მუსიკალურ პროექტში შემთხვევით მოხვდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობა შესთავაზეს. მაშინ უარი თქვა, მაგრამ სიმღერა გაბედა და ახლა, სოფო გელოვანთან ერთად, ''ორი ვარსკვლავის'' ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტია.
- თბილისში დავიბადე, პლეხანოვზე
სპორტზე შეყვარებული ბავშვი ვიყავი, სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს ვსწავლობდი, რაც მიყვარდა. ჰუმანიტარი გახლდით. მიყვარდა მუსიკის მოსმენა, მაინტერესებდა მოგზაურობა. მამა წყალბურთელი იყო, ''დინამო თბილისის'' ნაკრებში თამაშობდა და ბავშვობიდან აუზზე მიწევდა ყოფნა, მაგრამ ჩემი წყალბურთელობა არ უნდოდა. ისე შემიყვარდა ეს სპორტი, ოჯახს პირობა წავუყენე, რომ აუცილებლად წყალბურთელი ვიქნებოდი. 5 წლიდან ცურვაზე მიმიყვანეს, დავდიოდი, ვჭყუმპალაობდი. წყალბურთელებს ცურვა ყველაზე მეტად გვეზარება, რადგან თამაში და ბურთი გვიყვარს. მალე მომბეზრდა და თამაში მინდოდა.
- რით გამოირჩევით წყალბურთელები მორაგბეებისა და ფეხბურთელებისგან?
- წყალბურთი ინტელექტუალური სპორტია. ვეტერანებიდან ბევრი პროფესორია, რამდენიმე მათგანი უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. ვცხოვრობთ, როგორც ყველა სპორტსმენი, აკრძალულია სიგარეტი, ალკოჰოლი, იშვიათად - რამეს თუU აღვნიშნავთ, ცოტა მოვწრუპოთ. რთულია ასე ცხოვრება, ბევრი ვერ უძლებს. მე მგონი, გავუძელი. მთავარია, 14-20 წლამდე პერიოდი გადალახო.
- მიშა, რა პროფესიის ხარ?
- 16 წლის ასაკში ''დინამო მოსკოვში'' მიმიწვიეს. ოჯახმა მარტო არ გამიშვა და ორი წელი ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ. აბიტურიენტობის პერიოდი მქონდა. ერთი წელი ვემზადებოდი და იურიდიულ აკადემიაში მოვეწყვე, სამოქალაქო სამართლის კუთხით. როგორც იცით, რუსეთში კორუფცია მძვინვარებს, მაგრამ მეგობრის დახმარებით ისეთ აკადემიაში მოვეწყვე, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. ორი წელიწადი საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი, დილას ვერ ვასწრებდი, ორი ვარჯიში მქონდა. ხუთოსანი არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად ვსწავლობდი. ბოლო სამი წელი საბუთები დაუსწრებელზე გადავიტანე, რადგან გრაფიკის გამო სიარულს ვეღარ ვახერხებდი.
- შეიძლება, ოდესმე გამოიყენო ეს პროფესია?
- რა თქმა უნდა, მხოლოდ დიპლომისთვის არ მისწავლია. გუნდი ხელს არ მიწყობდა, რომ ბოლომდე დასწრებულზე მესწავლა.
- რომელ წელს დაბრუნდი საქართველოში?
- 2008 წლის ომის შემდეგ. გუნდისა და მწვრთნელების ძალიან მადლიერი ვარ, დიდი სკოლა გავიარე და მიუხედავად პოლიტიკისა, ბევრი მეგობარი მყავს. ომის შემდეგ ბევრი ქართველი ბიჭი წამოვიდა. კონტრაქტი დამიმთავრდა და აღარ გავაგრძელე. ჩამოვედი საქართველოში და ჩემს ქვეყანას დავუდექი გვერდში და მე მგონი, გავამართლეთ იმედები, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ხუთი, ათი წლის წინ ეს აუხდენელი ოცნება იყო. თამაშები ივლისში იწყება, ახლა ვემზადებით, ორი მწვრთნელი გვყავს - ვლადიმერ ისერიძე და იოვან პოპოვიჩი. მათ გაგვიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე და ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. ძალიან რთული შრომაა, მთელი დღე წყალში ვართ.
- ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორ მოხვდი პროექტ ''ორ ვარსკვლავში''?
- ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ჩემი მეგობარი ანი ჩიქოვანი ''იმედში'' მუშაობდა და ჯერ კიდევ შარშან დამირეკა, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ხომ არ მიიღებ მონაწილეობასო. მაშინ უარი ვუთხარი. სოფო გელოვანის ახლობელია, ამჯერად დამირეკა და მისი მეწყვილეობა შემომთავაზა. დავთანხმდი, მაგრამ მეორე დღეს აღარ მახსოვდა. დილას სოფო გელოვანმა დამირეკა, სოფო ვარ და ''იმედში'' გელოდებიო. რომ მივედი, მთხოვა წამემღერა და მაშინვე მითხრა, ჩემი მეწყვილე იქნებიო. პროდიუსერი, ბენდი შემოიყვანა, რამდენიმე სიმღერა მამღერეს, გაოგნებული ვიყავი. ისე მოხდა, რომ უარი ვეღარ ვუთხარი და თან სიტუაცია მომეწონა. ჩემი დათანხმების ერთ-ერთი ფაქტორი წყალბურთის პოპულარიზაციაც იყო.
- შენი თანაგუნდელები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას?
- ბავშვობიდან მეგობრები ვართ და სულ ვეხუმრებით ერთმანეთს. რატომღაც მეგონა დამცინებდნენ, მაგრამ პირველ ტურს რომ დაესწრნენ, იმდენად დაიძაბნენ, მივხვდი, ყველა გვერდში მედგა. დღემდე ასეა.
- ოჯახი როგორ შეხვდა შენს ამღერებას?
- ძალიან გაუხარდათ, ბედნიერები არიან. დედა, ბებია, ბაბუა მოყვარულის დონეზე სახლში სულ მღეროდნენ.
ოჯახის წევრებიდან მხოლოდ დედმამიშვილები დადიან კონცერტებზე, არ მინდა, რომ მშობლები მოვიდნენ, უფრო ვინერვიულებ. ''ორ ვარსკვლავში'' ძალიან მეგობრული კოლექტივი გვაქვს, კონკურენცია არ არსებობს, რასაც არავინ ელოდა.
- თუმცა შოუს, ჟიურის წყალობით, სკანდალები არ აკლია. ამის გამო არასოდეს დაძაბულხარ?
- გადაცემაში მონაწილეობამდე პროექტის უცხოურ ანალოგებს ვუყურე და ვიცი, რომ კრიტიკა შოუს ელემენტია, შეიძლება, დაბალი ქულა დაგიწერონ და ამის გამო სტიმული უფრო გემატება. კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არა დამამცირებელი, რაც ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა.
- შენთვის თეონა კონტრიძეს იგივე რომ ეთქვა, რაც კოტე თოლორდავას უთხრა, რას იზამდი?
- არ ვიცი, ჩემთვის ასეთი რამე არ უთქვამთ. გააჩნია, როგორ გავიგებდი...
- არ ყოფილა შენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ შეურაცხყოფილად გეგრძნო თავი?
- როგორ არა, ძალიან კონფლიქტური ვარ. ამ დროს ყველას ჰგონია, რომ ასეთი არ ვარ. სადაც პროფესიონალად ვგრძნობ თავს, იქ ხშირად შევდივარ კონფლიქტში, ბევრჯერ ამის გამო გუნდიდანაც გამოვუგდივარ. თბილისშიც ყოფილა ასეთი შემთხვევა, რუსეთშიც. არ შემიძლია, უსამართლობაზე თვალს ვერ ვხუჭავ, თუნდაც ეს სხვას ეხებოდეს.
- შეგიძლია, ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენო?
- რუსეთში მქონდა შემთხვევა, როდესაც მწვრთნელმა შეურაცხყოფა მომაყენა, წყლიდან ამოვხტი და ვიჩხუბე. შეიძლება, ოდესმე მეც მწვრთნელი გავხდე, მაგრამ არის ფარგლები, რასაც არ უნდა გასცდე.
- შეიძლება, პროექტის შემდეგ სიმღერა გააგრძელო?
- არ მგონია, ახლა ძირითადად წყალბურთზე ვარ გადართული.
- შენ და სოფო ერთ-ერთ ფავორიტ წყვილად მოიაზრებით, ალბათ გიფიქრია გამარჯვებაზე.
- რა თქმა უნდა, კონკურსში რომ მივედი, ამის ილუზია არ მქონია, მაგრამ სოფო პირიქით მეუბნებოდა. უბრალოდ, არ მინდოდა, პირველს დამეტოვებინა შოუ. რაც დრო გადის, უფრო აზარტში შევდივარ. შოუ ჟინს მიხსნის, მაგრამ არა ვიღაცის გავარდნის ხარჯზე. ამაზე ყოველთვის მწყდება გული. საკუთარ თავთან მაქვს შეჯიბრი.
- მიშა, პირადზე დაგისვამ რამდენიმე კითხვას, ბევრჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
- არა, პირველად 23 წლის ასაკში შემიყვარდა. მანამდე ალბათ ისეთი პერიოდი მქონდა, რომ სულ ''პაეზდკებში'' დავდიოდი ან ვერთობოდი, ყველაფერს მარტივად ვუყურებდი. ამას არც ვნანობ. შემდეგ შემიყვარდა რუსი გოგონა. ოთხი თვის წინ დავშორდით. ის რუსეთში ცხოვრობდა, მე - საქართველოში, ხან ის ჩამოდიოდა, ხან მე მივდიოდი. ბედნიერი ვიყავი... მეგობრის მეგობარი იყო, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობს, ასევე ფოტომოდელია. საბოლოოდ დავშორდით. უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაგვედგა და ეს არც ერთს არ მოგვინდა, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ...
- ოჯახის მხრიდან ხომ არ გქონია წინააღმდეგობა?
- არა, ეგ პრობლემა არ მაქვს, შეიძლება, რაღაც მირჩიონ, მაგრამ... ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ დავშორებულიყავით.
- ამას ტკივილი არ მოჰყოლია?
- რა თქმა უნდა, ახლა მარტივად ვყვები.
- შენი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს ოთხი თვის წინ დაშორდი?
- დიახ...
- ახლა როგორ ხარ?
- სიყვარული ძიება არ არის, როდის გამოჩნდება ასეთი ადამიანი, არ ვიცი. იმაზე მსჯელობა, რატომ გიყვარდება ადამიანი, უაზრობაა. შეიძლება, შენგან სრულიად განსხვავებული ადამიანი შე-გიყვარდეს, თუმცა ძალიან მინდა, რომ ჩემი მეუღლე ქართველი იყოს.
- ალბათ, ახლა გოგონების ყურადღება არ გაკლია...
- რა თქმა უნდა, ტელევიზია თავისას შვრება. მადლიერი ვარ ამ პროექტის, მაგრამ სპორტს ნაკლები ყურადღება ექცევა.
- ალბათ, მაინც გექნება რაღაც მოთხოვნები ქალბატონისადმი, რომელიც შენი მეორე ნახევარი გახდება.
- მინდა, ჩემი მეორე ნახევარი მართლმადიდებელი იყოს. ძალიან დამთმობი ვარ, ასე გამოჩნდა, რადგან წინა სიყვარულის დროს ბევრი რამ დავთმე, შეიძლება, ამ დროს რაღაც პრინციპებს გადაახტე.
- სიყვარულში თუ ხარ კონფლიქტური?
- (ფიქრობს) ზოდიაქოთი კურო ვარ, ცოტა ჯიუტი (იღიმის), მაგრამ ადამიანი როდესაც გიგებს, ამასაც გაიგებს. ეგეც ხომ სიყვარულის ნაწილია, გაბრაზება-შერიგება...
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''