს, საკუთარ თავზე კი ვერ ვილაპარაკებ.
- რა დროს უთმობ საკუთარ გარეგნობას? მხოლოდ ვარჯიში გეხმარება, რომ კარგად გამოიყურებოდე?
- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ჩემი იმიჯის შეცვლა ჩემს ხასიათზეა დამოკიდებული. მოცეკვავეებმა მუდმივად უნდა ვივარჯიშოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრესი არ გვექნება. ალბათ ამიტომაც გავიზარდე და მიხარია, თუ ამას მაყურებელი ხედავს.
- პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო?
- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს.
- ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.
- თაყვანისმცემელი ძალიან ბევრი მყავს და მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. ''ფეისბუქზეც'' ბევრი მწერს. ყველას ვერ ვპასუხობ. ცოტა დრო მრჩება სოციალური ქსელისთვის.
- კონკურსებზე შენი მეწყვილე ოთო ფოლადაშვილია. ბევრი წარმატებისთვის გაქვთ მიღწეული. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ერთმანეთის კონკურენტები რომ ხდებით, შემდეგ ეს თქვენს მეგობრობაზე ხომ არ მოქმედებს?
- პროექტში ერთმანეთს ყველანაირად ვეხმარებით. თუ რამე შეცდომას დავინახავ, ვცდილობ, ოთოს მეწყვილეს დავეხმარო. ანალოგიურად იქცევა ოთოც. ჩვენ შორის ვერანაირ კონკურენციას ვერ ვგრძნობ.
- ცეკვის გარდა სხვა სფეროთი ხარ დაკავებული?
- სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ წელს აკადემიური ავიღე. სექტემბრიდან დაიწყო ახალი სეზონი. ახალი წლის მერეც დაიწყო და მთლიანად ცეკვის სამყა-როში ვარ ჩართული. გარდა ამისა, ბავშვებს ცეკვაში ვამეცადინებ. მაისში თბილისში დიდი ტურნირი - ''კავკასიის თასი'' ჩატარდება. ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩამოდიან. უკრაინას ჰყავს ძალიან კარგი წყვილები. წელსაც ჩვიდმეტი ქვეყნიდან იქნებიან კონკურსანტები და საინტერესო ტურნირი გველის.
- ცეკვებში ისე ხარ ჩართული, რომ სტომატოლოგიას ალბათ აღარ დაუბრუნდები. მიატოვებ როდისმე ცეკვას?
- ამაზე ფიქრი არც მინდა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით მიხარია და ცეკვების სფეროში კომფორტულად ვარ. სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ სტომატოლოგიაში რამდენად გადავინაცვლებ, არ ვიცი.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მომდევნო ტურში შენ და მიშა რა ცეკვას შემოგვთავაზებთ?
- ქართული ტური იქნება. ეს ტური ყოველთვის გამორჩეულია და იმედია, ჩვენც გამორჩეულები ვიქნებით.
- სოფო შევარდნაძემ თქვა, მინდა, ფინალში გიხილოო. როგორ ფიქრობ, გამართლდება ეს პროგნოზი?
- ამაზე ძალიან ადრეა ლაპარაკი. მთავარია, მიშამ მოინდომოს. სოფომ ასეთი კომენტარი იმიტომ გააკეთა, რომ იცის მიშას პოტენციალი. მეც ვიცი, მაგრამ მაყურებელს ეს ჯერ ვერ დავანახვეთ. ძალიან მინდა, ეს მაყურებელმაც დაინახოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.

პ.ს. მადლობას ვუხდით გიორგი ცაავას, რომელსაც მასალაში გამოყენებული ფოტოეკუთვნის.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქეთი
ამ წყვილის პირველი ტურის ცეკვაზე გადამეკეტა მართლა!
14:08 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS