13 მაისი, 2014
მაია ყარყარაშვილი მეორედ დაოჯახდა - როგორ შეხვდა შვილის კონკურსში გამოჩენას მომღერალი
კარიერას გავაგრძელებ, ნიუ-იორკში წასვლას ვფიქრობ გასულ ორშაბათს სოფი სააკაშვილი ''X ფაქტორის'' ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. 19 წლის გოგონამ ჟიური აღფრთოვანებული დატოვა და ოთხი ''კი'' დაიმსახურა. გარდა სოფის კარგი ვოკალური მონაცემებისა, მაყურებლის ყურადღება ეთერში მაია ყარყარაშვილის გამოჩენამ მიიპყრო.
90-იანი წლების ვარსკვლავი, ამჯერად დედის ამპლუაში სოფის საგულშემატკივროდ მისული წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე. ამ წლების განმავლობაში ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობდა. ვისარგებლეთ სოფის წარმატებით და ინტერვიუ დედასთან ერთად ჩავწერეთ.

სოფი:
- ბავშვობიდან ვმღერი, ძალიან მიყვარს მუსიკა,
მუსიკალური საკრავები, ვუკრავ ფორტეპიანოზე, გიტარაზე. რა თქმა უნდა, მუსიკალურად უდიდესი გავლენა მოახდინა დედის ფაქტორმა. დედას დეიდა, მანანა თოდაძე, ცნობილი მომღერალია, ჩემი დეიდა შორენა ყარყარაშვილიც მღერის. მახსოვს, ბავშვობაში ხშირად ვუსმენდი დედას სიმღერებს რადიოში.
- მისი რეპერტუარი თუ მოგწონს?
- კი, ძალიან მომწონს. ორი ალბომი გამოუშვა. პირველი ალბომი ძალიან მომწონს, ცნობილი სიმღერებია შესული - ''თბილისო'', ''აღარ მჭირდები''. ახლაც ხშირად ვუსმენ. ბევრი სიმღერა აქვს, რომელსაც მაყურებელი არ იცნობს და ვფიქრობ, მე შევასრულო, ოღონდ ჩემი ინტერპრეტაციით.
- თუმცა განსხვავებულ ჟანრში მღერი.
- დიახ, დედა უფრო ქალაქური ჟანრის მომღერალია, მე უფრო უცხოური - პოპი, ბლუზი, ჯაზი მომწონს.
მაია:
- სოფი ქართულ სიმღერებსაც არაჩვეულებრივად ასრულებს. თუ ლაივკონცერტებამდე მივა, როგორც კონკურსანტი, ალბათ, ქართული ტურიც იქნება და იქ აჩვენებს საკუთარ შესაძლებლობებს.
- სოფი, როგორი დედაა მაია?
- ძალიან კარგი, არასოდეს დაუწესებია შეზღუდვები, მაგრამ რაღაც ჩარჩოში მაინც ვიყავი. არ მქონია მოთხოვნა, რომ სადმე გავეშვი ან რაღაც ეყიდა. ყველგან დავდიოდი, ვესწრებოდი საღამოებს. მაიას ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, იცის, როგორ უნდა მოგიდგეს.
მაია:
- სოფი ისეთი ბავშვი იყო, რომ სათამაშოც კი არ გაუტეხია. დამყოლი იყო, სისულელე არასოდეს ჩაუდენია. მარტომ გავზარდე, კვირაში სამი-ოთხი დღე მამის ოჯახთან იყო, მაგრამ დიდ ნაწილს მაინც ჩემთან ატარებდა, ამის მიუხედავად, არასოდეს გამჭირვებია.
- ქალბატონო მაია, ამდენი წელი რატომ არ აჩენდით სოფის?
- სოფის ასეთი ვოკალური შესაძლებლობა რომ არ ჰქონოდა, არც ახლა იდგებოდა სცენაზე. ალბათ, დადგა ამის დროც. ძალიან პატარა იყო, რომ მღეროდა. ჩემს მეორე ალბომში ჩვენი დუეტიც არის შესული. სახლში ხშირად ვმღეროდით საბავშვო სიმღერებს. მთავარია, ბავშვის ხმამ გარდატეხის ასაკს გაუძლოს. ამ პერიოდში არსად ვამღერე. სწორად მოვიქეცი. გადალახა ეს ეტაპი და რომ ჩამოყალიბდა, თავად გადაწყვიტა ''X ფაქტორში'' მონაწილეობა. საერთოდ, ყველა დედას ჰგონია, რომ მისი შვილი მაგარია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს აქვს ''X ფაქტორი''. მის შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, არ მივცემდი საშუალებას, რომ კონკურსს შესჭიდებოდა. მე პირადად რვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ვარ და ვიცი, ეს რა ციებ-ცხელებაა. ყველა დედა ცდილობს, შვილი პრობლემებისგან დაიცვას, მაგრამ რადგან მას ასე უნდოდა... მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას უნდა. სოფის ცხოვრებით ვცხოვრობ.
- ამდენი წელი რატომ არ ჩანდით ესტრადაზე?
- ჩემს პირად ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა, მერე გასტროლებზე დავდიოდი, ვერ მოვიცალე და ვერ გავაგრძელე ისე, როგორი სტარტიც მქონდა აღებული. ხან არის შენი დრო, ხან - არა. როდესაც რაღაცას მიაღწევ, მისი შენარჩუნება რთულია. მე სხვა რამეზე გადავერთე. მარტო დავრჩი, გაჩნდა სამსახური, გასტროლები, ბავშვი და ვეღარ მოვაბი თავი. სახლში რომ და-ვმჯდარიყავი კონცერტების მოლოდინში, შვილი მყავდა გასაზრდელი.
- როგორ ფიქრობთ, ქართულ ესტრადაზე თქვენი დაბრუნების დრო არ დადგა?
- ორი წლის წინ რადიოს საშუალებით დავბრუნდი. რაც შეეხება კლიპებსა და კონცერტებს, ძალიან მინდა, მაგრამ ვნახოთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი.
- სოფი, დედმამიშვილები თუ გყავს?
- მამის მხრიდან 2 წლის ძმა მყავს - ნიკოლოზი, და ივნისში და მეყოლება. სახლში მე, დედა და მისი მეუღლე ვცხოვრობთ. დედა რამდენიმე წლის წინ მეორედ დაოჯახდა. დათო ალიმბარაშვილთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. დათო რომ დედას ცხოვრებაში გამოჩნდა, 15 წლის ვიქნებოდი. დედა ძალიან ლამაზი, წარმატებული და ჭკვიანი ქალია, რატომ უნდა იყოს მარტო? გვერდით უნდა ჰყავდეს საყვარელი ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად იგრძნობს.
- მშობლები რომ დაშორდნენ, რამდენი წლის იყავი?
- 4-ის, მაგრამ მძიმედ არ გადამიტანია. მშობლები დაშორებული იყვნენ, რომ კვირაში სამ დღეს მამასთან ვატარებდი. მამა – მამუკა სააკაშვილი, ცნობილი პროდიუსერი იყო. ბევრი მომღერალი მისი წყალობით დგას დღეს სცენაზე. მამას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამ წლების განმავლობაში არასოდეს მიგრძნია უმამობა.
- მაია, ესტრადიდან გაქრობის შემდეგ ინტერვიუებიც აკრძალეთ, ეს პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა?
- მე და ჩემი პირველი მეუღლე ახალი დაშორებული რომ ვიყავით, ყველას პირად ცხოვრებაზე უნდოდა საუბარი... მე და მამუკა ცივილიზებულად დავშორდით და ჟურნალისტებთან ამას ყოველთვის აღვნიშნავდი. არასოდეს გვქონია დაძაბული ურთიერთობა და დღემდე ასე ვინარჩუნებთ. მის მშობლებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. წლები ვიცხოვრე მათ ოჯახში და მათზე ცუდს არასოდეს ვიტყვი.
- რამდენიმე წლის წინ მეორედ გაბედნიერდით.
- დიახ, დიდი ხანი არ არის. ეს წლები სულ ვმოგზაურობდი, არ მქონდა იმის დრო, რომ ვინმე გამეცნო. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და მოგვიანებით დათო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემს ერთ-ერთ საღამოზე გავიცანი.
- როგორც ვხვდები, ამ თემაზე საუბარს ერიდებით.
- იცით, ინტერვიუები რატომ ავკრძალე? როდესაც ჟურნალისტებს ვეუბნებოდი, რომ მე და მამუკა ნორმალურად დავშორდით ერთმანეთს, ამ ინტერვიუს დაბეჭდვის შემდეგ, რამდენიმე ნომერში ყოფილი მეუღლის არც ისე კარგი ინტერვიუ იბეჭდებოდა. არ ვიცი, იმან რა უთხრა და ამათ რა დაწერეს. ამის გამო გავბრაზდი და ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ჟურნალ-გაზეთს დაურეკავს, მაგრამ ყველას უარს ვეუბნებოდი. მაშინ ვთქვი, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტებთან არასოდეს ვილაპარაკებდი, არც წარსულზე და არც ახლანდელზე.
- დღეს ბედნიერი ხართ?
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი კარგი შვილი და მეუღლე.
- სოფი, ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნე, რომ ბავშვობიდან მღერი და ამდენი ხანი რატომ არ გამოჩნდი მუსიკალურ პროექტებში?
- მუსიკალური კონკურსები ძალიან მომწონს, მაგრამ სადაც კონკურსანტის გამარჯვება თანხას უკავშირდება, თავს ვიკავებდი. ბოლოს ''საქართველოს ვარსკვლავს'' ვუყურე და ძალიან მომეწონა. ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ვიყავი. იმ პერიოდში ''X ფაქტორი'' გადიოდა და გა-დაცემებს ვესწრებოდი. ვფიქრობდი, ნეტავ, საქართველოში როდის დაიწყება-მეთქი ასეთი პროექტი. ბებია ამერიკის მოქალაქეა და მასთან ვიყავი სტუმრად. საქართველოში რომ ჩამოვედი, ''X ფაქტორის'' რეკლამა ვნახე და მონაწილეობა გადავწყვიტე.
- კონკურსზე აქამდე არ გამოსულხარ?
- 12 წლის ვიყავი, როცა ''პირველ არხზე'' ''წარმატების ფორმულაში'' გავიმარჯვე.
- გვარად სააკაშვილი ხარ, ყოფილ პრეზიდენტთან ნათესაური კავშირი ხომ არ გაქვს?
- ამერიკაში ჩასვლისას ჩემს გვარს რომ იგებდნენ, მაშინვე პრეზიდენტი ახსენდებოდათ. საქართველოში ხშირად მეკითხებიან - მიშასი რა ხარ?.. ნათესავები არ ვართ, მხოლოდ მოგვარეები ვართ.
- პროფესიით ვინ ხარ?
- ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობ, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მართვის ინგლისურ სექტორზე. დედას გარდა არავინ არ იცოდა, რომ კონკურსზე გავდიოდი, კურსელებმა პირველად ტელევიზიით მნახეს. სხვათა შორის, არც მამამ არ იცოდა (იღიმის). იმიტომ და-ვმალე, რომ კონკურსია და შეიძლება, ვერ გადავსულიყავი.
- სოფი, რას აპირებ ამ პროექტის შემდეგ?
- კონკურსში მონაწილეობით მინდა, მთელმა საქართველომ გამიცნოს. კარიერას გავაგრძელებ, ნიუ-იორკში წასვლას ვფიქრობ. მართალია, ძალიან რთულია, რადგან დიდი ქვეყანაა უზარმაზარი ბაზრით, მაგრამ ვეცდები მაინც, რომ რამეს მივაღწიო. ჯერ საქართველოში გამიცნობენ.
- ინტერვიუს დასასრულს თაყვანისმცემლებზე გკითხავ...
- ტელევიზიით გამოჩენის შემდეგ უამრავი ადამიანი მეხმაურება სოციალურ ქსელში. ლექსებს მწერენ, ლამაზ სიტყვებს მიძღვნიან. მე შეყვარებული არ ვარ.
- თვალები სხვანაირად გიციმციმებს, ალბათ, ვინმე მოგწონს?
- (იცინის) შეიძლება, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა ჯერ არავისთან არ მაქვს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გოჩა ოთანაძე
წარმატებებს გისურვებ სოფი))))
20:06 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS