09 მაისი, 2014
''ცეკვების'' ფავორიტ ლევან ჩიჩუას სექსუალური გოგონები მოსწონს
მაია ჯაბუას შვილის, ლიზა ყენიას პროექტზე ვმუშაობ, ერთად ვაკეთებთ სიმღერებს ლევან ჩიჩუა, სცენური მეტსახელით თიელი, ჩვენი ჟურნალის სტუმარი ბევრჯერ ყოფილა. ერთ-ერთი ვიდეორგოლიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მისი კარგი ვოკალური მონაცემები, არამედ ისიც დავინახეთ, რამდენად კარგად მოძრაობს ეს მომღერალი და ქართველ ჯასტინ ტიმბერლეიკად მონათლეს.
როგორც აღმოჩნდა, ლევანის დედას, რომლის საყვარელი პროექტი ''ცეკვავენ ვარსკვლავებია'', ძალიან უნდოდა, რომ მის შვილს ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო. მან დედის და, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილიც აასრულა და დღეს ''ცეკვების'' ერთ-ერთი ფავორიტია.
ინგა
გრიგოლიამ წინა ხუთშაბათს ლევანისა და მისი პარტნიორის მზია ორველაშვილის გამოსვლის შემდეგ თქვა, თუკი ეს წყვილი პროექტს დატოვებს, მაშინ მაყურებელი კარგ შოუს მოაკლდება. ძნელია, ტელეწამყვანის სიტყვებს არ დაეთანხმო. ლევანს ზუსტადაც ამ გამოსვლის მეორე დილას ვესაუბრეთ. როგორც თავად ამბობს, საკუთარი ნამუშევრებით, არც როგორც მომღერალი და არც როგორც ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილე, ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არის. აქვს თუ არა ფინალში მოხვედრის იმედი?..

- გილოცავ, ორი ტურის შედეგებით ლიდერი გახდი, ჟიურის შეფასებებიდან გამომდინარე. ხომ არ იცი, რამდენი ესემესი მიიღე? რადგან პირველად გამოგაცხადეს, ალბათ, მესიჯების რაოდენობაც არ იყო მცირე.
- სხვათა შორის, არ ვიცი. პირველად ალბათ უბრალოდ გამომაცხადეს. რამდენი მესიჯი შემოვიდა, ეს ჯერჯერობით არ მიკითხავს.
- ვინც გიცნობს, იცის, რომ საკმაოდ კარგად ცეკვავ, მაგრამ მაინც სამეჯლისო ცეკვების კონკურსია, რომელთანაც აქამდე შეხება არ გქონია. ადვილად დათანხმდი შემოთავაზებას?
- ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ცეკვის რომელი მიმდინარეობაა, თუკი ეს სფერო გაინტერესებს. მით უმეტეს, საინტერესოა, როდესაც ახალს სწავლობ. ეს ყველაფერი ისევ ჩემთვის არის კარგი პრაქტიკა და საჭიროა თუნდაც იმის გამო, რომ მომღერალი ვარ და სცენაზე გამომადგება. ნოე სულაბერიძემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა. დამიბარეს, შემამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროექტში უნდა ვყოფილიყავი. სხვათა შორის, მზიკაც იქ იყო. რაღაც მოძრაობები გააკეთა, რომლებიც უნდა გამემეორებინა და გავიმეორე (იღიმის). მოეწონათ.…
- არ გერთულა?
- თავიდან ცოტა მერთულა. მერე, პროცესში, რეპეტიციების დროს, რაღაცებს რომ მანახვებდნენ, მეგონა, რომ ამას უკვე ვერ გავიმეორებდი და ძალიან რთული იყო. მაგრამ თუკი ძალიან მოინდომებ რამეს, მგონია, რომ აუცილებლად გამოგივა.
თავად მინდოდა ამ პროექტში ყოფნა. გარდა ამისა, დედაჩემს უნდოდა ძალიან, რომ ''ცეკვებში'' მიმეღო მონაწილეობა, მისი საყვარელი პროექტია, მეც ძალიან მომწონს, სხვანაირად არც დავთანხმდებოდი.
- პირველი გამოსვლა როგორი გამოდგა?
- სიმართლე რომ გითხრა, პირველ გამოსვლაზე ისე არ მინერვიულია, როგორც მეორეზე. პირველ ჯერზე არ გამიჭირდა, თავისუფლად გამოვედი და ვიცეკვე, მეორეზე კი ცოტა ვინერვიულე და ამიტომ შეცდომაც დავუშვი.
- რატომ ნერვიულობდი?
- თითქოს ჟიურის წევრები არ იყვნენ კარგ ხასიათზე, დაბალი ქულები დაიწერა და ამის გამო სულ გავგიჟდი.
- ბოლოს გამოხვედი, მაგრამ გოჩა ჩერტკოევმა აღნიშნა, რომ ნომერი პირველი იყავი. ასეთი შეფასებები ძალიან თავდაჯერებულს ხომ არ გხდის?
- მიხარია, მაგრამ პირიქით, ზედმეტად თავდაჯერებული არ ვხდები. პროფესიონალები მაფასებენ, მაგრამ ჩემი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ, თუნდაც მუსიკაში, როცა, ვთქვათ, სიმღერას ვწერ.
- ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ აუცილებლად უნდა მიხვიდე ფინალამდე. ალბათ, ყველაზე მეტად ამ შეფასებამ გაგახარა.
- ყველა შეფასებამ გამახარა, მათ შორის ამანაც და გამიხარდა, რომ ასეთი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით.
- ინგამ ისიც აღნიშნა, რომ წინა ხუთშაბათს გაგიცნო. ბოლო დროს არ აქტიურობდი და, შესაბამისად, შესაძლოა, ზოგმა არ იცოდეს შენ შესახებ. მოდი, მოგვიყევი, მუსიკაში როგორ აღმოჩნდი?
- ვარ ლევან ჩიჩუა, თიელი (იცინის). დიდი ხანია, ამ სფეროში ვარ. დამთავრებული მაქვს ნიჭიერთა ათწლედი. ის, რომ მუსიკალურ სფეროში გამოვჩნდი, დათო ფორჩხიძის დამსახურებაა. მან მასწავლა არანჟირებების კეთება, მუსიკის მოსმენა, ყველა ინსტრუმენტზე დაკვირვება, სიმღერაც მან მასწავლა. ჩემი ცოდნის ასამაღლებლად გავემგზავრე ლონდონში, სადაც მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი. გარკვეულ პერიოდებში ვჩანდი, გარკვეულში - არა. ეს ალბათ ჩემი ბრალიც იყო და შექმნილი გარემოსიც. იმას ვგულისხმობ, რომ ბოლო პერიოდში უფრო მეტად ქალაქური ჟანრი იყო მოდური, ჩემი მუსიკა კი თანამედროვე ელემენტებით არის გაკეთებული და ვფიქრობ, ხალხმა ვერ აიტაცა და ვერ მიიღო. ალბათ, არ იყვნენ მზად ამისთვის. ჩემი ბრალი იყო იმის გამო, რომ ნაკლებად ვწერდი საკუთარ სიმღერებს და აღარ ვჩნდებოდი, მგონი, ხალხმა მხოლოდ ჩემი სამი სიმღერა იცის. მათ შორის ერთია ''ბალი,'' რომელმაც ჩემს პოპულარობაზე დადებითად იმოქმედა.
- აქედან გამომდინარე შეგარქვეს ქართველი ჯასტინ ტიმბერლეიკი. მოგწონს ეს შედარება?
- ვერ ვიტყვი, რომ მომწონს, მაგრამ ვერ გავექცევი. ყველა ამბობს, რომ გარეგნულად და ისედაც ვგავარ. ეს არ მაწუხებს. ვიცი, რასაც ვაკეთებ და ვის მიმამსგავსებენ, ნაკლები მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.
- მუსიკის მიმართულებით აკეთებ რაიმე ახალს?
- მაია ჯაბუას შვილის, ლიზა ყენიას პროექტზე ვმუშაობ, ერთად ვაკეთებთ სიმღერებს. გარდა ამისა, ვამზადებ საკუთარ პროექტსაც, სადაც წარმოდგენილი იქნება ძველი და ახალი სიმღერებიც. ვფიქრობ, ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' კარგი იქნება ჩემი პიარისთვის, რომ შემდეგ ხალხს ახალი ნამუშევრები შევთავაზო.
- პარტნიორთან დაკავშირებით მინდა გკითხო. ამას წინათ ამოვიკითხე, რომ გარეგნულად ერთმანეთს არ შეეფერებიანო.
- მართალი გითხრა, ერთი კომენტარი ვნახე ამასთან დაკავშირებით, რასაც მე არ ვეთანხმები. მგონია, რომ ძალიანაც შევეფერებით ერთმანეთს და კარგად შევეწყვეთ. კარგი წყვილი ვართ.
- ვის მიიჩნევ კონკურენტად ამ პროექტში?
- ასე ვერ დავასახელებ, რადგან ყველა ნიჭიერია და კარგად ცეკვავს. ჩავარდნები ყველას გვაქვს. მეც შეიძლება მქონდეს ჩავარდნა და რომელიღაც ტურზე ვერ ვიცეკვო კარგად. ამისგან დაზღვეული არავინაა. კონკურენტად ყველას აღვიქვამ და ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია რაღაც. ახლა რომ პირველ ადგილზე გავედი, შეიძლება, დროებითი იყოს. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.
- ქუჩაში მომატებულ ყურადღებას თუ გრძნობ?
- ქუჩაში ხშირად არ დავდივარ, რადგან ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ამიტომ ვერ გეტყვი. საერთოდ კი მანქანა მყავს, მაგრამ ზოგჯერ მეზარება მისი გამოყვანა და ხან სამარშრუტო ტაქსით ვსარგებლობ, ხან მეტროთი, ფეხითაც მიყვარს სეირნობა. მეტროთი ყველაზე მეტად.
- რატომ?
- ბავშვობა მეტროში მაქვს გატარებული. ისეთი გაჭირვებული ცხოვრება მქონდა, რომ მთელი ბავშვობა ხან მეტროთი, ხანაც ფეხით დავდიოდი რუსთაველიდან, ანუ სკოლიდან სახლში, ვარკეთილში.
- საინტერესო თემაა.
- არა მგონია, ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი ღირდეს, რადგან ყველას გამოუვლია ასეთი გაჭირვება (იღიმის).
- კარგი, ''ცეკვებს'' დავუბრუნდეთ. ფინალამდე ფიქრობ მისვლას?
- თუკი პოზიტიურად არ იფიქრე, არა მგონია, რაიმე გამოგივიდეს. ალბათ, ყველა ფიქრობს, რომ ის გაიმარჯვებს ან თუნდაც ფინალამდე მივა, მათ შორის, მეც.
- მითხარი, თაყვანისმცემლები მოგიმრავლდნენ?
- არიან, გამოჩნდნენ და კიდევ მოიმატებს, სავარაუდოდ.
- რა ხდება შენს პირადში?
- არაფერიც არ ხდება. სად მცალია პირადი ცხოვრებისთვის (იცინის).
- როგორი გოგონა მიიქცევს შენს ყურადღებას?
- ამ შეკითხვაზე ვერასდროს ვერ ვცემ პასუხს, რადგან არ ვიცი, როგორი გოგონები მომწონს. ქერა თუ შავგვრემანი? ამაზე ვერასდროს ვპასუხობ, ასეთიც ყოფილა, ისეთიც, ყველანაირი გოგონა მომწონს. თუკი ადამიანს აქვს ეშხი, როგორც ქართველები ვეძახით, ენერგია, ის მომეწონება. ანუ უნდა მიმიზიდოს. მომწონს სექსუალური გოგონები, ეს საკმარისია (იღიმის). უნდა იყოს მხიარული, არ უნდა იყოს მუდო, მოწყენილი და არ გამოსცემდეს ბევრ ნეგატივს.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS