18 მაისი, 2014
კრისტი ყიფშიძეს სასიყვარულო ურთიერთობის კომპლექსი აქვს
ირგვლივ ბევრი უარყოფითი ინფორმაციაა, რაც, რასაკვირველია, ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს სახელი, გვარი: კრისტი ყიფშიძე
დაბადების თარიღი: 1977 წელი, 30 სექტემბერი

პროფესია და საქმიანობა

დავამთავრე ი.ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, ინგლისური ენის სპეცია-ლისტი ვარ, მაგრამ რეალურად დავიბადე მოდელად. თავიდან პოდიუმზე რომ გავედი, ვფიქრობდი, მოდელობა ჩემი ჰობი იყო, მაგრამ უკვე 20 წელია, ამ სფეროში ვტრიალებ და დღესაც მოთხოვნადი ვარ, არ ვკარგავ აქტუალობას. იმდენად ორგანული გახდა ჩემთვის ეს საქმიანობა, რომ ჰობიდან პროფესიად იქცა, შეყვარებული ვარ მოდელობაზე, რამაც განაპირობა და
შემაძენინა კიდევ სხვა პროფესიები. დღეს ჟურნალისტიც ვარ, რადიოში მაქვს ჩემი რუბრიკა, ტელევიზიაში ვიყავი პროდიუსერი და ა.შ. მიუხედავად ამისა, მინდა მეტი და მეტი, რადგან მაქსიმალისტი ვარ.

რაზე ოცნებობ?

სიმართლე გითხრა, ოცნება არ მაქვს და არც მიყვარს, უფრო სურვილები მაქვს. დავაკვირდი, როდესაც რაღაც მართლა მთელი გულით მინდა, ის აუცილებლად მისრულდება. ძალიან მიყვარს ზაფხული, მზე, სითბო და ვერ ვიტან ზამთარს, ამიტომაც მინდა, ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი, 50 წლის შემდეგ, გავატარო რომელიმე თბილ ქვეყანაში, სადაც მექნება პატარა სახლი ზღვის სანაპიროზე. როგორ მოვაწყობ და რას გავაკეთებ, ეგ უკვე მე ვიცი... და ჩემთან სტუმრად მოდიოდნენ მეგობრები, შვილები და შვილიშვილები.

ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ კუნძულზე რამდენიმე დღით?

ახლა არ მყავს შეყვარებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ ადგილას სწორედ შეყვარებულთან ერთად უნდა გაემგზავრო, იქ უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს, რადგან ბევრ გამოცდას მოგიწყობთ უკაცრიელი კუნძული და მიხვდები, ღირს თუ არა, ცოლად გაჰყვე.

რისი გეშინია?

არაფრის, კონკრეტულად არაფრის. ირგვლივ ბევრი უარყოფითი ინფორმაციაა, რაც, რასა-კვირველია, ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს, მაგრამ ვცდილობ, არ ჩავუღრმავდე, თორემ ამანაც შეიძლება გაგაგიჟოს.

საოცნებო ვახშამი მსოფლიო დონის ადამიანთან... ვის აირჩევდი და სად ივახშმებდით?

ვუდი ალენთან ვივახშმებდი. დავპატიჟებდი და ქართულ სამზარეულოს დავაგემოვნებინებდი, იქიდან მოუვიდოდა ინსპირაცია და გადამიღებდა ფილმში (იღიმის). ეს უკვე ოცნებაა.

რა გაკომპლექსებს?

ძალიან უკომპლექსო ვარ, ვმუშაობ ჩემს თავზე, რადგან არ მინდა, კომპლექსები მქონდეს. მორცხვი არ ვარ. ერთ-ერთმა სარეკლამო რგოლმა, რომელშიც ქუჩაში საცურაო კოსტიუმით დავდივარ, დიდი ამბავი გამოიწვია. ჩემთვის კი ქუჩაში ასე სიარული ძალიან ორგანული იყო, ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია პოდიუმზე ვდგავარ, ჩვენებების დროს კულისებში სულ ვიღაცების თანდასწრებით მიწევს გახდა-ჩაცმა, წამებში უნდა მოვასწრო გამოცვლა, რომ მაყურე-ბლის წინაშე ახალი სამოსით წარვდგე. თუ იმაზე ვიფიქრე, მიყურებენ და ვერ გამოვიცვლი-მეთქი, ვერაფერს მოვასწრებ. ერთადერთი - ვერ ვიტან პაპარაცებს და ძალიან ბოროტი ვხდები მათთან მიმართებით.

სიმორცხვე არ მაწუხებს, მაგრამ მამაკაცთან ურთიერთობის, სასიყვარულო ურთიერთობის კომპლექსი კი ნამდვილად გამიჩნდა, ალბათ იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების აწყობა არ გამომდის. ეს გარკვეულწილად ალბათ ჩემი ბრალიცაა, რადგან ძალიან ძლიერი ვარ და ჯერ ვერ ვნახე ისეთი მამაკაცი, რომელთანაც თავს სუსტად ვიგრძნობ.

საყვარელი ფილმი და მსახიობი

არ მაქვს საყვარელი ფილმი, უფრო სწორად, პასუხი ამ კითხვაზე სეზონურია, ანუ ბოლო პერიოდში რასაც ვნახავ ხოლმე, ის ხდება ჩემთვის საყვარელი, ახლა გამახსენდა ვუდი ალენის ''სევდიანი ჟასმინი'', რომელიც ძალიან მომწონს. მსოფლიო კინემატოგრაფის სხვადასხვა პერიოდიდან სხვადასხვა ფილმი მიყვარს, პაზოლინი, ფელინი აუცილებლად სანახავია, ფრანგული კინო ხომ სულ სხვაა, საბჭოთა ფილმებშიც არის კარგი ნამუშევრები, კომედიები, რომლითაც იხალისებ, ჰოლივუდის ფილმები მომწონს ტექნიკით, მსახიობებით.

საყვარელი მომღერალი

ჩემს ბავშვობაში, როდესაც მეგობრობის დღიურებს ვავსებდით, უმრავლესობის პასუხი ამ კითხვაზე მადონა იყო. ჩემს ცხოვრებაში მუსიკას ძალიან დიდი ადგილი უკავია. ერთი საყვარელი მომღერალი არ მყავს, დაწყებული ''დეფეშ მოუდიდან'', ''პეტ შოპ ბოიზით'', ''იუ თუთი'', სტივ უანდერით, ბიორკით გაგრძელებული, ბევრი მომღერალი მიყვარს, ჩემთვის უიტნი ჰიუსტონი არ ''მომკვდარა'', ისევე როგორც ჯექსონი. ჩემთვის ყველა მათგანს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ საყვარელი სიმღერა ეს არის ბიორკის Come To Me, ჩემთვის ის განსაკუთრებულია, თუმცა, რასაკვირველია მაქვს სხვა საყვარელი სიმღერებიც, უბრალოდ, ეს მართლა გამორჩეულია.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინი
ნათელა რამ გაგამწარა? )))))) კრისტი საყვარელი ხარ
14:14 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
ყიფშიძეთ დაიბადე? რატომ მალავ შენს ნამდვილ გვარს
23:38 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS