12 მაისი, 2014
ვისი სახელი დაარქვა სალომე გოგიაშვილმა მესამე შვილს
გამონაკლისი მხოლოდ ისინი არიან, ვისაც თავად უნდა, რომ მეჯვარედ წამიყვანოს და მათგან დასვენებული ვარ სალომე გოგიაშვილსა და მის მეუღლეს, ვახო ნიკოლაიშვილს, ორიოდ თვის წინ, 19 თებერვალს, შვილი, ირაკლი შეეძინათ. სალომეს წინა ქორწინებებიდან ორი შვილი ჰყავს, მაშო და ციბუკა. ვახოსაც ჰყავს შვილები. ირაკლი ნიკოლაიშვილი კი წყვილის პირველი საერთო შვილია. როცა სალომეს ვკითხეთ, უნდა თუ არა კიდევ ბავშვის გაჩენა, თავიდან ღიმილით გვიპასუხა, შემდეგ კი არ გამორიცხა, თუ დავფეხმძიმდები, აუცილებლად გავაჩენო. პატარა ირაკლი სხვა ნათლიებთან ერთად, როგორც მესამე
შვილი, პატრიარქმა მონათლა, რითაც სალომე ძალიან ბედნიერია.

- ვიცი, რომ პატარა უკვე მონათლეთ. ვინ იყვნენ ნათლიები?
- ირაკლის ნათლია გახლდათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. რასაკვირველია, ჩვენი მეჯვარეები, ჩემი მხრიდან - ია ფარულავა და ჯაბა კილაძე, მეუღლის მხრიდან - ირაკლი ლაბაძე, ირაკლი ჩხიკვიშვილი და გურო გადაბაძე. გარდა ამისა, მე დამემატა ჩემი მეგობარი, მაიკო გუგუშვილი. ასე რომ, მთლიანობაში ჩვენს შვილს შვიდი ნათლია ჰყავს. მაშოსა და ციბუკასაც იმავე რაოდენობის ნათლია ჰყავთ. მოკლედ, არც ერთ ჩემს მეობარს გული არ დავწყვიტე (იღიმის). გამონაკლისი მხოლოდ ისინი არიან, ვისაც თავად უნდა, რომ მეჯვარედ წამიყვანოს და მათგან დასვენებული ვარ (იცინის).
- შენთვის დედობის შეგრძნება უცხო ნამდვილად არ არის. ახლა, როცა ამ ასაკში გააჩინე, განსხვავებული გრძნობაა?
- შეგრძნება სიყვარულის თვალსაზრისით ზუსტად იგივეა, რადგან იმავენაირად ვარ გაგიჟებული, როგორც ადრე ვიყავი. განსხვავება ისაა, რომ ირაკლის ჰყავს და-ძმა, რომელთაც ის ძალიან უყვართ. ასევე მის გარშემო ძალიან ბევრი მოყვარული ადამიანი ტრიალებს. ვერ ვიტყვი, რომ დედობა ახალი აღმოჩენაა ჩემთვის, რადგან ასე ნამდვილად არ არის.
- ბავშვები კარგად შეხვდნენ ამ ყველაფერს, როგორც ჩანს...
- დღეს მეუბნებოდა მაშო, ჩემი უფროსი შვილი, რომ როცა ვაჩენდი, ინგლისურის გაკვეთილზე იყო და ძალიან ნერვიულობდა. ის დიდივით შეხვდა. არ ეჭვიანობენ, ერთადერთი, ციბუკა მეკი-თხება ხოლმე, მაინც უფრო მეტად რომელი გიყვარსო. ეს ყველა ოჯახში ხდება, მაგრამ ირაკლის მიმართ ბოროტი ზრახვები ნამდვილად არ ამოძრავებს (იღიმის).
- არ გიჭირს სამი ბავშვის მოვლა?
- მყავს ქალი, რომელიც მეხმარება, ის ჩემთან ცხოვრობს და საქმეს მიმსუბუქებს. ირაკლის ისეთი ასაკი აქვს, რომ ღამე არ სძინავს და თავისი გრაფიკი ჩამოყალიბებული არ აქვს, ამიტომაც მიჭირს. 19 წლის ვიყავი, მაშო რომ გავაჩინე და იმასთან შედარებით, ბევრად ნაკლები ენერგია მაქვს. ჩემს შვილებს ყურადღება სჭირდებათ, სკოლაში წაყვანა, გაკვეთილებზე ტარება, რაც მაშოს დროს არ იყო. რა თქმა უნდა, ნაკლებად ვიღლები, რადგან მყავს დამხმარე ადამიანი. ასევე ძალიან მეხმარება ვახო, არის დღეები, როდესაც სახლში სრულიად მარტოები ვართ. თუკი მე ზედმეტად გადაღლილი ვარ, ვახო აჭმევს, აცმევს და ართობს.
- თავადაც ჰყავს შვილები, არა?
- ჰყავს, ისინი უკვე დიდები არიან და ხომ იცი, როგორ ხდება. ერთი წელიც რომ გადის, უკვე გავიწყდება ბავშვის მოვლის დეტალები. თანაც, ყოველ წელს ამ კუთხით სიახლეებია. ისე გამოდის, რომ ყველაფრის თავიდან სწავლა გიწევს, მაგრამ ამ კალაპოტში მეც და ვახოც უკვე ჩავჯექით.
- გარეგნულად ბევრჯერ შეიცვლება, მაგრამ მაინც შეგექმნებოდათ შთაბეჭდილება, ვის ჰგავს.
- როცა გაჩნდა, ვახოს ასლი იყო. მერე თითქოს მე დამემსგავსა. ვახოს ჰყავს ძმა, რომლის პატარაობასაც ძალიან ამსგავსებენ იკაკოს. ბავშვი არის ქერა და ლურჯთვალება. დედაჩემი ღია ფერისაა და ცოტა მასაც ვამსგავსებ. ყველას ცოტ-ცოტა გვგავს, ასე ვთქვათ, არავის გვაწყენინა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ვახოს ჰგავს.
- სახელად ირაკლი ვინმეს პატივსაცემად შეურჩიე? ახლა უფრო მოდურია ძველი ქართული სახელების დარქმევა.
- არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ძველი სახელებიდან ვერ ამოვარჩიე ისეთი, რომელიც ჩემთვისაც მოსაწონი იქნებოდა. თანაც, რატომღაც ძალიან ვიყავი დარწმუნებული, რომ გოგონა მეყოლებოდა და ვარქმევდი დედაჩემის სახელს, თიკოს. 4 თვემდე ასე ვიცოდი, სანამ სქესს გავიგებდი. ერთ ღამეს დამესიზმრა ჩემი უახლოესი მეგობარი, ზუზუ, ირაკლი აბულაძე, რომელმაც მითხრა, ბიჭი გყავსო. მეორე დღეს ექოსკოპიაზე გავიქეცი და იქ მითხრეს, გოგონა გყავსო. ჩავთვალე, ირაკლი უბრალოდ იმიტომ დამესიზმრა, რომ ძალიან მენატრება... რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ექოზე გადასამოწმებლად რომ მივედი, მითხრეს, ბიჭი გყავსო. არ შემეძლო, ირაკლი არ დამერქმია. გადავწყვიტე, რომ ეს სახელი ჩემთან ყველაზე ახლოს იქნებოდა. ვახოსაც ძალიან გაუხარდა, რადგან მის ორ ძალიან ახლო ადამიანს ირაკლი ჰქვია. ანუ ორივემ ჩვენს შვილს ჩვენი ახლობელი ადამიანების პატივსაცემად დავარქვით სახელი.
- ირაკლის ოჯახმა იცის, რომ შვილს სახელი ზუზუს პატივსაცემად დაარქვი?
- რასაკვირველია, იციან. ხშირად ვურთიერთობ ირაკლის დედასთან, მანანასთან. დავურეკე, მოვუყევი ამ სიზმრის შესახებ და ვუთხარი, რომ ჩემს შვილს ირაკლის დავარქმევდი. ამას ძალიან დიდი ემოციებით შეხვდა. ჩემთვის ეს სახელი გაასმაგებულად კარგი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვფიქრობდი, ბიჭი თუ მეყოლებოდა. ახლა ეს სახელი ყველაზე მეტად მიყვარს.
- სალომე, საინტერესოა, მშობიარობა თუ გაგიჭირდა?
- არა და ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ამოარჩიო ექიმი. როგორი განწყობაც გაქვს ორსულობის პერიოდში, ისეთივე მშობიარობა გექნება. ზურა დარახველიძე ფანტასტიკური ადამიანია და მარტივად ვიმშობიარე, რადგან ძალიან დამეხმარა. ბუნებრივად ვიმშობიარე, რადგან არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა.
- ახლა უფრო მეტად საკეისრო კვეთას არჩევენ ხოლმე.
- ასეა, ეს სურვილის მიხედვით ხდება. ექიმის მოვალეობაა, აგიხსნას, რომელია უმჯობესი ვარიანტი. მე საკეისრო კვეთაზე არც მიფიქრია. რასაკვირველია, იყო ნერვიულობაც, რადგან ყველა მშობიარობა, ასე თუ ისე, მაინც სანერვიულოა...
- შვილის გაჩენაზე კიდევ ფიქრობ?
- (იცინის) ჯერ არ მიხსენო... ორი თვეა გასული, რაც ვიმშობიარე და ძალიან რთულია ამის გაფიქრება, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ არ მინდა. ამ მომენტში არას ვამბობ, მაგრამ თუკი დავფეხმძიმდი, აბორტს ნამდვილად ვერ გავიკეთებ და არც არასდროს გამიკეთებია, ღვთის წყალობით.
- ფორმაში ჩადგომა თუ გაგიჭირდა?
- მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ბევრი მაქვს დასაკლები, სხვები მეუბნებიან, რომ ვაფრენ, რადგან ვიზუალურად ასე აშკარად არ ჩანს. დავდივარ, ვირუჯები, 24 საათი საქმეებზე დავრბივარ. არავის სჯერა, რომ შვილი ორი თვის წინ გავაჩინე. ძალიან აქტიურად ვცხოვრობ. დილის 8-ის ნახევრიდან ბავშვები გამყავს სკოლაში, შემდეგ კუს ტბაზე ავდივარ სარბენად, ამის მერე სახლში ვბრუნდები. ბავშვები გამომყავს სკოლიდან და მიმყავს გაკვეთილებზე. შემდეგ სავარჯიშოდ მივდივარ.
- ალბათ, ახლა ფიქრობ, რადგან ოჯახურ ცხოვრებაში თავით ხარ გადაშვებული, კარგია, რომ არსად მუშაობ.
- როცა არ მუშაობ, კარგი არასდროს არის, მაგრამ იმდენად ბევრი საქმე მაქვს, რომ ამაზე ფიქრისა და გულის დაწყვეტის დრო არ მრჩება. ამ სიტუაციაში სამსახურისა და ჩემი ოჯახის საქმეების შეთავსება როგორ უნდა მომეხერხებინა, არ ვიცი. ალბათ, რაღაცას შევძლებდი. სამომავლოდ მაქვს გეგმები. ვაპირებ გრანდიოზული კონცერტის გაკეთებას, რომელიც მამაჩემს მიეძღვნება. ამის ორგანიზებაში ვარ ჩართული, ასე რომ, სულ ვპოულობ საქმეს, რომელიც მომწონს.
- საკუთარ ქორწილში ცეკვას, სიმღერას თუ აპირებ?
- სიმღერას ვაპირებ, რადგან მე და კახა კუხიანიძემ ლილიკო ნემსაძის ახალი, რუსულენოვანი სიმღერა ჩავწერეთ. ამბიციებით ნაკლებად გამოვირჩევი, მაგრამ მართლა კარგი გამოვიდა. რუსულ ენასთან დაკავშირებით ბევრს აგრესია აქვს და არ ვიცი, ვინ როგორ მიიღებს, მაგრამ მე მიყვარს ამ ენაზე შესრულებული სიმღერები. ამ სიმღერას კონცერტზე შევასრულებთ. რაც შეეხება ცეკვას, ჯაბა და კახა ისე ემზადებიან...
- რომ ისინი იცეკვებენ შენ მაგივრად?
- (იცინის) შესაძლებელია. ალბათ გვაცეკვებენ, ჭიდაობას არ დავიწყებ, მაგრამ ამ მხრივ ძლიერი არ ვარ.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობას ალბათ არ დათანხმდებოდი, ''ორ ვარსკვლავზე'' რას იტყვი?
- სხვათა შორის, მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, ცეკვებზე უფრო ვიფიქრებდი, ვიდრე სიმღერაზე. გაფიქრებით ეს უფრო მეადვილება. თუმცა ერთხელ ნამყოფი ვარ სამეჯლისო ცეკვების სტუდიაში, ერთი ილეთი უნდა შემესრულებინა, მაგრამ ფეხიც ვერ გადავდგი, ძალიან რთულია. სიმღერის მაინც უფრო შემეშინდებოდა, რადგან ყველა გამაკრიტიკებდა, თავგასას შვილი ასე არ უნდა მღეროდესო. არასდროს არ მივლია ვოკალის პედაგოგთან, ასე, ჩემთვის თუ რაიმეს შევასრულებ ხოლმე. ამიტომ შემეშინდებოდა, დათოს შვილი ვარ და აქედან გამომდინარე, მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობდი. ''ცეკვებზე'' შემოთავაზება მქონდა, სიმღერაზე - არა და საქვეყნოდ შერცხვენას მირჩევნია, მონაწილეობა არ მივიღო. არ მომწონს, როცა არ გაქვს არც ხმა, არც სმენა, არც არანაირი ნიჭი და ყველას ალაპარაკებ, რომ ყრუ და უნიჭო ხარ. ამას ყველაფერი მირჩევნია (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ეკა
როდის ასწრებს სირბილს, მიკვირს ხოლმე რო ვკითხულობ ასეთ რაღაცეებს :) მეც მყავს ძიძა და პატარა, ვერაფერს ვერ ვასწრებ და რავიცი
10:45 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
NINO
ირაკლომანიაა საქართველოში! ლამაზი სახელია ბიკენტებს და ვანიჩკებს ჯობია! ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაზარდოს.
20:32 / 12-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS