შეგახსენებთ, მარიკა კულტურის სამინისტროში საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტში მუშაობს. როგორც მომღერალს, ძალიან ენატრება სცენა და შექმნილი ვითარების გამო გულდაწყვეტილია.
- სამსახური, სახლი - ესაა ჩემი დღევანდელი რეჟიმი, რასაკვირველია, ჩემს ცხოვრებაში მეგობრებსაც თავიანთი ადგილი აქვთ, მაგრამ მაინც შეიძლება
- შემოქმედებითი პაუზის რეალური მიზეზი რა არის?
- რეალური მიზეზი ალბათ მაინც ისაა, რომ კონცერტებში ნაკლებად ვარ დატვირთული, რაზეც გული მწყდება. არ მინდა კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკი, მაგრამ ეს გამომდინარეობს მათგან, ვინც ამა თუ იმ კონცერტს ორგანიზებას უწევს და არ სურს ჩემი იქ მონაწილეობა. აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? მესმის, რომ ამ ბოლო დროს სასიმღერო კარიერაში ახალი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ სიმღერის ჩაწერას ფინანსები რომ სჭირდება, ეს ყველამ იცის, მომღერლის შემოსავალი კი კონცერტებიდან მიღებული ჰონორარია. როცა აქტიურად ხარ ჩართული ამა თუ იმ ღონისძიებაში, სტიმულიც გეძლევა იმისთვის, რომ მეტი შექმნა, ჩაწერო სიმღერები. მომღერლობა ჩემთვის ჰობი არ არის, მართლა ძალიან მიყვარს ეს საქმე, მით უმეტეს ხალხისგან რომ ვგრძნობ ამხელა ყურადღებას, მერე უფრო მწყდება გული შექმნილ ვითარებაზე.
- საახალწლო კონცერტისთვის მონაწილეთა შერჩევასა და შემდეგ ამა თუ იმ მომღერლის სიიდან ამოღებას დიდი სკანდალი მოჰყვა. კონცერტის მონაწილეთა სიიდან შენს და არა მარტო შენს ამოღებას მარინა ბერიძეს უკავშირებდნენ...
- კონკრეტულ პიროვნებებზე, ამ შემთხვევაში, მარინა ბერიძეზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ მაშინ ითქვა, თითქოს სიიდან უნიჭო მომღერლები ამოიღეს. ნიჭიერი ვარ თუ უნიჭო, ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს, უნიჭო რომ ვყოფილიყავი, აქამდე ვერ მოვიდოდი. ამასაც თავი დავანებოთ, ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს, ვინ გამოვიდეს კონცერტზე და ვინ არა, ეს პირადი სიმპათიის მიხედვით არ უნდა წყდებოდეს, თან ასეთი დამამცირებელი განცხადებებით გამოსვლა, ცოტა არ იყოს, უხერხულია. მარინა აქ მუშაობდა და მასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ გამაკვირვა პოზიციამ, რომელიც ჩემ მიმართ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მასზე ცუდის თქმას არ ვაპირებ, მას თავისი შეხედულებები აქვს, მე – ჩემი. საწყენია, რომ ნიჭიერ ადამიანებს გვერდით არ უდგანან, სცენაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რატომ უნდა იდგეს? მათთან ერთად ხომ შეიძლება, სხვებიც იყვნენ?!.
- არ გაგჩენია სურვილი, პირადად გეკითხა მარინა ბერიძისთვის, რატომ მოხდა ასე?
- არა. როდესაც უნიჭობასთან დაკავშირებით ფრაზა გავიგე, კითხვის დასმას რაღა აზრი ჰქონდა?!. არ მივსულვარ და არც არაფერი მიკითხავს. სიმართლე გითხრა, საერთოდ აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი და არ ვფიქრობ, რომ ჩემს ინტერვიუში ეს ადამიანი უნდა დომინირებდეს, იმიტომ კი არა, რომ პატივს არ ვცემ, უბრალოდ, მას თავისი ცხოვრება აქვს, მე - ჩემი.
- შოუბიზნესს რომ ღრმა ძილით სძინავს, ეს უკვე ნათელია, როგორ ფიქრობ, პრობლემა რა არის?
- კონცერტების, ღონისძიებების სიმცირე. კოლეგები რომ შევიკრიბებით, მოხუცებივით ვიხსენებთ იმ დროს, როცა შოუბიზნესში აქტიურად ვიყავით ჩართული. უკვე მენატრება კლიპის, ალბომის პრეზენტაცია, არადა, ერთი-მეორეზე უფრო გრანდიოზულ პრეზენტაციებს ვაწყობდით. როდესაც იცი, რომ საშუალება გექნება, შენი შემოქმედება მსმენელს გააცნო და ამაში ჰონორარს აიღებ, მერე უკვე იზრუნებ იმაზეც, რომ მეტი და მეტი შექმნა, გადადებ თანხას და ახალ სიმღერას ჩაწერ.
პირადად მე კობა მესხიამ ზემოხსენებული ორი სიმღერა სრულიად უსასყიდლოდ გამიკეთა, იმიტომ კი არა, რომ გაჭირვებული ვარ, უბრალოდ, იმ მომენტში არ მქონდა თანხა, რომ სიმღერისთვის გადამედო. ყოველთვის ადამიანის კეთილ ნებაზე ხომ არ იქნები დამოკიდებული, ის ადამიანიც მუშაობს და მისი შემოსავლის წყაროც ესაა, ამიტომ მივდივართ ისევ კონცერტებამდე, ამით თუ არ ვიქნებით დატვირთულნი, არაფერი გამოვა. მე კი ვმუშაობ სამინისტროში და ხელფასი მაქვს, მაგრამ ოჯახიც ხომ მაქვს, არა?! არადა, უკვე ძალიან მენატრება სცენა, სიმღერა. იქნებ, ამ ინტერვიუთი მაინც გაახსენდეთ, რომ რაღაც ჩვენც გაგვიკეთებია და არ დავბერებულვართ.
კობასთან სტუდიაში მუშაობისას სოულში აღმოვაჩინე ჩემი თავი, ძალიან მინდა, შევკრიბო ისეთი მუსიკოსები, რომელთა სახელიც ცნობილი არაა და შევქმნა ბენდი, რომლის მეშვეობითაც მსმენელი ახალ მარიკას გაიცნობს.
- კლუბშიც არ მღერი, თუნდაც ჟინის დასაკმაყოფილებლად?
- ამას წინათ რუსა მორჩილაძის საღამოზე ვიმღერე ერთ-ერთ კლუბში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუნდაც როგორი კლუბია, რა სიტუაციაა და ა.შ თორემ, კლუბში სიმღერა ჩემთვის უხერხულობას არანაირად არ წარმოადგენს, პირიქით. ამ ბოლო დროს მეგობრები ხშირად დავდივართ კარაოკეში, ადრე ასეთ გარემოში არ ვმღეროდი, რომ უხერხული მდგომარეობა არ შემექმნა, მაგრამ ახლა ისე მომენატრა ეს ყველაფერი, უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ, მეგობრების თხოვნას ვითვალისწინებ და ვიკლავ ჟინს (იღიმის).
- დასასრულ, მინდა, პირად ცხოვრებაზე გკითხო, რომელზე საუბარსაც თავს არიდებ ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს ცნობილი გახდა შენი და დათუნა ბეჟუაშვილის (გელა ბეჟუაშვილის ვაჟი - ავტ.) სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი?
- პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობდი, რასაც ვნანობ, დავაშავე, რადგან უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. ამასთან დაკავშირებით შემიძლია ის ვთქვა, რომ ეს ურთიერთობა დასრულდა. ახლა იმ ადამიანს თავისი ცხოვრების გზა, ოჯახი, ცოლი ჰყავს და მგონია, რომ ამ თემაზე ვრცლად საუბარი უხერხულიცაა. მე კი ჩემი გზა მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ჩემს პირად ცხოვრებაში ახალი არაფერია.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''